ამ წერილით გვსურს მოვახდინოთ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების მიმოხილვა, ანალიზი და პერსპექტივები. ვფიქრობ საინტერესო იქნება გავაანალიზოთ 2009-2010წ. მოვლენები. შიდა პოლიტიკური სპექტრის მოძრაობები ამ პერიოდში. რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩართულობის და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის წარმოების მიზეზები.
2009წ. გაზაფხულის დასაწყისში საქართველოში შეინიშნებოდა ერთგვარი აღტკინება, რომ უნდა მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა. მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ეს განხორციელდებოდა, მან ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების შესაძლებლობებს, როგორც ინტელექტუალურს ასევე ფიზიკურს გადააჭარბა და შესაბამისად ამ მოძრაობამ სრული ფიასკო განიცადა. მინდა ვთქვა, რომ ამ მოძრაობაში ისეთი დომხალი სუფევდა, როგორც ინტელექტუალური, ასევე დაგეგმვითი ხაზით, რომ ამ პროცესის წარმატების დასრულების ალბათობა ძალიან მცირე იყო.
ინტელექტუალურ რესურში ვგულისხმობთ აბსოლუტურ იგნორირებას იმისა, თუ რის მიღწევას ცდილობდნენ, როგორ, რა საშუალებებით და ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის მომავალს რა პერსპექტივა ჰქონდა. ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ასეთ ჭრელ ოპოზიციურ მოძრაობაში, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2009წ. გაზაფხულის აქციებში ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი მომავლის და პერსპექტივის ადგილი სად იყო არავინ იცოდა. ან რა ემუქრებოდა სახელმწიფოს ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში. სად იქნებოდა პოლიტიკური ამბიციების ადგილი და რა მიჯნა აღიმართებოდა ამ ამბიციებსა და სახელმწიფოს შემდგომი განვითარების პერსპექტივას შორის. ამას ნამდვილად დავარქმევ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პარტიები თავისი პოლიტიკური ცხოვრებით არ არსებობენ. მათი ქმედება უტოლდება ინერციულ, მიწყივ, არა დაფიქრებულ და ქვეყნის მომავალზე არაორიენტირებულ ქმედებას, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს რაც დადასტურდა კიდევაც.
ლოგიკაა ის, რომ ამ ინტელექტუალური რესურსის არ არსებობის, მომავალზე ორიენტაციის არქონის, მიწყივ და ინერციულ ქმედების დასრულება ხდება მარცხით. ამ შემთხვევაში სუბიექტივიზმი ისეთი ჭარბი ძალითაა წარმოდგენილი, რომ ობიექტური აღქმის უნარი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მომავლის შესახედათ, მისი პროგნოზირებისათვის, აბსოლუტურად დაქვეითებულია. ამიტომ ლოგიკურია, რომ მსგავსი მოძრაობა დაიშლება და ვერასოდეს შეძლებს გაერთიანებას. სამწუხაროდ ამ პროცესს ვერ ვუწოდებ ჯანსაღ პროცესს, პოლიტიკური ცხოვრების დუღილს. ეს ელემენტარულ ამბიციებზე გათვლილი პროცესია, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ მას დაუპირისპირდება ლოგიკური საპირწონე ძალა მარტივად მოახერხებს ასეთი მოძრაობის დაშლას, მთელი ამ მოძრაობის სადავეების ხელში ჩაგდებას და მის მიერ თამაშის საკუთარი სურვილით წარმართვის ალბათობა ძალიან მაღალია. ასეც მოხდა. ხელისუფლებამ საკმაოდ მარტივად შეძლო ასეთი მოძრაობის დაშლა- დანაწევრება და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, ეს ლოგიკურიც იყო, კარგიც იყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა ასეთი მოძრაობისთვის რაიმეს დათმობა.
შესაძლოა ამ თეზაში შეგვეწინააღმდეგონ, როგორ ხელისუფლება კარგია? არა, ხელისუფლება კარგი კი არ არის, ან ვინმეს კი არ სჯობნის, არამედ ხელისუფლება არის ლოგიკური და ის, ვინც არის ლოგიკური მას შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება. ვისაც პროცესებზე ზემოქმედება შეუძლია ის უფრო ძლიერია. ეს ელემენტარული ლოგიკაა.
თუ განვავრცობთ ამ აზრს, მივალთ საკმაოდ საინტერესო სურათამდე. 2007წ. შემდეგ საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცე ჩაიკეტა. ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. აქ უკვე დადგა საკითხი შემდეგნაირად: ვინ გაუძლებს. 2009წ. ვერცერთმა არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაუძლო ცდუნებას და მთლიან ამორფულ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ამ შემთხვევაშიც, როგორც 2007წ. ნოემბერში აბსოლუტურად, უცერემონიოდ, ურევიზიოთ მოხდა პროცესებში ჩართვა. პროცესებში, რომლის განვითარების, საბოლოო შედეგის დადგომის ალბათობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა გაცნობიერებული. აბსოლუტური დინების მიმართულებით ცურვა მიმდინარეობდა და სად გავიდოდა ეს მდინარე არავინ იცოდა.
შედეგებიც შესაბამისი დადგა. 2009წ. აპრილის აქციებმა პრაქტიკულად მოახდინა ამ ამორფული ერთობის დაშლა-დანაწევრება. შესაბამისად ჩაკეტილი შიდა პოლიტიკური სივრცე, რომლის მხოლოდ ჩრდილოეთის კარები იყო ღია თავის ლოგიკურ შედეგს მიაღწია. იმ დროს, როდესაც ორიენტაცია აღებული იყო მხოლოდ ხელისუფლების შესაცვლელად და მთელი ამ აქციების პათოსი ყველა პოლიტიკური ძალის მიმართული იყო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, შესაძლო შედეგზე არავის ჰქონდა ნაფიქრი. აქციების შემდგომმა პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ აქციების პათოსი სულაც არ შეეფერებოდა იმ სინამდვილეს, რაც მასში მონაწილე ბევრი პოლიტიკური ძალის შემდგომი ნაბიჯებით გამოჩნდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ აქციების რიტორიკა აგებული იყო და აბსოლუტურად იდენტური იყო რუსული რიტორიკის, რომელიც 2008წ. ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ რიტორიკის ლოგიკური გაგრძელება იყო ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ 2010წ. გადაიდგა. პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს იმ ჩრდილოეთის ღია კარებში გასვლა მოსკოვის მიმართულებით, რომელიც ჩაკეტილ შიდა პოლიტიკურ ველზე ღია დატოვეს. არ ვიტყვი, რომ რაიმე იყო არალოგიკური. ქმედებები, რიტორიკა და ლოგიკა ერთ კორელაციაში მოექცა და აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ეს ყოველივე.
2010წ. უკვე ნათელი გახდა, რომ იმ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც 2009წ. სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად იდგა ხელისუფლების წინააღმდეგ მოსკოვში გაემგზავრნენ. საიდანაც ჩამოიტანეს შეფუთული იდეა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეას ბევრმა სხვა ოპოზიციურმა ძალამ დაუჭირა მხარი. ეს დროში სად მიიყვანს ამ ძალებს არ ვიცით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ იმ ღია კარებში სხვებიც გავიდნენ.
რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რატომ მოხდა, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვიტა დადგომოდა იმ გზას, რომელიც თუნდაც ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში აბსოლუტურად უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ დადანაშაულებული იქნებოდა აგვისტოს ომის შედგებში, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის მიერ მოხდებოდა გარკვეულწილად სწორედ ამ ომის შედეგების ლეგალიზაციის მოთხოვნის დაყენება. უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ამ აბსოლუტურად წაგებულ ნაბიჯზე წასვლა ღირდა ხელისუფლებაში მოსვლისათვის. როგორც ეტყობა ღირდა, ვინაიდან ოპოზიციის ნაწილის რუსეთის ლეგალურმა ვიზიტებმა ეს ყოველივე დაადასტურა. დაადასტურა იმ აქციების (2007-2009წწ.) შესაძლო წარმომავლობა, მაგრამ სულაც არ გამიკვირდება, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონოდა.
ვერაფერს დავიჩემებთ. 2010წ. საარჩევნო წელია. არჩევნებამდე პოლიტიკური სუბიექტები მოსკოვში გაემგზავრენ. რუსეთის სურვილი იყო შემოსულიყო საქართველოს შიდა პოლიტიკაში არჩევნების წინ, რათა მოეხდინა საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და შემდგომი ნბიჯების უკეტ დაგეგმვა. ქართული ოპოზიციის ნაწილი ამაზე დათანხმდა, მაგრამ როგორ უნდა შეიფუთოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთში გამგზავრება, რუსეთთან კონტაქტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ გვამად ჰყავთ გამოცხადებული, ეს უცნობია და არც გამოსდით.
უნდა ითქვას, რომ რუსეთში წასული პოლიტიკური ლიდერების მთავარი ამოცანა არის საქართველოში მათი პოზიციების გაძლიერება რუსეთის დახმარებით და აქ არანაირი დემაგოგია, რომ მხოლოდ იმისთვის მიდან მოსკოვში რუსეთთან დიალოგი აწარმოონ არ გავა. მთელი მათი ნაბიჯები, რომელიც გადადგმულ იქნა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერ ფასად, აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს ამ საქმეში რუსეთში დახმარებისთვის ჩასვლას. აქ ნებისმიერი საუბარი, ერთფეროვან ნაჭერზე ჭრელ საკერებელს დაემსგავსება.
რუსეთის დედაქალაქში ვიზიტები, თავად რუსეთის სურვილი შემოვიდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში, არ არის საქართველოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი და ეს ელემენტარული ლოგიკაა. ქვეყანა, რომელმაც 2 წლის უკან მთელი საქართველო დაბომბა არ შეიძლება 2 წლის შემდეგ კეთილი სურვილები ამოძრავებდეს და ამის დაჯერება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ლოგიკას. პირიქით, რუსეთის მიზანი საქართველოს საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებში მოქცევაა, რაც არაერთხელ დადასტურდა და განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე ოპოზიციური ნაწილის მოსკოვში ვიზიტები რას უნდა ემსახურებოდეს ვფიქრობ დიდი მიხვედრა ამას არ სჭირდება.
ხელისუფლების შეცვლის სურვილი იმდენად დიდია ოპოზიციური სპექტრში, რომ პრატიკულად ყველა ნაბიჯზე, ყველა შესაძლებლობაზე მიდიან. საკვირველია, მაგრამ მზად არიან რუსეთი შიდა პოლიტიკაში ჩართონ. 2009წ. აქციები ამის პროლოგი იყო, თუ უფრო წინ წავიწევით 2007 წლის მოვლენებიც ამის პროლოგია. ურევიზიო, გაუთვლელი, წინდაუხედავი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მხოლოდ ერთი რამ გამოაჩინა. პოლიტიკური ინფანტილიზმი. სხვას ვერაფერს დავარქმევთ ამ მოძრაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წავიდეს ნებისმიერ ნაბიჯზე, სადაც აბსოლუტურად არ არის მოაზრებული ქვეყნის მომავალი, ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მათ ნაბიჯებს მოჰყვეს, არ არის მოაზრებული სახელმწიფოს განვითარება, მისი მდგომარეობა და მაინც დგამ ამ ნაბიჯებს ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ამ შემთხვევაში ნებისმიერ კეთილშობილურ ლოზუნგს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საქართველოს მომავლის გადარჩენა.... მხოლოდ სიყალბეა და მეტი არაფერი.
საინტერესოა საქართველოს უახლესი ისტორიის პარალელი. ასეთი ინფანტილური, ასეთი დაუგეგმავი, 1992წ. გადატრიალების მომწყობნი არ ყოფილან. მათ იცოდნენ რას აკეთებდნენ, მათ იცოდნენ რომ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ აქ ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდოდა და ასეც მოხდა. დღეს ეს არ არის. დღეს პრაქტიკულად ოპოზიცია ინფანტილიზმში ჩავარდნილი. მათ ბავშვურად უნდათ..... და მეტი არაფერი.
უნდა ავღნიშნო, რომ აბსოლუტურად არ არის მოაზრებული ოპოზიციური სპექტრის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკის განვითარების მომავალი. ის ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ წარმოადგენდა დასავლური ღირებულებების მატარებელ ძალას საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სრულიად დაუფარავად რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან კავშირები გააბა, იმის ნაცვლად, რომ მას წინ აღდგომოდნენ და მოეხდინათ შიდა პოლიტიკური ოპოზიციურ ფლანგზე სრული გამარჯვება და მასიმალურად შეეზღუდათ რუსეთთის ინტერესები ამ ფლანგზე, აბსოლუტრად ინფანტილურად მიუდგნენ საკითხს. მათთვის გაუაზრებელია ის საშიშროება, რომელსაც შექმნის პრორუსული ოპოზიციური სპექტრი საქართველოში. ამ შემთხვევაში სწორედ მათ მიერ იყო გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რომ მომხდარიყო ამ ოპოზიციური სპექტრის შევიწროება.
მათ გაუაზრებელი აქვთ რუსული სქემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. მოახდინონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციური ძალის დისკრედიტაცია და დამარცხება შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მოახდინონ საკუთარი ძალების მობილიზაცია და ხელისუფლების წინაშე დარჩნენ პირისპირ მხოლოდ ეს პრორუსული ოპოზიციური სპექტრი. რითაც შეიქმნება შემდეგი სურათი. ერთადერთი გავლენიანი ოპოზიციური ნაწილი, რუსული სქემით იქნება სწორედ პრორუსული ოპოზიცია. რომლის უკანაც დადგება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რომელიც მომავალ არჩევნებში გამარჯვების გარანტია იქნება სწორედ ამ ძალებისთვის. დასავლური ღირებულებების მატარებელი ოპოზიციური სპექტრის დასუსტება და დამარცხება სწორედ რუსეთს აწყობს. მათი გეგმაა, ჯერ ჩამოიცილონ პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, შემდეგ მოახდინონ ხელისუფლების დამარცხება. ამის ვერგაცნობიერება არის სწორედ დიდი ინფანტილიზმი.
თუ დავაკვირდებით 2010წ. მაისის არჩევნებს, პრორუსული ოპოზიციური სპექტრის მხოლოდ ერთმა ნაწილმა მიიღო მასში მონაწილეობა ეს ნოღაიდელის „ეროვნული საბჭო“ იყო. ხოლო მეორე ნაწილმა ბურჯანაძის ფრთამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. ეს ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო რუსული გეგმის მიხედვით. მათი მთავარი ამოცანა იქნება 2012 წლისათვის სრულად მოახერხონ პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის ნეიტრალიზება და არჩევენებზე დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას საკმაოდ ძლიერი ფრონტით. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის პროდასავლური ნაწილი ვერ აუღებს ალღოს ამ ახალ რეალობას საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. რისი ნიშნებიც უახლოესი თვეების მანძილზე უფრო გამოჩნდება.
თუმცა არ იქნება გასაკვირი, როგორც 2007 და 2009 წლებში იმდენად დიდი იყოს ცდუნება ხელისუფლების ხელში ჩაგდების, სწორედ ამ პრორუსულ ძალებთან ერთად, ურევიზიოდ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე და იმის იმედით, რომ ხელისუფლების გადაყენების შემთხვევაში ძვალს გადაუგდებენ ისევ მათთან დადგნენ, როგორც ეს წინა წლებში გააკეთეს. ჩვენ ხომ წინა წლებში პოლიტიკური ინფანტილიზმის დიდი გამოცდილება გვაქვს.
2010წ. მაისის ადგილობრივ არჩევნებში ნაჩვენები შედეგით პროდასავლური ტიპის პარტიებს შემდეგი მოქმედებების გაძლიერების და პრორუსული ოპოზიციური ძალების დამარცხების, შიდა პოლიტიკური ველიდან გაძევების მშვენიერი სტარტაპი მიეცათ. ამას ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. თუმცა, იმ გასული წლების ინფანტილიზმის ფონზე, რამდენად გამოიყენებენ ამ მდგომარეობას ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ეხლახანს გაჟღერებული პოლიტიკური „ალიანსის“ დაშლა, სადაც ოთხი პარტია მოანწილეობდა ამის იმედს ნაკლებად ტოვებს.
გაგრძელება იქნება.
17.06.2010წ.
No comments:
Post a Comment