Friday 13 November 2015

ქართული დემოკრატიის გამოწვევები



2015 წლის 17 ოქტომბერს ამერიკულმა ორგანიზაციამ NDI, გამოაქვეყნა პოლიტიკური რეიტინგები, სადაც საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა, რომ მმართველ კოალიციას რეიტინგში უსწრებს ოპოზიციური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ზოგადად ცნობილია, რომ ხელისუფლება არ წყალობს აღნიშნულ რეიტინგებს. პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ის საინტერესო არ არის ქართველი ხალხისთვის. თუ გავიხსენებთ 2013წ. ჩატარებულ გამოკითხვებს, სადაც მმართველი კოალიციის რეიტინგი 63% აღწევდა ისინი ამაყად აცხადებდნენ, რომ მათი რეიტინგი კოსმოსში იყო. რეიტინგული კვლევა იძლევა სურათს, რომლის თანახმადაც ჩანს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. როდესაც არჩევნებამდე მმართველი კოალიციის რეიტინგი 14%-ია ვითარება ნამდვილად საგანგაშოა, ვინაიდან ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად არ მუშაობს, რომ მათი წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება, მათი ამომრჩეველი ფრუსტრირებულია და ასეთი ხელისუფლება საშიშია.
ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი ძალიან საშიშია დემოკრატიის განვითარებისთვისაც. ყველაზე დიდი საშიშროება, არის ის, რომ ასეთი დაბალი რეიტინგის მქონე ხელისუფლება ეცდება შეცდომები სხვაგან ეძებოს და არა საკუთარ თავში. თავისი წარუმატებლობის დაფარვის მიზნით ის აუცილებლად დააზარალებს დემოკრატიას და საქართველოში საკმაოდ სერიოზული ტენდენციაა ამისი. რეიტინგების გამოქვეყნებასთან ერთად, უკრაინულ საიტზე, გამოქვეყნდა წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალა ინახებოდა პროკურატურაში, რაც პრემიერმაც დაადასტურა, „მოულოდნელად“ ის საჯაროდ გამოქვეყნდა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ დადებულმა პოლიტიკურმა რეიტინგებმა, პრაქტიკულად შოკში ჩააგდო ხელისუფლება. ამიტომ მისთვის ყველა გზა მისაღებია, რომელიც დაფარავს ამ შედეგებს. აქვე ერთი საკითხი არის თვალში საცემი, რატომ აკეთებს ხელისუფლება ისეთ PR სვლებს, რომლითაც ის ვერაფერს იგებს? მაგალითად წამების კადრების გამოქვეყნება, რომელიც მანამდეც იქნა საჯაროდ ნაჩვენები, დააზარალა ოპოზიცია, რომელსაც ეს კადრები მეტად ვეღარ დააზარალებს. ამიტომ PR სვლა, რომელიც ვერ დადებს შედეგს, მარტივად რომ ვთქვათ რას აძლევს თავად ხელისუფლებას? ვფიქრობთ არაფერს, ვინაიდან ფაქტია, რომ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. ამიტომ პრობლემა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებში კი არ არის, არამედ არის სხვაგან და ასეთი კადრების ჩვენება ვერ აწევს მათ რეიტინგს. მაშ რა არის ეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ვფიქრობთ დიდი შეცდომა, რომელიც დასრულდება საკმაოდ ცუდად ხელისუფლებისათვის.
ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ეს ვერ შეიფუთება როგორც შემთხვევით მომხდარი ფაქტი. ეს არის ხელისუფლების მიერ რეიტინგების საწინააღმდეგო სვლა, რომ როგორმე რეიტინგების თემამ გადაინაცვლოს ქვედა ადგილზე. გარდა ამისა, ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი წინა ხელისუფლების და დღევანდელი ოპოზიციის მიმართ, ვინაიდან 2015წ. 19 ოქტომბერს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, რომლითაც დავა მიმდინარეობს რუსთავი 2-ის წილებზე ძველ და ახალ მეპატრონეებს შორის. არავისთვის უცხო არაა ის გარემოება, რომ აღნიშნული სასამართლო პროცესით ძალიან დაინტერესებულია ხელისუფლება, ვინაიდან როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ პრობლემა მათ მმართველობაში კი არ არის, არამედ არის რუსთავი 2-ში, რომელიც კრიტიკულად აშუქებს ხელისუფლების მოღვაწეობას. ამიტომ ხელისუფლება თვლის, რომ ასეთი მედიის განეიტრალება პრაქტიკულად ამოასუნთქებს მას, რომ ადამიანები ვეღარ მოისმენენ ხელისუფლების კრიტიკას და ყველაფერი იქნება იდეალურად.
ხელისუფლების 14%-იანი რეიტინგი შეიცავს საფრთხეებს, რომ ხელისუფლება შეეცდება კი არ გამოასწოროს თავისი მენეჯმენტის შეცდომები, კი არ გადახედოს თავის მმართველობას, არამედ მაგალითად გაანეიტრალოს საინფორმაციო წყაროები, რომ არავინ ისაუბროს მის შეცდომებზე. აი აქაა სწორედ ხელისუფლებისთვის მარცხი ჩასაფრებული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი საკითხია ისიც, რომ სწორედ რუსთავი2 იყო ის ტელევიზია, რომელმაც განაცხადა საქართველოში რუსული „გაზპრომთან“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოლაპარაკებებზე. ასევე გაშუქებულ იქნა სხვა ბევრი უხერხული თემები, რომელიც ხელისუფლებისთვის სასიამოვნო არ არის. რუსთავი2-ზე შეტევა ძალიან ჰგავს რუსეთში ტელევიზიებზე შეტევას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ პრაქტიკულად მოახდინა ავტორიტარიზმის გაფორმება. საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მოეხდინა ორიენტირება საკუთარ დაპირებებზე  პრობლემების ძებნა სხვაგან დაიწყო. მაგალითად რუსთავი2-ში. ასევე სხვა ტელევიზიებშიც დაიხურა საკმაოდ რეიტინგული თოქშოუები.
            არ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლება რაიმე ახალს აკეთებს, რაც არ გაუკეთებია სხვა ხელისუფლებებს, ან თუნდაც წინა ხელისუფლებას, მაგრამ ყველამ გადაიხადა ამაში დიდი პოლიტიკური ფასი. 2007წ. ტელეკომპანია „იმედში“ სპეცნაზის შეყვანით მაშინდელმა ხელისუფლებამ გადაიხადა უდიდესი პოლიტიკური ფასი, რომელსაც დღემდე იხდის, ხოლო საბოლოოდ მათ ხელისუფლება დაკარგეს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იმ ხელისუფლების რეიტინგი რამდენჯერმე მაღალი იყო დღევანდელი ხელისუფლების რეიტინგზე. დღეს ხელისუფლება 14%-იანი რეიტინგით მიდის დიდ რისკზე და საფრთხეს უქმნის საქართველოს მთლიან დემოკრატიზაციის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება კატეგორიულად უარს ამბობს რუსთავი2-ის სასამართლო პროცესში თავის მონაწილეობაზე, დროში საკითხი სულ სხვანაირად წარმოჩინდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პარლამენტში შექმნა კომისია, რომლითაც დაიწყო წინა წლებში მედიის საკითხებზე არსებული სიტუაციის შესწავლა და მასში შედიოდა რუსთავი2-ის საქმეც. კომისიის ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა რუსთავი2-ს „მოპარული ტელევიზია“ უწოდა. რუსთავი2-ის თემა აქტიური იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებშიც. ასევე ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც ხშირად აკრიტიკებდნენ რუსთავი2-ს. დღეს არ არის იმის პრობლემა, რომ რაიმე თემა იურიდიულად შეფუთო და იურიდიული ფორმალობით ეცადო თავის დაძვრენას. იმდენად სერიოზული ფაქტები მოხდა ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პირდაპირი თუ ირიბი, რომ ძნელია ამ შემთხვევაში დაეთანხმო იურიდიულ ფორმალობას. როდესაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ მიუთითებდა ქიბარ ხალვაშის (რუსთავი2-ის ყოფილი მოწილე) მიერ სარჩელის შეტანაზე სასამართლოში, რათა წილები დაებრუნებინა დაახლოებით 1 წლის უკან სარჩელის შეტანამდე, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში კვდება რუსთავი2-ის ყოფილი დამფუძნებელი და მისი სულის ჩამდგმელი ეროსი კიწმარიშვილი, როდესაც პარლამენტის კომისიის თავმჯდომარე ეძახის რუსთავი2-ს „მოპარულ ტელევიზიას“, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, როდესაც ზოგიერთი პარლამენტარი აშკარა გაღიზიანებას ვერ მალავს ამ ტელევიზიით, უბრალოდ აქ არ რჩება ადგილი იურიდიული ფორმალობისთვის. აშკარაა ხელისუფლების სურვილი, რომ რუსთავი2 არ არსებობდეს ისეთი, როგორიც ის არის დღეს, მითუმეტეს რომ კომპანიის ქონების დაყადაღების თემა იმდენად აშკარად აჩენდა ხელისუფლების ჩარევის ნიშნებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა ფიცი ჩაურევლობაზე, აშკარად კრიტიკას ვერ უძლებდა.
            ეს ტელეკომპანია არ არის მხოლოდ ტელეკომპანია. ეს არის საქართველოს მედიის სიტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომელიც წარმოადგენს ფლაგმანურ მედია საშუალებას. ამიტომ მასზე ბევრადაა დამოკიდებული საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯის არსებობა. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამიტომ უმნიშვნელოვანესია ის იყოს მსოფლიო თანამეგობრობის ერთიან ბრუნვაში. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო დღეს უპასუხებს დემოკრატიულ გამოწვევას. არავისთვის არ იქნება დღეს დამალული საქართველოს ხელისუფლების ჩარევა რუსთავი2-ის საქმეში და ვერავის დაუმტკიცებს ხელისუფლება, რომ მისი ინტერესი აქ არ იყო. შესაბამისად დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ამაზე აუცილებლად იქნება მწვავე რეაქცია. ისევე, როგორც ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მომხრეების დაპატიმრებები პოლიტიკური ნიშნისგან თავისუფალი იყო. სწორედ ამიტომ მიღებულ; იქნა რამდენიმე რეზოლუცია, სადაც ხელისუფლებამ მიიღო მკაცრი შენიშვნები.
ხელისუფლებას ავიწყდება, რომ საქართველო დღეს არ არის იმ სტატუსის მატარებელი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ეს მოთხოვნები არ გაითვალისწინოს. ასეთმა პოზიციამ, რომ შესაძლებელია ყველაფერი აკეთო, დღეს ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. მას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძალიან დაუვარდა რეიტინგი და ეს სულაც არ მოასწავებს იმის მზაობას, რომ შეგიძლია ყველაფერი აკეთო და ის გაგივა. აქ საკითხი ძალიან ერთმნიშვნელოვნად დგას. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობა დამოკიდებულია მის ჩართულობასთან მსოფლიო დემოკრატიულ პროცესებში. საქართველოს შეუძლია გაძლიერდეს მხოლოდ დემოკრატიული პროცესით, ვინაიდან ის ამ შემთხვევაში მოახდენს თავის ინტეგრაციას დასავლეთში, სადაც იზრდება ჩვენი დაცულობის ხარისხი. ხელისუფლების თავნებობა ვნებს სწორედ ჩვენს სახელმწიფოს დაცულობას.  როდესაც გსურს ძალაუფლების შენარჩუნება, ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ შენს მიერ შექმნილი პოზიტივის გზით. ეს თუ მოხდება ძალადობის გზით, ასეთ ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი არ აქვს. ამიტომ ძალიან იზრდება შიდა საფრთხეები, რომელიც გარე პროცესების მიმართ მოწყვლადად აქცევს სახელმწიფო სისტემას.
წლების განმავლობაში საქართველომ შეძლო, თავისი თავი შეეთავაზებინა მსოფლიო თანამეგობრობისათვის. რა თქმა უნდა აქ იყო შეცდომებიც, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შეთავაზებული მოდელი მისაღები აღმოჩნდა მსოფლიო სისტემისათვის, შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა დისკურსში იქნა გადასროლილი. ამავე დროს უფრო ფაქიზი გახდა გეოპოლიტიკური გამოწვევები და გაიზარდა უსაფრთხოების რისკები. ამიტომ ნებისმიერი შეტევა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და მითუმეტეს თავისუფალ მედიაზე ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის. საქართველოს ხელისუფლება მიდის ტრადიციულ შეცდომაზე, სადაც ყველაფერი დაშვებულია ოღონდ შენარჩუნებული იყოს ძალაუფლება. ერთი მედია საშუალების დამორჩილებას აუცილებლად მოჰყვება სხვა მედიაზე შეტევაც. ამიტომ წინ დიდი საფრთხეა და ყველაზე საშიში ამ დროს არის სწორედ ხელისუფლების დაბალი რეიტინგი, ანუ შიშს დიდი თვალები აქვს, რომელიც აუცილებლად მოინდომებს მთლიანი საინფორმაციო სივრცის დამორჩილებას ქვეყანაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში.
რა არის ხელისუფლების მთავარი შეცდომა? ვფიქრობთ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მოეხდინა საზოგადოებასთან ახალი სასაუბრო ენის ჩამოყალიბება, რომელსაც უნდა მოეცვა არჩევნების შემდგომი დისკურსის შექმნა ქვეყანაში. ხელისუფლება ჩარჩა წინასაარჩევნო რიტორიკულ ველში და 3 წლის თავზე ახალი ვერაფერი შესთავაზა ამომრჩეველს. რაც მთავარია მან ვერ შეძლო შეექმნა იმ პოზიტივის მეათედი მაინც, რომლის დაპირებაც მან ამომრჩეველს მისცა. დღის წესრიგში დგას ძალაუფლების შენარჩუნება ძველი რიტორიკულ ველში, რომელიც იმდენად გავლილია, რომ ვერაფერზე მოახდენს გავლენას. ამიტომ რაც დრო გავა ხელისუფლება უფრო მეტად ეცდება გააკონტროლოს მედია სივრცე, თუმცა ეს გამოსავალი ვერ იქნება. მათ უნდა შეძლონ რაიმე ახალი თქვან, რაც ძალიან რთულია, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობს, გაუფასურებული ლარის, უმუშევრობის და დიდი არაპოზიტიური მმართველობის ფონზე. სწორედ ამიტომ ხდება შეცდომების ძიება სხვაგან.
დღეს, როდესაც ამ სტატიას ვწერ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წამების ამსახველ კადრებს ქ. ზუგდიდის მერი საჯაროდ ქუჩაში აჩვენებს. ეს არის ხელისუფლების ძალიან უსახური ნაბიჯი, რომელსაც არ აქვს მომავალი, რომელსაც არ გააჩნია სახელი. ეს არის ძალიან შეშინებული და ამიტომ საშიში ხელისუფლება. ხელისუფლება ემზადება 2015 წლის 19 ოქტომბრისთვის, როდესაც უნდა ჩატარდეს სასამართლო პროცესი რუსთავი 2-ის საქმეზე. ყველა ნიშანი არის იმისი, რომ შეიქმნას ძალიან ნეგატიური ფონი, რათა რუსთავი2-ის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, რაც შეიძლება პროტესტი იყოს ნაკლები. ეს ნიშნავს ყველაფერზე წასვლას. ამიტომ არის საშიში ურეიტინგო ხელისუფლება.
ქართული სახელმწიფო ვერ შედგება, ამოვარდება ყოველნაირი მსოფლიო დისკურსიდან, თუ ის ვერ შეძლებს ჰყავდეს დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ეს ორი კომპონენტია მიჩნეული მსოფლიო დემოკრატიულ სისტემაში ნებისმიერი ძალაუფლების მოსათოკად. სხვა შემთხვევაში კონტროლი ხელისუფლებაზე ვერ განხორციელდება, ხოლო შეუზღუდავი ძალაუფლება რყვნის. თუ ვერ შევძლებთ ამ ორი ინსტიტუტის შენარჩუნებას, საქართველო დაკარგავს ყველა ნიშანს იყოს თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიის წევრი, რაც მარტივად მოასწავებს, რომ საქართველო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო განადგურდება.
ირაკლი მარგველაშვილი


No comments: