ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ
ნაწილი მეოთხე, მცოცავი ანექსია რიტორიკაში, მითში და თამაშში
წინა წერილებში ჩვენ ვისაუბრეთ იმ ლინგვისტურ და ფილოსოფიურ საფუძვლებზე თუ როგორ გრძელდება რუსული აგრესია, შეიძლება მას დავარქვათ მცოცავი ანექსია. ეს საკმაოდ ფართო გაგებით გავახმოვანეთ და ყურადღება მივაქციეთ, რუსულ მცდელობებს შექმნან მსოფლიოში რიტორიკა, მითი და თამაში, რომელიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, რუსული იმპერიის მოდერნიზებას. ჩვენს ამ მოდერნიზებაში ერთადერთი არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა ვართ. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა “მასკოვსკი კომსამოლეცში” . მისი ყურადღებვით წაკითხვა არ აწყენდა რუსეთზე გადაჭარბებული მოტივაციის ადამიანებს. «Московский Комсомолец» 12.02.2009 16:37 Марина Перевозкина
http://mk.ru/blogs/MK/2009/02/12/society/394551/
იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხმის ჩახლეჩამდე გაიძახიან, რომ თურმე ჩვენი ბრალია აგვისტოს ომი და რომ სხვაგვარი ქცევები ამ ომს თავიდან ავიცილებდით. რაზედაც წინასწარ ვიტყვი არა. ეს არის ბლეფი და ტყუილი, ეს არის ჩვენს წინა სტატიებში გაანალიზებული, რიტორიკის, მითის და თამაშის ფენომენში მოქცეული მსჯელობები და სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით ამ წერილში. რა დოზითაა ჩვენში რიტორიკა, მითი და თამაში. შესაძლოა ითქვას ეს არის შემაჯამებელი წერილი წინა წერილების, რომელიც გარკვეულწილად ფაქტებს და მოვლენების ანალიზს შეეხება.
სწორედ ეს იყო მიზეზი ჩვენი წერილის “ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი” დაწერის, რომლის შემაჯამებელ წერილსაც ეხლა ვთავაზობ მკითხველს. წინა წერილები იხილეთ აქ.
http://www.joaoscorner.blogspot.com/?zx=69f519daab64cf08
http://joaoscorner.blogspot.com/2009/02/blog-post.html
აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი მსჯელობა იქნება გამოაშკარავება იმ რუსული მცოცავი ანექსიის ფრონტების, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს წინააღდეგ. ეს ფრონტები განფენილია სამი მიმართულებით რიტორიკის, მითის და რუსული თამაშის ველებზე. ეს ის დანაღმული ველებია, სადაც ძალიან ძნელია გაიარო აუფეთქებლად. სწორედ ამ ფრონტებმა დამანახეს ის რეალობა, რომელიც ერთხელ, ჩვენს მახსოვრობაში, უახლეს ისტორიაში ჩვენი აფეთქებით დასრულდა. 1991-92წლებში. ეს ფრონტის ხაზი რუსეთს არ შეუცვლია, ის იგივეა. ამიტომ ის უნდა გაინაღმოს და ეს უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენს თვალსაწიერზე, დიდი გამოცდილების ფასად, რაც შეგვძინა რუსეთის 200 წლოვანმა ოკუპაციამ ადვილი დასანახია. ეს დანაღმული ადგილები. შესაბამისად ჭკვიანურად მოქცევის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, თუ საზოგადოება დაირაზმება და ყველა ნაბიჯს გადადგამს გათვლილად, უკომპრომისოდ და იმ მიზნით, რომ ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ამ იმპერიას. მხოლოდ ეს მიზანი შეძლებს ამ დანაღმული ველის გავლას. წინააღდეგ შემთხვევაში ეს გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი, ეს ანტიქრისტე საბოლოოდ შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს. დავიწყოთ მსჯელობა.
რა იყო რუსეთის მიზანი 2008წ. აგვისტოში? გარდა იმისა, რომ რუსეთის მიზანი იყო, საქართველოს სრული ანექსია, რომელიც მან ვერ შეძლო. უნდა ითქვას, რომ არანაკლებ მიზანს წარმოადგენდა ამ ყველაფრის შეფუთვა რიტორიკაში, მითში და თამაშში. ამ შემთხვევაში თამაში გააზრებულ უნდა იქნას ჰერმენევტიკულ პლანში, როგორც ეს ჩვენ გავაანალიზეთ წინა წერილში “ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი ნაწილი III” (იხ. მისამართი). მთელი ეს აგვისტოს ომი და მის შემდეგ წარმოქმნილი პოლიტიკური სიტუაციები, როგორც საგარეო ასევე საშინაო დამყარებულია სწორედ ამ სამ კომპონენტზე, რომელიც ფართო გაგებით ენის ფენომენოლოგიაში შედის და სწორედ აქედან უნდა იქნეს გააზრებული. არავინ უწყის სიმართლე რა არის, როგორ არის და ყველაფერი დაფუძნებულია სწორედ ვარაუდებზე. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ეს ყოველივე ჩაისვას ფორმულებში, რათა ამ ვარაუდებმა და ანალიზმა შეძლოს ასე თუ ისე ჭეშმარიტი სურათის წარმოჩენა.
ძალიან ბევრი საუბარი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ამ საკითხებზე. ვისმენდი როგორც ე.წ. ექსპერტების, ასევე ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ანალიზ-საუბრებს და მართალი გითხრათ გაკვირვებამ შემიპყრო. თუმცა ერთი პათოსი გამოსჭვივოდა ყველა ამ ტექსტიდან, რუსეთი გავაღიზიანეთ. დაუკვირვებელი ნაბიჯი გადადგა ხელსუფლებამ ომი რომ დაიწყო, შეგვეძლო ომის თავიდან აცილება, გავუშვით შანსი ხელიდან..., მაგრამ ვერ მოვისმინე როგორ. როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. არცერთი კონკრეტული მსჯელობა, არცერთი კონკრეტული ანალიზი, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება არ მომისმენია. ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, რომ მას რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრები არ ჰქონია. პრეზიდენტი ომის დაწყებამდე 1 თვით ადრეც იმყოფებოდა რუსეთში და შეხვდა მედვედევს. ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, რომ არ ეცადა კონფლიქტში დასავლეთის ჩართვას, რომელიც ვერ მოხერხდა. სწორედ ამ ამბის გვირგვინია მედვედევის განცხადება, რომ რუსეთი ემზადებოდა საქართველოს წინააღდეგ საომრად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რასაც ის ესუბრებოდა ხელისუფლებას. ვფიქრობდი, რომ ეს მაინც დაასრულებდა რიტორიკას, რომელიც ომის შემდეგ წარმოიშვა საქართველოში, მაგრამ ეს რიტორიკა უფრო გაღრმავდა. მიიღო რა შეუქცევადი ხასიათი. სწორედ აქ არის ჩასაფრებული რიტორიკა, მითი და თამაში და სწორედ ამ კონტექსტში განვითარდა კიდევაც ნარატივი აგვისტოს ომზე. მოექცა რა ამ სამი კომპონენტის პარადიგმაში, პრაქტიკულად ვერაფერმა ვერ შეძლო მისი განეიტრალება, ვინაიდან ენის ფენომენოლოგიის ამ კომპონენტებში იმხელა სუბიექტივიზმია, რომ იმის იმედი, ამას ვინმე დაასრულებს ფუჭი საქმეა. არც ჩვენ გვაქვს ამის იმედი ამ წერილის დაწერით, მაგრამ ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ტექსტის დაფიქსირება, ნარატივზე შექმნილი ტექსტის დაფიქსირება და გათვლა მომავალზე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
რიტორიკა გაგრძელდა. რიტორიკა ომი ჩვენ დავიწყეთ ქართველებმა, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და რუსეთის ბრალი ამ ყველაფერში მინიმალურია. ძალიან საინტერესოა ამ რიტორიკის ანალიზი. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამაზე იზრუნა რუსულმა საინფორმაციო მანქანამ. ვისაც ოდნავი წარმოდგენა აქვს დღევანდელი ომის წარმოებაზე მან უნდა იცოდეს ელემენტარული რამ, გარდა ომის ფიზიკური შინაარსისა, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსისა, უმნიშვნელოვანესია მისი საინფორმაციო უზრუნველყოფა. სწორედ ამ უზრუნველყოფით, რუსეთმა შეძლო ნაწილობრივ მაინც თავს მოეხვია ჩვენთვის საკუთარი ვერსია ომის დაწყების. არადა ომის დაწყება სულაც არ გადის პირველ გასროლაზე, არამედ მის სამზადისზე, პროვოკაციებზე, მოწინააღდეგის მილიტარიზაციაზე და კიდევ უამრავ კომპონენტზე, რაც ამზადებს და იწყებს ომს. რამდენი ვარიანტი გვქონდა, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან? მე ვფიქრობ ერთი. ხელი მოგეწერა ცეცხლის განუახლებლობის რუსულ ვარიანტზე, რასაც თითქმის წელიწადნახევარი ითხოვდა რუსეთი საქართველოსგან. თუმცა ეს იმასთან შედარებით რასაც ქვემოთ მოგახსენებთ, მხოლოდ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რომ რუსეთი, რომელიც ომისთვის ემზადებოდა არაფერს არ დაიწყებდა. კარგად გავიხსენოთ მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან თავად რუსეთის მხრიდან 1996წ. ჩეჩნეთმა მიიღო მეორე ომი. ეხლა მაინტერესებს გარანტია რა უნდა ყოფილიყო, რომ ეს არ მოხდებოდა რუსეთის მხრიდან? ვინ იძლევა ამის გარანტიას ან ის ხალხი, ვინც ამ რიტორიკას აყოლილია რა გარანტიებს გვთავაზობს, რომ ეს არ მოხდებოდა? ვერანაირის. ვერ მოვისმენთ და ვერ გავიგონებთ. უბრალოდ, ის არ არსებობს, ის მხოლოდ რიტორიკაშია.
ჩვენ ხელი არ მოვაწერეთ აღნიშნულ ხელშეკრულებას. ვფიქრობ სწორადაც მოვიქეცით, ვინაიდან თუ დავუშვებთ იმას, რაც ფაქტებითაც გამყარდა, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა, პირველ რიგში ეს განაცხადეს თავად რუსმა ანალიტიკოსებმა, ილარიონოვმა, ფელინგაუერმა, ლატინინამ, ხოლო ბოლოს თავად პრეზიდენტმა მედვედევმა არანაირი გარანტია, რომ რუსეთი ომს არ მოგვახვევდა თავზე არ არსებობდა. მაინც ვფიქრობ, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი გამოსავალი ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობა იყო, რაზედაც ევროპამ თავი შეიკავა, რითაც პრაქტიკულად რუსეთმა მშვენივრად ისარგებლა. განვიხილოთ თავად ომის დაწყების სავარაუდო ვარიანტები. რუსეთის ინტერესებში შედიოდა ომის დაწყება, მაგრამ ამ ომის გაგრძელების პერსპექტივით. ან ჩვენ უნდა შეგვეყვანა ავტობუსები ხეობებში, ჩაგვესვა შიგნით ჩვენი მოსახლეობა და უნდა გამოგვეყვანა, ამით ჩვენ ომს ავიცილებდით თავიდან.
რა გეგმა შეიძლება ჰქონოდა რუსეთს?
1. რუსეთი შეეცდებოდა ომის წარმოებას აფხაზეთში და ცხინვალში ირიბად მისი ჩარევით. ანუ როგორც ამას აკეთებდა აფხაზეთის ომში 1992წ.
2. რუსეთი დაიწყებდა ღია აგრესიას იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდებოდა რომ ცხინვალის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს არმიისთვის იყო რამდენიმე დღიანი ოპერაცია. რუსეთის ჩაურევლობის შემთხვევაში ცხინვალში საომარი პროცესები სავარაუდიოდ მაქსიმუმ სამ დღეში დასრულდებოდა, ხოლო აფხაზეთში ალბათ ორჯერ უფრო დიდ ვადაში ანუ ერთ კვირაში.
განვიხილოთ ცალცალკე. რუსეთის მცდელობა, რომ ჩარეულიყო კონფლიქტში ირიბად, რა თქმა უნდა გაცილებით მომგებიანი იქნებოდა მისთვის, ვინაიდან აგრესიის შეფუთვის უკეთესი საშუალება ექნებოდა. დამატებით შეინარჩუნებდა სამშვიდობო მანდატს ამ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში ომის გაგრძელების აუცილებლობა იყო მთავარი ამოცანა.
ეს გეგმა ჩაიშალა ჩვენს მიერ. შეტევით ცხინვალზე. ამით თავიდან ავიცილეთ 2 ფრონტზე ბრძოლა. ძალიან გადაჭარბებული მგონია ჩვენი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები, რომ თითქმის 300 კმ-იან ბრძოლის ხაზს (კოდორიდან გორამდე) ქართული არმია წარმატებით გაართმევდა თავს და სერიოზულ წინააღდეგობას გასწევდა. ომის გაგრძელება, მხოლოდ რუსულ ინტერესებს შედიოდა, თავისი შედეგებით, რომელიც უზრუნველყოფდა ლტოლვილთა უზარმაზარი მასის შემოდინებას დედაქალაქში და შესაბამისად დედაქალაქის შეუნარჩუნებლობას. რუსეთს თბილისთან, დედაქალაქთან ომი არ აწყობდა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. თბილისში შემოსვლა უნდა მომხდარიყო უსისხლოთ, ომის გარეშე. ეს კარგად გამოჩნდა თავად იგოეთთან მათი შეჩერებით. რას ვგულისხმობთ ამაში? იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დააპირებდა ებრძოლა თბილისისათვის, მათ მშვენივრად შეაფასეს ქართული არმიის მომზადების და შეიარაღების დონე და მიხვდნენ რა, რომ თბილისის აღება ძალიან დიდ დანაკარგებს გამოიწვევდა და არ არის გამორიცხული ვერც მოეხერხებინა ეს რამდენიმე თვის განმავლობაში. მათ ამის განხორციელებაზე უარი თქვეს. მითუმეტეს, რომ დასავლეთის პოზიცია ძალიან მკვეთრი იყო და ამ ნაბიჯის გადადგმა ისეთ პოლიტიკურ შედეგებს გამოიღებდა, რომ მათთვის ძალიან მძიმეს. პრაქტიკულად წყალში ჩაიყრებოდა ყველაფერი რაც აკეთეს. ამიტომ უარი თქვეს თბილისის აღებაზე და გახსნეს სხვა ფრონტები, რიტორიკის, მითის და საკუთარი თამაშის, რომელიც შიდა პოლიტიკურ არეულობაზე არის გათვლილი და თუ შევხედავთ რა ხდება დღეს საქართველოში ვიტყვი, რომ ამან ნამდვილად იმუშავა. წინ საინტერესო მოვლენები გველის.
შეიძლება შემოგვეკამათონ და გვითხრან, აბა არ უნდა გვეთქვა ის, რომ ჯარში ასეთი რამ ხდება? რომ ჯარმა ეს ვერ გააკეთა? პასუხია უნდა გვეთქვა, მაგრამ გვემუშავა და არა რიტორიკას ავყოლოდით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ბატალიონებია. ამის მიუხედავად, თითქოს და გავიგულეთ მტერი, რაც დიდი ილუზიაა, ის არსად არ წასულა, მისი პრ-მანქანა ეხლა მუშაობს ხელისუფლების დისკრედიტაციაზე, რომელსაც ჩვენ ავყევით და აბა ჩამოთვალეთ ის რიტორიკა, რაც რუსეთიდან არ მოდის და თქვენია, საკუთარია, ქართულია. Aასეთი რიტორიკა დღეს არ არსებობს.
მეორე შემთხვევაში, ღიაქ აგრესია, რაც განხორციელდა კიდევაც. რუსული სამხედრო მანქანის მთავარი მცდელობა იყო ომი ორ ფრონტზე. რაც უფრო დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები ამ გეგმის რეალურობაში. თუმცა ჩვენს მიერ დასავლეთ საქართველოში, სადაც პროვოკაციულად რუსეთის სამხედრო ძალებმა გადმოლახეს ენგურის საზღვარი და აწარმოეს ბრძოლები კოდორის ხეობაში, ჩვენგან ბრძოლები არ მოჰყვა, ვინაიდან ჩვენი მიზანი ამ შემთხვევაში იყო ერთადერთი, რაც შეიძლება უდანაკარგოდ, ნაკლები ნგრევით დაგვესრულებინა ეს ომი და მოგვეხდინა დასავლეთის ჩარევა რაც შეიძლება სწრაფად. ვინაიდან ორივე გეგმის შემთხვევაში რუსული მიზანი ქვეყნის მთლიანი ოკუპაცია იყო. რუსების განცხადება “პა პრინუჟდენიუ მირა” სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ომი გაგრძელდებოდა და რუსეთი თავის მიზანს მიაღწევდა. ომი გაგრძელდებოდა როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში და თბილისის ასაღებად რუსებს შეექმნებოდათ სასათბურე პირობები, რაც ზემოთ მოგახსენეთ.
მიუხედავად ამისა შეიქმნა რიტორიკა, რომელზეც შესანიშნავად მუშაობენ ქართველი სამხედრო ექსპერტები. სრულიად მოურიდებლად ვიტყვი, რომ ისინი რუსულ რიტორიკას ახმოვანებენ. რაში მდგომარეობს ეს რიტორიკა? რომ ჩვენ 2 დღიანი ომის წარმოება შეგვიძლია მხოლოდ, სად მიდიოდა ამდენი ფული, რაც სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იხარჯებოდა.... შეიძლება ითქვას, რომ ეს სულაც არ იყო ძალიან დიდი ფული.
4 წელიწადში რომელი სამხედრო ექსპერტი აიღებს თავის თავზე, რომ შექმნას ისეთი არმია, ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეძლებს რიცხოვნულად, გეოგრაფიული თვალსაზრისით ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი უზარმაზარი არმიის დამარცხებას? როდესაც მიმდინარებს რიტორიკა, მათ ავიწყდებათ თავად საკუთარი შესაძლებობები, თავად რას შეძლებდნენ. ეს ერთი დეტალია ამ რიტორიკაში. დანარჩენზე კიდევ ვისაუბრებთ და მის აბსურდამდეც მივალთ. ეს რუსული რიტორიკაა, ვინაიდან სწორედ რუსების მიერ იქნა ეს რიტორიკა და პრ-ი აგორებული, რომელიც ძალიან შედეგიანია თავმოყვარეობის და პატივმოყვარეობის გრძნობების გასაღვივებლად, შესაბამისად შავი პრ-ი ქართული ჯარის დამცირების და მისი იმიჯის შელახვის თვალსაზრისით, რომელსაც დღესაც წარმატებით ახორციელებს ეგრეწოდებულ ექსპერტთა დიდი ნაწილი იმედია მისდა უნებურად.
მათთვის შეუმჩნეველია ამ რიტორიკის მომდინარეობა და წყარო. ისინი შესანიშნავად ასრულებენ იმ “დავალებას”, რაც რუსულმა საინფორმაციო მანქანამ დაიწყო. მოტივაციები კიდევ ცალკე საკითხია. რა მოტივაცია გააჩნია ამ ყველაფერს? მთავარი მოტივაცია, თავად რუსულ რიტორიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც მარტივად შეიძლება დავასახელოთ, რომ ქართული სახელმწიფოს საფუძვლების იმიჯის შელახვა, მისი დამცირება და მოსახლეობის თვალში სახელის გატეხვაა. ასევე რუსულია რიგი რიტორიკები, რომელიც დღეს მუშაობს შესანიშნავად, რომ ხელისუფლება სამხედრო რიტორიკით იყო გატაცებული, ჩვენი სახელმწიფო მიზან მიმართულად აკეთებდა სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნას და მასზე ხარჯავდა ფულს.
მთავარი საკითხი, რომლითაც ეს ეგრეთწოდებული სამხედრო ექსპერტები თავის რიტორიკაში იყენებენ არის შემდეგი: ომი არ გაგრძელდა, რატომ არ გაგრძელდა და რატომ დასრულდა 2 დღეში ჩვენი მხრიდან. არ აქცევენ ყურადღებას რუსულ ფრაზას, რომელსაც ხშირად იმეორებდა რუსეთის მთავრობა: “პა პრინუჟდენიუ მირუ”. რას ნიშნავს ეს გამოთქმა, რატომ ხდებოდა ამ გამოთქმის ასე ინტენსიურად ხმარება რუსული სამხედრო მანქანის მიერ? სწორედ აქ არის ჩადებული მთელი რუსული ლოგიკა ამ ომის და მიზანი. იძულება მშვიდობისათვის, რომელსაც ჩვენს წინააღდეგ გამართულ სამხედრო აგრესიას დაარქვეს რუსებმა. ამ ფრაზაში იკითხება მიზანი. რომ ომის გაგრძელება ეს იყო რუსული სურვილი. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ომი, მით უფრო ნიშანდობლივი იქნებოდა რუსული წარმატება და მიზნის განხორციელება ამ აგრესიაში. სანამდე გაგრძელდებოდა ჩვენი იძულება მშვიდობისათვის, რომელიც დასრულდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობით. ანუ თუ რუსეთი შეძლებდა ომის გაგრძელებას, ის შეძლებდა ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე განადგურებას და დანგრევას, როგორც ფიზიკურად ასევე პოლიტიკურად. სწორედ ომის ცალმხრივად შეწყვეტამ მოახდინა დასავლეთის ინტენსიური ჩარევა მიმდინარე საკითხებში, რუსეთის შეჩერება და სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ამაზეც მიმდინარეობს ქილიკი, რომ “სახელმწიფო არ ჩამოიშალა”. ვფიქრობ აქ საქილიკო არაფერია. თუ მცირედიდ დავძაბავთ მეხსიერებას და გავიხსენებთ უახლოეს ისტორიაში სახელმწიფოს ჩამოშლის ფაქტებს. ეს წინა საუკუნეში 2 ჯერ მოახერხა რუსულმა იმპერიამ 1921წ. 25 თებერვალს და 1991წ. 6 იანვარს. ამის შედეგები ქართულმა სახელმწიფომ თავის თავზე იწვნია და არამგონია ამაზე ქილიკი იყოს მომგებიანი პოზიცია.
ჩვენს მიერ ომის ცალმხრივმა შეწყვეტამ უზრუნველყო სწორედ, რუსეთის მხარედ ქცევა ამ ორ კონფლიქტში და ასევე მათთვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭება. თუ ვინმეს ჰქონია, რომ ეს დროში არ გამოიღებს შედეგს ძალიან ცდება. სწორედ ეს იქნება ის, რის გამოც რუსეთი საქართველოს საბოლოოდ დატოვებს. ვინაიდან ეს არის პოლიტიკური და იურიდიული თემა, რომლის გადაფარვა რუსეთმა სცადა ამ რეგიონების ცნობით, მაგრამ წარმატებას მსოფლიო მაშტაბით ვერ მიაღწია. ანუ ეს მან თავისი საქცვიელის გასამართლებლად გააკეთა. რას მოუტანს ეს რუსეთს დროში გამოჩნდება, მაგრამ ვფიქრობ, იმ რეალობას ვერ გაექცევა, რომელი რეალობაც ამ ქმედებით შეფუთა. დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ აგვისტოს რუსეთ საქართველოს ომის სამხედრო ექსპერტული ნაწილი, მთლიანად რუსულ რიტორიკას აგრძელებს და მოქცეულია იმ შავ პრ-ში, რომელიც თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის ელემენტებს აღიზიანებს და აფორიაქებს. თუმცა ამ ექსპერტებს იმაში ვეთანხმები, რომ ძალიან ბევრი ხარვეზი გამოავლინა ამ ომმა ქართულ ჯარში, რომელიც უნდა მოწესდრიგდეს. ჩვენ საუბარი ზოგად პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე გვქონდა, რომელსაც სამხედრო ექსპერტები ხშირად ურევენ სამხედრო ტერმინოლოგიაში. ამიტომ აბსურდია, რაღაც სტრატეგიული გეგმების მოგონება, რომ რაიმე სახით შევძლებდით რუსული არმიის საზღვრებს იქით გადარეკვას, ვინაიდან ეს ომი არ იყო მხოლოდ სამხედრო აგრესია. ეს იყო პოლიტიკური და სამართლებრივი ომი, გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად განხორციელებული ომი და ამაზე თავად რუსი ანალიტიკოსები ბევრს საუბრობენ, თუმცა უკვე სულერთია, სახეზე გვაქვს რუსული რიტორიკა. ამით არ მთავრდება წინამდებარე წერილის რიტორიკული ნაწილი. ეს ომის შემდგომი რიტორიკაა თავად ომზე.
