Monday, 5 January 2009

გეოპოლიტიკური გზაგასაყარი, ისტორიული მიმოხილვა

ალბათ, ბევრს გაცნობიერებული არა აქვს ის გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც დღეს კავკასიაში ხდება საქართველო-ამერიკის მოკავშირეობით. შევეცდეები ავხსნა და გარკვეულწილად უკან დაბრუნება მოგვიწევს, ისტორიაში. თუ თავს წარმოიდგენთ შუასაუკუნეების რაინდებად ეს მოგზაურობა ისტორიულ ტექსტებში და ისტორიულ პარალელებში საკმაოდ შედეგიანი იქნება. ამიტომ წმინდად ტექსტუალური შეფასებაა აქვს ყველაფერს ამ პოსტში და არანაირი მომავლისეული ჭვრეტის პრეტენზია. მხოლოდ ისტორიული ლოგიკა და მეტი არაფერი.

ეხლა რაც შეეხება ისტორიულ ტექსტებს და პარალელებს. დამოუკიდებელმა საქართველომ 1801წ. იარსება. ვიტყვი დამოუკიდებელს, ვინაიდან სწორედ ამ წლამდე ახდენდა საქართველო თავის გეოპოლიტიკურ რეალიზაციას. ხშირ შემთხვევაში ეს იცვლებოდა, მაგრამ ძირითადი გეოპოლიტიკური ხაზი იგივე რჩებოდა. ნებისმიერი ეპოქალურ ისტორიულ ტექსტში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის ფორპოსტი. ეს მისია აღმოსავლეთ რომის იმპერიის (476წ. ჩამოყალიბდა მოგვიანებით ბიზანტიად წოდებული) დროიდან იღებს სათავეს. შესაბამისად ამ მისიის გაძლიერება დაიწყო აშოტ კურაპალატიდან და მისი გვირგვინი მე-12 საუკუნის ქართული პოლიტიკურ კულტურული რენესანსის ხანა იყო. ეს ყველაფერი დასრულდა. დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი ერა ქართული სახელმწიფოს ახალი გეოპოლიტიკური ჯახუნისა მსოფლიო ისტორიაში, რომლის სათავეც 1453წ. უნდა მივიჩნიოთ, როდესაც თურქულმა სახელმწიფომ შეძლო კოსტანტინოპოლის აღება. ამ დროიდან უკვე საქართველო პრაქტიკულად დარჩა მარტო, როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის კარიბჭედ, რომლის შენგრევასაც ცდილობდა ორი უდიდესი იმპერია ირანისა და თურქეთის სახით, რომლებმაც საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს ჩვენი გეოპოლიტიკური მისიის დასრულება.


1801წ. სანამ საქართველოს გეოპოლიტიკური მისია არსებობდა ის ატარებდა რელიგიურ ხასიათს, ვინაიდან ნაციონალიზმის ეპოქა მხოლოდ დიდი საფრანგეთის რევოლუციის (1789წ.) შემდეგ წარმოიშვა, რომელმაც ჩაანაცვლა პრაქტიკულად სამი პრინციპი, რაზედაც მაშინდელი გეოპოლიტიკა იყო აგებული:
1. მეფე
2. თავადაზნაურობა
3. ეკლესია
ჩვენ ამ ჩანაცვლებას ვეღარ მოვესწარით, ვინაიდან ჩვენი გეოპოლიტიკური მისია შთანთქა უდიდესი რუსული იმპერიის გეოპოლიტიკურმა ინტერესმა და მათმა მითმა მესამე რომის შესახებ, რამაც პრაქტიკულად დაასრულა ჩვენი გეოპოლიტიკური ტექსტი.

მე-19 საუკუნის სამოციანელმა მოღვაწეებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, პრაქტიკულად ჩაანაცვლა უკვე ქართული გეოპოლიტიკის 1801 წლამდე არსებული ძირითადი პრინციპები და შესაბამისად წარმოშვა, სრულიად ახალი “ეროვნულ დემოკრატიული” მოძრაობა, რაც უდიდესი პროგრესი იყო და შესაბამისად გადატრიალება ქართულ ცნობიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩასახვა და განვითარება, რაღაც დონემდე მოხდა მხოლოდ ლიტერატურულ სივრცეში. რუსული იმპერიის კრახი 1917წ. გამოიწვია, სწორედ მათმა მითოსმა მესამე რომის შესახებ და მეფის რუსეთის რელიგიურმა გეოპოლიტიკამ, რომელიც ჩარჩენილი იყო მე-17 საუკუნეში და უფრო ადრე, როგორც ეხლაა ჩარჩენილი მე-19 საუკუნეში. შესაბამისად საქართველოს 1918წ. 26 მაისს გაუჩნდა შანსი, რომ იმ საძირკვლების გამოყენებით, რაც ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობით შექმნა გამოეყენებინა და საქართველოს შეეძინა გეოპოლიტიკური მისია, მითუმეტეს, რომ ევროპული მხარდაჭერა ამას ნამდვილად ჰქონდა, ჯერ გერმანიის, შემდეგ ინგლისის სახით, რაზედაც მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა და უარი განაცხადა ასევე გეოპოლიტიკურ მისიაზე, რომელიც საზღვრებიც ინგლისის დახმარებით ავღანეთის ნაპირებამდე მიაღწევდა. ის ენდო რუსეთს, რომელმა კიდევ 70 წელი ჩაყლაპა ჩვენი გეოპოლიტიკური მისია.

1990წ. უკვე არის ისევ ახალი გეოპოლიტიკური მისიის დაფუძნების მცდელობა, მაგრამ იმდენად თვისობრივი გახდა რუსეთისთვის კავკასიის გავლით ინდოეთის ოკეანემდე გეოპოლიტიკური სვლების განხორციელება, რომ ის არ შეეგუა ჩვენმი მისიის გაცოცხლებას და დაიწყო მისი რღვევა, რაც 20 წლიან ომში გვამყოფებს რუსეთთან. თუმცა ამჯერად მოხერხდა ჩვენი ტრადიციული ისტორიული გამოცდილების გამოყენება და ახალი მოკავშირის მოძებნით რუსულ ამბიციაზე დაპირისპირება და სწორედ ამ გზაგასაყარზე ვდგავართ ეხლა.

უახლოეს დღეებში ალბათ იურიდიულად გაფორმდება ეს ახალი საქართველო-აშშ მოკავშირეობა. რითაც პრაქტიკულად იწყება გაცოცხლებული გეოპოლიტიკური მისიის განხორციელება. მთავარი საკითხი და დამთხვევა ამ მოკავშირეობაში არის ისევ ის, გეოპოლიტიკური მარშრუტი, რომელიც თავის დროზე შემოგვთავაზა ინგლისმა, 1919-20 წლებში. ანუ სტრატეგიული ქვეყანა საქართველო აზიისკენ მიმავალ გეოპოლიტიკურ გზაზე. ამ შემთხვევაში აშშ-ის დასაყრდენი აზიისკენ. ჩემის აზრით ხელშეკრულების ხელმოწერის გადადება მისმა სამხედრო ნაწილმა გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო აშშ- ისთვის პაკისტანის მიერ უარის თქმაზე სამხედრო ბაზირების წერტილებზე. შესაბამისად ვფიქრობ ეს მოხერხდება საქართველოს ცენტრალური ადგილით ამ აზიურ გეოპოლიტიკურ მარშრუტზე.

ნუ დეტალებში აღარ დავკონკრეტდები, თუ რა იგულისხმება ამ სამხედრო ნაწილის გადახედვაში. ცუდი არაფერი ყოველ შემთხვევაში. ეს არის პირველი ჩანასახი ჩვენი გეოპოლიტიკური მარშრუტის განხორციელებისა აზიისკენ, რათქმაუნდა მოკავშირეებთან ერთად. რაც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს გარშემო შესაბამისი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნას ცენტრით საქართველო და საბოლოო ჯამში კავკასიის ერთ პოლიტიკურ ბლოკად გადაქცევას. შესაბამისად ის ფრაგმენტები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავის მგზავრის წერილებში “მთელი კავკასის თავისუფლება”, ზვიად გამსახურდიამ “ერთიანი კავკასიური სახლი”... გაიჟღერა აბსოლუტურად რეალური უნდა გახდეს იმ დისკურსში, რასაც ეს ახალი მოკავშირეობა გულისხმობს, ვინაიდან, გეოპოლიტიკურ ცენტრს სჭირდება მისი ლანდშაფტი, რაც ახალ მსოფლიო წესრიგში უზრუნველყოფილია თეორიულად და პრაქტიკულადაც.

აი ეს იყო მიზეზი, რუსული აგრესიისა აგვისტოში. სწორედ ამ გეოპოლიტიკური ძვრების საწინააღდეგო ქმედება და მის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ამ ქმედების შეჩერებას ემსახურება, როგორც თავის დროზე აჭარის საფაშოს და ახალციხის საფაშოს არსებობა იყო. თუმცა როგორც ჩანს არავინ აპირებს გაჩერებას და არც ჩვენ საბედნიეროდ არ ვთქვით უარი ამ ახალი გეოპოლიტიკური მისიის განხორციელებაზე. ეს არის იმ დაფარული ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც მოგახსენეთ, რომელიც არსებობს და გარკვეულ ორიენტირებს შესძენს მავანთ.

05.01.2009

No comments: