Saturday 22 August 2015

საქართველოს და უკრაინის ერთიანი თემა



ადამიანებს სჩვევიათ ერთიდაიგივე შეცდომის დაშვება. უბრალოდ მიკვირს ხოლმე, რატომ არ იყო 2008წ. აგვისტოს ომი დასავლეთისთვის ის სიგნალი, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა? რა ლოგიკა იყო იმაში, რომ რუსეთის ასეთი მასშტაბის აგრესია დარჩა პრაქტიკულად ხელუხლებელი, ყოველგვარი სანქცირების გარეშე. პირიქით, ამ ომის შემდეგ მოხდა რუსეთის წახალისება, ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა, ხოლო საქართველო მოექცა სამხედრო ემბარგოს ქვეშ. პრაქტიკულად დასავლეთი დაჰყვა რუსეთის ნებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო და თუ რაიმე წარმატება გვქონდა ამ წლების მანძილზე, ეს იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დაჟინებული ქმედებების შედეგი. ხოლო 2008წ. ამხელა ომი, რომელიც სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის იყო, დავიდა იმის მტკიცებაზე, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველად, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება. ეს საკითხები იყო სწორედ ის, რაც რიტორიკულად რუსეთს აწყობდა. რუსეთმა ეს თემები ამუშავა როგორც დასავლეთში, ასევე ამუშავა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. მთელი ქართული მაშნდელი პოლიტიკური სპექტრი, მხოლოდ ამ თემებზე დაობდა და არავინ აქცევდა ყურადღებას, ამ ომის საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რუსეთის მიზნებს და მომავალ ამოცანებს.

ამ ომის თემის ასეთი დანაწევრება ასვე აწყობდა დასავლეთს, ვინაიდან არც შეიმჩნიეს, რომ ეს იყო ომი იმ საქართველოსთან, რომელსაც რუსეთი უკრძალავდა ნატოში ინეგრაციას. ეს ომი არ იქნა აღქმული ნიშნად, რომ ხვალ პუტინის გეოპოლიტიკური ინტერესები გასცდებოდა საქართველოს და მესიჯი, რომ "რუსეთი თავის საზღვრებთან არ დაუშვებდა ნატოს მოახლოვებას", არ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს. ეხებოდა უკრაინას, ეხებოდა იმ სამ ქვეყანას, რომელთაც რუსეთთან აქვთ საზღვარი და არიან ნატოს წევრები, ბალტიისპირეთს. ამას მოჰყვა უკრაინა, როდესაც დასავლეთმა უკრაინის მიმართულება სრულად ჩააბარა რუსეთს. ჩააბარა მის ემისარს იანუკოვიჩს, რომელმაც იმდენად დააუძურა ეს უძლიერესი ქვეყანა, რომ დღეს მას არ აქვს შესაძლებლობები გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. არ ჰყავს არმია, არ ჰყავს სასაზღვრო ძალები, არ აქვს სახელმწიფოს ის ნიშნები, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს. უკრაინის საკითხში დასავლეთის ასეთი გულგრილობა, ვფიქრობთ ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ერთგვარი შიშთაცაა გამოწვეული. უკრაინა ევროკავშირში, მტკიცე, ძლიერი აწყობილი სახელმწიფო მანქანით, საოცარი შრომისმოყვარეობით და დიდი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ნამდვილად შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკურ სურათს. დადგება მომენტი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა უკრაინასთან ერთად პოლიტიკური წონით ნამდვლად გაუთანაბრდება ძველ ევროპას. ეს კი საკმაოდ საშიში საკითხია, მითუმეტეს, როდესაც მიიჩნევა, რომ აღმოსავლეთ ევროპა აშშ მხარდაწერით სარგებლობს. მიტომ არაა გამორიცხული, საკმაოდ შეფარვით ძველი ევროპა რუსეთთან წავიდეს დამობაზე უკრაინის ფედერალიზაციის საკითხში, რათა უკრაინის გაძლიერების საპირწონედ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩეს ბერკეტები დესტაბილიზაციისათვის, მითუმეტეს რუსეთის ძირითადი ენერგომონოპოლია სწორედ უკრაინაზე გადის. სწორედ ესაა მიზანი, რომ რუსეთს სურს პირდაპირი სამხედრო კონტინენტური გზა ყირიმზე, რათა იქ შექმნას უძიერესი სამხედრო ბაზა, რაც ასევე აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდენს გავლენას.

ამ ყველაფრის ნიშნები ნამდვილად სჩანს. უნდა ითქვას, რომ რუსეთი გააძლიერებს ზეწოლას ევროკავშირზე, რომ მოხდეს ევროკავშირის ძველი და ახალი ევროპის ძალთა დაპირისპირება და ძველმა ევროპამ მოახდინოს რუსეთის ხელით აღმოსავლეთ ევროპაზე მანიპულირება. ამის საპირწონე ნაბიჯი იყო აშშ მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტის ზრდა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ასევე საავიაციო გაძლიერება. თუ გავიხსენებთ 2008წ. ომის შემდეგ, როდესაც საუბარი იყო რუსეთის მიმართ სანქციებზე, სწორედ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ რუსეთი უნდა გადააკეთონ და აქციონ თავისიანად. აშშ-იც დაყვა ამ ნებას და დაიწყო ე.წ. "გადატვირთვის პოლიტიკა", რაც პუტინის მიერ აღქმული იქნა იმად, რომ დასავლეთმა თითქოს ცნო მისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივცეში. რუსეთი ვერაფრით გაბედავდა უკრაინაში ასეთ დიდ სამხედრო ოპერაციას, რომ 2008წ. მისთვის დაეწესებინათ შესაბამისი სანქციები, რაც მას აიძულებდა უკან დაეხია საქართველოში. შესაბამისად ის შემდეგ უკან დაიხევდა უკრაინაშიც, მაგრამ პრაქტიკულად დასავლეთმა სრული უმქმედობის გამოჩენით, უბიძგა რუსეთს ახალი დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ.

დღეს, ვფიქრობთ დასავლეთი მიხვდა, რომ პუტინი არ ხუმრობს, რომ მის მიმართ არ შეიძლება დათმობის პოლიტიკის წარმოება, მაგრამ სრულიად გაუგებარია ერთი რამ, პირობა, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიყვანს ჯარებს სანქციები აღარ იქნება, მაშ ყირიმი? მისი ანექსია არ არის ამ სამხედრო თემის ნაწილი? რატომ ხდება ამ თემის კვლავ დანაწევრება, როგორც ეს მოხდა  2008 წელს, რდესაც რუსეთის ამხელა გეოპოლიტიკური მისწრაფებები "შეუმჩნეველი" დარჩა და დავიდა უაზრო რიტორიკამდე ვინ დაიწყო ომი? ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, ვინაიდან სწორედ რუსეთის პოლიტიკაა თემის დანაწევრების პოლიტიკა, მაგალითად ყირიმი სხვა თემაა რუსეთისთვის, დონბასი და ლუგანსკი სხვა თემა, ამას ხელს უწყობს დასავლეთი, ვინაიდან სანქციები რუსეთს უნდა მიენიჭოს მთლიანად უკრაინაში წარმოებული პოლიტიკისათვის და უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ თემის გახლეჩვა.

იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი არ განიხილავს ერთიან კონტექსტში უკრაინაში რუსეთის პოლიტიკას, ამით ის დაანგრევს მსოფლიო სამართლებრივ წესრიგს. ამ წესრიგში საქართველოც შედის და არ შეიძლება საქართველოს თემის და უკრაინის თემის გაყოფა. ორივე სახელმწიფომ უნდა აიძულოს დასავლეთი, რომ მათ მკაცრი პოლიტიკა აწარმოონ რუსეთის წინააღმდეგ, თორემ დასავლეთი შეეცდება არ დაკარგოს ლინკები რუსეთთან, რომელიც მრავლად გაანია. საქართველოს ხელისუფლება უშვებს დიდ შეცდომებს საგარეო პოლიტიკაში, რომ ჩვენს თემას არ აბამს უკრაინის თემას. უკრაინის და საქართველოს ერთ თემად წარმოჩინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების არიალში მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუ ეს ნაქციები გამოიღებს შედეგს, ეს შედეგი უნდა დადგეს ჩვენთვისაც, ანუ თუ რუსეთი უკან დაიხევს უკრაინაში, მან უკან დაიხიოს საქართველოშიც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი და უკრაინის პრობლემების ერთიანობის საკითხი. ამიტომ რაც უფრო დისტანცირება მოხდება უკრაინის თემისგან, მით უფრო დისტანცირებული გახდება საქართველო დასავლეთისგან, რაც მხოლოდ დაგვასუსტებს.

No comments: