Friday, 2 October 2009

ამერიკამ გვიღალატა, ანუ ძველი სიმღერა ალიფაშამ გვიღალატას რემინისცენციები

ობამამ გაგვყიდა. ეს ფრაზა არაერთხელ წვიკითხე, როგორც პრესის ფურცლებზე, ასევე აქაც ფორუმზე. დისკუსიაში არ ჩავრთულვარ. ამიტომ შევეცდები აქ, ამ წერილში ჩემი აზრი მოგახსენოთ ამ ყველაფერზე.

ზოგადად ობამას გადაწყვეტილების თემა გეოპოლიტიკურია, ვინაიდან ეხება ევრაზიის გეოპოლიტიკურ წყობას და მის სტრუქტურულ გადანაწილებას. ამისათვის არსებობს 2 მხარე. ერთის მხრივ ეს არის მთელი ევროპა და ამერიკა, მეორეს მხრივ ეს არის რუსეთი, რომელიც ითხოვს ინტერესების გაყოფას და თავისი ინტერესების კონცენტრაციას სნგ-ს სივრცეზე. ამ კონცენტრირებული სივრცის მის ტერიტორიად აღიარებას. აღნიშნულს ეწინააღდეგება დასავლეთი ამერიკის მეთაურობით.

გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკა, ეს არის გეოპოლიტიკური მიზნები, მაგრამ მას გააჩნია ენა, კომუნიკაცია. ამის გარეშე ეს ყოველივე არ არსებობს. ფაქტია, რომ დღეს მიუხედავად კომუნიკაციისა, არ არსებობს ერთიანი ენა და ისიც ფაქტია, რომ რუსეთი საუბრობს სულ სხვა ენაზე, რომელსაც კომუნიკაციასთან პრობლემა აქვს. ორი დისკურსი ეჯეხება ევრაზიულ სივრცეზე. ერთი ეს არის რუსული დისკურსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკის კვლავ გაგრძელებას ითხოვს , ხოლო მერე ამ დისკურსის შეწყვეტას (ამერიკა) და დასრულების ფაქტის კონსტატაციას ახდენს.

დღეს გვაქვს ორი გეოპოლიტიკური ტექსტი. ამ ორ გეოპოლიტიკურ ტექსტზე მიმდინარეობს ძირითადი წინააღმდეგობა. სწორედ ამ ტექსტის გაშიფრვას წარმოადგენდა ობამას 2009წ. 17 სექტემბრის გაცხადებული გადაწყვეტილება. ძალიან რთულია ამ გლობალურ გადაწყვეტილებაში ვიპოვოთ საქართველოს კუთვნილი ტექსტი. ეს თითქმის შეუძლებელია. ეს შეიძლება მოვახერხოთ მხოლოდ მაშინ თუ საქართველოს განვიხილავთ ამ გლობალური გეოპოლიტიკის ნაწილად.

რამდენად არის ეს შესაძლებელი? ეს ალბათ ყველაზე მწვავე შეკითხვაა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამ შეკითხვას იმდენად შიშნარევად ვუყურებთ, რომ სწორი პასუხის მოძიება მასზე საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკური ტექსტის ნაწილია და დღეს დასავლეთის გეოპოლიტიკურ დისკურსში მოაზრებულია, როგორც მოთამაშე დადასტურდა სწორედ 2008წ. აგვისტოს ომის დროს. ეს იყო პირველი ღია ომი რუსეთთან. ეს იყო საქართველოს და რუსეთის გეოპოლიტიკური ომი. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველო, მისი პოზიცია არის მისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელი და მას ომი გამოუცხადა. ასევე ცხადი იყო, რომ საქართველო, რუსეთის გარდა მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის.

ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც ეს ასე არ იყო და ეს 1993წ. 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემა, 300 000 ლტოლვილის მიღება და აფხაზეთიდან ქართველების ეთნოწმენდა. 16 წლის შემდეგ ეს უკვე ასე აღარ არის. რა შეძლო საქართველომ 16 წლის მანძილზე? მან შეძლო, ავად თუ კარგად გლობალურ გეოპოლიტიკურ ტექსტში ინტეგრაცია ინტერესების დონეზე.

ეს ტექსტი 16 წლის მანძილზე იქსოვებოდა.ეს არის გეოპოლიტიკური ინტეგრაციის ტექსტი, რომელმაც, რუსეთის ქმედებებს დროში გაასწრო და სწორედ ამიტომ მივიღეთ 2008წ. აგვისტოში ის, ვგულისხმობთ დასავლეის საკმაოდ სერიოზულ მხარდაწერას, რაც ვერ მივიღეთ 1993წ. 27 სექტემბერს.

ჩვენ 1993წ. 27 სექტემბრიდან დავიწყეთ იმ ტექსტის ქსოვა, რომელსაც უნდა მოეხდინა საქართველოს სახელის ამოქარგვა მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთიან ქსოვილში. ეს არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ვსტრუქტურირდებით ამ ერთიან ტექსტში. ამის მაგალითია, ჩვენი მონაწილეობა ტრანსნაციონალურ ენერგოპროექტებში, რომლებიც თავი და თავია მსოფლიო გეოპოლიტიკის.

სწორედ ეს არის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაში საქართველოს ადგილი, რომელიც იმდენად მკრთალადაა ამ გლობალურ გადაწყვეტილება-მიმართებაში ჩართული, რომ მისი დანახვა ცოტა არ იყოს რთულია. ამიტომ გახდა საჯილდაო ქვად დისკუსია იმის თაობაზე, რომ ჩვენი ადგილი სადაა ამ გადაწყვეტილებაში? სინამდვილეში ეს, არის გადაწყვეტილება, რომელიც აკეთებს რუსული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დისკურსის საბოლოო დეკონსტუქციას.

ამიტომ ძირეულად შეცდომაა, ობამას გადაწყვეტილებაში საქართველოს ადგილის ძიება, მაშინ, როდესაც ის ახდენს რუსული დისკურსის დეკონსტუქციას. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო გეოპოლიტიკის ტექსტია, დასცინებს ჩვენი კულტურული ტოპოსის პრეტენზიას აღმოაჩინოს თავისი ადგილი ამ ტექსტში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაროთ ეს ტექსტი. ხოლო ჩვენ რატომღაც ყოველთვის გვსურს მსგავსი ტექსტი დავიჭიროთ და სახლში შემოვათრიოთ მაშინ, როდესაც ჩვენი დისკურსი აბსოლუტურად ემთხვევა ობამას გადაწყვეტილებას. განა ჩვენ ჩვენის ძალებით, შესაძლებლობებით არ ვცილობთ მოვახდინოთ რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია? რომელიც ჩვენს განადგურებას ისახავს მიზნად? თუ ეს ასეა და ეს დისკურსი ემთხვევა ამერიკულ დისკურსს პრობლემა რაში გვაქვს?

როდესაც ვამბობთ რუსული დისკურსის დეტემნიზებას ვგულისხმობთ შემდეგს: კონკრეტიზაციის თვალსაზრისით, რუსული ლოგიკის დეკონსტრუირება ხდება და სად შეიძლება ამან მიგვიყვანოს? ხომ არსებობს ისეთი ლოგიკაც, რომელიც ჩიხში შედის? თუ ამას განვიხილავთ მაგალითების საფუძველზე მივიღებთ შემდეგ სურათს. რუსეთმა ხელი შეუწყო ირანში ატომური პროგრამის შექმნას, ანუ შექმნა ლოგიკა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არამარტო, ახლო აღმოსავლეთსდა შუა აზიას, არამედ რუსეთსაც ხომ? მნიშვნელობა არა აქვს ეს თეორიული საფრთხეა თუ პრაქტიკული. ანუ რუსულმა ლოგიკამ ირანთან მიმართებაში შექმნა პრობლემური საფრთხის შემქმნელი ლოგიკა. ეხლა როდესაც რუსეთს ეუბნებიან: არის საშიში ირანის ხელში ატომური ბომბი? ის ვერ იტყვის, რომ არა. რა ვქნათ ხელი შევუშალოთ ამ პრობლემას? რათქმაუნდა კი. თუ კონცენტრაცია განხორციელდება ირანის ატომურ პროგრამაზე, აქ რუსეთის მანამდელი ლოგიკა ხვდება ჩიხში. ვის აწყობს ეს ჩიხი? იმათ ვინც წინააღმდეგია ირანის ატომური პროგრამის.

ეხლა განვიხილოთ სხვა საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლონეთ-ჩეხეთში ანტისარაკეტო ფარი თუ ირანის ახლოს ანტისარაკეტო ფარი, როგორც ხმელეთზე ასევე სპარსეთის ყურეში? თუ პოლონეთიდან და ჩეხეთიდან შეიძლება ანტისარაკეტო ფარის გაკეთება, ირანის წინააღმდეგ რატომ არ შეიძლება მისი გაკეთება უფრო ახლოდან? ან რას შეცვლის ეს? არაფერს იმ სტრატეგიაში რაც ბუშის დროს იყო. ორივე შემთხვევაში ანტისარაკეტო ფარი ირანის წინააღდეგაა, ხოლო რუსული ლოგიკა ირანის ატომურ პროგრამასთან მიმართებაში შევიდა ჩიხში და ის იძულებულია შეიცვალოს და მხარი დაუჭიროს უკვე სხვა ლოგიკას, ირანის ანტისარაკეტო ფარს, ოღონდ სხვა ტერიტორიაზე. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ რუსული დისკურსის დეტერმინირებაზე, პრაქტიკულად ეს სწორედ ამ ჩიხს ნიშნავს, რაშიც რუსული ლოგიკა მოექცა ამ ეტაპზე. ის ვერ იტყვის ირანის ატომური პროგრამა საშიში არ არის. ის დათანხმდება ირანის წინააღმდეგ სანქციებზე.

სხვა შემთხვევაში და საქართველოს შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ ირანს, ერაყს, ავღანეთს, უკრაინას შუააზიის, ენერგორესურსებს კავკასიის გარეშე აზრი ეკარგება. ამ ჯაჭვიდან არ შეიძლება რგოლის ამოგდება. ამიტომ არ შეიძლება ეს მთლიანი გეოპოლიტიკური ტექსტი განვიხილოთ კავკასიის ამოგლეჯვის კონტექსტში. ტექსტის ქსოვილი დაირღვევა. ნუ ეს დაირღვევა, ჩვენს ისტორიულ ბედიღბალსაც ჩაითრევს. დღეს ეს რღვევის ნიშნები არ ჩანს. ხოლო ჩვენი შიშები ჩანს.

თუმცა მესმის ეს ყოველივე, მესმის იმდენად, რამდენადაც ფრუსტირებული საზოგადოება, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (18 წელი) თავის თავში სახელმწიფო ვერ აღმოაჩინა მსგავს ქმედებებს ჩაიდენს. ის ყველაგან ეძებს იდენტიფიცირებას, ტექსტებში იქნება თუ მოვლენებში და როგორც კი თავის სახელს ვერ ამოიკითხავს მკაფიოდ დაწერილს და ჩართულს რომელიმე ტექსტში, შიშები იპყრობს. ეს ყველაზე საშიში საზოგადოებაა, რომლის გადაწყვეტილებები საიმედო ვერ იქნება. ასეთი საზოგადოება ყოველთვის ცდილობს გაიქცეს, გაექცეს საკუთარ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არ მოიცავს სახელმწიფოს თავის თავში, არამედ სახელმწიფოში მოიაზრებს თავის თავს. სახელმწოფოში, რომელიც საკუთარ თავში მოაზრების გარეშე მხოლოდ ქიმერაა და მისი აღმოჩენის შანსი ნულია. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც საშინელება იყო როდესაც მოხდა და სწორედ იქ გაწყდა ის ჯაჭვი სახელმწიფოს მოაზრების, საკუთარ თავში ტარების, რამაც დღეს სახელმწიფოს ქიმერულ გაგებასთან მიგვიყვანა. სწორედ ამიტომ ელოდებიან ტალიავინის კომისიის დასკვნას ასე სულგანაბული და საზოგადოების დიდი ნაწილი მიესალმება თუ იქ საქართველო დადანაშაულდება. ეს არის სახელმწიფოს საკუთარ თავში მოაზრების პრობლემა. უბრალო მაგალითად მოვიყვანე და არა სამსჯელოდ.

ეს ჩართულობა ამ ტექსტში იმიტომ გავაკეთე, რომ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, თუ საქართველო ჩართულია მსოფლიო გეოპოლიტიკური ტექსტის ქსოვილში, რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია, რომელსაც ობამას ტექსტი გვთავაზობს, ის ჩვენი ტექსტიცაა. იქ მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭება ტექნიკურ საკითხებს როგორ მოხდება ეს, მაგ. დაბომბავს თუ არა ისრაელი ირანს. დაეხმარება თუ არა მას ამერიკა და გადაატრიალებენ თუ არა აჰმედინეჯადს. ტექნიკურადაც შეიძლება ითქვას, რომ ბალკანეთის გამოცდილებით, რუსეთის 10 წლიანი ბუზღუნი ირანის საკითხს ვერ მოჰყვება. მოქმედებები შესაძლებლობების ზღვარზე მიმდინარეობს სიტუაციის შესაბამისად, ოდეოლოგიის შესაბამისად.

ისევე როგორც ვეფხისტყაოსანი შეიძება ვიკითხოთ, როგორც კლასთა ბრძოლის, ასევე ღვთისმეტყველების, მზისმეტყველების, ასტროლოგიის, საერო რომანის პოზიციებიდან სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იდეოლოგიის შუქზე, მაგრამ ვერასაოდეს გავცდებით მთავარ ტექსტს და თუ აქ არ ჩანს მკაფიო ჩანაწერი, ეს ულაც არ ნიშნავს, რომ ტექსტში ჩანაწერი არ არის.

შეიძლება ვიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, კომენტარებით, თუმცა ეს ტექსტის ერთიან ქსოვილს ვერ დაარღვევს და ამ შემთხვევაში იმ ტექსტის, რომელსაც რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია ჰქვია. თუ ჩვენც ამას ვაკეთებთ, მაშინ პრობლემა არ გვქონია.

27.09.09

ირაკლი
მარგველაშვილი

No comments: