წინამდებარე წერილში რამდენიმე საკითხს შევეხებით, რომელიც ძალიან აქტუალურია მსოფლიოში დღეს.
საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი მსოფლიო პოლიტიკაში. ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რევოლუციურ მოვლენებს. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ შეეხება ეს ყველაფერი ჩვენს რეგიონს, რომელშიც რუსეთიც მოიაზრება. ლიბიაში შექმნილმა სიტუაციამ დასავლეთი არჩევანის ზღვარზე დააყენა. საუბარი იმაზე, რომ განიხილება ყველა ვერსია, სავარაუდოდ მოვლენების განვითარების შესაბამისად ჩამოყალიბდება თუ რა ვერსიაზე შეჩერდება საბოლოოდ დასავლეთი. ვფიქრობ, ლიბიაში შექმნილი დღევანდელი სიტუაცია, როდესაც ძალთა თანაფარდობა კადაფისა და მისი მოწინაღმდეგების თანაბარია, აუცილებლად საჭიროებს საკითხის დახურვას, მაგრამ ფაქტია, რომ კადაფი ხელისუფლებაში ვეღარ დარჩება. ამას წერტილი დაუსვა საერთაშორისო გამოძიებამ, რომელიც კადაფის წინააღმდეგ მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ თავად ლიბიაში არ გადაწყდა საკითხი, დასავლეთს ჩარევა მოუწევს. ეს როგორი ფორმით მოხდება ძნელი სათქმელია, მაგრამ სამხედრო ჩარევა არ არის გამორიცხული, მითუმეტეს ხმელთაშუა ზღვაში ამერიკის მეექვსე ფლოტი ცურვაშია ლიბიის სანაპიროსკენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის საკითხი და ევროპის ენერგო უსაფრთხოების თემა. რამდენიმე დღის უკან საფრანგეთის მთავრობამ გააჟღერა შემდეგი აზრი, რომ მიეღოთ ტუნისი ევროკავშირში, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და ასევე ტუნისის წახალისება, რომ შედგეს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო. ჩემის აზრით ეს არის პასუხი ამერიკის პოზიციაზე, რომელიც სავარაუდოდ კულუარულად შეახსენეს ევროკავშირს, რომ დასავლეთმა სწრაფად მოახდინოს კასპ[იის ენერგომატარებლების მობილიზაცია და ევროპაში ინტეგრაცია. ანუ, აქედან შეიძლება მივხვდეთ დასავლეთის პოზიციის ტენდენციას კავკასიის რეგიონის მიმართ. ის არ არის მაინცდამაინც მყარი და ეს ალბათ რუსეთის გამოცაა. ამიტომაც რუსეთის თემა ამ ახლო აღმოსავლეთის თემასთან კავშირში არის მინიშნებების და ტენდენციების დონეზე.
მაგალითად დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვლ. პუტინს შესაძლოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი შესთავაზონ მოიაზრებს სწორედ იმას, რომ ახლო აღმოსავლეთის თემა არ არის მხოლოდ იმ რეგიონის. გავრცელებული ინფორმაციას აბსურდული უწოდა თავად პუტინის პრესსამსახურმა. ჩემი აზრით ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას. რა ბერკეტები იქნა გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში მუბარაქის და კადაფის წინააღმდეგ? დასავლეთში გაიყინა მათი აქტივები. მუბარაქს უკვე ეგვიპტის პროკურატურაში იწვევენ. ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ დასავლეთს გარკვეულ მომენტში შეუძლია მოახდინოს ისეთი პერსონალურტი ბერკეტების გამოყენება, რომელიც პირს კანონგარეშე აცხადებს. ვფიქრობ სწორედ ამის მინიშნება იყო გავრცელებული ინფორმაცია პუტინის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეობის შეთავაზების შესახებ. პუტინის პრესსამსახურის განცხადება ამ ყველაფრის აბსურდულობაზე არ ნიშნავს, რომ ეს შეთავაზება არ მომხდარა. უფრო შეთავაზების უარყოფად უნდა მივიღოთ.
როგორც ცნობილია, არსებობს თემა, რომელიც გულისხმობს, იმის მიღწევას, რომ პუტინს უარი ათქმევინონ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გაჯიუტდება არ არის გამორიცხული გამეორებულ იქნეს ის ბერკეტები, რომელიც გამოყენებულ იქნა ახლო აღმოსავლეთის ლიდერთა წინააღმდეგ. ამიტომ პუტინმა გაფრთხილება მიიღო. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რომ პუტინმა ლიბიას სსრკ-ს დროინდელი ვალები ჩამოაწერა, ხოლო თავის მხრივ კადაფმა პუტინის ოლიგარქიული კომპანიებისგან დიდი ოდენობით აქტივები შეიძინა, რომელზეც ინფორმაცია გავრცერლდა. თანხა გათეთრდა და სახელმწიფო თანხები დაილექა კერძო პირების ანგარიშებზე. ეს უკვე კრიმინალია. სავარაუდოდ ეს არ იქნება ერთადერთი ოპერაცია და პუტინს მსგავსი ოპერაციები გაკეთებული კიდე ექნება.
ოლიმპიურ კომიტეტზე მინიშნება სწორედ სპეციალურად მოხდა, ვინაიდან როგორც ცნობილია მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტში არაერთხელ მომხდარა კორუფციული სკანდალები. რაც შეეხება პუტინის პრესსამსახურის მიერ ამ ფაქტის უარყოფას, ჩემის აზრით, პუტინი არაფრით მოინდომებს გასცდეს რუსეთის სამართლებრივ სივრცეს და გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციის მეთაური. რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ის ყველაფერს ფლობს. შესაძლოა მან საერთოდ არ იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ რუსეთის რეალურ მმართველობას არ დასთმობს, თუნდაც არაპრემიერის რანგში და სავარაუდოდ პუტინის სურვილი ესაა, ვინაიდან თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით, პუტინი მოერიდება დასავლეთის გაღიზიანებას, მაგრამ არც იმას მოინდომებს, რომ ძალაუფლება დათმოს. თამაშის წესები ასეთია, ის ფული, რომელიც შესაძლოა ჯიბეში გქონდეს შენი არ არის.
საინტერესოა ახლო აღმოსავლეთის რევოლუციური ტალღის გავრცელების პერსპექტივები პოსტსაბჭოთა სივრცეზე. მაგალითად საქართველოში პრესა უკვე სერიოზულად მიმოიხილავს რევოლუციურ ტალღებს. პარტიის ლიდერები ერთმსანეთს ასწრებენ რევოლუციის დაანონსებაში, მაგრამ ეს უფრო ქარიშხალი ჭიქაშია, ვიდრე რეალური შესაძლებლობები. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ცალკე აღებულ არცერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში რეალურად არ შეუძლია ხელისუფლების კონკურენცია გასწიოს. რაც შეეხება ერთიანი ფრონტით გამოსვლას, ამის შესაძლებლობები იმ გადატანილი ურთიერთქიშპის ფონზე თუ არის ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია.თუმცა სცენა არ გრილდება, იქ მარადიულად ანთია რევოლუციის ვირტუალური ცეცხლი და ამ ცეცხლს სული ახლო აღმოსავლეთის რევოლუციურმა ტალღამ შთაბერა. ვნახოთ რას შეძლებენ რევოლუციონერები, დარჩებიან ინტერნეტ გვერდებზე, თუ რეალურ ქმედებებს დაიწყებენ.
ირაკლი მარგველაშვილი
04.03.11წ.
No comments:
Post a Comment