Friday 13 November 2015

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ქართული სახელმწიფოს დაცვის რუბიკონი


უკვე ეჭვიც არ რჩება, რომ „რუსთავი2“-ის საქმე პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების სურვილთან მოახდინოს საქართველოში მისთვის ლოიალური მედია სივრცის ჩამოყალიბება. არ გამოვრიცხავ ხელისუფლებაში ვერ ხვდებოდნენ ამ გადაწყვეტილების დიდ რისკფაქტორს, მითუმეტეს ის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთხრეს საერთაშორისო ვიზიტებისას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. არაერთი განცხადება გავრცელდა, როდესაც მათ მკაფიოდ მიანიშნეს თავი დაანებონ დამოუკიდებელ მედიას. არის მომენტები, როდესაც ხელისუფლება იძულებულია უკან დაიხიოს, მითუმეტეს მოჭარბებული სურვილებისას, მაგრამ საქართველოში არის ამ უკანდახევის შემაკავებელი ფაქტორი, ერთი პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. მისი სურვილი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის განეიტრალება  განხორციელდეს. ეს სურვილი არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა დროს, არამარტო ბიძინა ივანიშვილის მიერ, არამედ ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერაც. ტელეკომპანია „რუსთავი2“ არის მთავარი თემა დღეს საქართველოში. ეს თემა ნაწილია დიდი კონტექსტის. ეს კონტექსტი არის საქართველოს სახელმწიფოს გეოპოლიტიკური წონა, მისი გაცხადებული მიზანი საერთაშორისო გეოპოლიტიკაში, მისი ბრძოლა ამ მიზნის მიღწევისთვის, რომ იყოს დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფო, იყოს რეგიონალური მასშტაბის გეოპოლიტიკური სუბიექტი. ამიტომ საკითხი ცდება მხოლოდ ტელეკომპანიის ბედს, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და საქართველოს დემოკრატიის და სახელმწიფოს არსებობასთან პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული.
ვერ განვიხილავთ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საკითხს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ვერც რუსეთის დღევანდელი გეოპოლიტიკური აქტივობის გათვალისწინების გარეშე. დღეს ფაქტია, რომ რუსეთმა გაშალა თავისი იმპერიული ფრონტი. შეანელა უკრაინის თემა. გაააქტიურა სირიის თემა და კავკასიაში საქართველოს თემა. დღეს მის მიერ ჩათვლილია, რომ საქართველო მოწყვლადია, ამიტომ მარტივად შეძლებს აქ სპეცოპერაციის განხორციელებას. სპეცოპერაცია არის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ხელში ჩაგდება, რომელსაც უნდა მოჰყვეს სხვა საკითხების გადაწყვეტაც, როგორიცაა „გაზპრომის“ შემოსვლა საქართველოში და თანდათან აზერბაიჯანის ჩანაცვლება, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკული საკითხი არ არის. ეს არის კავკასიური გეოპოლიტიკის რღვევა და აქ ისევ რუსეთის შემოსვლა. ამიტომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ არის რუბიკონი, რომლის გადალახვით უნდა განხორციელდეს რუსული ინტერესების გატარება საქართველოში.
ეს გეგმა საკმაოდ ძველია. მინდა გავიხსენო ვლ. პუტინის სიტყვები 2008წ. ომის შემდეგ: „ის რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, მას გააკეთებს ქართველი ხალხი“. რასაც გულისხმობდა ვლადიმერ პუტინი ამ განცხადებაში, დღეს ყველაზე კარგად შეგვიძლია დავინახოთ. 2012წ. პირველ ოქტომბერს სქართველოში განხორციელდა დემოკრატიულად ხელისუფლებს ცვლა. ეს დემოკრატიის განვითარება იყო, მაგრამ ყველა მოლოდინი შეჩერდა ამ განვითარების წერტილთან. დღეს საქართველოს ხელისუფლება დაუპირისპირდა სწორედ ამ დემოკრატიის განვითარებას. შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველო ხელისუფლებამ დააყენა მიჯნასთან, საქართველოს სახელმწიფოს განვითარება, საერთაშორისო მხარდაჭერა და დემოკრატია, ხოლო მეორე მხარეს, საერთაშორისო იზოლაცია, რომელიც იქნება მომაკვდინებელი ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. თუ ასეთი მიჯნა უკრაინისთვის იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას.  ასეთი იზოლაცია უკვე მოახდენს ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვას. საქართველოს მოქცევას რუსული გავლენის ქვეშ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედება და ეს აღარაა ინფანტილური დამოკიდებულება მოვლენებისადმი. ეს არის ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილის არჩევანი, შეგნებული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგ არის მიქცეული.
სწორედ ამიტომ გვსურს ვისაუბროთ იმ გეგმაზე, რომელიც ვლ. პუტინმა თავის ფრაზაში ჩაატია. დღეს ეს გეგმა მოქმედებაშია და  ამ გეგმაში მონაწილეობდა როგორც რუსეთის ოფიციოზი, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრი კერძოდ, მაშინდელი ოპოზიცია, რომლის დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებაშია და 2011 წლიდან მას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას.  როდესაც 2008წ. ომი დასრულდა რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთდა რამდენიმე განცხადება: დ. მედვედევი- "მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი", ვლ. პუტინი -"ის რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, მას გააკეთებს ქართველი ხალხი". ასევე ხშირად იმეორებდა რუსეთის ოფიციოზი, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე რეჟიმის ხელმძღვანელი, რომელმაც დაიწყო ომი. სწორედ ეს იყო იმის ნიშანი, რომ იწყებოდა მასიური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე რუსეთის მხრიდან. ორივე ეს ფრაზა შესაძლოა ჩაითვალოს   იმ საწყისად და სასრულად, რომლის პრაქტიკული განხორციელება დროში უნდა მომხდარიყო. თუ კარგად დავაკვირდებით რუსულ რიტორიკას, რომელიც დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია დავინახავთ, რომ ის მიზანთან ახლოსაა.
რას გულისხმობდნენ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ამ ფრაზებში, რატომ გახდა სააკაშვილი პოლიტიკური გვამი და რა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს ისეთი, რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ? პუტინის აზრით საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას:
1.      არ უნდა დაეწყო საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთთან და ჩრდილო ატლანტიკურ  ალიანსში, რომლის დაპირება საქართველომ ბუქარესტის სამიტზე მიიღო 2008წ. აპრილში.
2.      არ უნდა მოეხდინათ საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების მინიჭება, რითაც საქართველო გახდა რუსეთის კონკურენტი კავკასიაში და საფრთხე დაემუქრა რუსეთის სამხრეთულ გეოპოლიტიკას.
3.      არ უნდა ეცნო ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად.
4.      არ უნდა გაეცა პასუხი რუსეთისათვის, რომელიც ცდილობდა საქართველოს სრულ ოკუპაციას და ეხლა ცდილობს მცოცავი ოკუპაციის სახით.
5.      ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი უნდა ეცნო მხარეებად ამ კონფლიქტში და რუსეთი არ უნდა დაესახელებინად მხარედ, როგორც ეს ხდებოდა 90-იანი წლებიდან, როდესაც რუსეთმა ფაქტობრივი ოკუპაცია განახორციელა ჩვენი რეგიონების.
6.      უნდა გაგვეფორმებინა ამ ანკლავებთან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება. არ უნდა გაგვეხადა ეს კონფლიქტები საერთაშორისო მნიშვნელობის და უნდა ვყოფილიყავით რუსეთთან  მოლაპარაკებებში მარტო.
7.      უნდა გვეცნო რუსული "ახალი რეალობა" ანუ კავკასიაში რუსული პრიორიტეტი.
8.      უარი უნდა გვეთქვა საქართველოს ახალ გეოპოლიტიკურ დანიშნულებაზე და აბრეშუმის გზის პროექტები უნდა გავეხადა რუსული გავლენის არეალად, რასაც უზრუნველყოფს გაზპრომის თანდათან დაბრუნება კავკასიაში.
9.      უნდა გაგვეხსნა აფხაზეთის საქართველოს რკინიგზის მონაკვეთი, ხოლო რუსებს ის უნდა ჰქონოდათ ოკუპირებული.
ეს არის იმ საკითხთა მცირე ჩამონათვალი, რომელიც საკაშვილის ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, რომ ის რუსეთის ოფიციოზის თვალში არ ყოფილიყო პოლიტიკური გვამი და დამნაშავე რეჟმი. ვინაიდან ეს არ გაკეთდა, რიტორიკულ პლანში და შემდეგ სამოქმედო გეგმაში დასახულ იქნა ამოცანა, რომ მომხდარიყო სააკაშვილის პოლიტიკური ძალის დემონიზაცია და საბოლოოდ დროში ის გამხდარიყო დამნაშავე რეჟიმი.  ასევე ქართველი ამომრჩევლის თვალში მომხდარიყო პროდასავლური კურსის სრული დისკრედიტაცია. დღეს კვლევებით პრორუსული განწყობები საქართველოში გაზრდილია.
 დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს საქმით, საბოლოოდ მოვიდა ამ გეგმის განხორციელების დრო და ყველა ზემოთხსენებული საკითხს, რომელიც ჩამოვთვალეთ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
1.      საქართველო თანდათან ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში და ამის დიდი პერსპექტივაა, რაც გამოიწვევს მის თავდაცვისუნარიანობის საერთაშორისო სისტემის სრულ მორღვევას.
2.      საქართველოში აბრუნებენ „გაზპრომს“, რომელიც რუსეთის ყველაზე მძლავრი პოლიტიკური იარაღია.
3.      იწყებენ „ოკუპირებული ტერიტორიების  შესახებ“ კანონში ცვლილებების განხორციელებას, რის შემდეგაც დღის წესრიგში დადგება რუსეთის მხრედ არცნობის საკითხი ამ კონფლიქტებში.
4.      საქართველოს იუსტიციის მინისტრი მზადაა დაივიწყოს 2008წ. ომი.
5.      მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები აფხაზეთის ქართული რკინიგზის მონაკვეთის გახსნაზე.
6.      აბსოლუტურად იგნორირებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, რითაც უდიდესი საფრთხე ექმნება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. 
7.      ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამარცხებით სრულად მოხდება საინფორმაციო სივრცის დაკავება და გაკონტროლება, რომელიც ამ გეგმას საბოლოდ დაასრულებს.
პრაქტიკულად სახეზე გვაქვს ხელისუფლების კოლაბორაციონისტური პოლიტიკა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს მომავალს და მის სტრატეგიულ ინტერესებს.
როგორც ავღნიშნეთ რუსეთი ამ გეგმის განხორციელებას ჯერ კიდევ 2008წ. ომის შემდეგ შეუდგა. მან 2008წ. შემდეგ ახალი თამაში დაიწყო, რომლის დაწყების ნიშანი გამოიხატა დიმიტრი მედვედევის და ვლ. პუტინის ფრაზებში, რომელიც ზემოთ ავღნიშნეთ. ახალი თამაში გულისხმობდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლებას.
  საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ნათლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რუსეთის მიერ 2008წ. დაწყებული ახალი თამაში გადამწყვეტ ფაზაში შედის. მომხდარია ყოფილი ხელისუფლების (სააკაშვილის რეჟიმის) დემონიზაცია, მიმდინარეობს მათზე აქტიური შეტევა, მიმდინარეობს ოპოზიციის პოლიტიკური დევნა ყველა დონეზე, მიმდინარეობს თავისუფალი ტელეკომპანიის დევნა, რომელიც ამხელს ხელისუფლებას პრორუსულ ორიენტაციაში, ამხელს მის გეგმებს და წინაღობას უქმნის მას. მაგალითად ხელისუფლება ვერ აყალიბებს და ვერ განმარტავს რატომ უნდა შემოვიდეს საქართველოში „გაზპრომი“, რომლითაც დროში მოხდება აზერბაიჯანის ჩანაცვლება. ხელისუფლებას არ სურს არასასურველი კითხვების მოსმენა. ტელეკომპანია „რუსთავი2“  ხელს უშლის მას თავისი მიზნების განხორციელებაში. არაფერს ცვლის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რიტორიკული მტკიცება, რომ ისინი საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანის ერთგულები არიან. ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მუშაობს ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. აყენებს ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციის წინაშე და გზას უხსნის რუსეთს კავკასიაში.
მთელი ამ პროცესიდან გამომდინარე, სრულ შესაბამისობაში მოდის რუსული გეგმა, რომელიც 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. გეგმა რომელიც მდგომარეობდა ყოფილი ხელისუფლებისმის დემონიზაციაში, რომელიც თავის თავში მოიაზრებს დასავლური მოძრაობის განადგურებას, მარგინალიზაციას და დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაციას. ეს გეგმა ფინალურ სტადიაში შევიდა.
დღეს ქართული დემოკრატიის დამარცხება გადის ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამარცხებაზე. დღეს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის თემა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი თემა, რომლის დასრულება მოასწავებს ჩვენი დამოუკიდებლობის დასრულებას. მასზეა მიბმული უმწვავესი საკითხები. ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, ან საქართველოს იზოლაცია ან საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს  საკითხი დგას ასე.
შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს გაცნობიერებული არ არის ხელისუფლების მიერ, ვინაიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სახელმწიფომ უმწვავესი განცხადებები გააკეთა ამ საკითხებზე. საქართველოს დემოკრატია ღირს ძალიან დიდი ფასი. მას ვერ შეწვდება ვერცერთი მილიარდი. საქართველოს იზოლაცია, რომ ძალიან რეალურია ეს ჩანს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. "ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის საქმის გამო და ამ საქმის შედეგების გამო მედიის თავისუფლებაზე, პოლიტკურ პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საქართველოში. სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზრის წახალისება და არა ჩახშობა. მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებითი ფუნდამენტია და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ყურადღება გავამახვილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ჩვენმა საელჩომ თბილისში ეს მესიჯი როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მიაწოდა. ვახსენებ ელჩ კელის განცხადებას, ასევე ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ჩვენს საერთო განცხადებას. არ მინდა ვისაუბრო ჰიპოთეზებზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კვლავ ვუსვამთ ხაზს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელთა დანახვაც გვსურს საქართველოს ლიდერების მიერ,".
                საქართველოს ხელისუფლებას უფლება არ აქვს საქართველო მოაქციოს იზოლაციაში და ამით მოსპოს მისი თავდაცვისუნარიანობა, მოარღვიოს მისი უსაფრთხოების სიტემა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ქართული სახელმწიფოს ინტერესები, მოხდინოს საქართველოს გაძლიერება და დაახლოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ამის მაგივრად ხელისფლების უმრავლესობის წევრები აკეთებენ უაღრესად საქართველოს დამაზიანებელ გაცხადებებს და ელემენტარული შეგრძნება არ გამოსჭვივის, რომ მათ რაიმე პასუხისმგებლობა აქვთ ამ სახელმწიფოს წინაშე. დღეს საქართველო ნამდვილად დგას არჩევანის წინაშე, ან ვირჩევთ საქართველოს დამოუკიდებლობას და დემოკრატიის განვითარებას, ან მივდივართ იზოლაციის გზით, რომლის მომავალიც ისევ რუსული გავლენის ქვეშ ჩვენი მოქცევაა. ჩვენ იმედები უნდა გავუმტყუნოთ ვლ. პუტინს, რომელიც ფიქრობს, რომ რუსული არმიის საქმეს ქართველი ხალხი გააკეთებს.
ირაკლი მარგველაშვილი


No comments: