Tuesday, 13 January 2009

გეოპოლიტიკური განქორწინება რუსეთთან

შეიძლება ითქვას, რომ 2009წ. 9 იანვრის ქარტიამ და მანამდე უკრაინა აშშ ქარტიამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში. ქარტიის ტექსტი არის დატვირთული ფარული კონტექსტით და შევეცადოთ გავშიფროთ ეს დიპლომატიური ენა, რომელიც მართლაც ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად იწყება ახალი ეტაპი გეოპოლიტიკური გადანაწილების საკითხებში, რაც შეიძლება ითქვას რუსეთისათვის ძალიან სახარბიელო სიტუაციას არ ქმნის. ქარტია იწყება პრეამბულით, რომელიც მიუთითებს, რომ

1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით.

ანუ ურთიერთობა ემყარება სტრატეგიულ პარტნიორობას. სტრატეგიული პარტნიორობა ეს უკვე საერთო ღირებულებებს წარმოადგენს და უშუალოდ გეოპოლიტიკური ინტერესების თანხვედრაზე მიანიშნებს, რომელიც მოიცავს ორივე რეგიონს: წყალს, შავი ზღვის რეგიონს და ხმელეთს კავკასიის რეგიონს. საკითხი გაიშლება ქვემოთ.

პრეამბულის მე-2 პუნქტი უკვე მიუთითებს იმ საერთო ენაზე, რაზედაც ისაუბრებს ეს ორი ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები.
ქარტიის პირველი ნაწილის 1 პუნქტი, პრაქტიკულად უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს.

დღეს საქართველოს საზღვრები მოიცავს როგორც აფხაზეთს, ასევე ცხინვალის რეგიონს, რაც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთებულ ჩანაწერს, რომ საქართველოს ტერიტორია არსებობს იმ საზღვრებში, რაც 1991წ. 21 დეკემბრის მდგომარეობით იქნა დაფიქსირებული. შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ამ საზღვრების ურღვეობას და ვფიქრობ მთელი ცივილიზებული სამყარო, რაც აგვისტოში და შემდეგ ამ სამყაროს რეაქციებშიც კარგად გამოჩნდა. მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და ის შიში, რომელიც არსებობდა, რომ დიდი სახელმწიფოები გაიყოფდნენ საქართველოს არ დადასტურდა. ანუ არ იარსებებს მომავალში მიუნხენის მსგავსი შეთანხმება და ამ დოკუმენტმა ამას მყარად უპასუხა. ანუ კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, მოხდა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სუბიექტის დაფიქსირება:
1. აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი;
2. საქართველოს მნიშვნელობა თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის კეთილდღეობის განმტკიცებაში. (ქარტიის I ნაწილის 4 პუნქტის ბოლო აბზაცი. არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.)

ძალიან ნიშანდობლივი შეიძლება ითქვას მისიაა. ამ მისიაზე ჩვენ ვსაუბრობდით წინა თემაში, “გეოპოლიტიკის გზაგასაყარი”, სადაც მივანიშნეთ, საქართველოს ისტორიულ გეოპოლიტიკურ როლზე 1801წ. მდე. ძალიან ჰგავს ამ როლის დაბრუნებას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ როლის დაბრუნებაში ჩვენ გვჭირდება პარტნიორი, სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულს, რუსულ გეოპოლიტიკურ რეალობას შავ ზღვაზე და კავკასიაში ზოგადად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ისტორია მეორდება მარად იგივეში”. ამის უზრუნველყოფას წარმოადგენს აშშ-ის ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს დახმარება, რათა განხორციელდეს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური პარტნიორის ფუნქციური დატვირთვა და გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების შესრულება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქარტია არის რუსეთის გამოწვევა და პრაქტიკულად რუსული გეოპოლიტიკის წინააღდეგ მიმართული ტექსტი. ამას თავად ქარტიის კონტექსტი ქმნის, სადაც თითქმის ყველა აბზაცში, ფრაზაში და სიტყვაში იკითხება რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობა და ამ რეალობის შეცვლა, ჩანაცვლებისათვის მზაობა.

განსაკუთრებით საინტერესოა ქარტიის მეორე ნაწილი

“თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროებში”.

“ორივე ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო.”

ამ აბზაცში არის პრაქტიკულად განხორციელებული ის სასიცოცხლო ინტერესი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. რაც შეეხება ერთიანს, აქ აუცილებლად არის მინიშნებული და განმეორებული ქარტიის I ნაწილის 1 პუნქტის პერიფრაზი, სადაც საუბარია საზღვრების ურღვეობაზე. ასევე იმავე პუნქტში საუბარია გეგმებზე, ანუ უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის წამოწყებაზაე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ძლიერებას, დამოუკიდებლობას, სუვერენობას და ერთიანობას, რაც ზემოთ მოვნიშნეთ.

"ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება."

თავად ამ ტექსტის კონტექსტი, გარკვეულწილად მიანიშნებს, რომ ახალი პროგრამით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საქართველო, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. იმავე ნაწილის 1 პუნქტში, ამერიკა უშუალოდ დაეხმარება საქართველოს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, საქართველოს სტანდარტიზაციას და ნატოს სტანდარტებზე მიახლოებას. აქვე საინტერესოა ჩვენი წერილი, “საქართველო ნატოს ურთიერთობა სკივრში ჩაიკეტა”, სკივრში, სადაც მიმდინარეობს ასეთი საინტერესო ამბები.

უაღრესად საინტერესოა ქარტიის მეორე ნაწილის მე-2 პუნქტი:

"აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის."

საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განხილულია და ტექსტში წარმოადგენს მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის საკითხების გაგრძელებას და არ არის განხილული, როგორც ლოკალური კონფლიქტი, არამედ მიღებული აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. ფაქტიცაა, რომ აგვისტოს მოვლენებმა პრაქტიკულად გაააქტიურა ახალი გეოპოლიტიკური ნიშნები, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

შესაბამისად ამის ფონზე (რომ ეს კონფლიქტი განხილულია მაღალი სტატუსით), იგეგმება საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში გააფართოვდეს მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლები. ანუ შეიძლება ითქვას სრულდება ის დრო, როდესაც ამერიკის საზღვაო ძალებს შემოჰქონდა ჰუმანიტარული დახმარება სექტემბერში, რათა აღმოიფხვრას ის საფრთხეები, რომელიც კონტექსტურად უკავშირდება აგვისტოს კონფლიქტს, რაც აბზაცის დასაწისშია და დანარჩენ ტექსტთან კონტექსტურ ერთობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს არ მოიცავს მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიზნებს, არამედ მთელ რეგიონის უსაფრთხოებას. წინა თემაში “საქართველო გეოპოლიტიკურ გზაგასაყართან” ჩვენ მივანიშნეთ, რომ რეგიონალური (კავკასიური) ფუნქცია გეოპოლიტიკურ სივრცეში გულისხმობს კავკასიურ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ლიდერი (საქართველოს) სახელმწიფოსთვის. რაც შეეხება ცეცხლის განუახლებლობას და მასზე მითითითებას ეს დოკუმენტი გაფორმებულია და არსებობს ბუნებაში. 6 პუნქტიანი შეთანხმება.

უაღრესად საინტერესოა მეორე ნაწილის მე -3 პუნქტი:

3. აცნობიერებენ რა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეს, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვალდებულებას იღებენ იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებით და ამგვარი კონტროლის გაძლიერებით.

ეს შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე საკითხს, კერძოდ საქართველოს ფუნქციას, რომ ატომური ელემენტების ესპორტი არ განხორციელდება ჩვენი ტერიტორიით და ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების გამყარებისთვის აქ თავდაცვის შესაბამისი იარაღის მონტაჟს დაახლოებით პოლონეთის და ჩეხეთის მგავსი.
ქარტიის მეორე ნაწილის მე-4 პუნქტი:

4. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით.

არაორაზროვნად მიუთითებს შესაბამისი შეიარაღების, რაც სჭირდება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის (ზღვა, ჰაერი, ხმელეთი) განმტკიცებას, მოწოდებას ლეგალურად.

ეხლა რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ამ ქარტიით პრაქტიკულად მოხდა თურმე საქართველოს ტერიტორიის გაყოფა აშშ და რუსეთს შორის. ეს ყველაფერი გახმოვანდა, მაგრამ ვერ დავინახე ვერავითარი საფუძველი, რასაც შესაძლოა ეს მოსაზრებას ეყრდნობოდეს ამ ქარტიის გადასახედიდან. შევეცდები მოკლე ანალიზი შემოგთავაზოთ.

ამ ყველაფრის განსახილველად აუცილებელია განვიხილოთ არამარტო საქართველო-აშშ ქარტია, არამედ აშშ-უკრაინის ქარტია. ეს ორივე დოკუმენტი ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ რუკას, რომლის საზღვრები გადის როგორც შავ ზღვაზე ასევე კავკასიაზეც. სწორედ ეს იყო იმის საფუძველი, რომ ამერიკამ სწორედ ორივე ქვეყანასთან მოახდინა ქარტიის გაფორმება. გასაღები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დევს შავ ზღვაში და მის გეოპოლიტიკურ რუკაში. რა სიტუაცია გვაქქვს ეხლა:
1. სევასტოპოლში რუსული ბაზები
2. აფხაზეთში და მის აკვატორიაში რუსული კონტროლი. ბაზები ჯერ არ არის.
საკმარისია განეიტრალდეს ეს ორი გეოპოლიტიკური რეგიონი, რომ პრაქტიკულად მივიღებთ ახალ გეოპოლიტიკურ რუკას. 2017წ. სევასტოპოლში რუსები ასრულებენ თავის მოღვაწეობას. ისინი დატოვებენ სევასტოპოლს და სურვილი აქვთ ეს ყველაფერი გადმოიტანონ აფხაზეთში. რისთვის და რატომ? აი მნიშვნელოვანი კითხვები, რომელიც უნდა დაისვას ამ საკითხზე მსჯელობისას.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთმა სწორედ შავი ზღვის მეშვეობით მოახერხა სსრკ-ს გეოპოლიტიკური გავლენის შენარჩუნება პოსტვარშავის ბლოკზე, ანუ აღმოსავლეთ ევროპაზე, ასევე ხმელთაშუა ზღვაზე. რა თქმა უნდა ამაზე აშშ-ის შეგუება გამორიცხულია. სწორედ ეს გახდა ამ ქარტიების გაფორმების მიზანი, რომ რუსეთი შეიზღუდოს და საბოლოო ჯამში დატოვოს შავი ზღვა. ამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სევასტოპოლის და აფხაზეთის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორებისათვის გადაცემის მეშვეობით. ანუ შეიძლება ითქვას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ახალ გეოპოლიტიკურ სივრცის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ ვერ მოხდება საქართველოს დანაწევრება გავლენის სფეროებად. შავ ზღვაზე რუსული კონტროლის განეიტრალება ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს რუსეთის გეოპოლიტიკის დასრულებას კავკასიაში, რისკენაც მიმართულია ამერიკის ახალი გეოპოლიტიკური მისწრაფებები, რათა სწორედ კავკასიიდან იქნეს უზრუნველყოფილი ახალი გზა აზიისკენ და ამ პროცესებში საქართველოს ინტერესები სრული მოცულობით ჯდება. ამ გეოპოლიტიკურ ომში, რომელიც იოლი და მარტივი ნამდვილად არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოების და პოლიგონად არქცევისათვის პირდაპირი კავშირი მსოფლიოს ზესახელმწიფოსთან. აბსოლუტურად ლოგიკურია აგვისტოს შემდეგ ასეთი ქარტიის გაფორმება და მისი მანამდე არგაფორმება გამოიწვია სწორედ გეგმა ა)_ს არსებობამ, ანუ საქართველოს ნატოში მიღების მცდელობამ, რომელიც დაიბლოკა ევროპის მიერ, იმის გამო, რომ ევროპა არ აღმოჩნდა მზად ამ ახალი გეოპოლიტიკისთვის. კარგად მახსოვს აგვისტოში კონდოლიზა რაისი;;;ს გამოსვლა, სადაც მან ევროპას მისცა შანსი თავად გაეკეთებინა იგივე, წინააღდეგ შემთხვევაში ამერიკა თავად აიღებდა თავის თავზე ამ საკითხების დარეგულირებას. მათ სიტყვა შეასრულეს.






13.01.09წ.

No comments: