Friday 13 November 2015

ქართული მართლმსაჯულება და საქართველოს ევროპული მომავალი


საქართველო 24 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ამ დამოუკიდებლობის მოპოვებას ბევრი ვნებათაღელვა და პოლიტიკურად მწვავე პრობლემა შეხვდა. თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც 24 წელია წრეზე ბრუნავს. ეს არის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან თანაარსებობის საკითხი. დაწყებული 1991-1992 წლების მოვლენებიდან დღემდე, ეს საკითხი პრობლემატურია, ვინაიდან ყველა ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა ცდილობს გაანადგუროს წინა ხელისუფლების პოლიტიკური ძალა. ეს ყველა ხელისუფლებას შეეხო. შევარდნაძის ხელისუფლებამ ფიზიკურად გაანადგურა  ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ძალა, რასაც პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციაც მოჰყვა ბუნდოვან ვითარებაში. ვარდების რევოლუციით მოსულმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ციხეში ჩასვა შევარდნაძის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი, რომლებიც მოგვიანებით განთავისუფლდნენ, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების პოლიტიკური დღე დასრულდა რევოლუციისთანავე.
2012წ. 1 ოქტომბერს სააკაშვილის გუნდმა არჩევნები წააგო და მისი წევრების მიმართ დაიწყო სამართლებრივ-პოლიტიკური დევნა. სწორედ ასე იქნა ის აღქმული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებისაგან, რომლებმაც არაერთი განცხადება და რეზოლუცია მიუძღვნეს ამ საკითხს. დაჭერილია ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, ყოფილი შსს მინისტრი, პრემიერ მინისტრი და პარტიის მოქმედი გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა.  ისმის კითხვა, როდის უნდა დასრულდეს ეს მოჯადოებული წრე, რამ უნდა დაასრულოს ეს მოჯადოებული წრე პოლიტიკური ანგარიშსწორების? რა არის ამის შემაკავებელი? პასუხი ერთია, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი პროკურატურა და სასამართლო. მხოლოდ ამ ინსტიტუციებს შეუძლია დაასრულოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ეს მახინჯი პრაქტიკა. მხოლოდ სასამართლოს თავისუფლებას შეუძლია დაარეგულიროს პოლიტიკური ამბიციების გადამეტება. რომელი ხელისუფლებაც ამას გააკეთებს, ვფიქრობ ის იქნება ყველაზე წარმატებული ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამ საკითხის გაშლისათვის საინტერესო იქნება განვიხილოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც თავისი შინაარსით სასამართლო ქეისია, ხოლო მეორეს მხრივ ის დიდი დატვირთვის მქონეა ქვეყნის ისტორიულ მომავლისთვის.
2015წ. 17 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ციხიდან გაანთავისუფლეს თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა, ღამის 11 საათზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ის ციხეში, წინასწარ პატიმრობაში უკანონოდ 5 თვე იჯდა ნაცვლად კონსტიტუციით განსაზღვრული 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის საერთო ვადისა ანუ ჯამში 14 თვე. ამ ფაქტამდე 19 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა ყოფილი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ. 2015წ. 18 სექტემბერს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, გიორგი უგულავას წინააღმდეგ და ის 24 საათში ციხეში შეაბრუნეს. განაჩენი გამოცხადდა ღამის 10 საათზე. მას 4,6 წელი მიუსაჯეს. ამ ფაქტის შესახებ სხვადასხვა ხედვა არსებობს. პოლიტიკური ოპოზიცია საუბრობს პოლიტიკურ მოტივაციაზე და დევნაზე ზემოთხსენებული პირების მიმართ, ხოლო ხელისუფლება საუბრობს სამართლიან სასამართლოზე. ჩვენი წერილის ინტერესია ამ ნიუანსების გარკვევა და დალაგება. პრობლემის წინ წამოწევა, რომელიც საბოლოო ჯამში ხელს უშლის მთავარ და ძლიერ მიზანს, ქვეყნის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რათა ის იყოს დაცული, ის იყოს პროგრესული და მისაბაძი ქვეყანა.
ჩვენ არ ვიხილავთ კონკრეტულად გიორგი უგულავას საქმეს. აქ საინტერესოა ამ საქმის წარმოების მიზეზები და მისგან გამომდინარე შედეგები, მოტივაციები და განწყობები, რაც საშუალებას მოგვცემს ქართული მართლმსაჯულების პრობლემატიკა შევაფასოთ.  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვფიქრობთ სრულიად არ იყო საჭირო, იმდენად მარტივი საკითხი იხილებოდა. კონსტიტუციის თანახმად წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, არც მეტი და არც ნაკლები. ეს არის იმპერატიული ნორმა, რომელიც არ უშვებს გამონაკლისებს. იურისტებისთვის იმთავითვე ნათელია, რომ რაც არ უნდა ეწეროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში, ამისგან განსხვავებული, კონსტიტუცია უმაღლესი საკანონმდებლო იერარქიის აქტია და არ შეიძლება კანონი გამოყენებული იყოს მანიპულირებისთვის. როდის შეიძლება გამოიყენო კანონის მანიპულაცია? როდესაც კონკრეტული პირის მიმართ ინტერესია, რომ პირი იჯდეს ციხეში. როდესაც პოლიტიკურად ან სხვაგვარად მოტივირებულია პირის ციხეში ყოფნა. როდესაც ამას ხელს უწყობს სასამართლო და უბრალოდ არღვევს კანონს, იმიტომ რომ ის არაა პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი და ექვემდებარება პოლიტიკურ კონტროლს. ეს ცალსახაა, შესაძლოა ითქვას აქციომაცაა. კანონი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაირღვეს, როდესაც არსებობს ინტერესი რომ ის დაირღვეს. ეს არ ეხვევა კანონის უნებლიე დარღვევას, როდესაც არ იცი მის შესახებ, ან არასწორად გაიგე ის.
პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკის ნაწილია. დღეს საქართველოს ამ მხრივ პროგრესი არ განუცდია. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები გამართლდნენ რამდენიმე ეპიზოდში, ეს სრულიადაც არ ცვლის საერთო სურათს და იმ აღქმას, რაც საქართველოს მიმართ არის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, სადაც ხშირად მიგვითითებენ, პოლიტიკური დევნის აღქმაზე. ამის ნათელი დადასტურებაა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის ჯეიმს აპატურაის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებები. ამ განცხადებების კონტექსტი, სრულიად რადიკალურ ხედვებს შეიცავს და ადასტურებს ჩვენი პარტნიორების შიშებს პოლიტიკური დევნის შესახებ.
2014წ. ზაფხულში გიორგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა: "სამართლებრივი პროცესები უნდა იყოს დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევისაგან, კანონს პატივი უნდა სცენ და როგორც გენერალურმა მდივანმა ბევრჯერ თქვა, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ პოლიტიკური ჩარევის ან მოტივაციის აღქმაც კი. მე გავეცანი დამკვირვებლებისა და ამერიკის ელჩის განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან დაკავშირებით, მაგრამ, ამის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ უნდა არსებობდეს აღქმა პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შესახებ"
2015წ. 7 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა: "რაც შეეხება მმართველობას, არაფორმალურ მმართველობას და ა.შ., პირველ რიგში, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდი იმ არაფორმალური ლიდერის გავლენის ხარისხს, რომელსაც გულისხმობთ, ბატონი ივანიშვილის. მაგრამ დავსვამ კითხვას: რა სჯობს, ფორმალური დიქტატორის ყოლა ქვეყანაში თუ პიროვნების, რომელიც ინარჩუნებს პროცესებზე არაფორმალურ გავლენას? რა არის უკეთესი - არაფორმალური მმართველობის ქონა ქვეყანაში, თუ ოპოზიციის ფორმალური ლიდერი, რომელიც სხვა ქვეყნის სამსახურშია, მეგობარი, მაგრამ სხვა ქვეყნის?  არაფორმალური მმართველობა ცუდია და მე მას არ ვიცავ. მაგრამ, ამავე დროს, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ პატივისცემა და გავლენა საზოგადოებაში. არაფორმალური მმართველობა, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ჭრილში განვიხილავთ, ცუდია და თუ ის არსებობს, უნდა გავაბათილოთ.
ყველაზე მთავარი, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად არის ის, რომ საქართველოს, მის პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ ის ხედვა, რომელიც შეესაბამება ევროპული პოლიტიკური ცხოვრების სტანდარტებს, სადაც უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ფასეულობების გაზიარება.  აქ საუბარია ერთ ენაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისაუბროს იმ ენაზე, რომელ ენაზეც საუბრობს დასავლეთი. თუმცა ზემოთმოყვანილ ციტატებში ამ ერთ ენაზე საუბრის განცდაც კი არაა. როდესაც ჯეიმს აპატურაი საუბრობს პოლიტიკური დევნის აღქმის არ არსებობაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობას. აბსოლუტურად გაუგებარია შეფასების საკითხის წამოწევა, რა სჯობს ფორმალური დიქტატურა თუ არაფორმალური მმართველობა, რას თქმა უნდა ორივე მიუღებელია, მაგრამ ამ შედარებითი ლოგიკით დავით უსუფაშვილი თითქოს ამსუბუქებს არაფორმალური მმართველობის  ხინჯს ქვეყნის განვითარების საქმეში, თუმცა საქმე გაცილებით უარესადა ვიდრე ეს ლოგიკა, რომელიც მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ არაფორმალური მმართველობის არსებობის ლეგიტიმაციის მცდელობა იყოს ჩვენს რეალობაში.
დავით უსუფაშვილმა აღიარა არაფრომალური მმართველობა სახელმწიფოში და ის, რომ  ეს არის ქართული პოლიტიკური ენა და დღისწესრიგი დღეს. მერე რა, რომ  ჩვენი პარტნიორები დასავლეთში ამას ვერ გაიგებს.
სწორედ ქვეყნის მართვის ასეთი მენეჯმენტი ქმნის სიტუაციას, როდესაც სხვაგვარად შეუძლებლობის გამო პოლიტიკური ლიდერი (გ. უგულავა) ციხიდან გაანთავისუფლონ, 24 საათში მის მიმართ განაჩენი დადგეს და ციხეში შეაბრუნონ. ანალოგიურად მოხდა, როგორც მას ერთ საქმეზე გაუვიდა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა და გასვლამდე 1 კვირით ადრე მას მეორე საქმეზე ისევ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს რათა არ მომხდარიყო მისი განთავისუფლება. ანალოგიურად ხდებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას შემთხვევაშიც.
 როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე  აღიარებს და ეგუება არაფორმალურ მმართველობას პრობლემაც ეგაა. ხოლო არაფორმალური მმართველის მიზანა, რომ არაფორმალური მმართველობა არსებობდეს. მისი ინტერესია მოსუფთავდეს პოლიტიკური ველი, რათა ამ არაფორმალურ მმართველობას საფრთხე არ შეექმნას. ამ შემთხვევაში სადაა პარლამენტის თავმჯდომარის და არაფორმალური მმართველის საერთო ინტერესი? სწორედ იქ, სადაც მისი ხელისუფლების ერთი შტოს მეთაურობა გარანტირებულია. თუ მისაღებია არაფორმალური მმართველი და დაშვებულია, მაშინ დაშვებულია ისეთი ფაქტებიც, როგორიც გიორგი უგულავას შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. დაშვებულია პოლიტიკური ანგარიშსწორებაც და ეს არის დავით უსუფაშვილის განცხადების კონტექსტიც. არაფორმალური მმართველობას თავისი მიზნები, განხორციელების მექანიზმები, ინტერესები და შედეგები აქვს. თუ ეთანხმები ასეთ მმართველობსას, მაშინ ეთანხმების ყველაფერ იმას, რაც ასეთ მართველობას ახლავს, ხოლო თანხმობა ამ შემთხვევასი გამოხატულია თანამდებობაზე ყოფნის სიკეთით, სადაც არაფრის შეცვლა არ გსურს.
მხოლოდ ერთ ძლიერ ინსტიტუციას შეუძლია ამ ყველაფრის დასრულება. ეს არის მართლმსაჯულება და მისი დამოუკიდებლობა. ამ ინსტიტუციის ნამდვილ დამოუკიდებლობას შეუძლია პოლიტიკური ამბიციების მოთოკვა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.  უნდა ვისწავლოთ დასავლეთის ენაზე საუბარი. შესაძლოა ეს ხელისუფლების დაკარგვადაც დაგვიჯდეს.  უნდა შევქმნათ ისეთი მართლმსაჯულების სიტემა, რომელის გადაწყვეტილებებიც მართლაც აღქმას არ დატოვებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ან არაფორმალური მმართველი არსებობს. ვინ უნდა დაარწმუნოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იმაში, რომ საქართველოში დემოკრატია ძლიერდება, რომ აღქმაც კი არაა პოლიტიკური დევნის, როდესაც არაფორმალურ მმართველობას თავად ადასტურებს და ამით სრულიად იგნორირებულია კონსტიტუცია.
            არაფორმალური მმართველობა რაღაც მაფიოზური კლანის მმართველობას ჰგავს, რომელიც არავის სჭირდება. მთელი ეს პროცესი, საქართველოს როგორც სახელმწიფოს აქცევს მოწყვლადად, ასუსტებს მის თავდაცვის უნარიანობას, ასუსტებს მის იმიჯს, ასუსტებს მის მომავალს და მის გავლენას მსოფლიო თანამეგობრობაზე, რომ მას დაეხმარონ ამ უძლიერეს მტერთან (რუსეთი) ბრძოლაში, რომელთანაც დასავლეთს ისედაც რთული ურთიერთობა აქვს და კიდევ ჩვენი პრობლემით გართულება არ მოუნდება, ვინაიდან ვერ ხედავს შენში იმის სურვილს, რომ მის ენაზე ისაუბრო. ჩვენ ვერავის დავარწმუნებთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, ვინაიდან დასავლეთმა უარი თქვა შერჩევით სამართალზე, არაფორმალურ მმართველობაზე. ისინი ვერ ხედავენ საქართველოს მზაობას, რომ ის ითამაშებს დასავლეთის თამაშის წესებით. ამის შესახებ ბევრჯერ გააფრთხილეს საქართველოს ხელისუფლება და ეს გაფრთხილება არათუ გათვალისწინებული არ იქნა, არამედ სულ იგნორირებულ იქნა, ვინაიდან ეს არაფორმალური მმართველობის მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილია.
            რა მივიღეთ ჩვენ ამ ყველაფრით? დღეს საქართველოს იმიჯი შელახულია. დღეს საქართველოს სახელმწიფო აღარაა დასავლეთის აქტიური დღისწესრიგის ნაწილი. დღეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა შესუსტებულია. დღეს საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია ურთულესია და ეს სწორედ არის დასავლეთთან კომუნიკაციის შესუსტების ბრალი, როდესაც შენ აღარ ხარ საინტერესო, როდესაც შენ გამოდექი ისეთივე რიგითი, როგორც სხვა უამრავი არასაინტერესო ქვეყანა. მაშინ, როდესაც არჩევნების შემდეგ გქონდა უძლიერესი სტარტაპი, ყოფილიყავი საინტერესო, ანგარიშგასაწევი ქვეყნების რიგში. ჩვენ ეს ვერ შევძელით, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ვაღიარეთ ოფიციალურად, რომ ქვეყნის მენეჯმენტი არაფორმალურად იმართება.
            ქვეყნის ისტორია შედგება ფაქტებისაგან, რომლებიც გავლენას ახდენენ  ქვეყნის ისტორიულ მომავალზე, მის საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ფუნქციონალურობაზე. ამ წერილის მიზანი არ არის საუბარი გიგი უგულავას დანაშაულზე ან უდანაშაულობაზე, არამედ ქართული სახელმწიფოს მომავალზე, მის წარმატებაზე და საბოლოო ჯამში ყველაფერ იმაზე რაც მოიცავს ამ სახელმწიფოში ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას. ასეთი ფაქტები (გიორგი უგულავას საქმე) განსაზღვრავენ სახელმწიფოს მდგომარეობის რეალობას, მის იმიჯსა და აღქმას, რაც საბოლოოდ ამ ქვეყნის მნიშვნელოვანებაზე ახდენს გავლენას. ერთის მხრივ არაფორმალური მმართველი ისუფთავებს პოლიტიკურ ველს, რათა გაიხანგძლივოს პოლიტიკური ძალაუფლება და ეს მხოლოდ მისი ხედვის ნაწილია, მისი ინტერესის სფეროა, სადაც არ სჩანს სახელმწიფოს ინტერესი და ვერც გამოჩნდება, ვინაიდან არაფორმალური მმართველობის სურვილი და მისი ფაქტობრივი განხორციელება, მხოლოდ სუბიექტური შეიძლება იყოს. ამის საპირწონედ სასწორის პინაზე დევს ქართული სახელმწიფო და მისი მომავალი, რომელიც ხდება ძალიან მოწყვლადი, ძალინ მყიფე.
ადამიანების ბედი ისე გადაეჯაჭვება ქვეყნის ბედს, რომ მისი განცალკევება რთული ხდება. შესაბამისად თუ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, რომელიც იქნება ანგარიშგასაწევი, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ სუბიექტივიზმზე სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ და აუცილებელია შეიქმნას ისეთი სისტემა მართლმსაჯულებაში, როდესაც შეუძლებელი გახდება მისი პოლიტიკური დაქვემდებარება, რაც ტოლია მისი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოყენების. ერთადერთი გზა, არის მართლმსაჯულების თავისუფალი ნება, რაც მოგვცემს საშულებას ვიყოთ ანგარიშგასაწევი და ლიდერი სახელმწიფო რეგიონში. როდესაც ამას მივაღწევთ, ამის განცდა იქნება ყველაზე დიდი სიამოვნება.

ირაკლი მარგველაშვილი


19.09.2015წ.

No comments: