Thursday, 21 May 2009

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და პარალელები 1991წ. სახემწიფო გადატრიალებასთან

ვფიქრობ საინტერესო იქნება შევეცადოთ იმ გორდიის კვანძის გახსნას, რომელიც საქართველოში შეიქმნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თვალსაზრისით. ასევე საინტერესო იქნება მოვახდინოთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზი და შეიქმნას ვერსია, რომელიც საკმაოდ ლოგიკურად გვეჩვენება.
ყველაფერი დაიწყო 2009წ. 9 აპრილის დაანონსებით. 2009წ. 9 აპრილს უნდა დაწყებულიყო საპროტესტო აქციები, რომელიც მოახდენდა ხელისუფლების შეცვლას. ჩვენს მიერ იმთავითვე ეჭვი გაჩნდა, რომ ეს ყოველივე არ იქნებოდა საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად. ჩვენს მოკლე პროგნოზში ამის შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ იქ ძირითადად ზოგადი ფორმულირებით შემოვიფარგლეთ. შეიძლება ითქვას, დროში ჩვენს პროგნოზს ბევრი რამ დაემთხვა.
რატომ არ იქნებოდა საკმარისი? შეიძლება გაჩნდეს ეს კითხვა. სიამოვნებით ვუპასუხებ. ხელისუფლების შეცვლას ჭირდება მინიმუმ სამი კომპონენტი. 1. საპროტესტო აქციები. 2. ხელისუფლების ვერტიკალის მოშლა, რაც ძირითადად გულისხმობს სამხედრო ნაწილების (პოლიცია ჯარი) დაუმორჩილებლობას. 3. საგარეო მხარდაჭერა, ფულით და სხვა რესურსით, თუ საჭირო გახდა. თუ რომელიმე მათგანის ამოვარდნა მოხდა, საერთო ჯაჭვიდან, სერიოზულად ნეიტრალდება სიტუაცია.
განვიხილოთ შექმნილი სიტუაცია და მცირე ანალიზი ჩავატაროთ, რაც მოგვცემს საშუალებას გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას შექმნილ მოვლენებთან დაკავშირებით. საინტერესოა 4 მოვლენა მთელი ამ ორი თვის განმავლობაში. მხოლოდ მშრალ ფაქ2ტობრივ ანალიზს გთავაზობთ მხოლოდ განსჯისათვის, აქცენტების დონეზე.

1. იარაღის შესყიდვების საკითხი, 2009წ. 25 მარტის ინფორმაცია, რომელიშიც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრები მონაწილეობდნენ.
2. მუხროვანის ამბოხი.
3. 2009წ. 21 მაისის სპეცოპერაცია, სადაც სამწუხაროდ გარდაიცვალა ერთი პირი (კრიალაშვილი) და ორი ოთანაძე და ამირიძე დაჭრილები, არიან. წინასწარი ინფორმაციით საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
4. საპროტესტო აქციები, ფონი, რომელიც ამ ყოველივეს შეავსებდა. თავისი საკნური ინფრასტრუქტურით.
რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ სამ მოვლენას შორის? ვფიქრობ ამის გარკვევა საკმაოდ საინტერესოა. ამ მოვლენებს შორის არსებობს ლოგიკური კავშირები.
მოვლენების დაგეგმვა რამდენიმე ეპიზოდად დაიყო. შესაბამისად მათი დროში დაკავშირება უნდა მომხდარიყო. პირველი ეპიზოდი, ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ იარაღის შეძენა, და დაახლოებით 100 კაცის შეიარაღება იქნებოდა საერთო მოვლენების ერთი გრგოლი, რომელიც ლოგიკურ გაგრძელებას ჰპოვებდა მოვლენების შემდეგ განვითარებაზე. ძნელად სავარაუდოა და ალბათ ვიფიქრებთ, რომ 100 კაცს რა უნდა ექნა იმ საკმაოდ კარგად მომზადებული სპეცნაზის წინააღმდეგ, რომელიც გააჩნია სახელმწიფო სამართალდამცავ სტრუქტურებს. ეს იქნებოდა საერთო გეგმის პირველი ნაწილი, ანუ სამოქალაქო ომის ინსპირაცია, სიტუაციის სერიოზული დაძაბვა და სწორედ აქ ერთვებოდა უკვე მეორე რგოლი მუხროვანის და სხვა ნაწილების ამბოხი და გამოსვლა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ მაღალი მაშტაბის საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა. თუ კარგად გავიხსენებთ 2009წ. მარტის ვიდეო ჩანაწერებს, იქ საუბარი არის სამხედროების ჩარევაზე, სადაც მონაწილეობას საომარ მოქმედებებში მიიღებდა უკვე საჯარისო შენაერთები, რომ მიდიოდა მუშაობა ამ ყველაფერზე. შეიძლება ითქვას, რომ პირველ რგოლში, სადაც მონაწილეობდა ბურჯანაძის პარტიის წევრები და ასევე მალხაზ გველუკაშვილი, იმ ჯგუფში რამდენიმე პიროვნებას სრულ მაშტაბიან ოპერაციაზე ინფორმაცია ჰქონდათ. ასევე უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ პიროვნებებიდან მოხდა მუხროვანის რგოლის აღმოჩენა და მათზე გასვლა. ინფორმაციის წყარო ის ხალხია, ვინც პირველად იქნა დაჭერილი იარაღის შესყიდვის ფაქტზე.
თუ ვიმსჯელებთ საერთო მიზანზე, რასაც წარმოადგენს სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საერთო პროცესში (სააკაშვილის გადადგომა, დამხობა) რამდენიმე ეპიზოდის (იარაღის შესყიდვა, მუხროვანის ამბოხი) დამოუკიდებლად არსებობა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია, ვინაიდან არცერთი ეპიზოდი, მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის. შეიძლება ითქვას ეს ორი რგოლიც არ იქნებოდა საკმარისი, ხელისუფლების დასამხობად, ვინაიდან რჩებოდა საკმაოდ დიდი რისკები, რომ აბუნტებული სამხედრო ნაწილების გარდა არსებობს ბევრი სამხედრო ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს მხარეს იქნებოდა და 100%-იანი გარანტია იმისი, რომ ამ ორი რგოლის მეშვეობით მოხდებოდა ხელისუფლების დამხობა ნამდვილად არ იყო.
ვფიქრობ მივალთ იმ წერტილამდე, რომ ამ ორივე რგოლის მიერ წარმატებით ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში მათ აუცილებლად დასჭირდებოდათ სხვა რგოლი, რომელზედაც ინფორმაცია არსებობს, ეს არის რუსული ძალა, რომლის ჩარევის ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნებოდა. შეიძლება ეს ჩაგვითვალონ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებად, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ საკმაოდ სერიოზულ ფაქტს. 9 აპრილამდე ჩატარდა ვენის კონგრესი, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ჩასული საქართველოდან და მისი ინიციატორი იყო ვინმე ებრალიძე, რუსეთში ქართველი ოლიგარქი. ამის შემდეგ ჩატარდა სოჩის კონფერენცია, სადაც აღნიშნული პირი კვლავ აქტიურად წარმოჩინდა. ამ კაცის ბიოგრაფია დაკავშირებულია რუსეთის ხელმძღვანელ პირებთან. მათ შორის ვლადიმერ პუტინთან და საკმაოდ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები არსებობს მათ შორის. ვფიქრობ საგულისხმო მომენტია.
თითოეული რგოლი საერთო სიტუაციაში თავის ფუნქციებს ასრულებდა. შესაბამისად მათი ერთმანეთთან კოორდინაცია არ მოხდებოდა პირადად, არამედ უნდა ყოფილიყო სხვა პირი, რომელიც ამ ყველაფერს ერთიან კოორდინაციას გაუწევდა. ვფიქრობ ეს პირი არის პოლიტიკოსი. ის კოორდინაციას უწევდა როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე იარაღის შესყიდვებს, ასევე მუხროვანის ამბოხს და მას ექნებოდა (აქვს კავშირი) კავშირი რუსულ ლობთან, რომელიც ქართველი ოლიგარქებისგან შედგება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი ეპიზოდები სრულყოფილი არ არის, არსებობს კიდევ სხვა ეპიზოდი, რომელიც კვლავ უნდა გამოჩნდეს დღის სინათლეზე. ჯერ არაფერიც არ დასრულებულა. სამკუთხედი ბოლომდე შეკრული არ არის. ის საბოლოოდ შეიკვრება და ეს ალბათ ივნისის პირველ ნახევარში მოხდება. სამკუთხედი დაახლოებით ასე გამოიყურება. 1. საპროტესტო აქცები, იარაღის შესყიდვები, 2. მუხროვანის ამბოხი. 3. რუსული ლობი, რუსული სამხედრო ძალა.
ბევრი ჭორი, ეჭვი არსებობს იყო თუ არა ეს ყველაფერი ”დადგმული”, ამაში გულისხმობენ სპექტაკლს, რომ ვიღაცამ დაწერა სცენარი და ეს ხალხი მასში როგორც მსახიობები ისე მონაწილეობდნენ. ძირითადი ვერსია ამ სიტუაციების ეს არის. მე ვიტყვი, რომ დიახ, ყველაფერი დადგმული იყო. თუმცა ეს დადგმა, რაც მე ვახსენე, აბსოლუტურად არ გულისხმობს იმ ”დადგმას” რასდაც ზოგადად ამ ყველაფერში გულისხმობს მავანი. დანაშაულის პრევენცია, არის დადგმა. დადგმა თავისთავად არის დანაშაულის გამოვლენა და მისი აღკვეთა მანამდე, სანამ ის განხორციელდება. ეს არის დანაშაულის პრევენცია, მისი განხორციელებისათვის ხელის შეშლა. მასში მონაწილეობს სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ არავინ არ ფიქრობს, რამხელა სამუშაო ტარდება ამ ყველაფრის გასაკეთებლად. წარმოდგენა დანაშაულის პრევენციაზე არის შემდეგი, რომ ვირაცას თეატრი აქვს. ხოლო ჩვენ მაყურებლები ვართ. ეს ასე, რა თქმა უნდა არ არის. ჩვენ არ ვუყურებთ თეატრს, ჩვენ ვუყურებთ დანაშაულის პრევენციულ დადგმას, მის გამოვლენას და არ ვზივართ ლოჟაში, პარტერში ან იარუსზე. დიახ, დანაშაულის პრევენცია, გულისხმობს მის დადგმას, მასში სამართალდამცავების მონაწილეობას და არა მის სცენაზე წარმოებას. მითუმეტეს თუ ვინმე წარმოიდგენს რამხელა ენერგია, რამხელა ინფორმაცია და სიფრთხილე სჭირდება ამ საქმეს. საბოლოო ჯამში ასეთი პრევენციების ხილვა სწორედ მსგავს ეჭვებს წარმოშობს, რომ ეს იყო თეატრი, მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ და გავიხსენოთ ის მოვლენა, რომელიც არაპრევენცირებული იყო, რომელიც მოხდა და ჩვენს ზურგზე გადავიტანეთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ ამ მოვლენის პრევენცირება რომ მომხდარიყო, მაშინაც იტყოდნენ, რომ ეს იყო დადგმული და ჩვენ ვიხილეთ თეატრი.
1991-1992წ, მოვლენების მცირე ანალიზს შემოგთავაზებთ, რომელიც არაპრევენციულ სიტუაციას ძალიან კარგად გამოხატავს.
სიტუაციის ესკალაცია 1991წ. 2 სექტემბრის მიტინგის ასე ვთქვათ ”დარბევით”. დასავლეთიდან სამხედრო გადატრიალების და რუსეთის ჩართულობისათვის მწვანე შუქის ანთება. ბუშის გამოსვლა უკრაინაში ”გამსახურდია დინების წინააღმდეგ მიდის”. გამსახურდიას ხელისუფლების ვერტიკალის რღვევა, სამხედრო შენაერთის ”გვარდია” ამბოხი. რუსეთში, ბურბულისის ჯგუფის მუშაობა. ამ ყოველივეს ფონი საპროტესტო აქციები. ანუ მაშინაც არსებობდა სამი რგოლი. საპროტესტო აქციები, სამხედრო დაჯგუფება (გვარდიის ნაწილი, მხედრიონი), და რუსული მხარდაჭერა, რომელიც საბოლოოდ იმ სითავხედემდე მივიდა, რომ პუტჩისტთა შტაბი ზაკვოს შენობაში გადავიდა ომის დღეებში. ეს რგოლები მაშინდელი გადატრიალების შემთხვევაში დამოუკიდებალად არსებობდა საერთო კოორდინატორთან ერთად. მემგონი არ არის დიდი სიბრძნე საჭირო გამოვიცნოთ ეს კოორდინატორი.
რა მოხდებოდა, ამ დიდი დანაშაულის პრევენცირება რომ მომხდარიყო? ვიტყოდით ”დადგმულია”. გამსახურდიამ თეატრს გვაყურებინა. ვიტყოდით და მას ექნებოდა არსებობის უფლებაც, თუმცა დღეს რეალობაში გვაქვს არაპრევენცირებული დანაშაული, 1991-1992წწ. სამხედრო გადატრიალება, ამიტომ ამაზე დაფიქრება საჭიროა. საკმაოდ ნიშანდობლივი მაგალითია.
გაგრძელება იქნება.

