Wednesday, 7 October 2009

ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში

თავიდანვე პირველ წერილში ავღნიშნე, რომ ეს დასკვნა არ არის ერთმნიშვნელოვანი დოკუმენტი. შესაბამისად სურვილი მაქვს ის განვიხილო სხვადასხვა ასპექტში. წინამდებარე წერილში შევეხებით ტალიავინის დასკვნის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის ნაწილს. რას ვგულისხმობთ ამ მოსაზრებაში. როგორც ცნობილია დასკვნამ ორივე მხარე (ქართული-რუსული ) დაადანაშაულა ომის საკითხებში. ერთი ფართომასშტაბიანი არაპროპორციული შეტევის განხორციელებაში (საქართველო), რუსეთი ეთნოწმენდაში, ასევე ომის შემდგომ ტერიტორიების ცნობაში, იქ უკანონობებში, შეთანხმების შეუსრულებლობაში, ომამდე მუდმივ პროვოკაციებში...

უნდა ავღნიშნოთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ვერ აყენებს ბრალდებას, ვერ განსაზღვრავს დანაშაულის ფაქტებს, და ვერ აფასებს ამ ფაქტებს. ის მხოლოდ ახდენდა ფაქტების კონსტატაციას. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ დასკვნას პირადად არ შეუძლია იურიდიული შედეგების წარმოშობა. ეს შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ-დიპლომატიურ ტექსტად, ასევე პოლიტიკურ შეფასებად აღნიშნული საკითხის.

მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული იმ იურიდიული შედეგების დასადგომად, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის, როგორც ოკუპანტის პოლიტიკურ დისკურსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1993წ. და 2008წ. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიებიდან ქართველების მასიური ეთნოწმენდა. 1993წ. აფხაზეთიდან ეთნოწმენდის დადასტურება საქართველომ ვერ მოახერხა და არც ყოფილა შემთხვევა, რომ ამ საკითხებზე საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის მიგვემართა და დაგვეწყო საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენდა დამნაშავეს, დამნაშავეთა ჯგუფს... თუმცა როგორც მაქვს ინფორმაცია საკმაოდ დიდი მასალები არსებობს.

2008წ. შიდა ქართლიდან იძულებით მიგრირებული ადამიანების ფაქტი ამ კომისიამ დაადასტურა და ეს დააბრალა ოს და დაქირავებულ, რუსეთიდან შემოსულ ბანდებს, თუმცა ირიბად ეს რუსეთს ბრალდება, ვინაიდან სწორედ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ამ ბანდების წევრებ. ასევე როგორც რუსები აცხადებენ, ცხინვალშიც რუსეთის მოქალაქეებს ”იცავდნენ”. გარდა ამისა უამრავი განცხადება იყო, რომ ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები დაეხმარებოდნენ ოსებს საქართველოს წინააღდმეგ, ვინ იყვნენ ეს ხალხი? რატომ არ დაიცვა სამშვიდობო ძალებმა ამ ხალხის შემოსვლისგან სამშვიდობო ტერიტორია, რომელშიც არ შედიოდა ჯავის რეგიონი? იყო თუ არა ეს სოჩის ხელშეკრულების დარღვევა? კულახმეტოვის განცხადება, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას, იყო თუ არა ეს ყოველივე სოჩის ხელშეკრულების დარღვევა და ვერ შესრულება. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქმედება იყო თუ არა კანონის ჩარჩოებში, როდესაც ვერ აკონტროლებს სამშვიდობო ძალები სიტუაციას რა ქნას სუვერენულმა სახელმწიფომ დაელოდოს როდის გააკონტროლებს სამშვიდობოები სიტუაციას? მაშჳნ როდესაც მათი ტერიტორიიდან შემოდის უკანონო ბანდ ფორმირებები აიარაღებს სეპარატისტულ ბანდებს.... ალბათ ყველას გვახსოვს კოკოითის განცხადება, რომ ქართველები ამ ტერიტორიაზე ვეღარასოდეს შემოვლენ.

ეს არის შეკითხვები, რომელიც პასუხგასაცემია და რომელსაც ვერ გასცემდა პასუხს ტალიავინის კომისია, ვინაიდან მისი დანიშნულება იყო ფაქტების კონსტატაცია. შეიძლება ვინმე შემოგვედაოს და გვითხრას, თუ ფაქტების კონსტატაციას ახდენდა კომისია მეტი რა საჭიროაო, მაგრამ კომისია დეტალურად ვერ იმსჯელებდა იმ მიზეზ-შედეგობრივ ფორმატზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია. ამაზე უნდა იმსჯელოს ამ ტექსტის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის მეთოდმა, ანუ გამოძიებამ, რომელიც ამ საკითხზე აუცილებლად უნდა წარიმართოს და ვფიქრობ ამ დასკვნის შემდეგ აუცილებლად უნდა დააყენოს საქართველომ კომისიის დასკვნაში მითითებული საკითხები საერთაშორისო გამოძიების წინაშე. გამოძიების ობიექტურად, მიზეზ-შედეგობრივად გაანალიზების, დაკონკრეტების ფაქტების ანალიზის შედეგად საკმაოდ ბევრ სიახლეს ვიხილავთ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რაშიდაც ტალიავინის კომისიამ საქართველოს ”პირველი გასროლის” ”დაბრალება” შეძლო. მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტში სავარაუდოდ საქართველოს ისიც მოეხსნება, რაც კომისიამ დააბრალა. თუმცა ვერ ვიტყვი, რა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა ეს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ საერთაშორისო ნორმების დარღვევა დაგვაბრალა, არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება დასკვნის ის ნაწილი სადაც საუბარია ეთნოწმენდაზე. აბსოლუტურად ლოგიკურია, კომისიის შემადგენლობისაგან იმაზე მითითება, რომ ეთნოწმენდა ჩაატარა ოსმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბანდებმა, რასაც რუსებმა ხელი არ შეუშალეს. აბა პირდაპირ ხომ არ დაწერდნენ რუსებმა გააკეთეს ესო. თუმცა ირიბი დადანაშაულება რუსეთის მხარის, იგივე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილი მხეცობის დადასტურებულია. სწორედ ამას სჭირდება გამოძიებით დადასტურება და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს კოკოითი და ბაღაფში. აუცილებლად პედალირება ამ საკითხის უნდა მოხდეს, ვინაიდან თუ ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული და დანაშაულის ჩამდენი პირები იქნან დასჯილნი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის იურიდიულ კონტესტში განხილვა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო გამოძიების მიერ. უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. არ მაქვს ილუზია, რომ თუნდაც ირიბად რუსეთის დადანაშაულების შემთხვევაში, რაიმე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ დადგება, თუმცა დადგება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური საკითხები, ვინაიდან ის ჯაჭვი, რაც ამ გენოციდს თან ახლავს, ვგულისხმობთ. ოკუპაციას, უკანონო ბაზების განთავსებას, თავნებობას, და სისაზიზღრეს რასაც ამ ტერიტორიებზე რუსები აკეთებენ აუცილებლად ჩაერთვება ამ გამოძიების ინტერესებში. მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ, მათი შეიარაღება და შესაბამისად ამის გამო სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნოწმენდა ის ჯაჭვია, რომელიც რუსეთს ამ კონფლიქტში აქცევს მხარედ. ეს გაეროში რუსეთისათვის უშიშროების საბჭოზე ხმიოს ჩამორთმევის წინაპირობა შეიძლება გახდეს, რაზედაც საკითხი ჯერ არ დასმულა, სწორედ საერთაშორისო კონსენსუსის გამო, და ჩვენი პარტნიორების თხოვნის გამო, თუმცა გამოძიების პროცესის წარმართვის შემთხვევაში გავა საკმაო დრო, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში სასურველ შედეგამდე მიგვაღწევინოს.

შეიძლება ვინმეს შიში შეეპაროს, რომ კონკრეტული, ფაქტობრივი გამოძიების შემთხვევაში საქართველომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. წინასწარ ვიტყვი ეს შეუძლებელია. თუ ეს მოხდება მაშინ საერთაშორისო სამართალში უნდა შეიქმნას ახალი ტერმინი ”კანონიერი ოკუპაცია”. მე არა მგონია ეს ტერმინი დამკვიდრდეს, ვინაიდან ფაქტი და აპრიორი არის ის, რომ არსებობს ოკუპაცია, ამას ხალთაში ვერავინ ვერ დამალავს და მათ შორის ვერც რუსეთი.

პირიქით კი ვფიქრობ. კონკრეტული გამოძიების შემთხვევაში, ეთნოწმენდის დადასტურების და კონკრეტული პირების ბრალდების პირობებში, რომელიც უნდა იყოს კოკოითი და ბაღაფში, რომელთაც მოაწყვეს ეთნოწმენდა კოდორში და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური დისკურსი მთლიანად ინგრევა. თუ საერთაშორისო სასამართლოს ამ პირებს არ გადასცემენ, ან გადასცემენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება რუსული პოლიტიკის სერიოზული კრახი საქართველოში და საერთაშორისო ურთიერთობებში.

ამით გახდება შესაძლებელი მან დაიხიოს უკან (შეიძლება ომი დაგვიწყოს და აქ საკუთარი ხელისუფლება დასვას, ამ საკითხის შესაჩერებლად) და მოხდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეთნოწმენდის დადასტურების შემდეგ, დღის წესრიგში ძალიან მწვავედ დადგება ეთნოწმენდის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დაბრუნების და კომპენსირების საკითხები.

რაც შეეხება რუსეთს, ეს მოგვცემს საშუალებას დადგეს მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა საქართველოს საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოზე. ასევე პრაქტიკულად უაზრობად აქცევს ამ ტერიტორიების ცნობის საკითხი, რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

ამის გამო ვფიქრობ, აუცილებელია ხელისუფლებამ და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ მოახდინოს ამ საკითხების დაყენება საერთაშორისო გამოძიების წინაშე, რაც აუცილებლად გამოიღებს შერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს.

7.10.09

No comments: