Friday, 3 December 2010

საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვაში

გუშინ 2010წ. 2 დეკემბერს ეუთოს სამიტი დასრულდა.მთელი ნოემბრის თვე საინტერესო და დაძაბული იყო გეოპოლიტიკურად. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი გეოპოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ ასეთი წინგადადგმული ნაბიჯები არ გვქონია ჩვენს უახლეს ისტორიაში. აქ ერთგვარი შესუნთქვაა საჭირო. კონკრეტული და პრაქტიკული შედეგები არ სჩანს, გვეტყვიან და აბსოლუტურად მართლები იქნებიან. მაშ რა არის და სად არის წარმატბები? ამის ახსნა საკმაოდ რთულია. ძნელია ისაუბრო ამ პოლიტიკის ვერბალურ ნაწილზე, ენათა მიმართებებზე და ვინმე მიახვედრო, რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ პროცესი მიდის, რომ დადებითი ტენდენციები სჩანს, რომ არ ვართ მარტო...

არა,არ ჯერავს, მოსაბეზრებელია ერთი და იგივე ტექსტები, ისევ აღშფოთება, შეშფოთება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მემილიონედ გამეორება. რთულია ამის ახსნა უბრალო მოქალაქისთვის, ასევე ლტოლვილისთვის, რომელიც წლებია ელოდება პრაქტიკულ შედეგებს.თითქოს ეს პოლიტიკა რაღაც ირაციონალურია. იმდენად დაიხვეწა თანამედროვე დიპლომატიის ტექსტი, რომ ის პრაქტიკულად არაფერს ამბობს ახალს, ხელშესახებს. ყველაფერი საშინლად ერთფეროვანია. არ სჩანს არავითარი ემოცია. თითქოს მთელი სამყარო ფ. კაფკას რუტინულ "პროცესში" მონაწილეობს, სადაც არც ვექილის სიტყვაა, არც მოსამართლის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი შედგება, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, მიუხედავად რუტინისა, უემოციობისა და სიცარიელისა. ყველაფერი არსებობს ამ რუტინაში.

ასეთია თანამედროვე პოლიტიკური ტექსტი, თანამედროვე დიპლომატიური ენა, რომელიც მხოლოდ ჟესტებით საუბრობს. ენა, რომელიც არაფერს ამბობს გასაგონს. ენა, რომელიც მოიცავს ისეთ ნარატივს, რომლის მოყოლაც არ შეიძლება. ეს არის დეკონსტრუირებული ენა, რომელსაც მხოლოდ გრამატიკა ინახავს ენად. სხვა არანაირი თვისება აღარ გააჩნია. ენა რომელიც არ საუბრობს, მხოლოდ ჟესტურ კომუნიკაციას მოიცავს.

ეს გვაქვს ბაზისად, რომ ვისაუბროთ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაზე, გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე, რუსეთთან ჩვენს კონფლიქტზე და მსოფლიოს დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან.

რა შეიძლება მოვყვეთ, რა შეიძლება დავინახოთ, გავიგონოთ ამ ყველაფრიდან. ახალი არაფერი. მთელი დასავლეთი ცდილობს, როგორმე რუსეთი ასაუბრონ თავიანთ ენაზე, როგორმე მოახდინონ საკუთარი ენის ინტეგრაცია რუსულ პოლიტიკაში. ჯერჯერობით წარუმატებლად, ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება. ისევ რუტინულად, ისევ დაჟინებით.მთელი დასავლეთი ცდილობს მოახდინოს რუსული ენის დეკონსტრუირება და ახალ ენად ჩამოყალიბება. რუსეთი ჯიუტობს, თუმცა ხვდება სავარაუდოდ, რომ მაინც მოუწევს ლექსიკონის გარეშე მსოფლიოსთან საუბარი.

მიუხედავად ამ რუტინისა, მიუხედავად ამ რიტორიკული ომისა, რომელიც უკვე 2 წელია დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, შესაძლებელია სტრიქონებს შორის უფერო მელნით დაწერილი ტექსტის ამოკითხვა. ნოემბრის გეოპოლიტიკური ტექსტი საქართველოს შესახებ შემდეგია:

ლისაბონის ნატოს სამიტი:

1. ნატოს სამიტზე მივიღეთ კარტბლანში გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია.
2. ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდება და ეს უკვე არ დარჩა მხოლოდ ბუდაპეშტის სამიტის დონეზე, არამედ კონცეფციაში ჩაიწერა.
3. რუსეთი ნატოს კონცეფციაში ამ ბლოკის მტერი აღარაა.
4.საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მოხდება მიუხედავად იმისა, ამის სურვილი ექნება თუ არა უკრაინას.
5.ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.
6.რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება. ანუ საქართველო არანაირ ინტერესებში არ მონაწილეობს.
7. ამ ექვსივე პუნქტის შეკრული წრე, არის ის, რომ საქართველომ ამ ყველაფრით მიიღო უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიები. ამის გასააზრებლად 1,2,4,5,6 პუნქტები მეტყველებს.

ეს არის ნატოს ლისაბონის ისტორიული სამიტის საკითხები. ეს არის სწორედ ის რუტინა, რაზედაც ვსაუბრობდით. ეს არის ის ტენდენციები რაც შემდეგში ქმედებების სახით განიხილება. ამ თითოეული პუნქტის უკან მთელი პროცესები იგულისხმება, რომელსაც არ შევეხებით, ვინაიდან ამ სამიტზე დადასტურდა, რომ მიმდინარეობს რიტორიკული ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად იმ ურთიერთობების აღდგენისა ესენი ერთ ენაზე ვერ საუბრობენ, კომუნიკაციის შესახებ შესაძლოა ვთქვათ, რომ არსებობს ამ კომუნიკაციის შედგომის ტენდენცია ჯერჯერობით, ვინაიდან რუსეთი ისევ თავის საბჭოთა ნარატივს ბუტბუტებს.

არანაკლებ საინტერესო იყო სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში. არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სააკაშვილმა ცალმხრივი უარი თქვა და აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს განხილული მთლიან კონტექსტში. კერძოდ, ლისაბონის სამიტამდე საფრანგეთში ერთმანეთს შეხვდნენ დიმიტრი მედვედევი,ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამ შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სარკოზიმ მედვედევს მოუწოდა შეესრულებინა 2008წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლები შეეშვა, თავის მხრივ საქართველოს ურჩია, არ იქნებოდა ცუდი, თუ საქართველო აიღებდა ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ვფიქრობ სარკოზის ამ განცხადებაზე სააკაშვილის პასუხი ევროპარლამენტში იმის ტენდენციაა, რომ არსებობს ერთი ენა საქართველოსა და ევროკავშრის შორის, რომლითაც ისინი რუსეთს ესაუბრებიან. ანუ ამით მინდა ვთქვა, რომ ეს არის შეთანხმებული, (არა ვერბალურ დონეზე)პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რუსებს მარტო არ ვესაუბრებით. ასეთი ჩართულობის შემთხვევაში 2008წ. ომს გადავრჩებოდით. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ იყო.

1. იქმნება ამ კონფლიქტების მოაზრების საერთო სურათი.
2.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხდება საერთაშორისო საკითხი და ერთერთი პრიორიტეტი.
3. საქართველო თანდათან ახდენს ამ კონფლიქტების ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციას.

სწორედ ამის გაგრძელება იყო ეუთოს სამიტი ასტანაში, რომელმაც ასევე დაადასტურა ის საკითხები, რომელიც ლისაბონში და ევროპარლამენტში დაისვა. ევროპა არ ეგუება რუსულ ენას. დასავლეთი უარს ეუბნება რუსულ დისკურსს. შესაძლოა გვითხრან, ეს ხომ მანამდეც იყო. არა, მანამდე იყო შანსი, რომ რუსეთს მოეხდინა ამ ყველაფრის ინტეგრაცია, რომელიც მან ვერ მოახერხა. ინტეგრაციის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. დღეს რუსეთი საქართველოს საკითხში იზოლაციაშია, მარტოა. არავინ იზიარებს მის ნაბიჯებს და მისწრაფებებს. მას ამ საკითხში მხარს არავინ უჭერს. ეს ტენდენცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელება. ეს ჩვენთვის გამოსავალია.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჯერ მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავცდით რიტორიკულ ომს, ეს ომი რუსეთთან გადასატანია. ჩვენ ამ ომში მარტო ვიყავით. ეხლა ამ ომს ჩვენთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო აწარმოებს. ამ ომის წარმატებით დასრულებასთანაა დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. შესაძლოა ეხლა ეს ცარიელი სიტყვებია, მაგრამ სიტყვის გარეშე არაფერი არსებობს. ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.

03.10.2010წ.
ირაკლი მარგველაშვილი

No comments: