გიორგი კორნაპელის ამ ბწკარედით, რომელიც ჩვენი წერილის სათაურად გამოვიყენეთ, მისი პოემიდან „ნარცისი“, ზუსტად ესადაგება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 13 მარტს გაკეთებული ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა ქრონიკამ შექმნა. თუ გიორგი კორნაპელის ამ ბწკარედს გავაგრძელებთ, სრულ სურათს მივიღებთ, რომელზეც მჯელობასაც ავაგებთ: „და აღარაა ყოფნა: არსად და არსად (ნიმფა კიოდა: ნამსხვრევი სარკე ცვივა) წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა.“
დაიმსხვრა ყველა სარკე. „ქრონიკის“ მოდელირებულმა გადაცემამ დაამსხვრია ყველა სარკე, სადაც ვკეკლუცობდით და ვკოკეტობდით. დღეს განვითარებულ მოვლენები კი ამ სარკის ნამსხვრევებში ჩახედვის მცდელობაა ისევ, რასაც მავანნი ცდილობენ. სარკეში, სადაც არ სჩანს რეალობა, მხოლოდ რეალობის აჩრდილებს ვხედავთ. მითუმეტეს, დამსხვრეულ სარკეში, მითუმეტეს დანგრეულ მაყურებელთა დარბაზში, სადაც მშვიდად შევაბიჯეთ და მოვკალათდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ წარმოდგენის რეალური პერსონაჟები ვართ. მაყურებელთ დარბაზი და სცენა გაერთიანდა ერთ დიდ სცენად.
მესმის ყველაფერი, მესმის განწყობები, მესმის მაყურებელთა დარბაზში მყოფთა კომფორტულობა, მესმის ამ დარბაზში ყოფნით გაქცევის მცდელობაც, მაგრამ ისტორია რუსული იმპერიისა უნდა დასრულდეს საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ სპექტაკლში, რომელიც რუსულმა იმპერიამ დადგა საქართველოში 200 წელია და კომფორტულად მოგვათავსა მაყურებელთა დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ამ 200 წლის მანძილზე, მხოლოდ ამ დარბაზში ვიყავით მოკალათებულნი, და ვუყურებდით იმპერიულ სპექტაკლს, გავრბოდით, მაგრამ საოცრებაა: „წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“-ც. ჩვენ, დარბაზში მყოფებმა, ვნახეთ ეს საშინელი ისტორიული სპექტაკლი. ჩვენ გვაიძულებდნენ ამ ყველაფრის ნახვას, მაგრამ დგება დრო, როდესაც მაყურებელთა დარბაზი უნდა დაინგრეს, რითაც გაქრება იმპერიული სცენა, სადაც უამრავი საშინელება გათამაშდა. იცით რატომ? ისევ გიორგი კორნაპელს მოვუსმინოთ: „შავი ხავერდით ღამე იფარავს სახეს და გაცურდება, გაქრება შავი გედით, ყველაფრის ნახვით ვერაფერი ვერ ნახე და ყვავილი ხარ ლაჟვარდიანი ბედით“. ასეა. ყვავილები ვართ ლაჯვარდიანი ბედით და ჩვენი ბედისწერა თავისუფალი საქართველოა. მართლაც წამიერია გაქცევა არსად...
ინგრევა ყველა მაყურებელთა დარბაზი. ინგრევა იმპერიის ისტორიულობა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე თამაშდება. ხოლო რეაქციები და სურვილები, ისევ კომფოტულად მოვკალათდეთ, ლოჟაში, პარტერსა თუ იარუსზე, აღარ გამოვა. ჩვენ მონაწილეები უნდა გავხდეთ ჩვენი არჩეული თავისუფლების, ჩვენი არჩეული დამოუკიდებლობის, რომელიც ერთად ავირჩიეთ 1991წ. 31 მარტს საერთო სახალხო რეფერენდუმზე. ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ხშირად გავიქეცით, მაგრამ წამიერად, ჩვენ ამ არჩევანს ვერ გავუძელით, ჩვენ ეს არჩევანი 1992წ. 6 იანვარს გვინდოდა აბოლებული თბილისის კვამლისთვის გაგვეყოლებინა, მაგრამ ეს არჩევანი არ მომხდარა საარჩევნო ურნებთან, ეს ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში მომხდარი არჩევანია საუკუნეების განმავლობაში. ეს ჩვენი არჩევანია გადმოცემული გენეტიკურ კოდში, რომელიც უბრალოდ ფიქსირდება მარტივ სამართლებრივ ჩარჩოებში რეფერენდუმზე. ის მაყურებელთა დარბაზი, რომელიც ინგრევა, ის იმპერიული ისტორიულობა, რომელიც ამ დარბაზში თამაშდებოდა და ინგრევა, ამ არჩევანის შედეგია. აქ იმსხვრევა ყველა სარკე, აქ იმსხვრევა ყველა ილუზია, რომ ეს სხვამ გააკეთოს, ხოლო ჩვენ ისევ თბილ მაყურებელთა დარბაზებში დავრჩეთ, არ გამოვა. ტყუილი მცდელობაა. აქ ტექსტები უკვე ვიზუალურად არის დასანახი. ის, რაც ამ იმპერიულ სცენაზე გვანახეს ამ თეატრში, 2008წ. აგვისტოში, არ იყო სარკე, ეს რეალობა იყო.
რატომღაც მაინც ვცდილობდით გავქცეოდით ამ რეალობას. ისევ სარკე, ისევ თბილი დარბაზი, მაგრამ იმპერიულ სცენაზე გათამაშების საშინელი საფრთხე ისევ გვიახლოვდება. ჩვენ კვლავ მაყურებელთა დარბაზში გვინდა ვისხდეთ? ის სცენა სხვაგანაა? სხვაგან ხდება ეს ყველაფერი? აქ არ ხდება? 1921წ. კადრების ხილვისას, სადაც იმპერიულ სცენაზე კოჯორში დაცემული იუნკრების დალეწილ მკერდებზე წითელი დროშა აფრიალდა, პანიკამ რატომ არ შეგვიპყრო? იმიტომ, რომ ის უკვე გათამაშებული სცენაა? იმიტომ, რომ ის შავთეთრი კადრებია? არადა, ის ისეთივე ფერადი კადრებია, როგორც 2008წ. აგვისტო, ისევე როგორც 2010წ. 13 მარტის „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა, სადაც მხოლოდ სცენარი წაგვაკითხეს, რომელიც სცენაზე თუ გადავიდოდა, იმპერიულ სისხლიან ისტორიად მოაქცევდა სპექტაკლს.
მაშ რა ხდება? რა პარადოქსთან გვაქვს საქმე? როცა მუხათგვერდის სასაფლაოზე ჩვენი მკერდდალეწილი ბიჭების საძმო სასაფლაოა? სად გავრბივართ? რას გავურბივართ წამიერად? ლევ ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილს“?
მაყურებელთა დარბაზში იმპერიის სცენაზე გათამაშებული სისხლიანი ისტორიები რატომ არაა პანიკის და შოკის მომგვრელი? ანუ ის იყო წარსულში? ჩვენ არ გვემუქრება? არა ბატონებო. მაყურებელთა დარბაზის იმპერიული სცენა უნდა დაინგრეს, რომ აღარასოდეს ვნახოთ ის სცენარი, ის სპექტაკლი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით კვლავ უნდა დაიდგას იმპერიის დამპალ სცენაზე. ეს სცენა დანგრევის პირასაა, ხოლო ჩვენ მაყურებელთა დარბაზში უნდათ გვამყოფონ.
მიკვირს, როგორ მარტივად, როგორ სასაცილოდ ცდილობენ ამ სცენარის მიფუჩეჩებას. როგორ გადააქვთ აქცენტები, რომ ქვეყანა შეაშინეს, ხალხი დაზაფრეს. რატომ? მარტივი ტრიუკია, იოლია, მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება. ოღონდ არ ვისაუბროთ სცენარზე, ოღონდ არ ვისაუბროთ იმ ტექსტზე, რომელიც დაიდო, რომლის გათამაშებასაც იმპერია ცდილობს თავის სცენაზე, სადაც მაყურებელთა დარბაზში ისევ ჩვენ დაგვსვამს. სადაც იქნება მხოლოდ მაყურებელთა ლოკალური ცრემლი ცუდი სპექტაკლის ნახვის შემდეგ. იქნება თვალცრემლიანი მაყურებლების მიერ დარბაზის დატოვება.
სწორედ ამიტომ ფუთავენ, ამიტომ მალავენ იმ სცენარს, იმ ტექსტს მავანნი. არავინ საუბრობს ამ სცენარზე, რაც „ქრონიკის“ მოდელირებულ გადაცემაში წაგვაკითხეს. აი ამიტომაა ეს გაქცევა არსად.
მიმდინარეობს საშინელი პროპაგანდა, ამ სცენარის მიფუჩეჩების. ცუდი დიასახლისივით უნდათ ეს ნაგავი ოთახის კუთხეში მიგავონ და თვალს მიაფარონ. ოღონდაც არავინ ისაუბროს ამ სიუჟეტზე, ამ სცენარზე. ამას რუსული საინფორმაციო მანქანაც ცდილობს, მაგრამ მაინც იყიდებიან. 15 მარტის ნოღაიდელის განცხადება ამას მიუთითებს, რომ მაინც წავლენ რუსეთში, მაინც გააგრძელებენ მოლაპარაკებას რუსებთან, რომ მაინც იმუშავებენ საქართველოს „საკეთილდღეოდ“. რას ნიშნვს ეს „მაინც“? რატომ „მაინც“? ანუ რა ხდება, მთავარია ეხლა ეს სცენარი სადმე შეჩურთონ და მაინც გააკეთონ?
აღარ დარჩა კულისებში არაფერი. სცენის კულისები დანგრეულია. სცენაც მალე დაინგრევა. რა იყო ეს კულისები? ეს არის პუტინთან შეხვედრის კონტექსტი. ეს არის პრიმაკოვთან, გრიზლოვთან შეხვედრების კონტექსტი. ეს არის როგოზინთან და პუტინთან ბურჯანაძის შეხვედრის კონტექსტი. ვინ იცის ეს რა კონტექსტია? რომელმა იცით ამ დახურულ კარს მიღმა ჩატარებული საუბრების კონტექსტი რა არის? ვინმემ მოუსმინა? ან თავად თქვა რომელიმემ? ნუთუ არავის აინტერესებს ამ საუბრის კულისები და კონტექსტი რა იყო. სადაა მისი დაფარული მხარე? საშიში ამ შემთხვევაში არაფერია? იმიტომ, რომ არ გვესმის და ვერ ვხედავთ? სადაა პანიკა, სადაა შიში, სადაა დაზაფრვა. რატომ არ ვიზაფრებით ამ კონტექსტით? რატომ არ გვიყვებიან და გვასმენინებენ ამ კონტექსტს, ამ ფარულ საუბრებს. გვიფრთხილდებიან არ დავიზაფროთ? ისინი „კეთილები“ არიან, იმიტომ რომ „გვიფრთხილდებიან“, აბა ასეთი „არაადამიანური“ მოპყრობა შეიძლება, როგორც „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა მოგვეპყრო? სწორედ ამიტომ, წაკითხული სცენარის დავიწყებას გვირჩევენ, როგორც ცუდი სიზმარის. აქცენტები ჩვენზე ზრუნვაა, როგორ შეგვაშინეს, გვეფერებიან, თავზე ხელს გვისვამენ. თან გვეუბნებიან, თქვენი ადგილი მაყურებელთა დარბაზშია.
ამ საუბრების შესახებ არავინ იცის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც არ აინტერესებთ. „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა ამ კონტექსტის საფუძვლებს, ამ სცენარის საფუძვლებს ააქტიურებს. ამიტომ დღეს გულდასმით ფუთავენ ამ შინაარსს. სულ სხვა კონტექსტით საუბრობენ ამ შინაარსზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, ტყუილი მცდელობაა. არსებობს ტექსტი, არსებობს სცენარი, არსებობენ აქტიორები. ეს ყველაფერი არსებობს. ტვინში არ არის იმის ადგილი, რომ ეს ამხელა სცენარი შემალონ. ავიწყდებათ ერთი რამ, ეს ყველაფერი, ეს სცენარები, ეს აქტიორები ვერ დაიმალებიან. სიტყვებში, ლოგიკებში მათი დამალვა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ამ გადაცემამ ნათლად დაადასტურა, რომ იმპერია შიშველია, ქართველი აქტიორებიც შიშვლები არიან და ისინი თავიანთმა ქმედებებმა გააშიშვლა. ეხლა მთელი ეს მცდელობები, რომ ეს სცენარი შეიფუთოს და აქტიორები არ გამოჩნდნენ, ან რუსეთის იმპერია სადმე შეჩურთონ, შავ ნაჭერზე ჭრელი საკერებლის დადებაა. ტყუილი მცდელობაა. არ უშველის ამ ამყრალებულ სიტუაციას და მთელი ეს ფუთფუთი საკუთარი სუნით შეწუხებული აქტიორების ფუთფუთია. პარფიუმერმა თავისი საუკეთესო სუნამო შექმნა, რომლის სურნელიც მხოლოდ აქტიორებს სცემთ და სწუხან ამის გამო.
გეგმა ჩაიშალა. ის ჩაიშალა ისე, რომ აქტორები და სცენარის ავტორები აზრზე ვერ მოვიდნენ. საიდუმლო გამჟღავნდა. კონტექსტი გაიშიფრა. რატომ ფიქრობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათ საიდუმლოს ვინმე შეინახავდა? დაფარული ტექსტი აღარ არსებობს. ის გადაურჩა ბოროტი ხორხეს ხახას. ყველა მისამართი ამ ბიბლიოთეკა-ლაბირინთში უკვე ცნობილია. მაყურებელთა დარბაზები კიდევ ინგრევა, არავინ მოისურვებს იქ შესვლას დიდი საშიშროების გამო. ცოტაც და მთელი რიტორიკული არსენალი დასრულდება და სხვა ეტაპზე გადავალთ. აი ამ ეტაპზე გადასვლას აუცილებლად ახალი წერილით გაცნობებთ.
ირაკლი მარგველაშვილი
16.03.10წ.
1 comment:
და რა იქნება ის შემდგომი ეტაპი? ბოლო ეტაპი ყველაფრის დასასრულის (საქართველოს სახელმწიფოებრიობის) დასაწყისი თუ ახალი ქართული რენესანსის ეპოქის დასაწყისი?
Post a Comment