Thursday 3 November 2011

ეს უნდა მეთქვა

მხოლოდ საგარეო პრიორიტეტებს და სტრატეგიებს ვჩივი. დიდი საქმეა ეს
რაც დაწყებულია და არ მინდა რომ გაფუჭდეს.
რთულად შეიძლება წარმოიდგინოთ ეს საქმე და მცდელობა, რას ვართ შეჭიდებული. საუკუნეების მანძილზე რომ ვნატრულობდით, იქ ვართ, კიდევ ცოტა სიჯიუტე გვინდა და გავჭრით ამ გორდიის კვანძს საუკუნეებმა რომ დაწნა და დაგრიხა ჩვენს წინ. აი ეს შანსი არ მინდა რომ გავუშვათ ხელიდან.
ეს მტკივა და მაწუხებს.
ამის გაგრძელება მინდა.
არ მინდა ეს იყოს დროებითი გამონათება ჩვენს პოლიტიკაში.
ეს შანსი თუ გავუშვით, რუსეთი არ გაგვახარებს, დაგვშლის
დაგვაქუცმაცებს, თავიდან შემოიყვანს ფსბ-ს და ყველაფერს ამოქოლავენ.
დედას გვიტირებენ, გაგვძაგრავენ ბოლომდე და ყველა შეცდომას გამოასწორებენ. სანდრო კარიძის არ იყოს, ისევ დავემსგავსებთ საძოვარზე მიშვებულ ნახირს. ეხლა გვაქვს შანსი და ეს უნდა გამოვიყენოთ, უნდა გავძვრეთ ამ იმპერიიდან, ბოლომდე შევერწყათ მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვას, რათა ვეღარასოდეს ამოგვაგდონ იქედან. თუ არადა ისევ საუკუნეებში ჩაისრისება ეს შანსიც.

რამდენიმე ეპიზოდი იყო ჩვენს უახლეს ისტორიაში, რომელმაც მიგვანიშნა, რომ ეს საქმე ძალიან ძნელია და რთული. არ ვიცი რამდენად ჰქონდა გაცნობიერებული ეს საზოგადოებას, რომელიც მაქსიმალისტური მიდრეკილებებით გამოირჩევა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დახვეწილ იმპერიასთან, რომელიც თავისი სიცოცხლის გახანგძლივებისათვის უამრავ მექანიზმს ამუშავებდა და ამისათვის ინსტიტუტებს ქმნიდა. შესაბამისად მასთან ბრძოლა ძალიან რთულია და ნერვების ფასად ჯდება. მოწყინდა ქართველობას და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ადამიანის იგავურ ბუნებაზე. თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენ მარადიულ იგავურ სიუჟეტში ვცხოვრობთ. ამ შემთხვევაში ეს არის "გამოსვლის" ბიბლიური სიუჟეტი. თუ დავაკვირდებით ჩვენს განვლილ 20 წლეულს აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ამ სიუჟეტში ვცხოვრობთ. როგორც ებრაელებს მოსწყინდათ, ისე მოგვწყინდა ჩვენც. მოგვწყინდა ბრძოლა, არადა ეს იმპერიამ ყველაზე კარგად იცის. გვიცნობენ, ვინაიდან გვსწავლობდნენ, ჩვენს ყველა ხასიათობრივ დეტალს სწავლობდნენ და სწორედ იქ დაგვარტყამენ სადაც არ ველით. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ბევრ რაიმეს, მაგრამ არსებობს ეს ყველაფერი. დიახ არსებობს მოსკოვის ფარული ხელი და ის იგრძნობა ყველგან, ვინაიდან თუ გავაცნობიერებთ რამხელა თემაა საქართველოს დამოუკიდებლობა, ჩვენთვის და რუსეთისთვის, თემა, რომელსაც უზარმაზარი ცვლილებები მოჰყვება მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რომ მემგონი ჩვენს პოლიტიკოსევბს არა აქვთ გაცნობიერებული და მოსახლეობას რა უნდა მოსთხოვო.აქართველოს თემა ძალიან დიდი თემაა რუსეთისთვის. ეს მოიცავს საკითხების უზარმაზარ ნუსხას. დაწყებული პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური, ასევე მორალურს.
საკითხავი ისაა, ეს ჩამონათვალი რამდენად აქვს თითოეულ პოლიტიკოსს გათვიცნობიერებული. რამდენად აქვს გათვიცნობიერებული საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება, რომელიც მხოლოდ კავკასიის რეგიონით არ შემოიფარგლება, რომელიც ქმნის უდიდეს საშიშროებას რუსეთისათვის რათა მან დაჰკარგოს ენერგო რესურსების დიდი მარაგი პოსტსაბჭოთა შუა აზიაში. ეს ავტომატურად შუააზიის ქვეყნების სრულყოფილი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხსაც დააყენებს. თქვენ ქართველო პოლიტიკოსებო, მზად ხართ ამისთვის? თქვენ მზად ხართ იმპერიას დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერში? არ მინდა დიპლომატიურ ფოლგაში შეხვეული ბოდვა, მითხარით კონკრეტულად და გარკვევით.
რამდენად შეგიძლიათ გაუძლოთ ამ ზეწოლას, თუ ამ, კითხვაზე გასცემთ პასუხს, მაშინ აღარ იტყვით არასოდეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. დიახ, ამას აღარ იტყვით და ეს არ იქნება სხვისი ომი, არამედ იქნება ჩვენი ომი და ჩვენ არ ვიქნებით განცალკევებული ბრძენები ამ ომისგან.

გაეცით პასუხი ამ ყველაფერს. მითხარით თქვენი პრიორიტეტები და ნუ მეტყვით, რომ თურმე რუსეთის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა მოხდება, როგორ? ფოკუზნიკები ხართ? როდესაც ამას მეუბნებით, სწორედ მაშინ ვრწმუნდები და მცემთ ჩემს შეკითხვებზე პასუხს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ გაუძლოთ რუსეთის ზეწოლას, რომელიც უფრო გაძლიერდება წლების განმავლობაში, რაც უფრო მოახლოვდება თავისდაძვრენის რეალობა. აი ამიტომ ამბობთ, რომ ომი საქართვერლომ დაიწყო, ხელისუფლებაში რომ მოხვალთ და პუტინი გეტყვით, კი მაგრამ ასე არ ამბობდითო? მერე რას აპირებთ? მერე რას ეუბნებით, სააკაშვილი რომ გადაგვეგდო მაგიტომ ვამბობდითო? როგორი სასაცილოა ეს "დიალოგი", ეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, და როგორი მწარე სიმართლე იქნება ჩემთვის. რომელსაც არ მინდა მოვესწრო.

ეს ლოგიკა, ძალიან საშიშია თქვენივე მომავლისათვის. ლოგიკა,. რომელიც მტრის ლოგიკას ემთხვევა, ეს ყველაზე ცუდი რამაა, ან შენ მტრად არ აღიარებ ამ ლოგიკის პატრონს. ასეა? მაშინ გვითხარით, ყველაფერი გვითხარით, ნუ ფარავთ, კარგად, გამოთქმით ჩამოაყალოიბეთ. გგონიათ ისე გამოგვაპარებთ? ვერ შეძლებთ ამას. ნუ გიყვართ იმპერიის გამზადებული პასუხები, შეიყვარეთ კითხვები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენს წინ ისმება, თუ როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს. გაითვალისწინეთ, რომ კოსტანტინე მირზა არავის ახსოვს, ახსოვთ ის მმართველები რომლებმაც საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანება მიანიჭეს. რა თმა უნდა მაშინდელ ისტორიულ ჭრილში. როდესაც პოლიტიკოსი ხდები, აუცილებელია კარგად იცოდე და გაცნობიერებული გქონდეს, როგორ უნდა იცხოვროს დამოუკიდბელმა საქართველომ, ისე რომ ის საძოვარზე მიშვებულ ნახირს არ დაემსგავსოს.
პოლიტიკოსმა სწორედ ამისთვის არ უნდა გაწიროს თავისი ქვეყანა, რომ ნახირს დაამსგავსოს ერი. ეს მხოლოდ დიდი გეგმებით შეიძლება, რომელიც უნდა დაუსახო შენს ქვეყანას. პრიორიტეტები, რომელიც მხოლოდ იმპერიისკენ ასაქცევ გზას აჩვენებს შენს ხალხს და სწორედ ეს იქნება მთავარი ნიშანი იმისი, რომ შენს ქვეყანას აქვს მომავალი. სხვა შემთხვევაში ყველაფერი ტავტოლოგიაა, ისტორიული ტავტოლოგია, რომელსაც იმპერია ჩაგვძახოდა ყურში, თითქოს მოსაშინაურებელი ავაზა ვყოფილიყავით.
ჩვენ ვხედავთ, სამყაროს საშინელ სივრცეს, სადაც ვართ ჩაკეტილნი, მაგრამ არ ვიცით, რად გვხვდა წილად სწორედ ეს და არა რომელიმე სხვა წერტილი, ან რად გვებოძა სასიცოცხლოდ ერთი სწრაფმავალი წამი მარადისობის, სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში, სასიცოცხლო წამი, რომელიც უკან ზდევს ჩვენს წარსულს და წინ უსწრებს ჩვენს მომავალს. ამ წერტილის გაცნობიერებაა საკმარისი, რათა დარწმუნდე იმაში, რომ ამ ქვეყანას მოცემულ წერტილში ტყუილად არ მოეძებნა ადგილი. ადგილი, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი თვითიდენტიფიკაციისა და ღირსების საფუძველი გახდეს, თუ მოვინდომებთ. არადა მჯერა, ეს შესაძლებელია, სულ ცოტაც მეგობრებო...
ნუთუ ასე ძნელია ჩამოყალიბდეს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები და შევთანხმდეთ, დავიფიცოთ, დავიგინოთ, არ ვიცი, რაღაც გარანტიები შევძინოთ იმას, რომ არსებობს წითელი ხაზები, რომელსაც არ გადააბიჯებს არავინ, რომ არ იქნება საუბარი ქვეყნის განვითარების სტრატეგიების შეცვლაზე, ხოლო დანარჩენზე ვიმსჯელებთ, ვიპაექრებთ, ტექნიკურად უკეთ გავაკეთებთ. არ შეიძლება საზოგადოება გაიყოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი. მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია, ამ ქვეყნის განვითარების ერთი კურსი, დასავლეთთან ინტეგრაცია და იმპერიისგან თავის დაღწევა. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, ავირჩევთ, გადავირჩევთ... ესაა ჩემი მოთხოვნა, როგორც ამომრჩეველის, როგორც მოქალაქის. რატომ ცდილობთ, რომ მოსკოვში მაძებნინოთ ევროკავშირის გასაღები, როგორც ამას ბოდავს ალასანია. ნუ ცდილობთ დამაბოლოთ, რომ მგელს და კრავს შესაძლოა ერთი ინტერესი ჰქონდეს. არ მოხდება ეს და არის უაზრობა.

ირაკლი მარგველაშვილი

02-11-11

5 comments:

cartwheel said...

ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ოღონდ ცოტას გვაქვს ასეთი სუნთქვა სამწუხაროდ.
მეც დავწერე რაღაცეები.

rusa1960 said...

მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მაგრამ სიმწრისგან კინაღამ ვიტირე! ასეა ეს ყველაფერი, მენანება ეს ქვეყანა , მტკივა.... ვაზიარებ და ვაზიარებ ფბ=ზე და სამწუხაროდ ვრწმუნდები რომ ნახირს კი არ დავემსგავსეთ- ნახირი ვართ. გული მტკივა. თქვენ კი ბატონო ირაკლი კიდევ ერთხელ RESPECT=ფორუმულად! გამოჩნდით რა ფორუმზე და ერთი თქვენებურად დაუცაცხანეთ, თორემ ძალიან კი მაინტერესებს რას და როგორ ფიქრობენ, მაგრამ თქვენი პოსტების გარეშე ფორუმი ძალიან მოსაწყენია.

rusa1960 said...

OTAR CHILADZE:

„ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო - ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოი-ძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში, არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი - მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურ-თიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია, იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ..."

* * *
- ბატონო ოთარ, ცხადია, აგვისტოს ომის საშინელი დღეების შემდეგ უმძიმესი განცდა დაგრჩათ… საერთოდ თუ იცოდით, რომ მდგომარეობა ომამდე მივიდოდა, როგორ ცხოვრობთ ახლა – ომის შემდგომ შემაძრწუნებელ «მშვიდობიან» პერიოდში, როცა წინ საქართველოს ყელგამოღადრული და გულგამოღადრული რუკა გვიდევს?
- დიახ, ვიცოდი. ოღონდ, «მდგომარეობა კი არ მივიდა ომამდე», როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა, გამომჟღავნდა, ყველასთვის თვალნათელი გახდა ეს გამოუცხადებელი მცოცავი ომი, შეიძლება, დაუდევრობის, წინდაუხედაობის, ანდა მოუთმენლობის გამო. შეიძლება, შეგნებულადაც. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავიდანვე ისე წარიმართა, უომრად ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი თანაარსებობა. განა გასული საუკუნის ჯერ ოციან და მერე ორმოცდაათიან წლებშიც «ომამდე არ მივიდა მდგომარეობა?!» საერთოდ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება. თქვენ შეიძლება არ მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ამ მარადიული ომის აგვისტოს ეპიზოდამდე ერთხელ კიდევ გაისმა, ახლა უკვე რუსეთის სახელმწიფო დუმაში, «პერესტროიკის» დროს მოსკოვის ქუჩებსა და მოედნებზე «მოულოდნელად» გაჩენილი და ჩვენთვის მეტად ყურადსაღები, მრავლისმთქმელი მოწოდება: «გაუმარჯოს საქართველოს უქართველებოდ!» ქართველებს ყურადღება არ მიუქცევიათ ამ მოწოდებისთვის-

ოთარ ჭილაძე

sandro said...
This comment has been removed by the author.
sandro said...

დიახ ეს უნდა ვთქვათ!
რა ვქნა, თავს ვერ ვიკავებ. უნდა დგეთანხმოთ, მეც ასე ვფიქრობ. ესაა მწარე სინამდვილე. დანარჩენი, უჭკუოთათვის საკენკის დაყრაა და რეალობიდან ილუზიებში გაყვანა!!! იმდენის წერა შეიძლება ამ თემაზე, რომ არც ცხოვრების დარჩენილი დრო მეყოფა და მითუმეტეს არც ენერგია, რომელსაც ვგრძნობ, რომ უკვე ილევა. იქნებ ხანდახან დავწერო ხოლმე, რომ ჩემმა მოყვასმა გაიგოს. მადლობა! რომ ყველას სათქმელს თქვენ ამბობთ. ვეცდები მეც დავწერო ან გამოვაქვეყნო, რაც 1990 წლიდან დავწერე და აღვწერე, თუ როგორ განვითარდა ეს ყველაფერი. სამწუხაროა 20 წელი ,,ბრძოლის" შემდეგ ისევრომ დგას საკითხი ,,ან რუსეთი ან...."