Friday 24 July 2009

რუსეთის თვითმკვლელობა კავკასიაში

თუ რუსულ ქართულ და რუსულ კავკასიურ ისტორიულ სამართლებრივ ანალიზს გავაკეთებთ შევამჩნევთ, რომ რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის მიმართ, აბსოლუტურად განსხვავდება რუსეთის კავკასიაში შემოსვლის პოლიტიკისაგან.
1783წ., როდესაც რუსეთმა გააფორმა ტრაქტატი საქართველოსთან ამის შემდეგ მთელი 18 წელიწადი პრქტიკულად მოანდომა იმას, რომ საქართველო დაესუსტებინა. ეს ფაქტები შესანიშნავად აქვს ასახული ივანე ჯავახიშვილს თავის პატარა წიგნში "რუსეთ საქართველოს ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში", რომელიც ეხლა გამოქვეყნდა პირველად. კომუნისტების დროს მას დღის სინათლე არ უნახავს. რუსეთმა პრაქტიკულად კრწანისის ომი ირანთან შეთანხმებით მოუწყო საქართველოს და ერეკლეს დიპლომატიამ ეს საკითხი ჭამა. ეხლა რაც შეეხება თემის მთავარ შინაარსს. რუსეთის იმპერიის მაშინდელი და დღევანდელი პოლიტიკური მოქმედებები რადიკალურად განსხვავებულია. მე-19 საუკუნეში, რუსეთმა მიიღო საქართველოს მხრდაჭერა, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ რუსეთი კავკასიაში შემოვიდა. შემოვიდა, და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის გეოპოლიტიკური მოქმედების ცენტრი არის კავკასია. ტერმინიც კი დამკვიდრდა მედვედევ-პუტინის მიერ. პრიორიტეტულად სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორია რუსეთისათვის. თუმცა, რუსეთმა 90 -იანი წლებიდან პრაქტიკულად მოახერხა და შექმნა საქართველოს დაკარგვის უდიდესი საფრთხე, რაც ასევე დაკარგვით დასრულდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა, თუ რატომ მოგახსენებთ.

რუსეთის შემოსვლა დაიწყო დაქუცმაცებულ საქართველოში. ჯერ მათ შემოიერთეს ქართლ კახეთი, 1801წ. იმერეთი, 1810წ. გურია 40 იან წლებში, სამეგრელო 1857წ. სვანეთი 1870წ. აჭარა და ახალციხე 1878წ. შეიძლება თარიღები ცოტა შემეშალა, მაგრამ იდეა არის ის, რომ მათ დაიწყეს საქართველოს გაერთიანება. ნუ იმ სისაძაგლეების ფონზე, რასაც ეკლესიის გაუქმება, ენის დავიწყება და.... თავად ეს იდეა, საქართველოს გაერთიანების, არის ჩვენი ისტორიული იდეა. ამიტომ მოკავშირეობა, მიუხედავად ასეთი სასტიკი მოპყრობისა მაინც შედგა. საქართველოს დახმარებით, მათ შეძლეს მთელი ჩრდილო და ამიერ კავკასიის დაპყრობა. ანუ საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დაუშვა და შემოუშვა რუსეთი კავკასიაში. საქართველოს მოკავშირეობის გარეშე რუსეთს ეს ძალიან გაუჭირდებოდა. თავად მოკავშირებაა გეოპოლიტიკური მიზნების შესრულების მთავარი მამოძრავებელი. ანუ რუსეთის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ აქცენტი გააკეთეს მოკავშირეობაზე და ამით შეძლეს კავკასიაში შემოსვლა.

დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი. ის აუცილებლად წავა კავკასიიდან და ეს იქნება აუცილებელი, ისტორიული ლოგიკა. ვინაიდან კავკასიაში ყოფნის, დარჩენის მთავარი პირობა არის მისი ცენტრალური სახელმწიფოს-საქართველოს მოკავშირეობა. თუ საქართველო უარს იტყვის ამაზე, დამპყრობელი აქედან მიდის. იძულებით რა თქმა უნდა ვერ მკვიდრდება. ეს იყო მთელი ჩვენი ისტორიის ლოგიკა. ან თუ საქართველო იბრძვის და ებრძვის იმპერიას, მაშინ ის აქ ვერ მკვიდრდება.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის პოლიტიკა ჩვენს მიმართ, ბოლო 15 წლის განმავლობაში. მან ყველაფერი გააკეთა, რათა მოეხდინა მისი, როგორც სახელმწიფოს დისკრედიტაცია ქართველების თვალში. დაწყებული 89წ. 9 აპრილიდან პრაქტიკულად რუსეთმა ყველა ნაბიჯი, რაც გადადგა ჩვენი მიმართულებით იყო შუასაუკუნეობრივი და ნეგატიური. დღევანდელი რუსეთი ძალიან ჰგავს 1915-17 წლის მეფის რუსეთს, მეთოდებით და მენტალობით. ასევე ბოლშევიკურ რუსეთს. პრაქტიკულად არაფერი შეუცვლიათ თავიანთ პოლიტიკაში, რაც გამოიწვევს მის გეოპოლიტიკურ მარცხს კავკასიაში. რუსეთმა დაუშვა კარდინალური შეცდომები, რომელიც მე-19 საუკუნის რუსეთს არ დაუშვია. მან იმ პერიოდისათვის საკმაოდ თნამედროვე მეთოდებით შეძლო საქართველოს მეკავშირეობის შეძენა, რაც ამ რუსეთმა დაკარგა. არადა საქართველოს გარეშე, კავკასიაში სიტუაციის შენარჩუნება შეუძლებელია. მან არჩევანი გააკეთა ისეთ კვაზი სახელმწიფოებზე, როგორიცაა ჩრდილო ოსეთი, აფხაზეთი, ყაბარდო ბალყარეთი, ადიღე.... ეს კვაზი სახელმწიფოები არის სწორედ რუსეთის მარცხი. მან დაკარგა მთავარი მეკავშირე. შესაბამისად, ის დაკარგავს კავკასიას. 93წ. შემდეგ რუსეთს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ მოეხდინა საქართველოს ინტეგრაცია რუსეთში. წინააღდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუგებარია აფხაზეთის ომის შედეგები, გამსახურდიას გადატრიალება, ასევე ცხინვალის რეგიონი. საქართველოს შემორიგება ადვილად იყო შესაძლებელი ამ ტერიტორიების საქართველოში ინტეგრაციით. რუსეთმა ყველაფერი გააკეთა პირიქით და საქართველოს კურსიც 1998წ. შეიცვალა. სტამბოლის შეთანხმების შემდეგ. რუსეთმა აგვისტოს ომით, პრაქტიკულად ხარაკირი ჩაიტარა კავკასიაში. შეუქცევადი გახადა რა ნატოს გაფართოება და ამ გაფართოების დაინტერესება დღეს აშშ-ის მხრიდან ძალიან გაძლიერებულია. ამ ხარაკირის ნაწილია ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება, რაც იყო იმ შეცდომების გვირგვინი, რაც პრაქტიკულად რუსეთმა 1993წ. დან დაუშვა. ისტორიული გამოცდილებით, საქართველოს გაერთიანების ეროვნულ ისტორიული იდეა დარღვეულ იქნა რუსეთის მიერ. ანუ მან დაუშვა კარდინალური შეცდომა, რაც აუცილებლად მას დააკარგვინებს კავკასიას. მოსალოდნელია უფრო საშინელი შედეგები, რომელიც შესაძლოა დადგეს და მას ეწოდება რუსეთის დაშლა.

გაუგებარია რატომ წარმოიდგინა რუსეთმა რომად თავი და ჩვენ რატომ წარმოგვიდგინა კართაგენად. მაშინ როდესაც ამის არავითარი აუცილებლობა არ იყო.

საინტერესოა თავად რუსული დიპლომატიის ფლიდობა, რომელმაც სწორედ ამ თვითმკვლეობის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.

ჩვენს ისტორიაში უკვე 200 წლოვანი გამოცდილება დაგვიგროვდა რუსულ დიპლომატიასთან ურთიერთობის. მხოლოდ ერთი გამოცდილება შემოგვრჩა. რუსული დიპლომატიის ფლიდობა და სხვათა შორის, ეს მხოლოდ ჩვენი გამოცდილება არ არის. პირველი იურიდიულ-დიპლომატიური ურთიერთობა 1783წ. მოხდა. გეორგიევსკის ტრაქტატით. ფლიდობა 1801წ. ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ კახეთის სამეფოს გაუქმება და რუსული მმართველობის დაწესება იყო. ერთმა საუკუნემ ლოკალურ აჯანყებებში და საბოლოო ჯამში შეგუების პროცესში გაიარა, მაგრამ 60-იანელების და ილია ჭავჭავაძის უიძლიერესი ეროვნული მოძრაობის გამო, შემონახულ იქნა ჩვენი ეროვნული იდეა თავისუფლებისა და ერთიანობისა. 1907წ. აგვისტო. სოც-დემოკრატების მიერ ილიას მკვლელობა, რომელიც განხორციელდა სწორედ მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს, მაშინდელი დუმის სენატორს, სერიოზული საკითხები ჰქონდა დაყენებული რუსეთის ხელისუფლების წინაშე, რაც საქართველოს ავტონომიიის მინიჭებას ემსახურებოდა. ასევე მის მიერ ხორციელდებოდა ეროვნულ დემოკრატიული პარტიის შექმნა. ანუ სერიოზული პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბება. მკვლელობა სწორედ რუსეთზე ორიენტირებულმა და რუსეთის სოც. დემოკრატიული პარტიის ქართული განაყოფის მიერ განხორციელდა.

1920წ. 7 მაისი ხელშეკრულება რუსეთთან. ნეიტრალიტეტის შეპირება საბჭოთა რუსეთისთვის და ინგლისელების დახმარებაზე უარის თქმა, რომლებიც ძალიან დაინტერესებული იყვნენ კავკასიით. ისევ ნდობა რუსეთისადმი და ისევ 1921წ. 25 თებერვალი. ინგლისის დახმარებით, ჩვენ შევძლებდით დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მინიმუმ მეორე მსოფლიო ომამდე. თუმცა ისევ რუსული ნდობა. უარი რეალურ დახმარებაზე, რასაც ინგლისელები გვთავაზობდნენ. ამ ხელშეკრულებით და ფლიდობით, საბჭოთა რუსეთმა, დაიკავა აზერბაიჯანი, სომხეთი 1920წ. შემოდგომაზე და მოადგა საქართველოს. მეთოდები იგივე. შულავერის მთავრობა, ცხინვალში ოსური ბუნტი და 25 თებერვალი. მთავრობა გაიქცა. ჟორდანიას ეროვნულმა გვარდიამ, რომელმაც 1918წ. 24 ივნისს (საბედისწერო დღეა ჩვენს ისტორიაში ამ დღეს დაგომისის ხელშეკრულებაც გაფორმდა) მოახდინა ნოე რამიშვილის გადატრიალება მთავრობის თავმჯდომარეობიდან. 70 წლიანი ჭაობი. 90 იანი წლები. ეროვნული მოძრაობა. 91წ. რუსული გეგმით ხელისუფლების დამხობა, ისევ რუსული ფლიდობა, შევარდნაძის დასმა, მაგრამ გარანტიების მიღება აფხაზეთის და ცხინვალის სახით. სამშვიდობოები. გაყინული კონფლიქტი. ისევ შეპირება, ესენგე, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულება ესნგ-ს ფარგლებში, შეპირება ტერიტორიების დაბრუნებაზე, ისევ ფლიდობა, ისევ ტყუილი. 2004წ. მკაცრი კურსი ნატოსკენ, ევროპისკენ, რუსული ბაზების გაყვანისკენ და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ. ისევ რუსული ფლიდობის მცდელობა, მაგრამ ამჯერად აღარ ვენდეთ. ამჯერად უარი არ ვთქვით აშშ-ის დახმარებაზე, კურსზე. დიპლომატიურმა ფლიდობა ამოვიცანით, როგორც იქნა 200 წლის მანძილზე.

ისევ 21 წლის მცდელობა, მაგრამ ამჯერად სასურველი მიზანი არ დადგა. ვერ მოახერხეს ვერც კურსის შეცვლა, ვერც აშშ ის დახმარებაზე უარი, ვერც ნატოსკენ სვლის შეჩერება, მაგრამ მოახერხეს გახლეჩვა ქვეყნის. გაააქტიურეს თითქოს მინავლული მე-5 კოლონა. იბრძვიან ყველა ხერხით. თუმცა ამჯერად მოხერხდა მათი ბინძური მიზნების გაცხადება. ამჯერადაც ცდილობენ, რომ გავიმეოროთ ის, რაც მანამდე. დღეს ჩვენ რუსეთს აღარ უნდა ვენდოთ. გვემუქრებიან, პროვოკაციებს აწყობენ, ათას სისაძაგლეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ დღეს გვყავს რუსეთზე 10 ჯერ ძლიერი მეკავშირე. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს მოკავშირე დაინტერესდა კავკასიით. ჩვენი ისტორია ინტერესების კონფლიქტია. ამიტომ აუცილებელია, რომ არცერთი ნაბიჯი უკან. თუ ჩვენ, შევძლებთ რუსულ ფოჩიან კანფეტებზე უარის თქმას, ჩვენ შევძლებთ ყველაფრის დაბრუნებას და ოკუპანტების განდევნას. საკმარისია, ვისწავლოთ, ჩვენი მტერი. არავითარი კომპრომისი რუსეთთან. ეს ეხება ხელისუფლებასაც და ეს ეხება საზოგადოებასაც. ორივე ინსტიტუტს შეუძლია სასიკვდილო ზიანის მიყენება. ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს ამის წინაარდეგ. ჩვენ არ გვაქვს ახალი 25 თებერვალი. რუსებს ეს უნდოდათ. სიბრიყვეა, ის რომ გიორგაძეს აქ ვერ მოიყვანდა ხალხი არ აირჩევდა.... შევარდნაძე არანაკლები სახელგატეხილი იყო, მაგრამ ჩამოვიდა. შეუცნობელია ძალნი პრ-ისანი.
ჩვენი შიდა პრობლემები უნდა დარჩეს ჩვენს გადასაწყვეტად. ისტორია მეორედება. 21წ. ისტორია, მაშინდელი პოლიტიკური განლაგებები როლების შეცვლით იგივეა. მაშინაც ავიღეთ დასავლეთის კურსი, მაგრამ მერე როდესაც ინგლისელებს უარი ვუთხარით დახმარებაზე ძალიან გავიკვირდა, დასავლეთმა ხმა რომ არ ამოიღო 25 თებერვალზე, არადა ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ. ჩვენ ვთქვით უარი ამ ყველაფერზე და შედეგიც ლოგიკური იყო. დღეს ეს არ გავაკეთეთ და დახმარებაც მივიღეთ. აი ეს არის განსხვავება.

აქვე მოვიყვან ნიცშეს იგავს "ასე იტყოდა ზარათუსტრადან". სულის სამი გარდასახვის შესახებ, ცოტა ალეგორიულ პლანში. უნდა მოვიშოროთ აქლემის სინდრომი, "მე მინდა" ეს ლომის მახასიათებელია და არ გვიღებენ, არ გვეხმარებიან, არ ვუნდივართ, გადაგვაგდეს, გაგვყიდეს.... ამ მე მინდასთან არის ძალიან სუსტი. ჩვენ, ჩვენს ისტორიაში, უნდა გადაჭრით ვთქვათ, ჩვენ გვინდა დასავლეთთან. აქ მერყეობა, სწორედ რუსის სურვილია. ისტორიული მეხსიერება, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. რუსეთის ნდობა უნდა დაიმსხვრეს ჩვენს მეხსიერებაში. ჩვენ ეს ვცადეთ, ვცადეთ უამრავჯერ. შედეგები მივიღეთ საშინელი. ამიტომ უდრეკ ნებასთან, უდრეკ ნებელობასთან ყველაფერი მარცხდება. რუსეთიც დამარცხდება და თუ რატომ, ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან რუსეთი უშვებს კარდინალურ შეცდომებს კავკასიაში. ომი, სამხედრო ძალა, ეს არის უკანასკნელი მოჰიკანი სიტუაციის შენარჩუნების და პოზიციების განმტკიცების. ეს არის დიდი სისუსტე და იძულება, ვინაიდან, რუსეთის სიდიდის ქვეყანას ეს არ უნდა სჭირდებოდეს. რუსეთი ხაფანგშია მომწყვდეული და საქართველო მისი აქილევსის ქუსლია კავკასიურ პოლიტიკაში. თუ ჩვენ შევძელით ამ ქუსლის მზის სინათლეზე გამოტანა, ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტი დამიზნებით, შეგვიძლია ამ ქუსლში ისრის გარჭობა, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს. არაფერი ახალი არ არის იმაში, რომ იმპერიების მიერ ჩვენი დაპყრობის შემდეგ მისი მომხრეები არსებობდენნ, მაგრამ მტკიცე ნებას, ყველა იმპერიის დამარცხება შეუძლია.

23.07.09წ.

No comments: