Sunday, 27 April 2014

პასუხი რუსეთში საქართველოს წარმომადგენელს ბ-ნ ზურაბ აბაშიძეს



2013წ. 14 ნოემბერს ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერში მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზურაბ ამბაშიძე. სწორედ მის განცხადებებს გვინდა გამოვეხმაუროთ ამ წერილით.
 „რუსეთი არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი. საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მშვიდობისმყოფელი ჯარები ყოფილიყვნენ, ვიდრე ოკუპანტის.“ აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ბატონი ზურაბ ამბაშიძე.
ნამდვილად არ ვიფიქრებ, რომ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ არ იცის ქართულ-რუსული კონფლიქტის ისტორია, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებ, რომ მის ხედვას არ ვეთანხმები. მისი ხედვა ნამდვილად არ არის საქართველოს ნაციონალური ინტერესების თანმხვედრი.
თუ განვიხილავთ თავად აფხაზურ და ოსური კონფლიქტების წარმოშობის და შემდეგ მისი სამართლებრივი მდგომარეობის „მოწესრიგებას“ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ვერ მივიღებთ იმ პოზიტივს, რომელიც ჩვენს ნაციონალურ ინტერესებს რაიმენაირად წაადგებოდა. პირდაპირ ვიტყვი, დაწყებული 1991წ. 22 დეკემბრიდან, როდესაც დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება და დაამხეს კანონიერი ხელისუფლება 1994წ. აგვისტომდე, რუსეთმა პირდაპირი მნიშვნელობით შეგვისრულა. შეგვისრულა ისე, რომ მის წინააღმდეგ ვერც ვერაფერი მოვიმოქმედეთ და სამართლებრივ პოლიტიკური განცხადებაც კი ვერ გავაკეთეთ ისეთი ღირსეულ სახელმწიფოს რომ შეეფერებოდა. მცირე ისტორიას რომ გადავხედოთ სურათი ასეთია.
1991წ. 8 ოქტომბერს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირის ჯარები საოკუპაციო ჯარებად გამოაცხადა. 1992წ. 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის იურიდიულად დაშლის შემდეგ აღნიშნული ჯარები რუსეთის მემკვიდრეობად გამოცხადდა და მათ ავტომატურად მიენიჭათ ოკუპანტის სტატუსი. აი ეს იყო ყველაზე მტკივნეული საკითხი რუსეთისათვის. ამ თემის გააქტიურება სამართლებრივ ჭრილში აუცილებლად მიიყვანდა რუსეთს იმ მდგომარეობამდე, რომ ის გაიყვანდა ჯარებს საქართველოდან. ამის მაგივრად 1992წ. იანვარში გადატრიალებით მოსულმა სამხედრო საბჭომ რუსეთის ჯარებს ეს სტატუსი მოუხსნა და მათ მისცა საქართველოში თავისუფალი მოქმედების საშუალება, რამაც პრაქტიკულად გამოიწვია ის, რომ 1992წ. 24 ივნისს დაგომისის ხელშეკრულებით რუსეთმა ჯერ ცხინვალის რეგიონში დააკანონა ფაქტობრივი ოკუპაცია და მოგვაწერინა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, ხოლო შემდეგ აფხაზეთის დაკარგვის და საქართველოდან ჩამოცილების, ოკუპაციის ოპერაციას თბილისის ცენტრიდან უხელმძღვანელა (ზაკვო) და 1993წ. 27 სექტემბერს მოახდინა აფხაზეთის ფაქტობრივი ოკუპაცია, ეთნოწმენდა. 1994წ. მოსკოვის ხელშეკრულებით სამართლებრივად გავაფორმეთ ეს ოკუპაცია, განვათავსეთ იქ ე.წ. ესენგეს ჯარები და დავარქვით „სამშვიდობო ძალები“. საქართველო კი ეს-ენ-გე-ში შეათრიეს. აი ეს იყო ის პოლიტიკა რომელიც ე.წ. დემოკრატიის დამყარების ნიღბით მოვიდა საქართველოში და მისი წევრი ბატონი ზურაბ აბაშიძეც იყო.
 ბატონო ზურაბ, აი ეს საშინელი შედეგები გამოიწვია სწორედ იმ ქმედებამ, რომ რუსეთის ჯარებს არ დავარქვით საოკუპაციო ჯარები თავის დროზე და მივეცით მათ თავისუფალი მოქმედების საშუალება. არ ვაიძულეთ ისინი დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. თქვენ ეს ყველაფერი რომ განხორციელდა, იყავით საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში (1993-2000 წლებში) და რა თქმა უნდა ვერც მაგ ქვეყნებში მოახერხეთ ისეთი ამინდის შექმნა, რომ ვინმეს ხმა ამოეღო საქართველოს დასაცავად. სამართლებრივად ეს ფაქტობრივი ოკუპაცია საქართველოს დააბრალეს რუსებმა და მშვენივრად გრძნობდნენ თავს საქართველოსთვის თავსმოხვეული  ორი ეთნოკონფლიქტის (აფხაზეთი-ცხინვალის რეგიონი) პირობებში. იყვნენ ფაქტობრივი ოკუპანტები და თქვენ კიდევ ფიქრობდით როგორც დიპლომატი, რომ თურმე სჯობდა ისევე ყოფილიყვნენ როდემდე? უკუნითი უკუნისამდე?.
"ოკუპირებულის დარქმევა პროპაგანდის ისეთივე მიღწევაა, როგორიც იმის თქმა, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენით. ვინ არ იცის რუსეთი რას წარმოადგენს? სჯობდა, რომ მშვიდობისმყოფელებად ყოფილიყვნენ იქ, ვიდრე ოკუპანტებად და აღიარებულ სახელმწიფოებად. იმას რაღაც პატარა პერსპექტივა მაინც ჰქონდა, არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი, რადგან ასეთი სახელმწიფოა, ურთულესი მეზობელი გვყავს, ჩვენ რუსეთს ვერსად ვერ გადავასახლებთ. აი ასეთია რეალობა, ამიტომ ისეთი პოლიტიკის შერჩევას უნდა შეეცადო, რომ საქმე არ მივიდეს ომამდე და ოკუპაციამდე", - განაცხადა ტაბულას ეთერში ზურაბ აბაშიძემ.
„...იქ ვითარება ჩამცხრალი იყო, ავტობუსები დადიოდა, ვაჭრობა იყო, ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ, ხელფასს ხან აქ იღებდნენ, ხან - იქ. ნდობის ფაქტორი იყო აღდგენილი", - განაცხადა ტაბულას ეთერში ზურაბ აბაშიძემ.
უნდა ვთქვა, რომ ეს არის სრული დემაგოგია. ოკუპირებული ტერიტორიების დარქმევა რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს არის არა პროპაგანდა ბატონო ზურაბ, არამედ ეს არის სამართლებრივად თვისობრივად სხვა ვითარება, ვიდრე ის, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებამდე გვქონდა საქართველოში. იმ შემთხვევაში საქართველოს ჰქონდა ორი ეთნოკონფლიქტი, სადაც რუსეთი იყო „მშვიდობისმყოფელი“ (თავადვე აღიარებთ, რომ სინამდვილეშ ის არ იყო მშვიდობისმყოფელი), რომელიც ბლოკავდა ყველა ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. დღეს ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული ტერიტორიები და დღევანდელი ხელისუფლება თუ გააგრძელებს წარმატებით „არაღიარების პოლიტიკას“ ეს ოკუპაცია აუცილებლად მივა დეოკუპაციამდე.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ რუსეთმა 90-იან წლებში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ვერ შემდგარიყო. ვერც შედგა.
ამ პერიოდში თქვენი მთავრობის წარმატება რა იყო, რომ ერგნეთის ბაზრობა არსებობდა, რომელიც სრულიად ანგრევდა საქართველოს ეკონომიკას, ხოლო სეპარატისტი ლიდერები ამით ფულს აკეთებდნენ და შევარდნაძის კორუმპირებულ ხელისუფლებას წილში ჰყავდათ. რა იყო წარმატებული, ქართველი და ოსი კრიმინალური ბანდები შეხმატკბილებულად რომ ძარცვავდნენ საქართველოს მოქალაქეებს? მანქანები გადაჰყავდათ სეპარატისტულ საზღვრებზე ეს იყო წარმატებული და ნდობის აღდგენის პოლიტიკა? აი ეს უნდა გაგრძელებულიყო? ამას ეძახით თქვენ როგორც დიპლომატი წარმატებულ პოლიტიკას? ბატონო ზურაბ, იცით? მონათხრობში როდესაც გამოტოვებთ მთავარ ასპექტებს ეს გაყენებთ ძალიან უხერხულ სიტუაციებში, იცით რატომ? ნუ შეგვიფუთავთ საქართველოს შევარდნაძის ხელისუფლებას ბრჭყვიალა ქაღალდებში ყველას გვახსოვს რა ხდებოდა და ნურც წარმატებას დაარქმევთ იმას, რომ პრაქტიკულად 1992წ. დაგომისის და 1994წ. მოსკოვის ხელშეკრულებებით გააკეთდა ყველაფერი ისე, რომ საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი დაეკარგა. ნებისმიერი ინტეგრაციის შანსი დაუკარგა და იცით რეალობა როგორია? სწორედ 2004 წლიდან იმიტომ გართულდა რუსეთთან ურთიერთობა, რომ შანს დაკარგულმა სახელმწიფომ სახელმწიფოდ გახდომა მოინდომა, რასაც თქვენ „ინფანტილური, ირაციონალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში“ დაარქვით. მაშინ, როდესაც თბილისი ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა აჭარის სეპარატისტ ლიდერსაც კი და ამ უკანასკნელმა მთავარსარდლად გამოაცხადა თავი აჭარაში. ამის შემდეგ რაზე უნდა ისაუბროთ ძალიან მაინტერესებს რა სახელმწიფოს შექმნაზე და რა პოლიტიკის განხორციელებაზე. ერთადერთი დამსახურება რაც მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა იყო სტამბოლის ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაეყვანა სამხედრო ბაზები და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომელიც სწორედ დასავლეთის ძალისხმევით განხორციელდა და რომ არა ეს, ამასაც ვერ გააკეთებდა მაშინდელი ხელისუფლება. ხოლო ჯარები საქართველოდან 2005 და 2007 წლებში გავიდა გარდა ვაზიანის ბაზისა და ეს მემკვიდრეობა ახალმა ხელისუფლებამ აიღო ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომლის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თურმე არაღიარების პოლიტიკა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი შეცდომა იყო. კარგად გაიაზრეთ ამ ფრაზის დამანგრეველი შედეგები საერთაშორისო ასპარეზზე როგორც დიპლომატმა. არ მგონია ეთანხმებოდეთ.
„2004 წელს როცა გაიმართა ინაუგურაცია, აქ ჩამოვიდა რუსეთის საგარეო სამინისტროს დელეგაცია, იყო დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლა, არსებობდა კონტაქტები, ოსეთში ავტობუსებით დავდიოდით, ხალხი მოძრაობდა, იყო ვაჭრობა, რთული ვითარება იყო ნამდვილად, მაგრამ ომი არ გვქონია. იყო ინფანტილური, ირაციონალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში წლების განმავლობაში, 2005-დან 2008-მდე. ხომ არ ვამბობ იმას, რომ ომი ჩვენი ბრალი იყო? უბრალოდ, წინა წლებში იყო არასწორი პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 2008 წელს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ბატონო ზურაბ, აი ამის პატიება არ შეიძლება და ვერც გაპატიებთ. 2004-2008წწ. რუსეთთან ინფანტილური კი არა, რეალური პოლიტიკა იყო. პირველი ის, რომ 2004წ. 6 მაისს აჭარის სეპარატისიტი ლიდერის, ასლან აბაშიძის რეჟიმის დამხობით საქართველომ მოიშორა უდიდესი საფრთხე რამაც რუსები ძალიან გაანაწყენა და ძალიან კარგად იცით ეს, მაშინ ჩვენი ელჩი იყავით რუსეთში.
ის, რომ რუსები განაწყენდნენ და ამას ეძახით ინფანტილურ პოლიტიკას, რუსები განაწყენდნენ სწორედ იმით, რომ საქართველომ რეალურად დაიწყო სახელმწიფოს შექმნა და რეალურად დაიწყო მსვლელობა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს ნაბიჯები ვერ მოითმენდა რუსეთის სპეცსამსახურების ბოგინს საქართველოს ტერიტორიაზე და ვერც იმას, რომ საქართველოს ძალოვანი მინისტრები ყოფილიყვნენ რუსეთის დანიშნული საქართველოში.
სწორედ საქართველოს პროდასავლური კურსის გამო დაამტკიცა ვლ. პუტინმა 2007 წლის დასაწყისში  სამხედრო გეგმა როგორ მოეხდინა საქართველოს შეჩერება. ხოლო როდესაც თქვენ ამაყობთ, რომ ომი არ გქონიათ, ვერც გექნებოდათ ომი, იმიტომ, რომ არც სახელმწიფოს შენება დაგიწყიათ, არც რეალური ნაბიჯები გადაუდგამს მაშინდელ ხელისუფლებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და ძალოვანი მინისტრები კიდევ პუტინის დასმული იყო თანამდებობებზე. ის სიტუაცია აწყობდა რუსეთს. ის ყველაფერი რომ გაგრძელებულიყო, როგორც ეს-ენ-გე-ში შეათრია საქართველო ისე შეათრევდა ე.წ. „ევრაზიულ კავშირში“ და არ იქნებოდა ომი, მაგრამ ეს არ იქნებოდა წარმატება და საამაყო.  ეს იქნებოდა საქართველოს ახალი ოკუპაცია და ანექსია, მაგრამ დიპლომატიურად და არა ომით. რაც შეეხება ახალ საქართველოს, რომელიც საკუთარ სიტყვას იტყოდა რეგიონში ის საქართველო არ აწყობდა რუსეთს. აი ამიტომ მოხდა ომი
თქვენ ვფიქრობ ყველაზე კარგად იცით, რომ სწორედ საქართველოს გეოპოლიტიკური აქტიურობა გახდა იმის მიზეზი, რომ რუსეთთან დაიძაბა ურთიერთობები და არა ის, რომ ეს პოლიტიკა იყო ინფანტილური. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი შეკითხვაზე როგორ უნდა შევსულიყავით ნატოში, რომ რუსეთს ეს არ აღექვა საკუთარ პრობლემად. თქვენ ხომ კარგად მოგეხსენებათ, რომ ომი თვითმიზანი არაა. რა უნდა ექნა საქართველოს უარი ეთქვა ნატოზე, ევროკავშირზე, საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციაზე საკუთარ გეოპოლიტიკურ და რეგიონალურ მიზნებზე? მაშინ სადაა აქ ქართული სახელმწიფო, თქვენ როგორც დიპლომატი სად ხედავთ ამ სახელმწიფოს ამ გამოვლინებების გარეშე? ბოლოს მინდა ეს წერილი ბატონ ნიკა ვაშაკიძის შეკითხვით დავასრულო, რომელიც ჩემი შეკითხვაცაა:
„როგორ გინდა ოფიციალურ დოკუმენტში ასახო და დაასაბუთო ისეთი იდეები, როგორიცაა, მაგალითად, „დეოკუპაცია რბილი რიტორიკით“, „საერთაშორისო არენაზე აქტიურობა ხმაურის გარეშე“, „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სომხეთის მოდელის მიხედვით“, „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ოკუპაციის პირობებში“, „მსოფლიოში საქართველოს როლის და ადგილის განმტკიცება გლობალური პროცესებიდან გამოთიშვის გზით“ და ასე შემდეგ....?“
ბატონო ზურაბ, მე კიდევ ვფიქრობ, რომ თქვენი დიპლომატია რუსეთთან მიმართებაში ფართო გაგებით დიდი ინფანტილიზმია, ისევე როგორც 90-იან წლებში წარმოებული ქართული პოლიტიკა ამ ქვეყანასთან მიმართებაში. ინფანტილიზმი იმიტომაა, რომ ვერაფრით შეუჯერებთ რუსულ გეოპოლიტიკას ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. ერთი იცოდეთ, რაც უფრო მეტად ეცდებით არ გამოჩნდეთ თქვენი აქტიურობით მსოფლიო თანამეგობრობის სცენაზე, მით უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებთ ქვეყანას და არა ომი, არამედ ეს-ენ-გეს ვარიანტს გაიმეორებთ „ევრაზიულ კავშირის“ ფორმატში.
ირაკლი მარგველაშვილი


Thursday, 17 October 2013

საქართველოს ხელისუფლება, რუსული ოკუპაცია და სოჭის ოლიმპიადა



ვაკვირდები დღევანდელ სიტუაციას, რომელიც შექმნიალია ქვეყანაში და სულ უფრო მიჩნდება იმის განცდა, რომ საქართველოში შეიქმნა მითი, "რუსეთთან ცუდი რიტორიკის", "რუსეთთან პროვოკაციაზე წამოგების" შესახებ. განსაკუთრებით ეს მითი გაძიერდა 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ძალიან მძლავრად გაისმა მაშინდელ ქართულ ოპოზიციაში, რომ თურმე ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკის და პროვოკაციაზე წამოგების შემდეგ დაიძაბა და აქ არაფერ შუაშ იყო თავად რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, ან იმპერიული მიმართებები. მთავარი იყო შექმნილიყო მითი. სხვათა შორის კარგად გავიხსენოთ როგორ ძლიერდებოდა ეს მითი, როდესაც მოხდა სოფელ პერევის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პატრიარქმა პერევი "დაიბრუნა" და პრეზიდენტის რიტორიკის შემდეგ რუსები კიდევ შემოვიდნენ სოფელ პერევში. ეს მითები ჟამიდან ჟამზე კიდევ ძლიერდებოდა.
სწორედ ეს მითი გახდა იმის მიზეზი, რომ ჯერ კიდევ 2012წ. 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ბლოკი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში და გამოსვლებში იმატა ამ მითის დაჯერების მოტივებმა. რაც გამოიხატა შემდეგ თეზაში: "სააკაშვილმა რიტორიკით გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა", ჩვენ "დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას." რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ლოზუნგში ხიბლი იყო. თუმცა ისიც ფაქტი ხდებოდა, რომ რუსეთის სახელმწიფო და გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის, ქართული რიტორიკა არ იყო ის მოტივი, რომ მათ ამ რიტორიკაზე აეგოთ თავიანთი პოლიტიკა. ეს დროში რომ გამოჩნდებოდა და ამის წინაშე დაგდებოდა ახალი ხელისუფლება სოლომონ ბრძენის ჭკუა ამას არ სჭირდებოდა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. დაიწყო მუშაობა რათა აღედგინათ რუსული ბაზარი. დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ბატონი ზურაბ აბაშიძე. დაიწყეს მოქმედება მითში. მითში, რომლის შინაარსი საერთოდ არ ითვალისწინებდა რუსეთის იმ გეოსტრატეგიულ ინტერესებს, რაც რეალურად რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსთან განსაზღვრავდა, რომელიც იმ დონეზეც კი მნიშვნელობანი იყო პუტინისთვის, რომ 2008წ. ომი გადააწყვეტინა საქართველოსთან, რომლისთვისაც 2007წ. სამხედრო გეგმა დაამტკიცა. 2008წ. ომის საკითხს ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად მოუარა და დააბრალა ის საქართველოს წინა ხელისუფლებას. ამით ფიქრობდა, რომ მოიპოვებდა რუსეთის კეთილგანწყობას. სავარაუდოდ გათვლა იყო იმაზე, რომ თუ ამას იზამდნენ რუსეთთან რიტორიკა შეიცვლებოდა და ამით რაიმე საკითხს მოაგვარებდნენ. ამ დროს აბსოლუტურად არ წარმოედგინათ, რომ რუსეთისათვის მთავარი იყო საკუთარი მიზნები და არა, საქართველოს რომელიმე ხელისუფლება.
 ახალი ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ ის რეალურად არ უყურებდა რუსეთთან ურთიერთობას, არამედ თავისავე გამოგონებული მითის მსხვერპლი გახდებოდა სულ მალე. 2013 წლის ზაფხულში რუსეთმა დაიწყო ე.წ. სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები და მავთულხლართები გაავლო, მანამდე არასაოკუპაციო ზოლში მდებარე ტერიტორიებზე, სოფლებში დიცსა და დვანში. ის რომ ხელისუფლება საკუთარ მითში ცხოვრობდა და რეალობას მოწყდა, ამის დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2013წ. სექტემბერში, რომ "საოკუპაციო ზოლის გადმოწევა მის ანალიზში არ ჯდება", რომ "ეს არ მოდის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან და არის ქვედა დონის გადაწყვეტილება", რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადება, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერი ისევ მითში უყურებს რუსეთთან ურთიერთობას, თავისი ანალიზის იმედადაა და არა იმ გამოცდილების, რომელიც საქართველოს მრავლად დაუგროვდა ამ 20 წლის განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ 200 წლოვან ურთიერთობაზე. პრემიერი და ზოგადად მისი მთავრობა, რომ მითის მსხვერპლნი ხდებიან ეს კიდევ ერთი განცხადებიდან სჩანს: "მავთულხლართების საქმე ოლიმპიადას უკავშირდება. რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადა როგორმე მშვიდ გარემოში ჩაატაროს და ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"მე ვფიქრობ, რომ სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ და ამასთანვე, პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც კონფლიქტურ ტერიტორიებზე ხდება". ესეც პრემიერის განცხადებაა და ესეც სწორედ იმას მიუთითებს, რომ სწორედ მითიდან ვერ გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კიდევ ჰგონია, რომ რუსეთის ეს ქმედებები, მხოლოდ რიტორიკის ბრალია და არა მათი გეოსტრატეგიული ინტერესების.
რეალურად ამ მანევრებით რუსეთი ძალიან აშკარად ახდენს საქართველოზე ზეწოლას, რათა როგორმე შეაჩეროს ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილი პროცესი. ის გამოიყენებს იმ ბერკეტებსაც, რაც გენადი ონიშჩენკოს ხელშია და ნოემბერში სავარაუდოდ ღვინო არ მოეწონებათ, როგორც არ მოეწონათ მოლდოვას ღვინოები, უკრაინის ხორც პროდუქტები და ლიტვის რძის პროდუქტები.
რიტორიკა შეიცვალა, რუსეთმა ღვინოც დაუშვა თავის ბაზარზე, მაგრამ უკვე როგორც კი საზოგადოების პროტესტმა იმატა დვანსა და დიცში რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს აღარ მოეწონა 28 სახეობის ქართული ღვინო და აკრძალა მისი რუსეთში შეტანა. სავარაუდოდ თუ კიდევ გაძლიერდება ეს პროტესტი ღვინის რაოდენობასაც მიემატება, რომლებიც არ დააკმაყოფილებს იმ ხარისხს, რაც რუსეთის "სტანდარტებს შეესაბამება". მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მყარად მისდევს თავის გეზს რათა შეცვალოს რიტორიკა რუსეთთან, მაგალითად ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს: "საქართველო არ წამოეგება რუსეთის პროვოკაციებს, რომლის მიზანიცაა შეაფერხოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება".
აქ ლოგიკის პოვნა ძალიან რთულია, ვინაიდან რუსეთი თუ აწყობს პროვოკაციებს ჩვენ ვისთან ვალაგებთ და ვაკეთებთ ურთიერთობების ნორმალიზებას? ისევ რუსეთთან, რომელიც პროვოკაციებს იმიტომ აწყობს, რომ ეს ურთიერთობის ნომალიზება არ უნდა? აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ლოგიკა, მაშინ როდესაც რუსეთს ეს არ უნდა და ქმნის პრობლემებს პროვოკაციების სახით. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მითი გრძელდება.
მითის კიდევ ერთი დასტურია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების საკითხზე, მაშინ როდესაც აშკარაა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით ძალიან ღირსების შემლახავ ქმედებებს ეწევა საქართველოს მისამართით. ოლიმპიადა ხომ მსოფლიოს მშვიდობის და ქვეყნების ღირსების მთავარი თამაშებია, სადაც უნდა წარმოჩინდეს ღირსეულად ნებისმიერი ქვეყანა. რუსეთის მიერ ცხინვალის ომის გმირის მთავარ მეჩირაღდნედ დასახელება სწორედ ის ფაქტია, რომ რუსეთი უღირსად ექცევა ქართულ სახელმწიფოს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, "რუსეთის დაინტერესებულია, რათა საქართველო არ ჩაერთოს ოლიმპიადაში და ამაში ჩვენ მას ხელი არ უნდა შევუწყოთ." "არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დადგეს სიტუაცია, რომ მოგვიწიოს თქმა, რომ არ მივდივართ, მაგრამ არა - 14 000 კაციდან ერთი მეჩირაღდნის გამო. ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც ჩვენ ოლიმპიადას ბოიკოტს უნდა ვუცხადებდეთ," "14 000 კაციდან ყველა რომ ყოფილიყო რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და ყველას რომ ჩირაღდანი აეღო, ეს იქნებოდა გამოწვევა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ეს სერიოზული საკითხი ყოფილიყო". „რუსეთს არ უნდა, გაშიშვლდეს, რომ მთავარი პრობლემა საქართველო კი არა, სააკაშვილი იყო. სააკაშვილმა გამოიწვია, იგივე შპიონების დაჭერით და ამ სპექტაკლის დადგმით“. ამაზე მეტი მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მითია არამგონია საჭირო იყოს და სასაცილო ისაა, რომ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამჯერად ცდილობს, ამ მითში თავად რუსეთის მხარეც დააჯეროს. ვფიქრობ კომენტარიც ზედმეტია.
რა ლოგიკას ემსახურება ხელისუფლების ეს განცხადებები, როდესაც  რუსეთი ქმნის პრობლემას და ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მის მაგივრად ამ პრობლემის მოგვარებას, რატომ? რუსეთი რისთვის გვიქმნის პრობლემას, რომ ჩვენ ვაგვაროთ? რას გავს ეს საქციელი? ეს საქციელი არის სწორედ მითში ყოფნა, რომლიდან გამოსვლაც, მათ ჩააყენებს ძალიან რეალური და სასტიკი რუსული ლოგიკის და ინტერესების წინაშე. რაც სავარაუდოდ არ უნდათ. ფაქტია, რომ არფერ შუაშია რიტორიკა, არაფერ შუაშია ის, რომ ვიღაც ცუდად საუბრობდა და მკაცრად. არც ისაა შუაში, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა, რომელიც ტკბილად ესაუბრება რუსეთს. მთავარია რუსული მკაცრი ლოგიკა, რომ ან ცნობთ ახალ რუსულ გეოპოლიტიკურ რეალობას და საქართველოს ამ რეალობაში, ან მიიღებთ იმას, რასაც იღებდა წინა ხელისუფლება. ესაა მკაცრი ზეწოლა, რათა მოახდინონ საქართველოს ინტეგრაციის ვექტორის შეცვლა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ.
გაცილებით მწვავე იქნება ეს ლოგიკა და ზეწოლა, როდესაც ახალ ხელისუფლებას მოუწევს იმ რეალობის პირისპირ შეხვედრა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს, ე.წ. ქვეყნებს რუსეთი შეიყვანს ევრაზიულ კავშირში, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ეს არის ახალი რეალობა, რომ ეს ქვეყნები არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასევე არავითარ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთი, რომ რაიმე ფორმით ეს ანკლავები წარმოადგენოს სოჭის ოლიმპიადაზეც. მაშნ სად რჩემა ადგილი იმ მითისთვის, რაშიც ხელისუფლება მყოფობს?
საქართველოს ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს და მიხვდეს, რომ არ არის საქმე რიტორიკაში, არ არის საქმე პირად ურთიერთობებში, არამედ მათ საქმე აქვთ ძალიან რეალურ და მძლავრ იმპერიულ ამბიციასთან, რომელსაც რბილი რიტორიკა ვერ შეცვლის. კარგად უნდა გაცნობიერდეს, რომ ყველა თემა, რომელსაც რუსეთი ათამაშებს საქართველოს და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ასევე მეჩირაღდნის დანიშვნა გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმისთვის რომ მსოფლიო თანამეგობრობას ახალი რეალობის შესახებ აუწყონ.
ეს არის პოლიტიკური ჟესტების ენა, რომელსაც რუსეთი კარგად ფლობს და ამ ჟესტებით ისინი მუდმივად აუწყებენ მსოფლიოს თავის ინტერესებს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს, არა ის, რომ რიტორიკა შევარბილოთ, არამედ ის, რომ ეს ყველა ჟესტი იქნას განეიტრალებული და დაცული იყოს ქართული სახელმწიფოს ღირსება. არც ისაა ტრაგედია თუ არ წარვსდგებით სოჭის ოლიმპიადაზე იმ ქვეყანაში, რომელიც ასეთი ბინძური ხერხებიც, ცინიკურად ცდილობს მსოფლიოს ანახოს რა უღირსი სახელმწიფოა საქართველო. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, მსოფლიოში პატივს სცემენ ღირსეულ სახელმწიფოებს და არა უღის ქვეყნებს. პატივს ცემენ თავისუფალ არჩევანს, თავისუფლებისთვის ბრძოლას და არა თავდახრას. ამიტომ, სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი წასვლა იგივე მითში დარჩენას მოასწავებს. რაც უფრო მალე გააცნობიერებს საქართველოს ხელისუფლება, რომ რიტორიკის შერბილება ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი რამენაირად გადახედავს თავის პოლიტიკას უკეთესი იქნება. ამიტომ უნდა მოხდეს მითიდან გამოსვლა და იმ რეალობის წინაშე დადგომა, რომ რუსეთს აქვს ამბიციები, მიზნები, როგორადაც არ უნდა ესაუბრო მას. მის მიზანს შენი მიზანი უნდა დაუპირისპირო, სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს მარცხის აღიარება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად სურს.
"მთავარია დაძაბულობა მოიხსნა ორ ქვეყანას შორის" - ზურაბ აბაშიძე როგორ?
ირაკლი მარგველაშვილი