Wednesday, 26 November 2008

გულიდან სისხლის ცრემლები



ჩემს თვალებხატულა ვაკოს.

ნუ დავსვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ!

ეს ფრაზა მიყვარს, “ნუ დავსვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ”. ეს სიცოცხლის ფრაზაა. ეს სიცოცხლის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ არა ჩვენს თვალსაწიერზე, არამედ ჩვენგან შორს, სხვა განზომილებაში, სადაც ეხლა ხარ. წარმოუდგენელ განზომილებაში, სადაც შეხვედრა ღმერთთან გექნება და შენი სული დაივანებს საოცარ სამოთხეში, საიდანაც ლოცვას არ მოგვაკლებ.
არ შემეძლო არ დამეწერა შენზე ჩემო თვალებხატულა ბიჭო. არ შემეძლო არ დამეწერა და არ გადმომეტანა ქაღალდზე ის ყველაფერი, რაც ჩემს გულში მოხდა. ვწერ ამ წერილს, და გულიდან სისხლის ცრემლები ეწვეთება ამ სუფთა ფურცელს, რომელიც ძალიან გგავს. თითქოს უშუალოდ გესაუბრები. მე ყოველდღე გავდივარ შენს ნაკვალევს. მე ვხვდები ამ ნაკვალევს და ვაკვირდები იმ #72 ელექტრო ბოძს, რომლის გასწვრივაც შენი მოძრაობის უკანასკნელი წერტილი დაფიქსირდა 16 სთ და 45 წთზე 2008წ. 2 ოქტომბერს. გულს მიდუღებს ეს ყველაფერი. მე ვხვდები შენს ხელმოწერებს, რომელიც ქაღალდის ქოხებშიღა შემორჩა, რომელიც სამოქალაქო რეესტში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებშიღა შემორჩა, რომელიც არქივში გადავა და იქ იქნება დიდხანს შენახული. იქ შემომრჩა შენი ცხოვრების კვალი, ჩემს თვალსაწიერზე და ყველაფერი მოგონებების არქივშია გადატანილი, რომელიც ბრუნდება ჩემთან, როგორც ~დაკარგული დროის ძიებაში~, იმ დროის, რომელიც შენ გეკუთვნოდა. რომელიც წამებად მიბრუნდება, გაცოცხლებულ წამებად და სისხლის ცრემლებად მოდის ჩემი გულიდან, იმიტომ, რომ ამ ტექსტით არ ვსვამ წერტილებს, მხოლოდ ხაზებს ვავლებ და ველოდები იმ დაკარგულ დროის წამებს, რომლითაც ჩემთან დაბრუნდები და გაცოცხლდები მოგონებებში, როგორც სიცხადე, როგორც სილამაზე და ამ წამების დაღუპვას, ვერაფერი შეძლებს. დროში და სივრცეში ყველაფერი არსებობს. მე ვუბრძანებ ამ წამებს მოვიდეს ჩემთან და გამიცოცხლდეს შენთან ერთად საოცარ და ლამაზ მოგონებებში.
ტერენტი გრანელიც დღიურის პერიფრაზი გადავაკეთე. მისი დღიურის “გულიდან სისხლის წვერთები” და სწორედ ამიტომ დავარქვი ამ წერილს-ნოველას თუ არ ვიცი, არ ვიცი რას, იმას რასაც ეს ტექსტი წარმოადგენს ეს სათაური. ტექსტი, რომელიც ჩემთან დარჩება, ამოიბეჭდება და ჩემს სხვა ფურცლებთან შეინახება. რომელსაც ხშირად წავიკითხავ და არ მინდა ეს ტკივილი, რომელიც მივიღე შენი დაღუპვით როდესმე დამავიწყდეს, როდესმე გამიხუნდეს. ეს ტკივილის წამები მინდა ჩემთან იყოს. თითქოს არ ვიყავი ახლოს, თითქოს ვერ გვხვდებოდი ხშირად და ამიტომ, მაგრამ იმდენად ახლოს ყოფილხარ, იმდენად ჩემი ყოფილხარ ჩემს გულში დუღს შენი ტრაგედია. დუღს და გულიდან სისხლის ცრემლები ამ სუფთა ფურცელს ეწვეთება.
ორმოცი დღის შემდეგ ჩამოვედი ქუთაისში და შენს საფლავზე მოვედი. ცივ ქვაზე შეყინული შენი მზერა შემომეყარა. ვერავის დავადანაშაულებ, ვერავის, ვერაფერს ვერ ვეტყვი, ვინაიდან ამ ქვას შეყინული შენი მზერა საშინელი რეალობაა. არ მჯერა სურათების, არ მჯერა, ძეგლების და საფლავის ქვების, მჯერა გულის, რომლიდანაც სისხლის ცრემლები მოდის, სადაც წერტილი არ ისმება, სადაც ხაზები ივლება და სიცოცხლე გრძელდება მოგონებებში, რომელიც აუცილებლად დიდ კოსმოსურ დროს უკავშირდება და ეს დრო ერთია. ერთია ჩვენი დრო დიდ კოსმოსში. ეს დრო არ დაგვაცილებს, უბრალოდ სხვადასხვა ათვლაა და მეტი არაფერი.
ვიდექი შენს საფლავთან და ავდუღდი. მინდოდა დამებღავლა, და გაეგონა მთელ სამყაროს. მეყვირა გაყინული ხმით, რომელსაც არ ჰქონდა მისამართი, უბრალოდ ბგერებად ამოვარდებოდა სივრცეში ჩემი ხორხიდან. შიგნით ვიყვირე ვაკო, შიგნით და ყველაფერი ცრემლებად გადმოვიდა. დუღილი გრძელდება. დუღილი გაგრძელდება სულ, სანამ ვიცოცხლებ, ვინაიდან ვიცი რა არის მამა. ვინაიდან გავაცნობიერე მამა და მისი დაშვება ჩემში კოსმოსიდან, რომელიც ჩემი შვილის დაბადებამ გამოიწვია. ვხედავ შენს სურათებს, რომელიც გაქვავებული წამებია, რომელთაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ აქვს და მხოლოდ ფოტო ალბომში დაიდებს ბინას.
20 წლის ვიყავი, როდესაც რომანის მონახაზები გავაკეთე. რომანი ფოტოალბომს შეეხებოდა. ეს ის ფოტოალბომი იყო, რომელიც შენმა დიდმა ბაბუამ თავის ქალიშვილის (დარეჯან ბებოს) დაბადებას უძღვნა. ხის ალბომი. რამდენჯერ გადმომიღია ის ბავშვობაში და დამითვალიერებია. იქ იყო წამები შენახული სურათების სახით. იმხელა შთაბეჭდილებები დამრჩა, რომ გადავწყვიტე ამ ფოტოალბომზე და მის შიგთავსზე ნაწარმოების გაკეთება. ვერ შევძელი, 20 გვერდამდე დავწერე და გავჩერდი, ვინაიდან ბოლომდე ვერ გავაცნობიერე ის წამები, რაც იქ იყო. ეხლა, როდესაც ეს ყველაფერი გავიხსენე წარმოვიდგინე რა მძიმე იქნებოდა ის რომანი რომ დამემთავრებინა. ვერც დავამთავრებდი და დაუმთავრებლობაც არ შეიძლებოდა. იქ უამრავი ადამიანის ცხოვრება იყო. ამ წამების მიღმა დარჩენილი და ამაზე ფიქრი იმდენად რთულია, რომ ეხლა ამ წერილით ვაგრძელებ. ფრაგმენტულად ვაგრძელებ იმ ნაწარმოებს და რა საშინელებაა რომ ამ ფრაგმენტში შენ მისი გმირი ხარ. შენ მოგონებები დამიტოვე მხოლოდ და არავინ არ იცის ეს, როგორ არ მინდა. ეს მოგონებები მაცოფებს, არმინდა, მაგრამ.....
მე ვერ დავსვამ შეკითხვას, რატომ მოხდა? რისთვის მოხდა? იმიტომ, რომ ეს შეკითხვა ყოველთვის პასუხ გაუცემელი დამრჩება და ამ შეკითხვაზე პასუხები არ არის. მასზე მხოლოდ მოსაზრებები არსებობს და არც მინდა ამ მოსაზრებებზე დავფიქრდე. არა იმიტომ, რომ მწარეა და მტკივნეული, არც მოვერიდები, რომ შემეძლოს პასუხის მოძიება. ეს ყველაფერი სამყაროს საიდუმო ბიბლიოთეკებშია ჩასრესილი, რომელთა ნახვა, ადამიანებს მხოლოდ ერთხელ მოუწევთ. აქ არ გამოდგება ვექილები და ლოგიკური მიზანსწრაფულობა. კაფკას “პროცესი” მახსენდება და იოზეფ “კ”-ს ბოლო ფრაზა. საშინელი ფრაზა. არ მინდა გავიმეორო. .... “და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები”.... მიჰქრიან ღამეები, რომელსაც ვეტყვი: “ეჰა, ღამევ, სულისა ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალი ზრახვანნი შენი”. ეს ფრაზები მახსენდდება კოსტანტინე გამსახურდიასი. არ მამცნო იმ ღამეს თავისი საშინელი იდუმალი ზრახვები, არც მომდევნო ღამეს. როგორ მინდოდა მცოდნოდა და მეთქვა შეჩერდი და ვიცი, მე რომ გეტყოდი შეჩერდებოდი. დილამ მამცნო 3 ოქტომბრის საშინელმა დილამ, რომელიც ჩემი ცხოვრების წუხილის საშინელი წერტილია. ჩემი ცხოვრების წუხილი ხარ შენ და მისი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩემთან დარჩება. დარჩება სულ. არასოდეს განელდება. დაველოდები დღეებს, იმ საშინელ დღეებს, რომელიც შენთან ერთად აღარ იქნება. შენთან ერთად არ გათენდება და დამრჩება მხოლოდ საშინელი სიტყვა წარსულ ფორმაში “იქნებოდა”, რომელიც “ყოფნასთან” არის დაკავშირებული. იმ ყოფნასთან, რომელიც აღარ არის და წაიღე, მიისაკუთრე მხოლოდ შენ.
მესმის, ვიცი, რომ გეჩქარებოდა, გეჩქარებოდა ყველაფერი. გეჩქარებოდა ცხოვრება, გეჩქარებოდა სადღაც და შენ თავად ვერ აცნობიერებდი სად გეჩქარებოდა, მაგრამ ხომ დადგებოდა წამი, როდესაც იტყოდი, არ მეჩქარება, არსად არ მეჩქარება და შეისვენებდი. შეისვენებდი და აღარ იჩქარებდი. დაინახავდი ცხოვრებას და ჩამოგრჩებოდა სიჩქარის წლები, რომელიც წინ უსწრებდა შენს მომავალს და უკან ზდევდა შენს წარსულს. ეხლა რაღა შემრჩა, ეხლა შემრჩა ეს წერილი, ეს დატირება, დატირება, რომელიც ვერ ამოვთქვი ზეპირად, რომელიც დავწერე. მაინც ამ საშინელ გრამატიკაში, ჩვენს ცხოვრებას რომ წარმართავს აქ მომიწია ამის გაკეთება. წერტილებში, მძიმეებში, ხაზებში და ყველაფერი წარსულში, წარსულ დროში და მომავალში, მომავალ დროში, რომელსაც მოგონებები ემორჩილება. ყველაფერი გრამატიკაში ჩაისრისა, ამ საშინელ გრამატიკაში, რომელსაც დაუნდობელი კატეგორიები აქვს, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის პერიოდს რომ განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში ზღვარია უკვე, ის საშინელი ზღვარი, რომელიც დასასრულს ნიშნავს ამ საშინელ დასასრულს. გრამატიკა ხომ ასრულებს სიცოცხლეს თავისი ნიშნებით, მიწყივ, კუთვნილ სიცოცხლეს. სწორედ ამ გრამატიკამ გადამისროლა უკან, მოგონებებში, იმ საშინელი 2 ოქტომბრის გაყინულ წამზე, რომელსაც შენი ამ ქვეყნიური სიცოცხლე შეეყინა. ეს დროც რა საშინლად დაფიქსირდა შენს უკანასკნელ გავლილ მეტრაჟში.
თავს იყრის უამრავი კატეგორია ამ საშინელ მოვლენაში, მაგრამ მთავარი ესღა დამრჩენია: “გულიდან სისხლის ცრემლები”, რომელიც მოდის ჩემი თვალებიდან. ჩადის ისევ გულში, ასიებს მას და ისევ გადმოდის. ჩემო თვალებხატულა ბიჭო. ეს არის კაცური ტირილი, კაცური გლოვა, რომელიც ვერ ამოვთქვი, ვერ ვთქვი ხმამაღლა. არ ვიცი რამდენად შეიძლებოდა ამის დაწერა, მაგრამ იმდენად რამდენადაც და ყოველთვის ასეა. განა შენი სიცოცხლეც ასე არ იყო? განა იძულებული არ ვარ დავემორჩილო სამყაროს საიდუმლო ბიბლიოთეკებს? სადაც შენი ბედისწერაა იყო ჩაწერილი და შენახული? განა შენი სიცოცხლე ყოფიერების ბედში არ გადაწყდა? განა მომეცემა ამის ნახვის უნარი როდესმე? არ მომეცემა და ისევ ყველაფერი გადმოვა გულიდან სისხლის ცრემლებად ჩემო ძვირფასო.

ირაკლი

No comments: