ბევრი დაიწერა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე. ჩვენს მომავალზე, როგორ უნდა იარსებოს დამოუკიდებელმა საქართველომ. არსებობს რეალობები და არსებობს რეალობის შექმნა. ამ შემთხვევაში, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ქართულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას ახალი რეალობა. ვცადეც კიდევაც, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.
აღნიშნული წერილის დაწერა შეუძლებელია, თუ არ დავბრუნდით უკან და მთლიანად არ გავიაზრეთ ჩვენს მიერ გავლილი ისტორია, უახლესი 20 წლის მანძილზე. არ გავაცნობირეთ ის შეცდომები, რომელიც დავუშვით. ჩვენს ადრინდელ წერილში „ისტორიული თამაშის ლოგიკა“ შევეცადეთ გლობალურად მოგვეაზრებია ქართული სახელმწიფოს ისტორიული ბედი და ის ფუნქციონალური დატვირთვა, რამაც ისტორიის ქარტეხილებს გამოგვატარა. ისევ ვსარგებლობთ იმ სენტენციით, რომ „ისტორია მეორდება მარად იგივეში.“ ჩვენი ფუნქციონალური არსებობა მსოფლიო ისტორიაში სწორედ იმით გამოიხატება, რომ საქართველო ისტორიულად დატვირთული იყო საგარეო აქტიურობის ფუნქციით რაც აძლევდა მას სიცოცხლისუნარიანობას. ამის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა.
რუსეთის იმპერიაში ყოფნა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა. რუსეთი არ ჰგავს იმ აღმოსავლურ პრიმიტიულ იმპერიებს, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ. ეს სულ სხვა იმპერიული ფენომენია, თავისი დახვეწილი ბოროტებით, თავისი მსოფლიო გავლენით, თავისი ინსტიტუტებით. ეს ყოფილი მსოფლიო ზესახელმწიფოა. ამიტომ მისი გავლენიდან გამოსვლა ყველაზე ძნელ ბრძოლად შეიშლება შეფასდეს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. რუსულმა იმპერიამ პრაქტიკულად მოიცვა მთელი საქართველოს და კავკასიის ტერიტორია, ადმინისტრაცია და შექმნა მძლავრი იდეოლოგიური ბაზისი, რათა არ მომხდარიყო მისი დემონტაჟი. ყველა ქმედება, რომელსაც იმპერია ახორციელებდა მიმართული იყო არამარტო ჩვენი ტერიტორიის დაკავებაში, არამედ ცხოვრების წესის, ადმინისტრაციული წესის შეცვლისკენ.
ყველა იმპერია, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამას არ ცდილობდა. ცდილობდნენ რელიგიის შეცვლას, ცდილობდნენ მოსახლეობის განადგურებას, ჩვენს ტერიტორიებზე უცხოტომელების ჩამოსახლებას, მაგრამ არავის უცდია შეეცვალა ადმინისტრაციული მოწყობის წესი. ეს მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ განახორციელა. მთლიანად შეცვალეს ადმინისტრაციული ცხოვრების წესი, გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და რაც მთავარია გახდნენ ჩვენი „მეზობლები“, ანუ დაიპყრეს ჩრდილოკავკასია და საქართველო მოსწყვიტეს თავის ბუნებრივ ზურგს.
თუ ღრმად დავაკვირდებით ეს საკმაოდ გამიზნული ნაბიჯი იყო. ერთის მხრივ საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ მოაზრებული იქნა როგორც კავკასიის ცენტრი. ეს მე-19 საუკუნეშიც ასე იყო. შესაბამისად იმპერიის მიერსაქარტველოს ანექსიის შემდეგ დაიწყო უკვე ცენტრის-საქართველოს გარშემო არსებული ტერიტორიების და ქვეყნების შემომტკიცება. ეს შეხებოდა როგორც ჩრდილო კავკასიას, სადაც იმპერიას თითქმის 50 წელი დასჭირდა დასამორჩილებლად, ასევე ამიერკავკასიას. ერევნის სახანო სწორედ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაიპყრეს 1826წ. თუ საკითხს შევხედავთ მარტივად, შეიძლება ითქვას ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. თუმცა ასე მარტივად ამ საკითხის ანალიზი ძალიან პრიმიტიულ სიტუაციას მოგვცემს და მართალიც არ იქნება.
რუსული იმპერიული ლოგიკა იმთავითვე გამორიცხავდა დაპყრობილი კავკასიის ერთ თემაში გაერთიანებას. ანუ თუ დაპყრობილია მთლიანად კავკასია, მაშინ განთავისუფლების შემთხვევაში უნდა განთავისუფლდეს მთლიანად კავკასია. ეს აუცილებლად უნდა გამორიცხულიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგებოდა მომავალში საკითხი იმპერიიდან კავკასიის განთავისუფლების, აუცილებლად უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი მთლიანი კავკასიის თემის განთავისუფლების გახლეჩვა-დანაწევრება. ამის ნათელი მაგალითი არის ის უკანასკნელი 20 წელი, რომელმაც ჩვენს თვალწინ გაიარა. ასევე წინა საუკუნის 20 იანი წლები, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლებში აბსოლუტურად კენტად მიმდინარეობდა და შედეგიც შესაბამისი დადგა. საქართველო სულ რაღაც 3 წელიწადში ანექსირებულ იქნა.
შესაბამისად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ეს შეცდომები. გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ.
1990წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ზვიად გამსახურდიას ბლოკი „მგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა. მიზანი ერთი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. იმპერიის მძლავრი წინააღმდეგობა ერ კიდე არჩევნებადე დაიწყო. კერძოდ 1990წ. 20 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა“ გამაცხადა საქართველოს შემადგენლობიდან ფაქტობრივი გასვლა. ანუ ამუშავდა იმპერიული ნაღმები. 1990წ. 12 დეკებერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოლქი გააუქმა, მაგრამ ბუნებრივია შეიქმნა დაძბულობის კერა.
1991წ. მარტში ჩეჩნეთში ხელისუფლებაში მოვიდა ჯოჰარ დუდაევი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას თანაუგრძნობდა. ასევე აზერბაიჯანშიც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული ძალები აბულფაზ ელჩიბეის მეთაურობით. თუ დეტალებში არ ჩავრღმავდებით 1991წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად არამარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ მთელი კავკასიის დამოუკიდებლობის მოწოდება გააკეთა. შესაბამისი მუშაობაც დაიწყო.
სწორედ აქ იკვეთება ნეგატიურად საქართველოს და რუსეთის იმპერიის გზები. როგორც კი საქართველოს მიერ თავისუფლების თემა გახდა არამარტო საქართველოს, არამედ კავკასიის თავისუფლება, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველყფა უნდა გამხდარყო, მაშინვე დაიწყო რუსეთის იმპერიიის მიერ კონტრ ზომების მიღება. ძალიან ნიშანდობლივი 1991წ. ზაფხულის ბოლოს ანდრეი სახაროვის მეუღლის ელენე ბონერის განცხადება: „მიხედეთ გამსახურდიას, თორემ კავკასიას დაკარგავთ.“
რუსეთის იმპერიაში დაიწყო აქტიური ქმედება ამ იდეის არამარტო გახლეჩის, არამედ სრული განადგურებისათვის, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა და 2008წ. აგვისტომდე მოგვიყვანა.
1991-1992 წლების მოვლენები და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა ამ გეგმის ნაწილი იყო. შემდეგ აფხაზეთში, სამაჩაბლოში განვითარებული მოვენებიც ამ გეგმის ნაწილი იყო. თუ კარგად დავაკვირდებით მოვლენების მდინარებას, ნათლად შევხედავთ, რომ საკითხი არც ისე მარტივად იდგა. გამსახურდიას მცდელობები, როგორმე არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიული დაყოფაბ განეიტრალებული იქნა მისი დამხობით. რუსეთის იმპერიამ ჯერ კიდევ 1991წ. ზაფხულში სცადა აფხაზეთში სიტუაციის ესკალაცია. თუმცა გამსახურდიას და მთლიანად მმართველი გუნდის საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილების გამო აფხაზეთში ომის მაგივრად არჩევნები ჩატარდა და აფხაზეთი მთლიანად მოექცა საქართველოს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ველში. ვფიქრობ ეს სერიოზული გამარჯვება იყო რუსეთის იმპერიის ქმედებებზე. თუმცა უკვე 1991წ. შეტევა რუსეთმა მიიტანა არა ტერიტორიებზე, არამედ უშუალოდ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე. 1991წ. ოქტომბერში საქართველოს უზენაესმა საბჭომ რუსეთის იმპერიის ჯარებს მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი. შეიძლება ითქვას, რომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთის იმპერიაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს მხრიდან. შევეცდები ავხსნა რატომ. როგორც მოგვეხსენება რუსეთის ფედერაციას იურიდიულად თავისი ჯარები საქართველოში არ ჰყავდა. საქართველოში დისლოცირებული იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზები.
შესაბამისად საბჭოთა კავშირის იურიდიული ლიკვიდაციის შემდეგ საბჭოთა ბაზებს არანაირი სამართლებრივი და კანონიერი საფუძველი საქართველოში ყოფნის აღარ ჰქონდათ. 1991წ.12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის იურიდიული ლიკვიდაციის შემდეგ, მის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციას ერთადერთი რაც დარჩებოდა ეს იყო ამ საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი ბერკეტი სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ჯარების ყოფნის, გარდა ამ სახელმწიფოს სურვილისა და შესაბამისი ხელშეკრულებისა არ არსებოდა. ასევე არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ საბჭოთა ბაზები, რომელიც რუსულ ბაზებად გადაკეთდა იურიდიულად (1991წ. 12 დეკემბრის სსრკ-ს ლიკვიდაციის შემდეგ) დარჩენილიყო საქართველოში, ვინაიდან საქართველო იურიდიულად 1918წ. დამოუკიდებელი საქართველოს სამართალმემკვიდრე იყო და არა საბჭოთა საქართველოსი. თუმცა არც საბჭოთა საქართველოს ჰქონდა რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული ამ ბაზების ყოფნისა საქართველოში. ამაზე არავის უზრუნია. თუმცა ამ შემთხვევაში ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
დღის წესრიგში რჩებოდა რუსული ბაზების საქართველოდან გასვლა, ასევე საქართველოს და კავკასიის თავისუფლების თემის ერთიანობა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური კონფიგურაციით. ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგობის მოძრაობით და ასევე სხვას ჩრდილოკავკასიური
ეს რეალობა შეუმჩნეველი რათქმაუნდა ვერ დარჩებოდა და ფორსირებულად დაწყო ამ გეგმის ჩაშლა. 1991-1992წ.მოვლენები სწორედ ამ გეგმის ჩაშლას ითვალისწინებდა. ასეც მოხდა. ვფიქრობ საინტერესოა გავაანალიზოთ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობა პოლიტიკურ, სამართლებრივ, ისტორიულ პლანში.
აფხაზეთის ომი
შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ალბათ, ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა იყო გადაგვეწყვიტა აღნიშნული საკითხი.
ეჭვგარეშეა, რომ ომის დაწყებას ჰქონდა იურიდიული წინაპირობა. სწორედ ეს იურიდიული წინაპირობა არის სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ ომი ინსპირირებული იყო. ამ შემთხვევაში აუცილებელია განვიხილოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. კერძოდ, 1992 წ. თებერვალში.
სამხედრო საბჭომ გააუქმა საქართველოს მაშინ მოქმედი 1978 წლის (შესწორებული) კონსტიტუციის და გამოაცხადა 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, რაც შესაძლოა ითქვას აბსოლუტური იურიდიული ნონსესი იყო. ეს განახორციელა ე.წ. სამხედრო საბჭომ კიტოვანის, იოსელიანის და სიგუას შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დეკლარაციაში აღნიშნული იყო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ დოკუმენტს აკლდა ყოველგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია.
უნდა ავღნიშნო, რომ ზ. გამსახურდიას მიერ 1978წ. კონსტიტუციის ძალაში დატოვება განაპირობა მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ ამ კონსტიტუციაში აღნიშნული და გათვალისწინებული იყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობა. ახალი კონსტიტუციის მიღებით პრაქტიკულად მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული დაშლა, ვინაიდან ურთულესი იქნებოდა ჩვენს ფედერალურ სუბიექტებთან ტერიტორიული საკითხების მოგვარება და ეს სიტუაციას დაძაბავდა. ამიტომ უმჯობესი იყო დარჩენილიყო ის სამართლებრივი სივრცე რასაც 1978წ. კონსტიტუცია მოიცავდა.
საქართველო იმის გარდა, რომ დარჩა კანონიერი ხელისუფლების გარეშე, დარჩა ძირითადი კანონის გარეშეც, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. აღნიშნული ქმედებით შესანიშნავად ისარგებლა ვლ. არძინბას ხელისუფლებამ. 1992წ. 23 ივლისს გამოაცხადა 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის ამოქმედება. საფუძველი იყო შემდეგი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1921 წ. კონსტიტუციაში “საერთოდ არ იყო მითითებული (თუმცა მითითებული იყო 107-ე მუხლში, მაგრამ არ იყო განსაზღვრული იურიდიული სტატუსი). შესაბამისად „გაწყდა“ იურიდიული ურთიერთობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის. 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებით შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი. ვინაიდან არ არსებობდა სხვა იურიდიული აქტი გარდა გაუქმებული კონსტიტუციისა, რომელიც მოაწერსრიგებდა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და ეს იურიდიულად სწორი მოსაზრებაა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო იურიდიული შეცდომა საქართველოს მხრიდან და პრაქტიკულად ომის დასაწყისისათვის მზადება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ თავად სამხედრო საბჭოს დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული არსებული რეალობა (სტატუსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, დეკლარაციაში არსებობდა დათქმა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი რჩებოდა იგივე რაც განსაზღვრული იყო 1978წ. კონსტიტუციით. ისმის კითხვა რატომ გახდა საჭირო ეს ჩაწერილიყო სამხედრო საბჭოს 1992წ. თებერვლის დეკლარაციაში?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოვლენების განვითარებაზე დაახლოებით იყო ნაფიქრი, მაშინ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაკეთება და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის კარტბლანშის მიცემა? მითუმეტეს, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით არ აღდგენილა ამ კონსტიტუციაში მითითებული სახელმწიფო სტრუქტურები და წყობა, მას არ მოჰყოლია სხვა სამართლებრივი შედეგები, გარდა აფხაზეთის სამართლებრივი პრობლემისა.
1992წ. 12 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, კერძოდ ვლ. არძინბამ მიმართა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეიქმნა იურიდიული ვაკუუმი და საჭირო იყო ამ ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულიყო სახელშეკრულებო საფუძველზე. რასაც ქართული მხარის მიერ პასუხი არ მოჰყოლია. უბრალოდ დაიწყო საომარი მოქმედებები, შემდეგი მიზეზით, უნდა დაგვეცვა რკინიგზა. შესაძლოა გვითხრან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებაო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არსებობს რეგულარული ჯარი და კანონიერი ხელისუფლება. 1992წ. 14 აგვისტოს როგორი სამხედრო ფორმირებები გვყავდა, ალბათ ამაზე კამათი არ ღირს და როგორ დაიცვეს ამ სამხედრო ფორმირებებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზა ესეც არაგვგონია საკამათო იყოს.
შესაძლოა შეგვეკამათონ და გვითხრან, არძინბას ხელისუფლების მხრიდან ეს თითიდან გამოწოვილი საკითხი იყო, რომლითაც ისარგებლა მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა თითიდან გამოწოვილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დგება მეორე საკითხი. რა ორგანო იყო სამხედრო საბჭო, რომელსაც შეეძლო თავისი 1992წ. თებერვლის დეკრეტით გაეუქმებინა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია? რამდენად ჰქონდა ამ დეკრეტს იურიდიული ძალა? იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ არძინბას რეჟიმის მიერ არაკანონიერი იყო 1921წ. კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სამართლებრივი ვაკუუმის წარმოშობა.
აბსოლუტურად გაუგებარია 1992წ. სამხედრო საბჭოს თებერვლის დეკრეტის სამართლებრივი მნიშვნელობა. აღნიშნულმა დეკრეტმა პრაქტიკულად შექმნა იურიდიული მარცხი აფხაზეთთან მიმართებაში, რაც შემდგომში განვითარებული მოვლენების წინაპირობა იყო.
აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობაში დიდი დაინტერესება რუსეთის მხარესაც ჰქონდა. შესაბამისად ადვილი სავარაუდო იყო, რომ თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, რუსეთი კონფლიქტში ჩაურევლობის განცხადებების ფონზე აუცილებლად ჩაერეოდა ამ ომში, რაც განახორციელა კიდევაც. მეტიც ის ფაქტობრივადაც დაფიქსირდა ამ ომში, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციის სახით, ასევე რეგულარული საზღვაო სამხედრო და საავიაციო ძალების სახით. აფხაზეთის ხელში ჩაგდებით რუსეთი დღესაც აკონტროლებს კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეს და ჩვენს შეცდომას დღესაც წარმატებით იყენებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზ. გამსახურდიას მიერ აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებისათვის მიღებული იყო რიგი ღონისძიებები. კერძოდ 1991წ. ზაფხულში მიღებულ იქნა კომპრომისული კანონი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ, რომელზედაც მუშაობდა ცნობილი იურისტი, დოქტორი ლევან ალექსიძე.
1991წ. საარჩევნო კანონით აფხაზებს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები, ანუ ვერ აგროვებდნენ კვორუმს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. დაწყებული სამხედრო გადატრიალებიდან შეცდომები აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში გახშირდა. გარდა 1992წ. თებერვლის დეკლარაციისა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, 1992წ. 25 მაისიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დატოვა ქართულმა დეპუტაციამ, რომლებიც 26 კაცის შემადგენლობით იყვნენ უმაღლეს საბჭოში. ეს სხდომა ბოლო სხდომა იყო, რომელსაც ქართველი დეპუტაცია დაესწრო. მოხდა აფხაზეთის კონფლიქტის ესკალაცია, როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად და მოხდა მხარეების (აფხაზები და ქართველები) პოზიციების რადიკალური პოლარიზაცია, რასაც მოჰყვა საქართველოს პოლიტიკური კოლაფსი. რატომ განხორციელდა ეს ქმედება დღემდე ბურუსითაა მოცული. რა პოლიტიკური შედეგი მოიტანა ქართული დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ბოიკოტმა გაუგებარია, მითუმეტეს რომ სწორედ ქართული დეპუტაციის მიერ უმაღლესი საბჭოს დატოვების შემდეგ მოახერხა არძინბამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღება აღადგინა 1925წ. აფხაზეთის სს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
მოგვიანებით 1992წ. 6 იანვრიდან აღნიშნულ კანონს ეწოდა „აპარტეიდული“ კანონი, თუმცა აღნიშნული კანონით საქართველომ თავიდან აიცილა იმჟამად სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან. ანუ კონფლიქტი დროებით მოწესრიგდა. მითუმეტეს რომ 1989 წელს სახეზე გვქონდა შეიარაღებული დაპირისპირება, სადაც 17 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, 11 ქართველი 5 აფხაზი და ერთი ბერძენი, ხოლო ოთხასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეცდომებს (ან იძულებას), რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ ქართულმა მხარემ დაუშვა შეცდომა, რატომ და რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი? ასევე უნდა დადგინდეს თუ ქართული მხარის მიერ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი, რა გარემოებები არსებობდა ამ ნაბიჯის გადადგმისათვის.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს მიერ ყველა ნაბიჯი გადაიდგა ომისაკენ და მთელი 7-8 თვის განმავლობაში არავის ჰქონია სურვილი მომხდარიყო მოლაპარაკება, თუნდაც უშედეგო, მაგრამ არ მივსულიყავით ომამდე. ამის სურვილი ნაკლები იყო მაშინდელ სახელმწიფო საბჭოში.
სიტუაცია დაიძაბა როგორც თბილისში, ასევე აფხაზეთში ადგილობრივი ქართველი პოლიტიკური ფიგურების მიერ. მიზეზი ბევრი იყო. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საჭირო იყო დევნილი პრეზიდენტის მომხრე ძალების განეიტრალება, რასაც თბილისშიც და შემდეგ სამეგრელოშიც მოჰყვა ეგზეკუციები.
მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ომისათვის მზადება რომ მიმდინარეობდა, და გამორიცხული რომ იყო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ეს შეიძლება დავინახოთ მოვლენების შემდეგ ქრონოლოგიაში: სამხედრო გადატრიალების შემდეგ თბილისში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მასობრივი მიტინგების დახვრეტა, სამეგრელოში დევნილი პრეზიდენტის მომხრეების მასობრივი განადგურება და ძარცვა, 1992წ. თებერვლის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებაზე და 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, სამხედრო საბჭოს ძალების გადაადგილება აფხაზეთში 1992წ. თებერვალ-მარტში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერების დასასჯელად, 1992წ. მარტი-აპრილის სადამსჯელო ღონისძიებები სამეგრელოში მეორედ, 1992წ. 25 მაისს ქართველი დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დატოვება, რომელიც მითითების გარეშე ვერ მოხდებოდა, 1992წ. 14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთების გადაადგილება აფხაზეთში და ომის დაწყება, 1992წ. 15 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე შევარდნაძის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენ არაფერზე არ შევჩერდებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვკვდეთ თავად, მაგრამ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც შესაძლოა იყოს ჩვენი სახელმწიფოს გაყოფის მიზეზი.
აი ეს არის ქრონოლოგია მოვლენებისა, რომლმაც აფხაზეთში ომამდე მიგვიყვანა. ამიტომ ამ საკითხებს უნდა მიეცეს პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება.
ჩემი დღევანდელი წერილი მინდა დავასრულო ზვიად გამსახურდიას 1993წ. 20 ივლისის მიმართვით ქართველი ერისადმი, რომეიც ვფიქრობ ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.
”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.
მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.
ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ.პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.
სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.
მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!”
შემდეგ წერილში განვიხილავთ, რუსეთის 1993წ. შემდგომ ქმედებებს თუ როგორ ხდებოდა იმ მარყუჟის გაკეთება, რომელმაც 2008წ. აგვისტომდე მიგვიყვანა და დღევანდელი საშიშროების წინაშე დაგვაყენა.
ირაკლი მარგველაშვილი
18.03.2010წ.
No comments:
Post a Comment