ვკითხულობ „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებს, უფრო წერილს, რომელიც ჟამთააღმწერელმა ჩვენს მომავალში გადმოაგზავნა. სავალდებულო საკითხავ წერილს დავარქმევ მას. წერილს, რომელიც სევდანარევია და ნაღველითაა სავსე. ვეძებ მასში ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ საუკუნეების ჯახაჯუხში ჩასრესილია ეს ინსტიტუციონალიზმი. მხოლოდ ერთხელ შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, მთელი თავისი ინსტიტუტებით. მხოლოდ ერთხელ მოგვეცა საშუალება გვქონოდა ნამდვილი სახელმწიფო და ამ სახელმწიფომ მცირე დროის წყვეტით (რომელიც 1 საუკუნეს მოიცავს მონღოლების ყოფნა საქართველოში) თითქმის ჯამში 2 საუკუნეს გასტანა. მის შემდეგ ყველაფერი აირია. დაიშალა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, მარადიული შუღლი, მტრობა და ორგულობა, მარადიული შემოსევები, ომები მიწყივი გამარჯვებები, მარცხები, მაგრამ არა სახელმწიფო, არამედ მხოლოდ ინერცია არსებობის შენარჩუნების. არც ეს იყო მარტივი, ესეც დიდი ბრძოლის, შინაგანი ენერგიის მობილიზების ხარჯზე ხდებოდა. ხდებოდა მარტვილობის და თავგანწირის ხარჯზე. აბა რა გვექნა... თავი ხომ უნდა გაგვეტანა. ამას ვკითხულობ წერილში - „ქართლის ცხოვრება“.
წერილი -„ქართლის ცხოვრება“ მოიცავს უამრავ სიუჟეტურ დროს, რომელიც გაგვივლია და იმდენად გავს ეს დრო ერთმანეთს, იმდენად საოცარია ამ დროის თანხვედრა სივრცეში, რომ განსხვავებას ძნელად შევხედავთ. ეს ერთი დიდი სიუჟეტური დროა, რომელიც ჩვენს საუკუნესაც მოიცავს. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს 1000 წლის წინ ბნელ საკანში მჯდარი ჟამთააღმწერელი წერს დღევანდელ „ქართლის ცხოვრებას“. იწერება მარადიული ტექსტი და რომ არა ჩვენს მიერ დროის დაყოფა, განსხვავება ვერ იქნებოდა, რამეთუ მარადიული ტექსტი: „ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველადვე თვისთა უფალთა. რამეთუ რაჟამს განდიდნენ, გასუქდნენ, დიდება ჰპოონ და განტევება, იწყებენ საქმესა ბოროტსა, ვითარცა მოთხრობილია ძველი მატიანეი ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი“ (უცნობი ავტორი. „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“.) თვისობრივად ახალია დღესაც და დიდი მნიშვნელობა არა აქვს როდის დაიწერებოდა ეს ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოგზავნილია საუკუნეთა მიღმიდან, მაინც დღევანდელი ტექსტია. მაინც დღევანდელი სიუჟეტური დროის ნაწილია, რომელიც ვერ შეწყდება საუკუნეთა განმავლობაში.
ჩვენ გვიწევს ამ ნარატივის დღეს მოყოლა. ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვობთ ისტორიულ ნარატივებში და ვცდილობთ ამ ამბების განსხვავებული ამბავი მოვყვეთ, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. ამიტომ ვიწყებთ მოგზაურობას წარსულში, იმ ამბებში და ვაერთიანებთ ამ სიუჟეტურ დროს ერთ დროდ, რომლის გაყოფაც შესაძლოა მოვინდომოთ, მაგრამ ამ შემთხევაში ჩვენი შანსები ნულის ტოლია. ჩვენ არ გვძალუძს შევქმნათ ახალი ტესტი, ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ ნარატივში და ეს ყველაფერი ქმნის ჩვენს ახალ თვისობრიობას, რომელიც კარგად დავიწყებული ძველია. თავს ვიტყუებთ, არსებობს „წერილ არს“, სადაც დაწერილია ჩვენი საუკუნის ამბავი საუკუნეების მიღმა, ერთ ბნელ საკანში მჯდომარე ბერის მიერ, რომელიც წერდა მომავალ ტექსტებს, მომავალ ისტორიას, ვინაიდან მან იცოდა, რომ ისტორია მომავალია. ისტორია ერთი სიუჟეტური დროა, რომელშიც ყველაფერი ეტევა წარსულიც, აწმყოც და მომავალიც.
ჩევენ ეხლა ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკების 21 საუკუნის ნაწილს, მის პირველ ათწლეულს. სადაც ბრძოლაა, დიდი ბრძოლა, სადაც მტერია, სადაც შიდა აშლილობაა, სადაც მცდელობაა შეიქმნას ქართული სახელმწიფო 21 საუკუნის შესატყვისი. მტერი დახვეწილია, ფორმებიც დახვეწილია ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და მეფობს ლოგიკა დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარზე. ეს 21 საუკუნის დაშვებული ლოგიკაა. ამ ლოგიკაში იბრძვის ქართული სახელმწიფო და იმკვიდრებს თავს. იმკვიდრებს ძნელად, ზიგზაებით, შიდა აშლილობებით უცნობი ავტორის მიერ მე-12 საუკუნეში გამოთქმული სევდითა და ნაღველით.
ქართული სახელმწიფო ებრძვის გარე მტერს, ებრძვის სახელმწიფოს დანგრევის მცდელობას. ხიდი ბეწვის, გავლა უზადოდ უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე კვლავ შთანთქავს ამ სახელმწიფოს ისტორიულ ბედიღბალს და გააგრძელებს იმ 200 წელს, რომელიც ამ სახელმწიფოს შექმნამდე არსებობდა. მანამდე, ვიდრე უმცროსი ძმა გველეშაპს მცირე დანით მუცელს გაუფატრავდა, ხოლო შუათანა ძმა გამწარებული, რომ გველეშაპმა უმცროსი ძმა ჩაყლაპა, ისარს ესროდა, კუდს მოაწყვეტდა და გველეშაპს უმცროსი ძმის მონელების საშუალებას არ მისცემდა. ხოლო უმცროსი ძმა დაელოდებოდა იმ დროს,როდესაც აზრზე მოვიდოდა, გველეშაპს მუცელს გაუფატრავდა პატარა დანით და მისი მუცლიდან გამოვიდოდა.
ეს ჩვენი სახელმწიფოს დაბადების სიმბოლო და არქეტიპია. ამ არქეტიპში დაიწერა მთელი „ქართლის ცხოვრება“ ბნელ კელიაში და არა ყალბ საკანში, სადაც უნდოდათ დაწერილიყო 21 საუკუნის „ქართლის ცხოვრება“. ამ საკანს ისე შეესიენ, როგორც ტურები მსხვერპლს მიესევიან. შეესიენ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს, გულმოცემულები, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ლოგიკისგან დაცლილნი. ბოლოს სალაპარაკო გამოილია, რიტორიკა დამთავრდა, დამთავრდა იმიტომ, რომ საკანი ყალბი იყო. კიდევ უამრავი საკანი იყო ყალბი, დაცლილი არა ადამიანებისგან, არამედ რიტორიკისგან, გულწრფელობისგან, სახელმწიფოებრივი ლოგიკიდან. ეს საკნები არ ჰგავდა იმ ბნელ კელიას, სადაც მშიერი ბერი სევდითა და ნაღველით სავსე „ქართლის ცხოვრებას“ წერდა, რომლის სახლიც და გვარიც არ შემოინახა დრო ჟამის განმრიგე ღმერთმა, ვინაიდან საჭიროც არ იყო, ან თავად არ დააწერა ტესტს თავისი სახელი და გვარი.
ქარული სახელმწიფო, ისევე როგორც იმ ბერის დროს, მტრისგან გარემოცული, შიგნით აფთრებით სავსე განაგრძობს ზიგზაგებით შეკითხვებზე პასუხის გაცემას. სვამს შეკითხვებს ამკვიდრებს თავის პასუხს, რომელიც მხოლოდ ერთია, მე ვარსებობ და მე უფლება მაქვს ვიარსებო. ამ პარადიგმაშია მთელი „ქართლის ცხოვრების“ მეტატექსტი. ეს სხვა ტესტია, ამ ტექსტში ცხოველმყოფობს ერის თვითდამკვიდრება, ერის თვითიდენტიფიკაცია და ამის შესაძლებლობა გვაქვს. მთავარია გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი არჩევანის წინაშე. ვინმეს ჰგონია, რომ მარცხით გატენილ სამყაროში იოლად შეიძლება რამის მიღწევა. სამყაროში, რომლის ენაც დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარზეა? სად არის აქ ჩვენი სიმართლის ადგილი. სად არის აქ ჩვენი ენის ადგილი, რა უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვთქვათ, ვინ დაიჯერებს, მაგრამ უნდა ვთქვათ, ყოველთვის უნდა ვთქვათ, ხოლო ართქმა სიკვდილია. არსებობს დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარი, რომელიც ახალი სიტყვებით, ახალი ენით ცდილობს თავი დაიმკვიდროს. თავისი მითოსი გაამართლოს, თავისი რიტორიკა შემოგვახვიოს თავს. ეს ახალი სიტყვებია, რომელსაც იძახიან და ცდილობენ ეს ცინიზმი შეფუთონ, ჩემი გავლენის სივრცე, ჩემი გეოპოლიტიკური სივრცე, მრავალპორალური სამყარო, ჩემი ინტერესები საქართველოს ტექსტში, ჩემთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანი ტერიტორია...
აი ეს არის დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარი. ამ ენაზე საუბარი ჩვენ არ გვინდა. ჩვენ სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ეს ენა ჩვენ არ გვესმის. ეს ენა უკვე დაინგრა, როგორც ბაბილონის გოდოლი. ამ ენის ლექსიკონიც არ გვჭირდება, მაგრამ არსებობენ შიდა აფთრები, რომლებიც მზად არიან ამ ენაზე ისაუბრონ. ისაუბრონ ყალბ საკანში. შეფუთონ და მიუახლოვონ ეს ყველაფერი „ქართლის ცხოვრების“ ენას.
ჩვენ ვეჯახებით უამრავ ლოგიკას, უამრავ ინტერესს. გავდივართ ბეწვის ხიდზე, ვაყალიბებთ ჩვენს ლოგიკას და ვუპირისპირებთ ამ ყველაფერს. ეს ურთულესია. ნემსის ყუნწში გაძრომა უფრო იოლია, ვიდრე ამ ზოგად ლოგიკაში შენი რიტორიკის ჩართვა. კიდევ უფრო რთულია ვინმემ ეს ხმა გაიგონოს. მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ვკითხულობთ “ქართლის ცხოვრებას“ გამოგზავნილს საუკუნეებიდან, მხოლოდ თანამედროვე ტექსტით. ისევ ვდგავართ საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და იმპერიის წინაშე. უდახვეწილესი იმპერიისა მსოფლიო ისტორიაში. უამრავი განსაცდელი რომ შემოგვთავაზა მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21 საუკუნის დასაწყისში. ომიც შემოგვთავაზა, სასტიკი და დაუნდობელი. ტერიტორიებიც მიითვისა. ყველაფერს გაუძლებ, ყველაფერს აიტან, მაგრამ ამ იმპერიის ცინიზმი აუტანელია, ამ იმპერიის დემაგოგია ყველა დემაგოგიას აჭარბებს რაც დაწერილა “ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებში საუკუნეთა მანძილზე. მაგრამ მოესწრო და ამ იმპერიას დახვდა ქართული სახელმწიფო, საფუძველ ჩაყრილი. დრო უმცირესი იყო.
შეიცვალა ტაქტიკა, შეიცვალა მეთოდოლოგია. დაიწყო იმპერიამ შიდა პოლიტიკურ ველში შემოსვლა. ძნელი სათქმელია ეს შემოსვლა მისი ინსცენირებული იყო თუ არა, მაგრამ ქართული სახელმწიფო რომ ელოდებოდა ამას ეს უკვე ნათელია. დაშვებაც აქედან იყო, ვინაიდან შიდაპოლიტიკური ველი წინასწარ იქნა დანაღმული და ეს მთავარი ნაღმი ქართული სახელმწიფოს საფუძვლებია. საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ მკვიდრად ნაგები.
აქ შემოსვლა ურთულესია. ყველაფერი გათვალისწინებულია. გათვალისწინებული და საკმაოდ საინტერესოდ მოფიქრებული. ზოგადად ძნელია მიხვდე დასაშვებობის ხარისხს. ვინაიდან ნებისმიერი დაშვება არის მარცხის ინსცენირება. თუმცა დაშვების გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. შეუძლებელია მოხდეს საკითხების გააქტიურება, თუ არ იქნა გაკეთებული დაშვება. დიახ, დაშვებულია რუსეთის შიდაპოლიტიკურ ველზე შემოსვლა, რათა ამ ველზე აფეთქდეს იმპერიული ლოგიკა და იმპერიული რიტორიკა. ეს დაშვება სულაც არ არის ძალიან სახიფათო, ვინაიდან ეს ის მდინარეა, სადაც უკვე ვიყავით.
2010წ. გაზაფხული. იმპერიაში ემისრები ჩადიან და სინამდვილეში იმ მდინარეში შედიან სადაც უკვე იყვნენ. იმპერია ცდილობს მოახდინოს შიდაპოლიტიკური ველის სრული ოკუპაცია. როგორც ზემოთ ვთქვით ეს დაშვებულ იქნა ჩვენს მიერ. რატომ? იმიტომ, რომ იმპერიის მცდელობა, ლოგიკური თუ რიტორიკული უნდა აფეთქდეს და აფეთქდა კიდევაც მაისის ბოლოს. მწარედ აფეთქდა და უზარმაზარი სიმყრალე დააყენა ირგვლივ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ იმპერია საბოლოოდ წავიდეს შიდაპოლიტიკური ველიდან. მთავარია მცდელობა აქედან გააქტიურო, რომ შედეგი მიიღო.
სუსტია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები. ერთადერთი გარანტია არის ის, რომ რუსეთის იმპერია დადგეს ფაქტის წინაშე, ისეთი ფაქტის წინაშე, რომელსაც ის ვერ განახორციელებს. ეს არის მხოლოდ საგარეო აგრესიის შესაძლებლობის დაშვება. ყველა საცეცი, სხვა, რომელიც ეცდება საქართველოს სახელმწიფოს შერყევას უნდა მოიკვეთოს. დარჩეს მხოლოდ საგარეო აგრესიის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შექმნილია უსაფრთხოების ყველაზე ქმედითი გარანტია. იმპერია ღია აგრესიას ვერ აწარმოებს, ვინაიდან თუ იმპერატორი შიშველია და არანაირი ძონძი არ გააჩნია, რომ შემოახვიოს თავის სიმყრალეს, როგორც ეს გააკეთა 2008წ. აგვისტოში და ოსების დაცვის ძონძებით შეფუთა თავისი საგარეო აგრესია. დღეს ამის შესაძლებლობა აღარ არსებობს. დღეს მას არცერთი ასეთი ძონძი არ გააჩნია. შესაბამისად გაშიშვლებულია იმპერიული იდეა, რომელიც ვერანაირად დაუახლოვდება მოფლიო წესრიგის ლოგიკას და რიტორიკას.
ჩვენ იძულებულნი ვიყავით და ვართ იმ მცირე საგარეო უსაფრთხოებიდან, რომელიც არსებობს და რომელიც სულაც არაა აბსოლუტური გარანტია ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა, შევქმნათ სტრატეგია, რომელიც იმპერიული ლოგიკის და რიტორიკის სიშიშვლეში მდგომარეობს. ის, რომ დღეს შეუძლებელია ყველა რიტორიკის და ლოგიკის რღვევა და მსოფლიო პოლიტიკა ერთ ლოგიკაში მიმდინარეობს ფაქტია და იმპერიის სიშიშვლე მისი აგრესიის განეიტრალების უნიკალური მეთოდია.
ეს ჩვენი მეთოდია, ინდივიდუალური მეთოდი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ გამოიმუშავა. საქართველოს და იმპერიის ურთიერთობებში არ არსებობს ტექსტი რომელიც არ დაწერილა. არ არსებობს ლოგიკა რომელიც არ განხორციელებულა, არ არსებობს რიტორიკა, რომელიც არ თქმულა. დიახ, იმპერია უნდა გაშიშვლდეს. უნდა გაშიშვლდეს მისი ყველა ქმედება, მისი ყველა მისწრაფება, მისი ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქართული სახელმწიფო საბოლოოდ განთავისულდეს ამ სიმყრალისგან.
იმპერია ვერ დაწერს ახალ ტექსტს. ამის ალბათობა ნულია. ყველა ტექსტი დაწერილია, ეხლა მხოლოდ მისი გადაწერაა შესაძლებელი და ეს ტექსტი იმპერიამ კი არ დაწერა, არამედ „ქართლის ცხოვრებამ“ და იმ ბერმა ბნელ კელიაში საუკუნეების მიღმა, რომელსაც თავისი სახელი და გვარიც კი არ დაუწერია ამ ტექსტებზე. ისე გამოაგზავნა ჩვენს საუკუნეში და მისი წაკითხვაა მთავარი. ამ უდიდეს გამოცდილებათა ქრონიკაში, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ჰქვია, ყველა ის გამოცდილებაა შემონახული, რომელიც დღეს გვჭირდება. მთავარი მესიჯი ამ უდიდეს წერილში არის ქართული სახელმწიფოს შექმნა, მისი მყარი და მკვიდრი საფუძვლების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა საშუალებას მოგვცემს იმპერია დამარცხდეს ნებისმიერ ველზე სადაც ის მოინდომებს ომს.
ამას მოგვითხრობს დიდი წერილი „ქართლის ცხოვრება“, საუკუნეთა მიღმიდან გამოგზავნილი ტექსტი, რომელიც მარად საკითხავი და მარად იგივეშია.
ირაკლი მარგველაშვილი
11.06.2010წ.
No comments:
Post a Comment