Tuesday, 15 June 2010

რუსეთის მიერ საქართველოს იზოლაციის მცდელობა

ალბათ, საინტერესოა მიმოვიხილოთ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის რამდენიმე ასპექტი, რომელიც მართალია საუბრის თემა გახდა, მაგრამ უფრო ნიშნის მოგების. 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი აღმოჩნდა რა, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, გადაწყვიტა აგრესიის ტაქტიკა შეეცვალა. ტაქტიკა შეიცვალა და მაქსიმალური ძალისხმევა გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო საქართველოს იზოლაცია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ათვლის წერტილად ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება: „სააკაშვილი პოლიტიკური გვამია“. საქართველოს იზოლაციაში მოქცევის გეგმამ სწორედ ამ ფრაზიდან დაიწყო მოქმედებაში მოსვლა.
ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებამ საკმაოდ დადებითად იმოქმედა ამ გეგმის განხორციელებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა მზად ახალ ადმინისტრაციასთან სათანამშრომლოდ. ვფიქრობ სუბიექტური მიზეზებით უნდა ავხსნათ. რესპუბლიკური პარტიის დამარცხებამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ავტომატურად აქცია ეს პარტია ახალი ადმინისტრაციის ოპოზიციად. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირები ძირითადად მიმართული სწორედ რესპუბლიკური პარტიისკენ იყო, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება, კიდევ ვიმეორებ სუბიექტური მომენტის გამო აღმოჩნდა ამერიკის ოპოზიციის ბანაკში. ანუ რესპუბლიკელებთან ერთად. ამით ისარგებლა სწორედ რუსეთმა და თავისი იზოლაცინისტური ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ მთელს ევროკავშირში გაშალა.
რუსეთის ამ ნაბიჯებს ასევე ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლების საკმაო პასიურმა პოლიტიკამ. ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად დაბნეული აღმოჩნდა. ვფიქრობ კარგად არ იყო გაანალიზებული საქართველოს თვისობრივად ახალ გეოპოლიტიკურ თამაშში ყოფნა.
ამ პროცეში გამოჩნდა ხელისუფლების შებოჭილობა ახალ ადმინისტრაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ 2009წ. ზაფხულში ბარაქ ობამას ვიზიტისას მოსკოვში საქართველოს საკითხზე ამერიკის პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამერიკა საზღვრების ახალ გადანაწილებას არასოდეს ცნობდა, ასევე ჯო ბაიდენის ვიზიტმაც საქართველოში ეს საკითხი კიევ უფრო გამჭვირვალე გახდა, ხელისუფლება ვერ გრძნოდა თავს თავისუფლად. შებოჭილობა შეინიშნებოდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ძველ ადმინისტრაციასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობების შემდეგ, როგორც ძველი ადმინისტრაცია აღმოჩნდა ოპოზიციაში ობამას ადმინისტრაციასთან, ამან გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზეც მოახდინა. თუმცა ეს ყოველივე დასრულდა 2010წ. აპრილში პრეზიდენტის ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმის გამო, რომ რუსეთს საკმაოდ მძლავრი ბერკეტები აქვს ევროკავშირში, რიგი ფსიქოლოგიური, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გამო, მოახერხა ამ იზოლაციის მოქმედებაში მოყვანა. რას ვგულისხმობთ ამ ფაქტორებში. ომის დღეებში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, ალბათ გვახსოვს ევროკავშირის საკმაოდ მწვავე პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. გვახსოვს ევროკავშირის სექტემბრის დადგენილება, რომელიც საკმაოდ მწვავე იყო რუსეთის მიმართ. ასევე ამერიკის ადმინისტრაციის ძალიან მწვავე განცხადებები, რომელიც კონდოლიზა რაისმა მარშალის ფონდში გამოსვლისას საკმაოდ დეტალურად გაახმოვანა.
რუსეთმა აამუშავა სამივე ფსიქოლოგიური, სუბიექტური და ობიექტური ფატორები, რათა მოეხდინა თავისი მიზნების განხორციელება. მისთვის იმ ეტაპისთვის მთავარი იყო მოეხდინა ევროპელი ლიდერების დაჯერება და ეს ასეც იყო, რომ სააკაშვილთან თავად არ საუბრობს. ასევე საკუთარი პირადი ურთიერთობების და ობიექტურად არსებული ბერკეტების დახმარებით მოახერხა მსოფლიო რიტორიკაში დაბრუნება. ამისთვის საკმაოდ ბევრი იმუშავეს. ასევე მოხდა იმ ფაქტორისპედალირება, რომ ევროპელ ლიდერებს სულაც არ აწყობდათ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი, წმინდა ფსიქოლოგიური მომენტის გამო. ეს მდგომარეობდა შემდეგში, პრაქტიკულად არანაირი გაგრძელება არ მოჰყვა 2008წ. ევროკავშირის რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. სავარაუდოდ ამაში დასავლეთ (ძველი ევროპა) ევროპულმა ქვეყნებმა ყველაზე მეტი წვლილი შეიტანეს. შესაბამისად მათთვის საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმული კითვები ამ პასიურობის შესახებ. აბსოლუტურად ადამიანურია ის, რომ მსგავსი კითხვების მოსმენა ძალიან არასასიამოვნოა, ხოლო თუ არსებობს საშუალება შეიფუთოს ამ კითხვების არდასმა რაიმე პოლიტიკური ინსინუაციით, სიამოვნებით მიმართავენ ამ ხერხს და ესეც ერთობ ადამიანურია.
საინტერესოა რატომ მოხდა ეს. დეკლარაციის დონეზე და სამწუხაროდ სწორედ დეკლარირებულად იქნა ეს ჩვენთვისაც მოწოდებული, ევროპა ვერ უღალატებს საკუთარ პრინციპებს. არ აღიარებს რუსეთის სტატუსკვოს კავკასიაში. არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეს პრინციპებია. მიუხედავად ამისა, ის არ აამოქმედებს ქმედით ნაბიჯებს, რაც გამოიხატება რუსეთის იძულებაში შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, მანამდე სანამ მსოფლიო გეოპოლიტიკური კონიუნქტურა არ მისცემს მათ ამის საშუალებას. ცოტა ისტორიულ პარალელებს თუ მოვიშველიებთ უფრო ნათელი გახდება ჩვენი მსჯელობა.
1945წ. იალტის კონფერენციაზე საბოლოოდ განისაზღვრა ახალი მსოფლიო წესრიგის მაშინდელი გადანაწილება. გეოპოლიტიკურ მაგიდას მხოლოდ 2 სახელმწიფო მიუჯდა. რუსეთი, წარმოდგენილი საბჭოთა კავშრის სახით და ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპა ამ მაგიდასთან არ იჯდა. 90-იანი წლებიდან ამ მაგიდასთან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა. ევროკავშირის შექმნა იყო სწორედ ის წერტილი, როდესაც ძველმა ევროპულმა გრანდებმა საფრანგეთი-გერმანია მოინდომეს ამ მაგიდასთან დაჯდომა, რა თქმა უნდა საკუთარ არიალზე. სწორედ რუსეთით დაიწყეს ევროპელებმა ამერიკის წინაშე მანიპულირება და ეს განსაკუთრებით 21 საუკუნის დასაწყისიდან გახდა თვალშისაცემი. შესაბამისად დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დათბა. ბევრი ფაქტორის გამო. ძირითადი იყო, სწორედ ევროპის სურვილი მოეხდინა რუსეთის მეშვეობით ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება გეოპოლიტიკურ ასპექტში, რაც გულისხმობდა დასავლეთ ევროპის გარკვეულწილად დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშის წარმოებას. რუსეთისთვის ეს იყო საკმაოდ მომხიბლავი იდეა და პრაქტიკულად ახალი შესაძლებლობა მოეხდინა მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების გაზრდა. პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მითუმეტეს, რომ რუსული პოლიტიკა ენერგომატარებლების მონოპოლიზებას ემსახურებოდა, რაც საკმაო ბერკეტი იყო მისი პრეტენზიების დაკმაყოფილებისა ევროპულ პოლიტიკაში ჩართულობის გზით. რუსეთისთვის ეს ფანჯრიდან გეოპოლიტიკურ ველზე სწრაფად გადაძრომის პოლიტიკა იყო და არის.
ვინაიდან რუსული გეოპოლიტიკა აუცილებლად მოიაზრებდა თავისთავში კავკასიაში ყოფნას, ხოლო საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ხელს უშლიდა, აბსოლუტურად ლოგიკური გახდა რუსეთის სურვილი მოეხდინა საკუთარი ინტერესების გატარება როგორც კავკასიაში ასევე საქართველოში. სწორედ ამის გამოძახილი იყო 2008წ. აგვისტოს ომი.
ევროპისთვის 2008წ. აგვისტოს ომი საკუთარი პრინციპების ხელყოფად შეფასდა, ვინაიდან მსგავსი პრეცენდენტის დაშვება სწორედ მომავალ ევროპის უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას, რისი დაშვებაც არ შეიძლება. თუმცა საქართველოს ამით მხოლოდ პოლიტიკურ სამართლებრივი სარგებელი ერგო და არა ფაქტობრივი. ქართული ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ევროპა შემოიფარგლა სწორედ პოლიტიკურ სამართლებრივი საფუძვლებით. მატ პრატიკულად უარი თქვეს გაეტარებინათ ფაქტობრივი ღონისძიებები და ეიძულებინა რუსეთი მოეხდინა საკუთარი ვალდებულებების შესრულება.ეს შესაძლოა დავაბრალოთ იმ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
თვალში საცემია ის გარემოება, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008წ. მოფიქრებული და მოაზრებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. დროის სიმცირემ რუსეთს არ მისცა საშუალება, რომ საქართველოს საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა, ანუ მოეხდინა საქართველოს ჩართულობა საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში.
სწორედ ამიტომ იზოლაციის მცდელობის პროცესი ამის გამო დაიწყო. ეს იყო იმ პროცესის საპირწონე ქმედება, რომელიც რუსეთმა 2008წ. აგვისტოს ომით შექმნა, რასაც მხარი არ დაუჭირა მსოფლიო თანამეგობრობამ. რუსეთის ეს ნაბიჯები საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგზე იყო მოფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის 2008წ. აგვისტოს ომს არც ევროკავშირი და არც აშშ არ ეთანხმებოდა და აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, რუსეთს გააჩნდა საკმაოდ სერიოზული ბერკეტები ევროპის წინააღმდეგ, რომ საქართველოს იზოლაცია მოეხდინა, სრულყოფილად თუ არა, ემუშავა მაინც ამ საკითხზე საკმაოდ ქმედითად.
რუსეთმა შეძლო ერთმანეთისთვის დროსა და სივრცეში დაემთხვია ისეთი საკითხები, რომელიც მას მისცემდა საშუალებას, მიუხედავად ევროკავშირთან და აშშ-თან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განსხვავებული პოზიციებისა, მაქსიმალურად მოეხდინა საკუთარი პრესტიჟის აღდგენა. გამოეყენებინა ამისთვის ენერგო მატარებლების ბერკეტები. სწორედ ამ ბერკეტების გამოყენებით, რუსეთმა შეძლო მიერო ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოებისაგან უტყვი თანხმობა, რომ აგვისტოს ომი დაებრალებინათ საქართველოსთვის და დაევიწყებინათ. ეტაპობრივად ეს ნამდვილად მომგებიანი იყო რუსეთისთვის. მას სჭირდებოდა საქართველოს თემის დახურვა და არა პედალირება. სწორედ ამის გამო მოახდინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების გაძევება. (ეუთო, გაერო). ასევე სასტიკად შეეწინააღმდეგნენ ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირება რუსეთს ამ საკითხის დახურვის საშუალებას არ მისცემდა. ამიტომ მათ ეს ბერკეტებიც გამოიყენეს. რაც შეეხება ევროკავშირს, მათ პრინციპში ეს ლოგიკა მიიღეს. მიიღეს იმის გამო, რომ სადღაც რუსეთის ფაქტორი მათ პრინციპებზე მეტი აღმოჩნდა. რუსეთის არ გაუწიეს წინააღმდეგობა რომ საკითხი არ დახურულიყო. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გეოპოლიტიკურ არენაზე საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სხვა პრიორიტეტით, ირანის საკითხით ჩაენაცვლებინა. ამით საკმაოდ კომფორტული პირობა შეუქმნა ევროკავშირს საქართველოს გარკვეულწილად იზოლაციის კუთხით. რაც გულისხმობდა საქართველოს საკითხის დახურვას, საკითხის დროში გადადებას, დროის მოგებას.
ამ პროცესებს პარალელურად სდევდა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობა მოხდინა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე შემოსვლა და ამ კუთხით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელება. არ შეიძლება პროცესები ცალცალკე განვიხილოთ. ჩემის აზრით პროცესი განხილულ უნდა იქნეს ერთიანად. ვგულისხმობთ შემდეგს, რუსეთის მიერ საგარეო იზოლაციონიზმის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მის შემოსვლის მცდელობაზე საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს იზოლაციის ფონზე მოახდინოს საქართველოში შიდა პოლიტიკურ ველზე გამარჯვება, რითაც პრაქტიკულად გადაწყვეტს საქართველოს საკითხს. მოაქცევს საქართველოს საკუთარ გეოპოლიტიკურ ველში და დაუქვემდებარებს თავის იმპერიულ პარადიგმას. პროექტი ძალიან ჰგავს უკრაინის ვარიანტს, სადაც რუსეთმა შეძლო მისი განხორციელება, მოიყვანა ქვეყნის სათავეში ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მის მიმართ ძალიან ლოიალურად არის განწყობილი.
რუსეთის მცდელობას შემოსულიყო შიდა პოლიტიკურ ველზე მხარდამჭერები ქართულ ოპოზიციაში გამოუჩნდა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა ხელმძღვანელმა მიიღეს რუსეთის შემოთავაზება. არის მცდელობა საქართველოში დამკვიდრდეს მოდური ლოზუნგები: „აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები“, „ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი“... ამ ლოზუნგებს უკან ცდილობენ შეიფუთოს ის დისკურსი, რომელიც საქართველომ 1994წ. 2008 წლებში ე.წ. რუსეთთან დიალოგით გაიარა. მთელი ურთიერთობების გაფუჭება მხოლოდ რუსული ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა. ეკონომიკური ბლოკადა 2005-2006წწ. საზღვრების ჩაკეტვა, ქართველთა მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან 2006-2007წწ. საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა. არცერთი ეს ქმედება საქართველოს მხრიდან არ მომხდარა.
აბსოლუტურად გასაგებია რუსული ქმედება იმ შემთხვევაში, თუ ის შიდა პოლიტიკურ ველზე გაიმარჯვებს. მთავარი ქმედითი საკითხი მისთვის ამ შემთხვევაში იქნება მთელი ამ აკრძალვების მოხსნა საოკუპაციო რეჟიმის მოხსნის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში რუსეთი საბოლოოდ შეძლებს 2008წ. აგვისტოს ომის შედეგების ლეგალიზებას. ეს მათი საბოლოო შედეგი იქნება საქართველოსთან წარმოებულ ომში.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მცდელობებმა შემოსულიყო შიდა პოლიტიკურ ველზე საკმაოდ ცუდად ჩაიარა. 2010წ. მაისში ადგილობრივ არჩევნებში მისმა სატელიტმა „ეროვნულმა საბჭომ“ 5% იანი ზღვარი ძლივს გადალახა. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მთავარი იყო, რომ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს თავისი ინტერესებს ლეგალიზება შიდა პოლიტიკურ ველში დამთავრდეს მარცხით. შეიქმნას საქართველოში სახელისუფლებო და ოპოზიციური ისეთი შიდა პოლიტიკური ველი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მომავალში, რომელიც არ მოახდენს რუსული ინეტერესების ლობირებას საქართველოში, ხოლო რუსული ინტერესების ლობისტური პოლიტიკური ძალების არსებობა იქმნება ისეთი უმცირესობაში, რომ მათ არსებობას საერთოდ დაეკარგება აზრი. ეს პროცესი მაისში წარმატებით განხორციელდა.
რუსეთის მცდელობა მოეხდინა საქართველოს იზოლაცია საგარეო პოლიტიკურ ველზე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან რუსეთი ვერ იღებს იმ პოლიტიკურ დაპირებას, რომ საქართველო დაითმობა რომელიმე მისი გეოპოლიტიკური ინტერესის სანაცვლოდ, ხოლო შიდა პოლიტიკის მეშვეობით ამის განხორციელების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
დროში რუსეთის ამ მცდელობების მარცხი საკმაოდ მაღალია. ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან უნდა მოხდეს პედალირება იმ პრინციპებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია დასავლური სამყაროსათვის და რაშიც საქართველოს დეკლარირების დონეზე უპირობო მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად ქვეყნის განვითარების და ჯიუტად, დაჟინებით სვლა საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულყოფილი ინტეგრაციისკენ არის ერთადერთი გარანტია მოახდინოს საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცება და რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევა.
14.06.2010წ.
ირაკლი მარგველაშვილი

No comments: