Friday, 8 July 2011

რელიგიურ მიმდინარეობათა რეგისტრაცია და ქართული საზოგადოება

სამოქალაქო კოდექსში შესულმა ცვლილებამ დიდი ვენბათაღელვა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. საპატრიარქომ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოავლინა და გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ქვეყნისა და ეკლესიის ზიანის მომტანი კანონი. პატრიარქმა 2011წ. 7 ივლისის ქადაგებაში პრეზიდენტის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. კანონი მიღებულ იქნა სომხეთის პატრიარქის გარეგინ მეორის სტუმრობის შემდეგ. გადავწყვიტე მცირე ანალიზი გავუკეთო ამ მოვლენებს, რას აპროტესტებენ, რა ვნებათაღელვაა და როგორი შედეგები შესაძლოა მივიღოთ ამ მოვლენების უფრო დაძაბვის შემთხვევაში? ვბფიქრობ აუცილებელია ფაქტობრივი მასალის დახარისხება, რომელმაც ეს ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის შემდეგ თავისუფლად განვსაზღვრავთ ვნებათაღელვის საფუძვლებს, რამდენად ღრმაა ის.
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლითაც განისაზღვრა საქართველოში არსებული რელიგიური მიმდინარეობების რეგისტრაციის წესი.
საპატრიარქოს მხრიდან ამას მოჰყვა სერიოზული პროტესტი, გაკეთდა განცხადება რომ ეს არის ქვეყნისათვის და ეკლესიისათვის საზიანო.
საპატრიარქოს მიერ გაჟღერდა, რომ ის არ არის წინააღმდეგი რეგისტრაციის წესის შემოღების, მაგრამ არ უნდა გაკეთებულიყო ეს ასე სწრაფად.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ გაკეთდა სწრაფად ყველაფერი და რატომ მოხდა ეს.
საზოგადოებაში იმძლავრა არმენოფობიურმა გამონათქვამებმა და დამოკიდებულებებმა.
ზოგიერთი ეკლესიის მოძღვრის მიერ, არმენოფობიური გამონათქვამები გაჟღერდა.

ეს არის ის ფაქტობრივი მასალა, რომელიც ამ პროცესმა წარმოშვა. სწორედ ამის ანალიზს შევუდგებით. აქვე ვიტყვი, რომ არსებობს კიდევ დაფარული შრეები ამ პროცესების, რომელიც ყურადღების მიღმა ვერ დარჩება და იძულებული ვიქნები ყურადღება გავამახვილო.
რელიგიური მიმდინარეობების რეგისტრაციის წესზე საუბარი არის დაახლოებით 6 წელია. ეს ევროსაბჭოს ერთერთი ვალდებულებაცაა, რომელიც უნდა შევასრულოთ. გარდა ამისა, ამ კანონით პრაქტიკულად ყველა რელიგიური მიმდინარეობა მიიღებს შესაბამის სტატუსს, მოექცევა ქართულ იურიდიულ სივრცეში და მოხდება მათი რეგულაციაა საქართველოს კანომდებლობის მიერ. ეს ცუდი არაფრით არ არის. ვინაიდან თუ არსებობს სახელმწიფო, არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები და ეს რეგულაციები უნდა შეეხოს ყველა სუბიექტს, რომელიც სახელმწიფოში არსებობს, ან უნდა, რომ იარსებობს.
ამ ნაწილში გავაერთიანებთ მე-3-4 ნაწილებს ჩვენი ფაქტობრივი მასალისა. საპატრიარქოს პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოხდა ამ კანონის ფორსირებულად მიღება, რომ არ გაითვალისწინეს პატრიარქის აზრი... ასეთი ტიპის განცხადებებიდან ვერ მივიღე კონკრეტული ფაქტობრივი მასალა, რა პროექტი ჰქონდა საპატრიარქოს და რა არ გაითვალისწინეს. საუბარი იმაზე, რომ ეს არის საზიანო ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის არ უნდა იყოს მოკლებული კონკრეტიკას. ამაზე უნდა იმსჯელოს საზოგადოებამ. საკითხავია რა შეგვრჩება ხელში ამ პროტესტიდან? რატომ არის არის საზიანო ეს კანონი ქვეყნისთვის?. რა ზიანს მოიტანს რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია? გამოკრთა მოსაზრებები, რომ თურმე სომხეთის ეკლესია მოითხოვს ტაძრებს. ამ კანონის მიღებამდეც ითხოვდნენ ტაძრებს, ან ვინ იტყვის, რომ რეგისტრაციის წესი ქონებრივ უფლებებს წარმოშობს? რით შეუწყობს ხელს ამ კანონის მიღება სომხეთის სურვილებს მიიღოს ეკლესიები საქართველოში? გადაჭრით ვიტყვი, რომ ვერ შეუწყობს ხელს, ვინაიდან ეკლესია მონასტრები, რომლებზეც დაობს სომხეთის ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის და სწორედ მისი ნებაა რას გადასცემენ ვინმეს. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს რესტიტუციის წესს, თორემ ამ წესს რომ იცნობდეს, ყველაზე უკეთეს დღეში კათოლიკური თემი აღმოჩნდებოდა და დაიბრუნებდა ქუთაისში და ბათუმში არსებულ ტაძრებს. ქუთაისის ტაძარზე (ამჟამად ხარების ეკლესია) სოლომონ იმერთა მეფის სიგელიც კი აქვთ ხელთ. ასევე 2002წ. მიმდინარეობდა დავა სასამართლოში, რომ დაებრუნებინათ ტაძარი, რომელიც დასრულდა მორიგებით, რომ სხვაგან მისცემდნენ მიწის ნაკვეთს ტაძრის ასაშენებლად. რა შეგვრჩა ხელში ამ პროტესტიდან? რატომ მიიღეს კანონი ასე დაჩქარებულად? არ გაითვალისწინეს პატრიარქის აზრი, თუმცა საპატრიარქო რეგისტრაციის წინააღმდეგი სულაც არ არის. აბა კანონი მეტს არაფერს ითვალისწინებს. ხელში შეგვრჩა პროტესტი ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე, რატომ? ეს კითხვა სწორედ იმ დაფარულ შრეებზე მიუთითებს, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებ.
რაც შეეხება კანონის სიკეთეს, ეს ნამდვილად შეიძლება მოიტანოს ამ კანონმა და თავად საპატრიარქოს შეუქმნას სერიოზული ბერკეტი სომხეთის ეკლესიის მოთხოვნებზე. შესაბამისად ქართულმა ეკლესიამ და სახელმწიფომაც შეიძლება მოითხოვოს სომხეთის ხელისუფლებისგან საქართველოს ეკლესიის იგივე სტატუსი სასომხეთში, როგორიც მათ ექნებათ საქართველოში. ეს სერიოზული პირობა იქნება შემგომ მოლაპარაკებებში და დარწმუნებული ვარ გამოიყენებენ კიდევაც. ეხლა თანმიმდევრობა დავიცვათ.
ამ შემთხვევაშიც ფაქტობრივი მასალის 4-6 ნაწილებს გავაერთიანებ. ამ კანონის მიღება და საპატრიარქოს პროტესტი დაემთხვა სომხეთის პატრიარქის ვიზიტის დასასრულს. ასევე თავად ეკლესიის მსახურების, მეუფე ზენონის და დეკანოზ ელიზბარის ინტერვიუებმა მისცა ბიძგი არმენოფობიური მოსაზრებების გაჩენას. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და ამ პირებმა ჩემის აზრით უნდა მოახდინოს განმარტებების გაცემა, რომ ეს განწყობილება განეიტრალდეს. პატრიარქის განცხადებაც, რომ პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება მავანის თავში გარკვეულ ლოგიკურ ჯაჭვს შეკრავს. არმენოფობიური გამოხტომები ეს ძალიან საშიში ტენდენციაა და რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონის პროტესტს სცილდება. გახურებულ თავებს კიდე ვერზ მეუფე ზენონი და დეკანოზი ელიზბარი გააგრილებს იმ მავანის თავებში.

გადავიდეთ ჩვენი წერილის დასკვნით ნაწილზე. ანუ ფარულ შრეებზე, რომელიც ამ პროცესებში შესაძლოა გამნოიკვეთოს. რატომ არის საშიში არმენოფობიური გამოხტომები და რა შედეგები შესაძლოა მოჰყვეს ამას ამაზე მინდა მოვახსენო საზოგადოებას. პირველი კონფლიქტი კავკასიაში, სწორედ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოხდა. ეს იყო რუსეთის იმპერიის პირველი ნაბიჯი იმ ნაღმების ასამუშავებლად რომელიც 20 იან წლებში ჩაიდო კავკასიაში. ამას თანმიმდევრობით მოჰყვა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტები. ეს არის ის საკითხები, რომელიც ამ კონტესტში უნდა იქნას განხილული. ეს ჩრდილო კავკასიაში დღემდე დაუმთავრებელი ომით გაგრძელდა. ამას კიდევ 2008წ. აგვისტოს ომი დაემატა, სადაც აშკარა იყო საქართველოსა და რუსეთის ინტერესების შეუთავსებლობა გეოპოლიტიკურ პლანში. სწორედ აქ არის ძაღლის თავიც და ფეხებიც ჩამარხული.

დღეს რა სივრცეს ვხედავთ კავკასიაში? ერთის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის მიერ და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბულ სიტუაციას ყარაბახის კონფლიქტის გამო. მინდა ავღნიშნო, რომ სომხეთისთვის ეს კონფლიქტი დიდი თავის ტკივილია. ამ კონფლიქტმა სომხეთი რუსეთის ხელში სათამაშოდ აქცია და პრაქტიკულად ის თავის მეზობლებს (საქართველოს გარდა) აზერბაიჯანს და თურქეთს გადაჰკიდა. ის ბენეფიტი რაც სომხეთმა ყარაბაღის კონფლიქტით მიღო ვერაფრით გადააჭარბებდა იმ ბენეფიტს, რომელსაც ამის გარეშე მიიღებდა ამ ქვეყნებთან ურთიერთობით ეკონომიკურ პლანში. დღეს საქართველო სომხეთისთვის ერთადერთი სასუნთქი არტერიაა ეკონომიკური თვალსაზრისით. ხოლო რუსეთის ინტერესები დაწყვებული 90-იან წლებიდან მხოლოდ იმას ემსახურება, რომ კავკასიის ქვეყნები ერთმანეთს გადაემტეროს და მისი ინტერესები გამყარდეს, ამას არ ერიდება არც ომით და არც ჯაშუშური ქსელებით. არც ხელოვნური კონფლიქტებით და არც ტერიტორიების ოკუპაციით. რუსეთი ანგრევს კავკასიის მომავალს და უქვემდებარებს საკუთარს.

დიახ, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რუსეთი კავკასიაში მოქმედებს და ის წინააღმდეგია კავკასიაში სხვა გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების, რომლის მცდელობაც არის. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ იქნა ყველა ქმედება მის მიერ ჩატარებული 2008წ. აგვისტოს ომის ჩათვლით. დღეს საქართველოში არმენოფობიური განწყობილების ხელშეწყობა პირდაპირი მნიშვნელობით არის დანაშაული. ამიტომ აუცილებელია პროტესტი, მაგრამ აუცილებელია კონკრეტიკა, რატომ გამოვხატავთ პროტესტს, რის გამო, რომ დიდ პროცესს არ შეეშალოს ხელი. არ მოხდეს იმ თამაშის ობიექტად ქცევა, რომლის სუბიექტი კავკასიაში ერთის მხრივ არის რუსეთი, რომლის ძირითად მიმართულება თავის გავლენის სფეროში კავკასიის შეყვანაა. ამიტომ ეს საფრთხე თავისთავად არსებობს და ასეთი ქმედებით უფრო გაღრმავდება. ამიტომ ჭირვეულობას, პროტესტს საგნობრივი ხასიათი თუ ექნება ეს საქმეს მხოლოდ წაადგება. კავკასიაში არ უნდა მოხდეს მეზობელ სახელმწიფოებთან სიტუაციის დაძაბვა, ეს თავისთავად არ გულისხმობს ჩვენს ინტერესებზე უარის თქმას, მაგრამ კავკასიის ქვეყნების ინტერესების დაახლოება, საიდანაც შესაძლოა ითქვას რომ სომხეთი ამოვარდნილია, სწორედ რუსეთის დიდი მეცადინეობით, აუცილებელია, რამეთუ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩენთ, რომ კავკასიას ერთი ინტერესი აქ ვს, იცხოვროს უკეთ არარუსულ სივრცეში. ამიტომ ეს კონტექსტია ჩვენს ყველა პროტესტსა და ქმედებაში გასათვალისწინებელია.



ირაკლი მარგველაშვილი

Saturday, 7 May 2011

გაზაფხულის აქციები და საქართველოს სახელმწიფო

საქართველოში ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიციური პარტიები გაზაფხულზე აქციებს აანონსებენ და რევოლუციით იმუქრებიან. ტექსტები, გამონათქვამები და ლოგიკა არაფრით განსხვავდება წინა წლების დაანონსებული რევოლუციებისგან. გამოვალთ და დავამთავრებთ, მოვდივართ, უმოკლეს ვადაში დავამთავრებთ... მინდა ვისაუბრო იმ საკითხზე, თუ რატომ ვერ მოხდება ეს ყოველივე. რატომაა ეს ფრაზები ცარიელი და არაფრისმთქმელი.
რევოლუციურ სიტუაციას რამენიმე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნიშანი აქვს, რომ ის წარმატებით გასნხორციელდეს.
1. ხალხის კრიტიკული მასის უკმაყოფილება
2. ხელისუფლების შიგნით განხეთქილება
3. ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილება და მიმხრობა
4. საგარეო მხარდაჭერა
ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.
1. ხალხში უკმაყოფილება არის, თუმცა არა კრიტიკული მასის უკმაყოფილება. ბევრი მიზეზია, რის გამოც ადამიანი უარს იტყვის მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში. უმთავრესი ამ მიზეზთაგანი არის ძალიან ცუდი გამოცდილება 1991-1992წწ. ბევრი ვალდებულებები, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, და მისი გასტუმრება დამოკიდებულია შემოსავლებზე, რომელიც არეულობის ნიადაგზე შესაძლოა აღარ იყოს, ხოლო საბანკო ვალდებულებები არ მოითმენს მის გაუსტუმრებლობას. გზავნილი, რომელიც მათ გაანთავისუფლებს ამ ვალდებულებისგან ტყუილი და ბლეფია. ეს ყველამ იცის. ასევე არის კრიმინალის ზრდის შიში, რომელიც მსგავს სიტუაციებს ახლავს თან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1991-1992წ. გადატრიალების ერთერთი მთავარი მოტივაცია ქონების პირველადი დაგროვება იყო, რაც დღეს არ არსებობს. დღეს მთავარი მოტივაცია ამ ქონების შენარჩუნება და განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში უკმაყოფილებაა, ეს არ არის ის კრიტიკული მასა, რომელიც მსგავსი რევოლუციისთვის საკმარისია. ასევე ამაში მოიაზრება ისიც რომ მიუხედავად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა, დღევანდელ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ძნელია დაინახო ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე მომავლის პერსპექტივებზე აქვს გათვლილი თავისი მოღვაწეობა. ასევე დიდა ოპოზიციის მიმართ უნდობლობა მათ მიერ წინა მარცხებისა გამო. კიდევ არის ბევრი მიზეზი რის გამოც ეს გამოსვლა არ განხორციელდება.
2. ხელისუფლების შიგნით განხეთქილება, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რევოლუციისათვის. ეს ნიშანი დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არსებობს. ხელისუფლება მონოლითურია და მისი გახლეჩა მოკლე დროში წარმოუდგენელია. დროის პერსპექტივაში შესაძლოა მოხდეს ხელისუფლების გახლეჩა, მაგრამ ეს მოხდება ორგანიზებულად და კონტროლირებულად. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ წინასწარ მოახდინა სახელმწიფო საბოტაჟის შეუძლებლობის პრევენცირება და დღეს მას ეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე შეიძლება საუბარი მმართველი პარტიის სტრუქტურაზე, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ არ იძლევა საშუალებას დაიყოს ფრაქციებად. 2 ასეთი მცდელობა ერთი ოქრუაშვილის და მეორე ბურჯანაძის კრახით დასრულდა. ორივე გაძევებულ იქნენ პარტიიდან. ამიტომ თავად მმართველი პარტიის გახლეჩის შესაძლებლობა ნულის ტოლია.
3. რა თქმა უნდა არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურების გახლეჩის შესაძლებლობაც. სახელმწიფოს ყველა ზომა აქვს მიღებული, რომ ეს არ დაუშვას. შესაბამისად რევოლუციის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, არ არსებობს. ეს ფაქტორიც გამორიცხულია. ასევე მაქსიმალურად გაკონტროლებულია იარაღის არალეგალურად შემოტანის გზები. თვითნაკეთი მოლოტოვის კოქტეილების იმედზე ბარეორი დაიღუპავს თავს.
4. რაც შეეხება საგარეო მხარდაჭერას, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ეს მოიპოვონ რუსეთის მხრიდან. არაერთი მათი მივლინება იქნა დაგეგმილი მოსკოვში. არაერთი საზღვარგარეთული შეხვედრა მოხდა რუსე ფსბ-ს რეზიდენტებთან, თუმცა რუსეთის დახმარება შესაძლოა შემოიფარგლოს რევოლუციამდე ფულით და დაფინანსებით, რითაც მოეწყობა მხარდაჭერილი ოპო პარტიის სტრუქტურული ერთეულები მთელ საქართველოში, ხოლო რევოლუციის შემდეგ საგარეო მხარდაჭერით. რაც შეეხება რუსეთის პირდაპირ ინტერვენციას ე.წ. რევოლუციონერების მხარდასაჭერად ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან დასავლეთი აქ მსგავს რევოლუციას არ დაუჭერს მხარს, ხოლო რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პირდაპირი ინტერვენცია. ეს მან 2008წ. ვერ შეძლო და შანსიც გაუშვა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებული რევოლუციები არის მარგინალური ჯგუფების კიდევ ერთი გაფართხალება. მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2009წ. იყო. ამის შემდეგ სულ დაღმართია. ჩემი აზრით საქართველოს ევოლუციურ განვითარებას დღეს ალტერნატივა არა აქვს.
ირაკლი მარგველაშვილი
07.05.2011წ.