21.05.09წ.

2 comments:

George said...

აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩემი გაოცება გამოიწვია ქუჩის ოპოზიციის მოთხოვნამ - მიშა წადი! იმდენად რამდენადაც ოპოზიციაში არის რამდენიმე მოაზროვნე ადამიანი, გაკვირვებული დავრჩი - რას ქვია წადი? სად წადი? რატომ? - მე ვფიქრობდი " ნუთუ ეს ხალხი ისეა დაბრმავებული რევანშის წყურვილით რომ ვერ ხვდებიან რომ მიშა არსად წამსვლელი არ არის? რა უსუსური და მიუღწევადი მოთხოვნაა? ნუთუ ისე გამოქლიავდნენ რომ Mission Impossible დაიწყეს? ეს ეჭვები გამიქრა მუხროვანის ამბოხის მცდელობის გაგებისთანავე. როგორც თქვენ აღნიშნავთ Passel შეიკრა და გამოჩნდა-სახლმწიფო გადატრიალებისა და ქვეყნის განვითარების კურსის შეცვლის მცდელობის მკაფიო სურათი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია შეიძლება სამ ძირითად ჯგუფად დაიყოს : 1. შეთქმულები 2.რეფორმების მტრები ანუ სიძულვილისგან დაბრმავებულები 3. ოპორტუნისტები.

joao said...

didi madloba komentarisTvis