არანაკლებ საინტერესოა მითოლოგიური ნაწილი ამ მოვლენების, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შიდა პოლიტიკურ სპექტრში განვითარდა. რუსული მითოსი ჩვენს მიერ განხილულ იქნა წერილში “ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი იგივე სსრკ ნაწილი II”. ესეც მსჯელობა იყო ფართო გაგებით, უფრო ზუსტად ფორმულა იმ მითოსისა, რომელზეც დაყრდნობილია რუსული იმპერიის მოდერნიზაცია. ის შეიცავს უამრავ კომპონენტს და ერთერთი უმნიშვნელოვანესი არის ამ მითოსის რეალობად ქცევა, რომელიც მოიცავს ქვეყნების შემოერთებას და მათზე კონტროლს. ეს რომ რუსეთის ინტერესია, მემგონი ამაზე დავა არ ღირს და ეს ნათელია. აქ საუბარია ამ მითოსის გავრცელებაზე საქართველოში. თავად მითოსის, შეფუთვა და მის საფუძველზე ახალი მითოსის დაფუძნება, რომელიც ასევე ემსახურება რუსული იმპერიის მოდერნიზაციას. ჩვენც ვქმნით მითოს, რომელიც იმთავითვე ემსახურება რუსულ ინტერესს. ძალიან მკაფიო მაგალითია ამისათვის 2 თვის წინ დაწყებული კამპანია. ვგულისხმობთ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტს მოსკოვში. მის შეხვედრას პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და აქ საქართველოში განხორციელებულ რუსულ მანევრს სოფელ პერევში, მათ გასვლას, რომელიც საქართველოს პატრიარქის დამსახურება იყო და პერევში მეორე დღეს შემოსვლას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს დაბრალდა. თურმე პატრიარქმა შეძლო პერევიდან რუსული ჯარის გაყვანისათვის მიეღწია და სააკაშვილმა თავისი განცხადებით ეს აქცია ჩაშალა, გააბრაზა რა რუსები. მე არ ვიცი მსგავსი გულუბრყვილობა თუ შეიძლება ვინმეს მოუვიდეს თავში, მაგრამ მანევრმა და პრ-მა იმუშავა, შეიქმნა ეს მითი. ეს დანამატია ძირითად მითზე, რომელიც არსებობდა ისედაც, მაგრამ მივიწყებული იყო ჩვენ გვაქვს გამოცდილება პრეზიდენტისა და პატრიარქის დაპირისპირების მითზე 1991წ. ხდება მისი გააქტიურება. ანუ რუსებმა თავისი პრ-კამპანიით, რომელიც სამხედრო მანევრში გამოიხატა, სოფელ პერევიდან გასვლა და ისევ შემოსვლა გააჩინა მითი, რომ საქართველოს პატრიარქმა მიაღწია ჯარების გაყვანას, პრეზიდენტმა ამას ხელი შეუშალა თავისი უაზრო განცხადებით და ის მუშაობს რუსეთზე. ეს ისეთი მითია, რომელიც იკავებს ყველა ადგილს, რომელიც კი პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღდეგ გადადგმულა. ეს ძალიან საინტერესო ფენომენია და ამ მითის დამკვიდრებას თავისი მიზნები გააჩნია, რაზედაც აუცილებლად უნდა შევჩერდეთ.
საფუძველი ჩაეყარა ახალ მითს, რომ დაპირისპირება არის პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის, რომელმაც დღეს უკვე იჩინა თავი და ამაზე გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს. ამ მითის დამკვიდრებაზე. საინტერესოა, რომ რუსული პრ-ით მოხდა 2 მითის ჩამოყალიბება, რომელიც მთავარ რუსულ მითთან პირდაპირ პროპორციულ კავშირშია.
1. პერევის თემით რუსებმა შეძლეს საზოგადოებაში გაეჩინათ მითი პრეზიდენტის და პატრიარქის დაპირისპირებაზე.
2. რუსებმა შეძლეს საქართველოს მოსახლეობის ძალიან აგრესიული მიმართების ვექტორის შეცვლა ახალი მითით. სააკაშვილი რუსეთის კაცია. ასევე ამის ქვემითები: ა) სააკაშვილმა ტერიტორიები გააჩუქა. ბ) ტერიტორიები მისცა. გ) ენგურჰესი გააჩუქა...
განვიხილოთ ორივე მითი ცალ ცალკე. მითი #1 “პრეზიდენტსა და პატრიარქს შორის დაპირისპირება”. რას ემსახურება ეს მითი დღეს.
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოს პატრიარქი დღეს ძალიან ავტორიტეტული და დიდი პიროვნებაა, რომელიც შეიძლება ითქვას ხელშეუხებელია და ეს აბსოლუტურად ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს თუ მას მივუდგებით რელიგიური კუთხით. ჩემი პირადი აზრით პატრიარქის საჭეთპყრობის დროს არნახულად მოხდა ეკლესიის გაძლიერება და საქართველოში ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლება. რაც რათქმაუნდა პატრიარქის დამსახურებაა. სწორედ ამ ავტორიტეტზე გაითვალა ზემოთ მოყვანილი პრ-აქცია სახელად “სოფელი პერევი”. ჩემი აზრით, ამის განმახორციელებელი უტიფრად თვლიდა, რომ ეს აუცილებლად გამოიღებდა შედეგს და შექმნიდა ქვემითებს პრეზიდენტის და პატრიარქის დაპირისპირებულობაზე. რაც დღეს სახეზე გვაქვს. მთავარი გათვლა პრ აქციის დამგეგმავის გათვლილი იყო შიდა დაპირისპირებაზე, ანუ მრევლის, რომელიც მცირე არ არის საქართველოში და პრეზიდენტის დისკრედიტაციაზე სწორედ ამ მრევლის თვალში, რომელიც შექმნიდა უკეთეს ფონს საზოგადოების სამოქალაქო დაპირისპირებაზე. რაც არამგონია რუსეთის მიზანს არ წარმოადგენდეს, ანუ მცოცავი ანექსიის წინაპირობა სწორედ ეს არის, რასაც რუსეთმა მიაღწია კიდევაც 1991წ. მაშინაც იგივე მითი არსებობდა, პრეზიდენტის და პატრიარქის დაპირისპირების შესახებ. სამოქალაქო დაპირისპირებაც სახეზე იყო თავისი დამანგრეველი შედეგებით. 2 თვის წინ პრ აქციის სახელად “სოფელი პერევის” მითი შეივსო ქვემითებით უკვე 2 თვის შემდეგ. პატრიარქის შერყეული ჯანმრთელობა (ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს) ახალი ქვემითების წარმოშვებას ემსახურება. პრესა და ტელევიზია გაივსო მითით: “პატრიარქი მოწამლეს”, “პატრიარქს ვირუსი ძალით შეჰყარეს”, რომ ის არ გამგზავრებულიყო მოსკოვში რუსეთის პატრიარქის კურთხევაზე. არადა პატრიარქი რომ გამგზავრებულიყო მოსკოვში იქ მას შეხვედრა ექნებოდა დიმიტრი მედვედევთან, რომელიც საქართველოს ახალგორს და პერევს დაუბრუნებდა. ეს ყველაფერი ტელევიზიით გადმოიცა კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში. მითი გაგრძელდა. მითს ჯერ ბოლომდე შედეგები არ გამოუღია, მაგრამ პროცესი, რაც დაგეგმილი იყო 2 თვის უკან ძალიან წარმატებით ხორციელდება და ის თავის შედეგს გამოიღებს სავარაუდოდ. ამ დროს ჩემი ღრმა რწმენით, მითი, რომელიც იქმნება ის დაცლილია აზრისგან, მას აქვს მხოლოდ ფორმა, ხოლო ეს ფორმა არის “პრეზიდენტი პატრიარქსაც კი უპირისპირდება”. ეს ყოველივე აზრის, მტკიცებულების და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. ამას აქვს მხოლოდ ერთი სახელი, “მითი დღეს”.
ძალიან საინტერესოა მეორე მითი - “სააკაშვილი რუსეთის კაცია”. სხვათა შორის ამ მითის წარმოშობა ომის დასრულების მეორე თვიდან დაიწყო. მაგრამ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობდა მისი დამკვიდრება. ეს მითი ეხლა საკმაოდ ძლიერია. მის გაძლიერებას გარკვეულ წილად პირველმა მითმაც შეუწყო ხელი, რომელზეც ვისაუბრეთ. ეს მითი შექმნა პირველმა მითმა და ასევე იმ რიტორიკულმა ნაწილმა, რომელიც ჩვენი წერილის ზედა ნაწილში გვაქვს განხილული. ამ რიტორიკის მდინარება არის შემდეგი: “საქართველოს ომი არ აწყობდა”, “სააკაშვილის უგნურმა პოლიტიკამ გამოიწვია ომი”, “სამხედრო რიტორიკა”, “ქვეყანა რა დღეში ჩააგდო”, “ჯარმა 2 დღე იომა”, “პერევი პატრიარქმა დაიბრუნა ამისმა უაზრო განცხადებამ დაგვაკარგვინა”, “რუსეთის საქმეს აკეთებს ამ ყველაფრით”... აი მითის წარმოშობის წინაპირობები. შეიქმნა მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია”. ამ მითის შექმნასთან და მის ასე ვთქვათ გაძლიერებასთან ერთად დაიწყო რუსეთის პრ-კამპანია დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული რიგითი ჩინოვნიკით, რომ “რუსეთი სააკაშვილთან არ ისაუბრებს”, “ის უნდა წავიდეს”, “ის პოლიტიკური გვამია”, “უპასუხისმგებლო ადამიანია”, “ამერიკული პროექტია”....
ვაკვირდები რუსულ განცხადებებს და საქართველოში დამკვიდრებულ მითს “სააკაშვილი რუსეთის კაცია” და გაკვირვება მიპყრობს. პრაქტიკულად სახეზე გვაქვს ერთის მხრივ, რუსების პოლიტიკური ელიტის საშინელი გაღიზიანება საქართველოს პრეზიდენტზე და მეორე მხრივ მითი, “სააკაშვილი რუსეთის კაცია”. ორი პოლარულად განსხვავებული მიმართება სააკაშვილის მისამართით. ამაზე ნამდვილად შეიძლება ვთქვათ, რომ პარადოქსია. მაგრამ ეს არ არის მითში პარადოქსი. მითი ამბობს: “მედვედევი რომ ამას ამბობს ეს არაფერსაც არ ნიშნავს, ესენი იმიტომ იძახიან ამას, რომ უნდათ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს სააკაშვილი თანამდებობაზე, რომ უფრო მეტი საქმე გააკეთებინონ”. ეს ძალიან “საინტერესო” მსჯელობაა. ამის განხილვა ერთგვარი სიამოვნებაა. ამ ენის სტრუქტურა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. რას უწყობს ხელს მითი? მითი რომელიც მხოლოდ ფორმაა აზრის გარეშე? ეს სხვადასხვაგვარად გამოვლინდება რუსულ პრ ტექნოლოგიაში და სხვაგვარად გამოვლინდება ქართულ პრ ტექნოლოგიაში. ორივე საინტერესოა. რუსულ პრ ტექნოლოგია ქმნის თავად ქართულ მითს და ამის ნათელი მაგალითი არის პრ აქცია “სოფელი პერევი”.
რუსეთი ამ მითს ქმნის ირიბად, ანუ ამ მითში მონაწილეობს ირიბად, მხოლოდ პრ ტექნოლოგიის თვალსაზრისით. სამაგიეროდ ქმნის ნოყიერ ნიადაგს საქართველოში მითის შესაქმნელად, 2 მითის: “პრეზიდენტის და პატრიარქის დაპირისპირება” და “სააკაშვილი რუსეთის კაცია”. აქ დაიკარგა რუსეთი, დაიკარგა მისი ინტერესები. ეს გავაქვრეთ. გავაქვრეთ რუსული გეოპოლიტიკური მიზნები, საქართველოს ანექსიის საფუძვლები, რომელიც რუსულ გეოპოლიტიკაზე გადის და მის ინტერესებზე.
თავად რუსეთი პირდაპირ ითხოვს სააკაშვილის მოშორებას ხელისუფლებიდან და ამაზე მხოლოდ აქ არ მუშაობს, არამედ მუშაობს დასავლეთთან. ქართულ პრ ტექნოლოგიაში ეს სხვაგვარად არის მოცემულობაში. ალბათ საინტერესოა მაგალითები, რომელიც ამ ყველაფრის გასაღებს და ფორმულაში ჩასმას მშვენივრად დაგვანახებს. განვიხილოთ ერთი მაგალითი: 2008წ. 10 სექტემბერს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ასეთი განცხადება გააკეთა:
”მემარჯვენეები” სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ
14:31 09.09.2008
[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
პოლიტიკური გაერთიანება ”ახალი მემარჯვენეები” მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში ჟურნალიტებს განუცხადა, საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ”მემარჯვენეებმა” ხელისუფლებასთან მორატორიუმი დაასრულეს.
ამასთან, გამყრელიძის შეფასებით, ”ომის შემდგომი შედეგები ძალიან მძიმეა და სტაბილურობის დასაბრუნებლად აუცილებელია პრეზიდენტის გადადგომა”.
ძალიან საინტერესოა ამ განცხადებაში მოყვანილი ფრაზა:
”ამ მოთხოვნის გამო ”მემარჯვენეებს” მოღალატეებად და აგენტებად შერაცხავენ, თუმცა ჩვენთვის მთავარია სიმართლე და ქვეყნის გადარჩენა” - დასძინა გამყრელიძემ.”
ეს არის გასაღები იმ რიტორიკა-მითის გზაზე რომელსაც დავადექით და ის აუცილებლად შეაბიჯებს რუსულ თამაშში.
ის პარადოქსი, რომელიც ავღნიშნეთ რუსების დაჟინებული ანტი სააკაშვილისტური პოლიტიკა და ქართული მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია” მოყვანილი ციტატით იხსნება. ალბათ, ყველა გრძნობდა გარკვეულ უხერხულობას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ მოეთხოვა პრეზიდენტის გადადგომა ომის დამთავრებისთანავე. სწორედ ამ უხერხულობას ემსახურება: ”ამ მოთხოვნის გამო ”მემარჯვენეებს” მოღალატეებად და აგენტებად შერაცხავენ, თუმცა ჩვენთვის მთავარია სიმართლე და ქვეყნის გადარჩენა” - დასძინა გამყრელიძემ.” ეს ფრაზა, რომლის ციტირებაც მოვახდინეთ.
რას ემსახურება ეს შეფუთვა? რუსული მიზანს სააკაშვილის გადაყენების და ქართული პოლიტ სპექტრის მიზანს სააკაშვილის გადადგომის. შესაბამისად საჭირო იყო ამ მოთხოვნების გამიჯვნა. არადა არ არსებობდა გრამატიკა, რომელიც ამას შეძლებდა. არ არსებობდა გრამატიკა, მაგრამ შეიქმნა მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია”, რომლითაც მოხდა თითქოსდა გამიჯვნა ქართულ და რუსულ ერთი და იგივე მოთხოვნებს შორის. გადადგეს სააკაშვილი. ძალიან მარტივია იმის გახსნა თუ რატომ განხორციელდა ეს მსჯელობა ამ დისკურსში. რეალურად რუსული და ქართული ოპოზიციის დისკურსი აბსოლუტურად ერთიდაიგივეა. ისინი ყველა პარამეტრში ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მის ილუზორულ გამიჯვნას ემსახურება მითი: “სააკაშვილი რუსეთის კაცია”, ასევე მითი “სააკაშვილი პატრიარქს უპირისპირდება”. ლოგიკა სად გადის ამ ყველაფრის: ნახეთ რა საინტერესოა: “თუ სააკაშვილი რუსეთის კაცი არ არის, მაშინ რატომ უპირისპირდება პატრიარქს? რატომ წამლავს მას? რატომ არ უშვებს რუსეთში და აბრკოლებს ხელოვნურად? პატრიარქი ხომ ახალგორს და პერევს დაათმობინებდა მედვედევს. სააკაშვილს ეს არ უნდა, არ არის რუსეთის კაცი? რატომ გააჩუქა ენგურჰესი? მესია რომ ჩამოვიდეს და უთხრას სააკაშვილს დაგიბრუნებ ტერიტორიებსო უარს ეტყვის” ეს ფრაზა ჩემი ყურით გავიგონე რადიო “პალიტრის” ეთერში ერთერთი ოპოზიციონერი პოლიტოლოგისაგან. აი ეს არის ამ ყველაფრის ლოგიკა., ლოგიკა მითში. აი ეს არის ძირითადი პარადიგმა, რაშიც ოპოზიცია თითქოსდა ემიჯნება რუსულ პოლიტ ელიტას და დესინქრონიზაციას ახდენს თავის მოთხოვნებსა და რუსულ მოთხოვნებს შორის. ამ დროს ძალიან მარტივია ყველაფერი. პირიქით ორივე მოთხოვნა სინქრონიზებულია, უბრალოდ გამოყენებულია მითი, ფორმა აზრის გარეშე, რომელიც ქმნის ილუზორულ დესინქრონიზაციას ამ მოთხოვნებში. ხოლო ამ მითის შექმნას თავად რუსეთმა შეუწყო ხელი, რაზედაც ვისაუბრეთ, ანუ პრ-აქცია “სოფელი პერევი”. მე არ ვიცი, ამას ვინმე იგონებს საქართველოში, თუ ეს სპონტანურად თავად ენის ფენომენოლოგიით ხდება. ძნელია ამის თქმა. შეიძლება ვინმე ამას აკეთებს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს თავად ლოგიკური ინტერპრეტაციებია, რომელიც საბოლოო ჯამში, როდესაც ენაში მოხვდება და თხრობად (თქმულებად) გადაიქცევა გარკვეულ წინააღმდეგობას აწყდება. შესაბამისად ენა თავად ალაგებს ამ ამბებს, რიტორიკებს, მითებს და ქმნის ამბავს, ნარატივის რომელიც შემდეგ ლოგიკური ჯაჭვით უბრუნდება ენის წერილობით ველს და ამით გაჯერებულია მასმედია.
რაც შეეხება რუსულ ქართული მოთხოვნების სინქრონიზაციას ეს ძალიან კარგად გამოჩნდება, როდესაც შევაბიჯებთ თამაშის ფორმულაში, რომელიც ჩვენი წერილის ბოლო ნაწილს წარმოადგენს.
ძალიან საინტერესოა თავად ჩვენი ოპოზიციურად განწყობილი პოლიტსპექტრის რუსულ თამაშში შესვლის, რომელიც მითებით აკეთებს დესინქრონიზაციას თავის მოთხოვნების რუსული მოთხოვნებისგან. რა არის ქართული თამაში დღეს. რუსული აგრესიიდან თავის დაღწევა. ტერიტორიების დაბრუნება და დასავლეთთან ინტეგრაცია. თამაში არის ის სტრუქტურა, სადაც მითებს ან ეყრდნობი ან ანგრევ. ქართულ თამაშში ინგრევა მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია”. ინგრევა მარტივად და სამართლებრივად. რა მოხდა ომის შემდეგ საქართველოში, როგორ განვითარდა სიტუაცია?
1. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სნგ-დან გამოსვლის შესახებ.
2. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის ჯარის საქართველოში ოკუპანტის სტატუსის შესახებ.
3. მიღებულ იქნა გადაყვეტილება დასავლეთის დიდი ფინანსურტი მხარდაჭერის შესახებ
4. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მთელ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შესახებ, რომელსაც რუსეთი უპირისპირდება.
5. მოეხსნა რუსულ ჯარს სამშვიდობო სტატუსი.
რა შექმნა სააკაშვილმა რუსულ იმპერიასთან ბრძოლის მეთოდიკაში?
1. აამუშავა უნიკალური თვითგადარჩენის ფორმულა, გეოპოლიტიკური ინტერესების დაპირისპირებისა საქართველოში, რომელიც ისტორიულად მიმდინარეობდა და ისტორიულ ლოგიკაში იყო განთავსებული, რომელმაც საქართველო გეოპოლიტიკურ მოთამაშედ აქცია.
2. საქართველოს და დასავლეთის ინტერესების დაახლოება გეოპოლიტიკურ სიბრტყეში.
3. სერიოზულ სამხედრო ალიანსში შესვლის პერსპექტივა, რომელიც ერთადერთი ფორმულაა დღეს რუსეთის იმპერიიდან თავის დაღწევის.
ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი მითში “სააკაშვილი რუსეთი კაცია” როგორ აისახება? თუ სააკაშვილი წავიდა ახალი მოსული პოლიტიკური ძალა რომელ ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს? წესით, თუ “სააკაშვილი რუსეთი კაცია” მაშინ ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ასევე მან (ახალმა ხელისუფლებამ) უნდა მოითხოვოს ამ ყველაფრის გაუქმებასთან ერთად ევროსაბჭოს, ევროკავშიორის, ნატოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს ნაწილში. შევიდეს ეს ენ გე-ში, რუსის ჯარს აღუდგინოს სამშვიდობო სტატუსი და მოუხსნას საოკუპაციო სტატუსი, უარი თქვას დასავლეთის დახმარებაზე, მოითხოვოს ევროკავშირის დამკვირვებლების გაყვანა საქართველოდან. თუ ახალი ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ მითი “სააკაშვილი რუსეთი კაცია” რა არის, მითი? ფიქცია? აბსურდი? თუ რუსული თამაში? თუ ილუზორული დესინქრონიზაცია რუსულ და ქართულ ოპოზიციურ მოთხოვნებთან? მემგონი მეორე, სხვაგან ლოგიკას ვერსად მივყავართ.
პირდაპირ ვიტყვი, ეს მითი “სააკაშვილი რუსეთი კაცია” და “სააკაშვილი პატრიარქს უპირისპირდება” არის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილი. აქ იფუთება რუსული მიზანი, რუსული თამაში, რომელიც თამაშობს თავის თამაშს და მას ჰქვია საქართველოს სრული ოკუპაცია, სრული დამორჩილება და თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირება. აქ ამ მითში, რომელიც რუსული თამაშის მიერ არის შექმნილი, იმალება თავად რუსული აგრესია. ხდება მისი დავიწყება, რომელიც ასევე რუსული მიზანია. სწორედ ამ მითის საშუალებით ხდება რუსული თამაში განხორციელება საქართველოში და მემგონი ჩვენს ოპოზიციურ სპექტრს ჰგონია, რომ ისინი ამ თამაშში არ არიან. მეტად გულუბრყვილო იქნებოდა ამის დაჯერება. როგორ არ არიან რუსული თამაშის მონაწილენი, როდესაც მითით ფუთავენ და ახდენენ რუსული და თავიანთი მოთხოვნების იდენტურობას, როდესაც მითით ახდენენ ილუზორულ გამიჯვნას რუსული მოთხოვნებისგან? სწორედ რუსული თამაში თამაშობს თავის თამაშს. ის არის ამ ყველაფრის სუბიექტი, ხოლო ჩვენი ოპოზიციური პოლიტსპექტრი ამ თამაშის ობიექტები არიან, რომლებიც ვერ გვთავაზობენ საკუთარ თამაშს. არ არის ლოგიკა დღეს ისეთი, მოითხოვო პრეზიდენტის გადადგომა და ის იყოს შენი, ინდივიდუალური. ის აუცილებლად დაემთხვევა რუსულ მოთხოვნას. ამ თამაშში შედის სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი, ლიბანიზაცია, ყველაფრის დანგრევა და საგულისხმოა, რომ მაინც ვქმნით მითებს. მაინც ვფუთავთ რუსუსლ აგრესიას და რატომღაც ამხელა ომის შემდეგ თვითგანადგურების იმპულსი აგვიმუშავდა. დანაშაულის კომპექსი, თან ვისთან? რუსეთთან. ჩვენ რუსეთთან არ ვართ დამნაშავე. ჩვენ მათ შევებრძოლეთ და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიდეს.
ჩემის აზრით ასე მომდინარეობს რუსული მცოცავი ანექსია დღეს საქართველოში, რომელმაც თავისი თავი შეფუთა რიტორიკაში, მითში და რუსულ თამაშში. ეს სამი დანაღმული ველი დღეს არის ყველაზე ქმედითი. მასზე აფეთქების ძალიან დიდი შანსია. მთავარია დაინგრეს რიტორიკა, მითი და თამაში. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ რომელიმე ველზე ავფეთქდით დღეს, წყალში ჩაიყრება ამხელა თავგანწირვა, რაც ამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქართველმა ერმა გააკეთა. ჩვენ კიდევ ერთხელ შეცდომის დაშვების უფლება არ გავაქვს.
ირაკლი მარგველაშვილი
18.02.09წ.
No comments:
Post a Comment