საინტერესოა განვიხილოთ მოვლენების განვითარება 2009წ. 26 მაისამდე და მის შემდეგ. ბევრი საინტერესო ნიუანსი გამოჩნდა. ის ნიუანსები რაზედაც ადრეც ვწერდით, რიტორიკაზე, მითზე და თამაშზე. აღნიშნული საკითხები განვიხილეთ ჩვენს წერილებში ”ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ”.
26 მაისს ამ ყოველივეს კულმინაცია იყო. გარეგნულად ჩანდა, რომ ეს იყო საოცარი მუხტი, ბევრი ხალხი, დამოუკიდებლობის დღის ორიგინალურად აღნიშვნა, თუმცა ამ დღეს სწორხაზოვნად გასდევდა და მის ჯაჭვის რგოლებს წარმოადგენდა რიტორიკა, მითი და თამაში. შესაძლოა ბევრი არ დაგვეთანხმოს ჩვენს ამ მოსაზრებაში, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ არასოდეს ვაკვირდები მოვლენებს გარეგნულად. ერთჯერადი ხედვით. მისი შინაარსი, კონტექსტი უფრო საინტერესოდ მეჩვენება.
პრაქტიკულად 26 მაისს ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი 40 დღის წინ დაწყებული (9 აპრილიდან დღემდე) მოთხოვნა “გადადგეს სააკაშვილი”, უკვე რიტორიკად იქცა. ამაზე ბევრმა მოვლენამ, რაც ამ პერიოდში და მანამდე მოხდა სერიოზული ზეგავლენა მოახდინა. რიტორიკად ქმედებას აქცევს ტექსტები და მათი სიუჟეტები, ასევე სუბიექტური დამოკიდებულებები, მოვლენების მიმართ, რომელშიც ღრმად არის ჩართული წარმოდგენები და სურვილები.
საკმაოდ ბევრი მოვლენა და ტექსტი, რამაც რიტორიკად აქცია პროტესტის მთავარი მოთხოვნა : ”გადადგეს სააკაშვილი” მას გამოაცალა ის ძირითადი ბაზისი, რასაც მოთხოვნა ქმედებად უნდა ექცია. რიტორიკულად ქცეულმა მოთხოვნამ ვერ შეძლო რეალიზება და შესაბამისად განიცადა და ჯერჯერობით კიდევ განიცდის მარცხს.
2009წ. 9 აპრილამდე, სანამ მოთხოვნის რეალიზების პროცესები დაიწყებოდა ის უკვე რიტორიკად იყო ქცეული, ვინაიდან მოთხოვნის დაანონსების შემდეგ მის რეალიზაციამდე (9 აპრილამდე) მასზე დაიხარჯა რიტორიკის იმხელა ნაწილი, რომ პრაქტიკულად რიტორიკა გადავიდა ქმედებაში, შექმნა ისეთი ქმედება, რომელიც აბსოლუტურად ნეგატიური იყო. ეს ნეგატიური ქმედებებიც, მაგალითად: ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების მიერ იარაღის შესყიდვის გადაფარვის მცდელობაც რიტორიკული იყო და ვერ დაინგრა იმ წამიერად შექმნილი მითი, რომ ეს ყველაფერი იყო ”დადგმული” (სცენურ თეატრალური ვარიანტით) და ტყუილი. ანუ რიტორიკას, უნდა ჩანაცვლებოდა ქმედება, რომელიც მოახერხა ხელისუფლებამ და რიტორიკას ”გადადგეს სააკაშვილი”, რომელსაც მისი შემქმნელების მიერ ქმედებები დაერთო (იარაღის შესყიდვის მცდელობა), ეს ქმედება გაბათილდა. ანუ რიტორიკა ”გადადგეს სააკაშვილი” დარჩა რიტორიკად. აღიკვეთა ამ რიტორიკის რაიმე გზით რეალიზაციის საშუალებები. შესაბამისად დათქმულ დროსა და ადგილას 2009წ. 9 აპრილს ჩვენს წინაშე წარსდგა წმინდა რიტორიკა, ყოველგვარი ქმედების გარეშე, რომელსაც ამ მოთხოვნის რეალიზაცია უნდა მოეხდინა. არსებობდა სხვა ქმედებები, მაგრამ არადინამიური, დაფარული, გაუხსნელი და პრაქტიკულად შეუძლებელია მასზე მსჯელობა. ეს არის ვენის კონგრესი, ალექსანდრე ებრალიძის მიერ მოწყობილი ასევე სოჩის კონგრესი.
გარეგნულად კონგრესი, უფრო კულუარული იყო, ვიდრე ღია. ნეგატიურობის მომენტები აქაც ძალიან თვალშისაცემია, თუნდაც ის, რომ 30 წლის უკან საქართველოდან წასული, რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადამიანების კრებული, რატომ გადაიქცა მამულიშვლილობის გამოვლინებად უცნაურია. ამ პორეცესების რევიზია ნაკლებად აინტერესებს მავანს, თითქოს რაღაც აპრიორია, მაგრამ რა? დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი? მე ვფიქრობ, არა. მაგრამ ეს მოხდება აუცილებლად და ამის მოწმენი გავხდებით.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმდენად მწირია ეს რიტორიკა, იმდენად ნეგატიური, რომ შეთავაზება, რომელიც ხორციელდება არჩევანის წინაშე აყენებს ადამიანებს. ეს არჩევნი არ არის ცნობიერი, უფრო არაცნობიერია. თუმცა ეს თავის სიტყვას იტყვის და მოვლენების რაღაც ეტაპზე, ის აუცილებლად გამომჟღავნდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საინტერესოა თავად მთავარი მოთხოვნის საბაზისო პოსტულატები. სწორედ ამ პოსტულატებში იმალება შიშველი რიტორიკის მარცხი, რომელიც უკვე ჩვენს წინაშე ზედაპირზე ამოვიდა და ძალიან ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს ასე იქნებოდა. რა არის ეს პოსტულატები:
1. საქართველოს დადანაშაულება 2008წ. რუსეთ-საქართველოს ომში, მაშინ როდესაც ერთის მხრივ, პრაქტიკულად გამართლება ხდება რუსული აგრესიის და საქართველოს დადანაშაულება.
2. შეშინებული, ჰალსტუკიღეჭია სააკაშვილის პორტრეტი.
3. სისტემური ცვლილებები, რომელზედაც ძალიან ცოტას საუბრობენ, ძირითადი აქცენტები პირველ ორ პოსტულატზეა გადატანილი.
4. შემდეგ მოდის მცირე პოსტულატები, რომელიც ამ ცარიელი რიტორიკის შესავსებად ძალიან მწირია და შედეგებსაც ვერ აღწევს, უბრალოდ ეს ყოველივე კონცენტრიდება ზოგად ფორმულაში დაანგრია საქართველო.
ნებისმიერი ეს პოსტულატები ნამდვილად ვერ შექმნის იმ რიტორიკულ სიძლიერეს, რომელსაც მოელის ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები, ვინაიდან იქმნება ფასადური რიტორიკა და რეალობას მოწყვეტილი ანალიზი. არამარტო დღევანდელ რეალობას, არამედ მომავალ რეალობაში, რომელიც შესაძლოა დადგეს. ამას ჩვენ მივუძღვენით წერილი ”საშიში ლოგიკა”, რომელიც განთავსებულია ჩემს ბლოგზე www.joaoscorner.blogspot.com , რომელიც ეხება სწორედ იმ პირველ და მთავარ პოსტულატს, რაზედაც აგებულია ეს ოპოზიციური რიტორიკა და შეიძლება ითქვას მთავარ საბაზისო პოსტულატს წარმოადგენს. ”სააკაშვილმა წააგო ომი”, თუმცა სრულიად დავიწყებული და იგნორირებულია ის წინაპირობები, ის გეოპოლიტიკური სიტუაციები, რაც ამ ომს ახლდა და მის ძირითად წარმომშვებ მიზეზებს წარმოადგენდა დაწყებული 1993 წლიდან დღემდე.
განსაკუთრებული სიძლიერით მიმდინარეობს მეორე პოსტულატით რიტორიკული მანიპულაციები, თუმცა არ სჩანს ის სურათი, რაც ამ რიტორიკის შემქმნელების პირად გაბედულებას წარმოაჩენს, თუ არ ჩავთვლით გიორგი გაჩეჩილაძე უცნობის გადავლებას თბილისის პოლიციის გალავანზე, ეს არის საკმარისი? თუმცა შეიძლება ითქვას გარკვეულ წილად მას უპირატესობა მიენიჭა, მაგრამ უფრო გარეგნული, ვიდრე რაიმე რეალური. მცირე მითოსია, რომელიც გამომჟღავნდა მახინჯ ფორმაში, რომ ის წმინდა გიორგია, რომელიც მას სატელეფონო საუბრით ერთერთმა რესპოდენტმა უთხრა. ეს რამდენად რეალურია და რამდენად არჩევანის შემთხვევაში წარმატების მომტანი, მკითხველისთვის მიმინდია.
ჯერჯერობით, ოპოზიციური მუხტი დარჩენილია შიშველ რიტორიკად. ამის დასტურია საკანში 25 მაისს გამართული საუბარი, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გუბაზ სანიკიძე, რომელმაც გულწრფელად განაცხადა, რომ მას აღარ ჰყოფნის რიტორიკა თუ რა უნდა თქვას მიტინგზე, მაშინ როდესაც 15 წელი უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. ვფიქრობ ჩვენი მსჯელობის ლოგიკურ დასტურს გამოსახავს ბატონი გუბაზიის აღნიშნული განცხადება, თუმცა სადღაც ეს განცხადება დაიფარა კიდევაც, როდესაც მან აღნიშნა, რომ მთავარი არის რეგიონები და იქ უნდა წავიდეს ოპოზიციური მუხტის ასაწევად. ბუნებრივი კითხვა ჩნდება, იქ მას ეყოფა რიტორიკა? არ ვიცი, ამას ალბათ მომავალი გვაჩვენებს, თუმცა ის, რომ მთავარი რიტორიკის უქონლობაა, ამის დასტური მისი საერთო ოპოზიციური კრებულიდან გამონცალკავებაა. რატომ უნდა უშლიდეს ხელს ოპოზიციურ საერთო კრებულში მონაწილეობა რეგიონებში ოპოზიციური მუხტის გაღვიძებას ჩემთვის გაუგებარია. დარჩენილიყო კრებულში და წასულიყო რეგიონებში, განა ამით რამე დაირღვეოდა? არც არაფერი. მაშ რაშია საქმე? ხომ არ შენიშნა, რომ რიტორიკა გაშიშვლდა და ეულად იმყოფება უკვე საპროტესტო აქცებზე? აღარ ჩავუღრმავდები. ფაქტია, რომ რიტორიკა ქმედების გარეშე არსებობს და ეს შენიშნა ბატონმა გუბაზმა. ვფიქრობ ეს ვერსია უფრო გამართლებულია, ვიდრე სხვა, რეგიონები, მისი მუხტი და მასზე დიდი ზრუნვა. მომავალი ამასაც გვაჩვენებს.
შეიძლება ითქვას, ოპოზიციურ ელექტორატს და მათ ლიდერებს ნაკლებად აინტერესებთ სისტემური ცვლილებები, რაზედაც კარგად შეიძლებოდა ნორმალური პოლიტიკური პროცესის პირობებში ხელისუფლების დაყოლიება და ვთვლი, რომ ეს აუციელებელი იყო. თუმცა ეს რატომღაც ძალიან ქვედა პოსტულატია ან მას ვიღაც ხელს უშლის.
რატომღაც მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ისევ მითოლოგიზირებულ დემოკრატიის ღირებულებებთან გვაქვს საქმე, როგორც ეს პირველი სახელმწიფო გადატრიალების დროს იყო ძალაში. 1991წ. 6 თვეში პრეზიდენტს დასავლური დემოკრატია მოსთხოვეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყანაში. არ ვიცი, არის თუ არა მსგავსი რამ რეალობასთან ახლოს. ვფიქრობ არა და მისმა შემდეგმა მოვლენებამაც ეს დაადასტურა. მითოლოგიზირება დღევანდელი სიტუაციის ვფიქრობ ძალიან ნიშანდობლივია დღეს. სახეზეა შიშველი მითოლოგიზირებული რიტორიკა, რომელზეც დღეს მთავარ მოთხოვნასთან ”გადადგეს სააკაშვილი” არის სინქრონირებული.
ეს ორი მიმართულება მითი და რიტორიკა განსაკუთრებულად არის ყურადღებამისაქცევი. შეიქმნა უამრავი მითი.
ეს მითი გამომდინარეობს სხვა მითისგან, რომელშიც საქართველო ცხოვრობს დიდი ხანია.
ყოველგვარი პირობა, თუნდაც სიტყვიერი ამ მითში დაკარგულია. რა არის თავად მითი დღეს. ეს არის სიტყვა, გამოთქმა. მიუხედავად იმისა, რომ მითი არ არის ნებისმიერი გამოთქმა, არამედ ის არის კომუნიკაციური სისტემა, ინფორმაცია, ის არ არის საგანი, ან მოვლენა, ან იურიდიული ფაქტი. ის აღნიშნავს "რაღაცას", რომელიც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ფაქტი იყო, ან მოვლენა შეიძლება ყოფილიყო, დაეკარგა მხოლოდ კომუნიკაციური ფორმა. საქართველოში ისევ იქმნება.
როგორც ვთქვი, მითს ეძლევა ფორმა. სწორედ ფორმების შექმნის მცდელობაა ყველა ის მითი, რომელიც იქმნება დღეს. მაგალითად 2009წ. თებერვალ მარტში არსებობდა მითი, რომ სააკაშვილმა მოწამლა პატრიარქი, რომ პატრიარქი სწორედ ამიტომაა ავად. მითი იყო ისიც, რომ არსებობს დაპირისპირება სააკაშვილსა და პატრიარქს შორის და ასე შემდეგ. ეს მითური რიტორიკა ახდენდა ზემოქმედებას ადამიანებზე, თუმცა მსგავსი მითები კვლავ მითებს ქმნიდნენ. გარდა ამ მითებისა შეიქმნა მითოლოგიზირებული გადაცემა საკანი #5 ტელეკომპანია ”მაესტროზე”, სადაც გიორგი გაჩეჩილაძე ვირტუალურ საკანში განასახიერებს საქართველოს სიმბოლოს, ანუ სააკაშვილის მიერ მთლიანი საქართველოს საკანში მოქცევას. გიორგი გაჩეჩილაძე სიმბოლურად არის საქართველო, რა თქმა უნდა არაცნობიერ პლანში, ხოლო გიორგი გაჩეჩილაძე-საქართველო სააკაშვილმა ჩასვა საკანში, შეუზღუდა მას თავისუფლება და ამის თეატრალიზებულ ვარიანტს ყოველდღიურად უკვე თითქმის 3 თვეა ეს ტელეკომპანია სთავაზობს ხალხს. რა თქმა უნდა არ დააყოვნა შედეგმა. ადამიანი მიდრეკილია მითებისაკენ, შესაბამისად გაისმა ადამიანთა ზარები საკანში, სადაც მითოლოგიზირებულ სიმბოლიზირებული ეპითეტებით შეამკეს საკანი #5-ის მთავარი პერსონაჟი, მას უწოდეს ილია ჭავჭავაძე, წმინდა გიორგი....
საინტერესო ის არის, რომ სწორედ მსგავს მითოლოგიზირებულ-სიმბოლიზებულ პლანში წარიმართა აბსოლუტურად რეალისტური, პოლიტიკური აქციაც. უამრავი საკანი დაიდგა საქართველოს დედაქალაქში. პრაქტიკულად თეატრალიზებულიმმა სიმბოლიზმმა გადმოინაცვლა რეალურ სამყაროში, ქუჩაში. მასში ჩაჯდნენ პატარა გიორგი გაჩეჩილაძეები, პატარა სიმბოლური საქართველოები, რომელიც სააკაშვილმის რეჟიმმა გამოამწყვდია საკანში. ტელევიზიის სივრცე, თეატრის სივრცე, რეალურ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, ალბათ შოკისმომგვრელ სიზმარშიც კი წარმოუდგენელია მსგავსი რამ.
რა არის ეს? არტისტული გადატრიალების მცდელობა თუ კარგად დადგმული ესთეტიკურად ლამაზი გადატრიალება? თუ რაიმეს ვერ გაცნობიერება, ვერ გაგება? აშკარაა, რომ თეატრალიზებულ-მითოლოგიზიებული უფრო სჭარბობს ამ სიტუაციაში, ვიდრე რეალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტას ემასახურება. რომელიც ქვეყანაში, რომელსაც ამხელა საგარე საფრთხე აქვს და შეიძლება ითქვას ბეწვის ხიდზე გადის პოლიტიკურ რეალობაში ახალი თამაშის წესების დამკვიდრებას უნდა ემსახურებოდეს, რომელიც თაობებს გადაეცემა.
ჩამოყალიბდება პოლიტიკური ღირებულებები, რომლის ბაზისი იქნება ქართული სახელმწიფო, ერთგვარი წითელი ზოლი, რომლის გადაბიჯება არავის ეპატიება. ამის მაგივრად, რაღაც სუციდურ-მანიაკალურ სინდრომით შეპყრობილ სივრცეს ვიღებთ. საშინლად მითოლოგიზირებულს, სადაც მითები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხელები ცაშია ატოტინებული, ადამიანები ხელში აყვანილი, პატრიარქის სიტყვა, რომელიც რაღაც პოზიციას არ ემთხვევა ძალდატანებით ნათქმევინებია..... მითები ენაცვლებიან ერთმანეთს და ეს ყველაფერი ძალას იკრებს, შესაბამისად მითებით იქმნება არაობიექტური თვალთმაქცური სამყარო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ეჩვენებათ, რომ ვიღაცაში წმინდა გიორგი შევიდა, თავისუფალი მედიის მოთხოვნა, რეალურად ამ მითოლოგიზირებულ სივრცეში მხოლოდ ოპოზიციური აზრის გახმოვანების სურვილია.
ეს ახალი რეალობაა, საპროტესტო პოლიტიკური მოთხოვნების ფონზე და არავინ აქცევს ყურადღებას რუსულ თამაშს, რომელიც მიმდინარეობს. თამაში, რომელიც თამაშობს თავის თამაშს და თავად არის სუბიექტი ამ თამაშის.
ამ რუსულ თამაშში კარგად ჩანს, მოვლენები ფაქტები, უახლესი ისტორიიდან. ეს თამაში დღეს გვთავაზობს იგივეს. ჩვენ დღესაც სუბიექტურ რეფლექსიაში მყოფები, ყოველგვარი რევიზიის გარეშე ვმონაწილეობთ იგივე თამაშში და არ ვითვალისწინებთ გამოცდილებას, ვინაიდან როგორც ვთქვი, სუბიექტივიზმი, რომლითაც ამ თამაშში ვმონაწილეობთ გვაკარგვინებს რევიზიის უნარს. ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიაზროთ ის, რომ ჩვენი სუბიექტივიზმი საერთოდ შორს არის თავად თამაშის სუბიექტური ხასიათიდან. შესაბამისად ამ თამაშში მოცემული რისკი არის ამოსახსნელი ამოცანა, რომელიც დასვა თავად თამაშმა სუბიექტმა. ჩვენ ამ ამოცანას ვერ ამოვხსნით, არადა ვცდილობთ, რომ ამოვხსნათ და ვიმედოვნებთ იქნებ 201 წელი მაინც იყოს კარგი ამ თამაშში.
სწორედ ამ ყველაფრის (რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ) გაუთვალისწინებლობაში, ცარიელ რიტორიკაში, მითოლოგიზირებულ-სიმბოლურ ყოფაში და რუსული თამაშის არგათვალისწინებაში ჩაფლულები ვართ. ამიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ რაღაც საშინელი სუიციდურ-მანიაკალური სინდრომით შეპყრობილი ერი ვართ და თითქოს გამოსავალი არ არსებობს, ან რაღაც ურყევი ნებით, ძალით და დაჟინებით უნდა იძლიოს ეს, მთელი ერის დაჟინებით, რომ ეს ყველაფერი არის ანაქრონიზმი, ეს ყველაფერი არის წარსული და დღეს ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიოს არ უნდა ვანახოთ მსგავსი თეატრი, საშინელი თეატრი, რომელიც გასცდა დახშულ სივრცეს, თეატრის კედლებს და სცენა ქუჩაში გადმოვიდა. უნდა გავიგოთ, პოლიტიკა რა არის, თეატრი რა არის, მითი რა არის, რიტორიკა რა არის, თამაში რა არის. მხოლოდ აქ ვხედავ გამოსავალს.
ირაკლი მარგველაშვილი
28.05.2009წ.
No comments:
Post a Comment