Tuesday, 5 October 2010

დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლი და ახალი ენა

საინტერესოა რა ხარისხისაა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ ხარისხის განსაზღვრაში რა დისკურსს ვიყენებთ. როგორია ჩვენი რიტორიკა და მენტალური მიმართება ამ საკითხისადმი. როგორ წარმოგვიდგენია დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი და ცხოვრების სტილი, როგორც შეგნით ქვეყანაში, ასევე მისი მიმართებები საგარეო ურთიერთობებში. ეს არის საკითხები, რომლებიც ბევრი კამათის და განსჯის საგანია.



წერილის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა მარტივმა საკითხმა. ვფიქრობ შექმნილი დისკურსიდან არ იკვეთება ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება ზემოთჩამოთვლილი საკითხების მიმართ. ვფიქრობ არ არის გაცნობიერებული ის როლი და ენა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის, მისი მომავლისთვის შეიძლება გამოდგეს. ჩვენთვის ჯერ გაუცნობიერებელია საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი. არ გვაქვს ჩამოყალიბებული მენტალური თავსებადობა დამოუკიდებელი საქართველოს როლისა და ენისათვის. ჩვენ დღეს ვერ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი საქართველოს მომავლის და როლის დისკურსში. შესაბამისად ძალიან დიდია შეცდომების, არასწორი ინტერპრეტაციების და განსაზღვრებების როლი.



საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის მენტალურ შეუთავსებლობას საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობასა და მის მომავალთან. ეს გახდა მიზეზი, დაგვეშვა უამრავი შეცდომა, როგორც ლოგიკური, ასევე მენტალური დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლიან უახლეს ისტორიაში. შესაბამისად ვერ ვახდენთ მოვლენების სწორ ინტერპრეტაციას, ჩვენს შესაძლებლობებს წინ ასწრებს ჩვენი სურვილები. ვითხოვთ და ვაყალიბებთ სხვა რეალობას და ვანხორციელებთ სხვა ქმედებებს. ეს ყველაფერი არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთს. აბსოლუტურად დაცილებულია დროსა და სივრცეში.



რა არის საქართველოს ახალი როლი და ახალი ენა. რა ენაზე უნდა ისაუბროს დამოუკიდებელმა საქართველომ. როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ახალ თვისობრივ გეოპოლიტიკურ როლში ჩვენი მომავლის წარმოდგენა. ეს ის საკითხებია, რომელთა გაცნობიერების გარეშე ვიქნებით ისეთსავე აბურდულობაში აზროვნების მხრივ, როგორშიც ვართ დღეს. ჩვენში არეულია იმპერიული ინსტიქტები და დამოუკიდებელი საქართველოს გეოპოლიტიკურ-მოკავშირეობრივი საკითხები ერთმანეთში. ვერ წარმოგვიდგენია, თუ შესაძლებელია არსებობდეს დიდ სახელმწიფოებთან გეოპოლიტიკური მოკავშირეობა. უკან გვითრევს ის საშინელი წარსული, რომელმაც შექმნა ძალიან ბევრი პარადიგმა.



ეს პარადიგმები დღესაც თავს გვახსენებს. ამის გამო საკმაოდ ძნელად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლის და ახლი ენის ათვისება/განცნობიერება. სწორედ ამის გამო ხდება, რომ 2008წ. აგვსტოს ომამდე აბსოლუტურად გაუგებარი იყო საქართველოს ახალ თვისობრივ როლში წარმოდგენა. შესაბამისად ვერ იქნა გაცნობიერებული აგვისტოს ომის შინაარსი. რატომღაც სულ ვფიქრობდით, რომ ჩვენ ვინმემ უნდა მოგვიაროს. ვერ მოვახერხეთ პატრონის პარადიგმის მსხვრევა ჩვენს მენტალობაში. ეს ყველგან იჩენს თავს. ყველა მოვლენა, რომელიც 21 საუკუნეში მოხდა, სწორედ ამ მოვლის და პატრონის ძიების პარადიგმაში მიმდინარეობს.



სწორედ აქ იკარგება დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლის და ახალი ენის გაცნობიერება. ვერ ვახერხებთ სწორედ მსგავსი პარადიგმების არსებობის გამო ჩვენს ცნობიერებაში. რა არის მათავარი პარადიგმა, რომელიც საქართველოს მენტალურ შეუთავსებლოვბას წარმოშობს დამოუკიდებელ საქართველოსთან? საქართველოს 200 წლიანი ყოფნა იმპერიაში საკმარისი გახდა იმისათვის, რომ თაობებს შეესისხლხორცებია იმპერიის იდეოლოგია. იმპერია ყოველთვის კლავს თავისუფლებას დაპყრობილ ქვეყანაში. კლავს ამ თავისუფლების წყურვილს და არაერთი მაგალითია ჩვენს ისტორიაში, თუ როგორ გაუსწორდა რუსეთის იმპერია ჩვენს თავისუფლების გამოვლინებას. მისი იდეოლოგია ეფუძნება ერთ პროცნციპს. არ შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხდეს ადამიანის დაპირისპირება და მტრობა დამოუკიდბელ სახელმწიფოსთან.



ასეთი ადამიანის გამოყვანა არის იმპერიის მთავარი დანიშნულება და კიდევაც გამოიყვანეს „ჰომო სოვიეტიკუსის“ ტიპის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მტერია. აქ პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ და გადატანითი მნიშვნელობითაც. ჩვენმა 20 წლიანმა უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ქართველი „ჰომო სოვიეტიკუსი“ სახელმწიფოს მტერია. ის ანგრევს პირველ სახელმწიფოს ცეცხლითა და მახვილით. მას არ სურს სახელმწიფო, თუმცა სურვილების დონეზე სურს ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელშიც მთელი ის ნაგავი, რაც „ჰომო სოვიეტიკუსის“ ცხოვრების წესშია უკუგდებულია და უარია ნათქვამი.





გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იმპერიიდან გამოსვლა გაცილებით მტკივნეულია რუსეთისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ვინაიდან საქართველოს გამოსვლა იმპერიიდან მნიშვნელოვნად არყევს იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეს. აქ გარდა ტერიტორიისა, მთელი რეგიონის პრობლემატიკა მოჰყვება იმპერიიდან ჩვენს გასვლას. ამიტომ ამის შესაჩერებლად იმპერიას უხდება მძლევრი და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული ბერკეტების გამოყენება. გამოიყენა კიდევაც.





აქ უკვე ერთმანეთს ეჯახება „ჰომო სოვიეტიკუსის“ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ენათა დისკურსები. პირველი ამბობს: ღირდა ეს ყველაფერი? ნანგრევები თავზე დაგვაცვივდა ჩვენ. შეხედეთ სხვა რესპუბლიკებს, ისინი სულ თავისუფლად გავიდნენ, მაგრამ რომელმა რესპუბლიკამ სცადა ჩვენსავეთ და ბალტიისპირეთივით გასვლა რუსეთის იმპერიიდან? ყაზახეთს რომ ეცადა ნატოში შესვლა, როგორ ფიქრობთ რუსეთი ამას მისალმებოდა? უკრაინამ რომ სცადა მიესალმა?



მაგალითად აგვისტოს ომი მინდა მოვიტანო და ამის ფონზე მოვახდინოთ ჩვენი თვალსაზრისის განვითარება.2008 აგვისტოს ომი უნდა გახდეს გარდამტეხი მომენტი, რომ გავაცნობიეროთ საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური თვისობრიობა. აგვისტოს ომამდე ეს გაცნობიერებული არ იყო. ჩვენ ვიბრძოდით, ვცდილობდით... მაგრამ საზოგადოებისთვის ეს იყო დახშული კარები. რა გვინდოდა? ნატოში შესვლა, ტერიტორიების დაბრუნება... მაგრამ არ ვიცოდით რა როლს ვასრულებდით, რას წარმოვადგენდით, როგორი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი და რა ნიშის დაკავებას ვცდილობდით.



ამ შემთხვევაში, საინტერესოა ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომ რუსეთს ძალიან დიდ რისკად უფასებენ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობას. მართლაც საკმაო რისკია და შესაძლოა ეს რისკი ახლო მომავალში დადგეს. ამ რისკის შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორც რუსეთის იმპერიიდან დანახული, ასევე ჩვენგან გასაცნობიერებელი. სწორედ აგვისტოს ომმა გამოაჩინა, რომ თურმე ჩვენი ამ მოქმედებებით საკმაოდ სერიოზულ დისბალანსს ვუქმნიდით რუსეთის იმპერიას. ეს სწორედ გეოპოლიტიკური დისბალანსი იყო მისთვის და მისი მიზნებისათვის. ამ გეოპოლიტიკური დისბალანსმა გადააწყვეტინა რუსეთს საქართველოსთან ომი, რომელიც შესაძლოა ითქვას საკმაო რისკების შემცველი იყო. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი იურიდიული და პოლიტიკური გადასახედიდან ეს რისკები თვალშისაცემია და ნამდვილად არსებობს. გადაწყვეტილი მართლაც არაფერია. რუსეთმა ვერ მოახერხა მოეხდინა თავისი ქმედების ლეგიტიმაცია, ვერც პოლიტიკურ და ვერც იურიდიულ დონეზე. ეს მისი დივიდენდები არ არის.



რუსეთს აქვს დივიდენდებიც ამ ქმედებებში, რომელიც მისი როლის გაზრდაში გამოიხატება. მისი აზრის გათვალისწინებაში გამოიხატება, თუმცა ყველამ იცის და არ ახალია, რომ ზოგადად რუსეთმა ამ ყველაფერს მიაღწია უპასუხისმგებლო თამაშით. მისი მხრიდან უპასუხისმგებლობაა ატომური პოტენციალის დივერსიფიკაცია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილო კორეა და ირანი, ასევე გაზის საკითხით შანტაჟი. ამის შემდეგ რუსეთი შესაძლოა წავიდეს განსაკუთრებით სახიფათო თამაშებზე და მსოფლიო დააყენოს ფაქტის წინაშე. მსგავსი ქმედებები სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ რუსეთი დღეს საკმაოდ სუსტია. მას არ შეუძლია ყავდეს მოკავშირეები. მას არ შეუძლია მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მოკავშირეებთან კორელაციაში განთავსება. ის მოკლებულია ამ შესაძლებლობებს და მთელი თავისი პოლიტიკა აგებული აქვს სწორედ მსგავს უპასუხისმგებლობებზე. უპასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ რუსეთს აქვს კანონი, რომლის ტანახმადაც მას შეუძლია მოახდინოს ატომური ბომბის პრევენციული დარტყმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აბსოლუტურად წამგებიანი თამაშია.



ამ ბინძურ თამაშებში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორც საქართველოა სერიოზული დისბალანსი შეიტანა რუსული გეოპოლიტიკის მიზნებში. ამ დროს თავად ქართულ საზოგადოებას არ ჰქონდა გაცნობიერებული ეს ყოველივე. აქ იკვეთება საქართველოს ახალი როლი. ჩვენ რუსეთს სწორედ გეოპოლიტიკურ მიზნებში შევეწინააღმდეგეთ. ალბათ რამდენიმე ათწლეულის წინ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა თუ კავკასიაში დამოუკიდებელი საქართველოს და რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური შეუთავსებლობა იარსებებდა. სწორედ ეს არის გასაცნობიერებელი. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ განლაგებაში.



თუ იმპერია საკმაო რისკს წევს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში, ეს ნიშავს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია და იმპერიას უღირს ამის საწინააღმდეგიოდ საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს, საკმაოდ დიდი რისკი დააყენოს, რომელმაც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ააფეთქოს კიდევაც კავკასიაში.ეს არის ის ახალი ენა, რომელზედაც ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ უნდა ისაუბროს. ამ შემთხვევაში ქართულ მენტალობაში უნდა განადგურდეს იმპერიის ბაცილა, რომელიც დამოუკიდებლი სახელმწიფოს მტერია. ეს დიდი, სერიოზული და სამკვდრო სასიცოცხლო პროცესია თუ გვინდა ნამდვილად იარსებოს დამოუკიდბელმა სახელმწიფომ. მოგვიწევს დიდი ტკივილის, დიდი გაჭირვების გადატანა, თუმცა ნაბიჯნაბიჯ უნდა შევძლოთ დავძლიოთ ეს სირთულეები თუ გვინდა რომ დავამტკიცოთ ერის სიცოცხლისუნარიანობა. ამისათვის ჩვენ უნდა ვისაუბროთ დამოუკიდბელი სახელმწიფოს ენაზე და გავითავისოთ მისი ახალი როლი, რომელიც მისივე სიცოცხლისუნარიანობის დადასტურებაცაა. ეს არის წითელი ზოლი, რომელიც არ უნდა გადაილახოს.



ირაკლი მარგველაშვილი 05.10.2010წ.

No comments: