ვპასუხობ ვნებათაღელვას, რომელიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ ველში შეიქმნა. საზოგადოება დაბნეულია, გაურკვევლობაშია, თუმცა ვთვლი, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ობიექტურ საფუძველს. ყველაფრის ნიშნები ბოლო წლების განმავლობაში სახეზე იყო, ამიტომ გაურკვევლობა სუბიექტურია. რამეთუ, როდესაც არ გინდა არ შეხედავ, ან მეორე ვარიანტია, ვერ შეხედავ. არჩევანი მკითხველს ეკუთვნის.
მოვყვებით ამბავს, რომელიც შეიქმნა ამ უკანასკნელ წლებში, კერძოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ. მოვყვებით თამაშზე, რომელის ობიექტებიც ვართ, შევეხებით მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ამ ამბავ-თამაშში გაგვარკვევს, ვინაიდან მთლიან სურათს ვერ შევხედავთ, თუ მას დავანაწევრებთ. დღეს ვნებათაღელვაც სწორედ ამიტომ არის გამოწვეული, რომ ხელთ დანაწევრებული ტექსტი გვაქვს, არადა არც ისე რთულადაა საქმე, როგორც „გაურკვევლობას“ ჰგონია.
საქართველოში 2004 წლიდან სრულიად ახალი თამაში დაიწყო. თამაში, რომლის შესახებაც პრაქტიკულად წარმოდგენაც არ გვქონდა. 2004წ. ჩვენ პირველ კლასში ჩავირიცხეთ. ეს ის პირველი კლასია, რასაც სახელმწიფოს შექმნა ჰქვია. ჩვენ კომუნისტური დისკურსიდან სულ სხვა დისკურსში აღმოვჩნდით. დიახ, შევარდნაძის დისკურსი არაფრით განსხვავდებოდა იმ შევარდნაძის დისკურსისგან რომელიც 1986 წლამდე, მისი მოსკოვში გამგზავრებამდე არსებობდა საქართველოში 1972წლიდან 1986 წლამდე და შემდეგ 1992 წლიდან 2004 წლამდე, ჩვენ ერთი ენის, „შევარდნაძის ენის“ ველში გვიწევდა ცხოვრება. სხვა ენა ჩვენთვის უცნობი იყო. სწორედ ამ უცნობ ენას ავუმხედრდით 1991-1992წ. რომელსაც დავარქვით, „პროვინციული ფაშიზმი“.
ეს ენა კვებავდა ჩვენს საბჭოთა მენტალობას და მიუხედავად ჩვენი დამოუკიდებლობისა ჭიპლარით სწორედ ამ ენას ვიყავით მიბმული, რომელსაც „შევარდნაძის ენა“, ანუ საბჭოთა ენა ჰქვია. ჩვენ ამ ენას ვერ დავსცილდით, ამიტომ „შევარდნაძის ენა“ ის ენაა, რომელიც ყველაზე მშობლიურია, რომელ ენაზეც დავიწყეთ მეტყველება, სადაც არ არსებობდა სიტყვები, ქართული სახელმწიფო, სადაც არ არსებობდა სიტყვები საქართველოს გეოპოლიტიკა, სადაც არსებობდა ყალბი მცნებები, სამშვიდობო ძალები, კონფლიქტის ზონები, ერგნეთის ბაზრობა ძმობის გარანტი, და სადაც არსებობდა ბევრი რამ, რომელიც იყო ყალბი. სადაც არსებობდა ბანერი: „აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია“.
დასრულდა ეს ენა, დასრულდა დიდი ეპოქა „შევარდნაძის ენის“. ეს 2004წ. მოხდა. ჩვენ უნდა გვეცხოვრა ახალ რეალობაში. ჩვენ ახალ თამაშში ჩავებით. ისტორიას ახალი ამბავი უნდა მოეყოლა. ეს სულ სხვა ამბავია, მსგავსი ამბავია, მაგრამ ბუნდოვნადაც არ გვახსოვს. ეს ამბავი, მხოლოდ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში წაგვიკითხავს 20 გვერდზე, სადაც არ არსებობდა არც ერთი მცირე პასაჟიც კი იმ წვრილმანებისა, იმ ტკივილებისა, რომელიც ასეთ ამბავს თან ზდევს.
წვრილ პასაჟებზე ვამბობდი სწორედ, რომელიც ისტორიაში არ სჩანს, მაგრამ ამ ისტორიას ქმნის და დღევანდელობისთვის აუცილებელია ყურადღება მიექცეს, თორემ მე-11-12 საუკუნის ძლევამოსილი საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებაა, ხოლო ამ წინადადების უკან მთელი წლებია, თავისი წვრილმანებებით, ადამიანების ტკივილებით, ადამიანების სიხარულით, ომში დაღუპული შვილების საფლავებზე დედების ტირილით...
ასე იქნება რუსეთის იმპერიიდან განთავისუფლების ბრძოლის ისტორია მე-20-21 საუკუნეში 100 წლის გადმოსახედიდან. მომავლიდან დანახული, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს 20 გვერდზე დაეტევა, მაგრამ ამ ტექსტში არ გამოჩნდება იმ 20-30 წლის წვრილმანი, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია, სიხარულია, წარმატებაა, ამ ბრძოლაში დაღუპული ქართველების დედების ტირილია საკუთარი შვილების საფლავებთან.
მაშ ასე, გადავშალოთ „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ კიდევ ერთი გვერდი მომავალ ტექსტში, დავაფიქსიროთ ბევრი წვრილმანი, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა და ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი და წვრილმანი „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ სტრიქონებს შორის დარჩება, როდესაც მას 100 წლის შემდეგ წაიკითხავენ. ამ წვრილმანს „ქართლის ცხოვრების“ ძირითადი ტექსტი ვერც შეინარჩუნებს და არც დაინარჩუნებს. ეს მცირე შესავალია ჩვენი ტექსტის, რომელიც დღევანდელ ისტორიულ წვრილმანებს შეეხება, თამაშს, რომელსაც ჰერმენევტიკული თამაში დავარქვით, ერთერთ ჩვენს წერილში.
ერთი მცირე ეტაპი რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლების გაზაზე. ასე შეიძლება დავარქვათ 2004-2010წ დასაწყისს.
სწორედ 2004წ. დაიწყო ის გადამწყვეტი გენერალური ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი ვნებათაღელვის საგანია დღეს. ვნებათაღელვა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ეს პროცესი დავანაწევრეთ, არ მივყევით და შესაბამისად დღეს გაურკვევლობაში და გაკვირვებაში ვართ. ვინ სჩანს ავანსცენაზე. ვარდების რევოლუციის ტრიუმვირატი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე. ხელისუფლებაც გადანაწილდა. პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერი ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე. პირველი შეტევა აჭარა, ასლან აბაშიძე. ბრძოლა მოგებულია. პრაქტიკულად ერთერთი საბაღვაშო დაინგრა. იმპერიის საკმაოდ გავლენიანი საცეცი მოიჭრა. მეორე შეტევა, სამხედრო ბაზები, 2007წ. დეკემბერში ბაზები გავიდა. 2005წ. პრემიერი ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
თამაში გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ამ ისტორიის, ამ პროცესების სტრიქონებს შორის არსებობს. არსებობს ყველგან, თუმცა იმდენად ბუნდოვნად, იმდენად შეუმჩნევლად, რომ მისი დანახვა შეუძლებელია. არსებობს შიგნით ხელისუფლებაში, არსებობს გარეთ, ხელისუფლების ოპოზიციაში. სიტუაცია მწიფდება იმისთვის, რომ მოხდეს ამ იმპერიული ტექსტის სტრიქონებიდან ამოწევა. თუმცა ყველაფერი მაინც დაფარულია. ის არ აჩენს თავის თავს, მხოლოდ ეჭვები არსებობს. თამაშის სტრუქტურა ისეთია, რომ არ გამოჩნდეს. თუმცა ჩნდება შეფუთული პერსონაჟები ამ თამაშის. ერთერთია, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების საქართველოდან ღია გაძევება. იწყება ამ ქმედების პოლიტიკური შეფასება პოლიტიკური ძალების მიერ, თუმცა არავინ ცდილობს წაიკითხოს ის ძირითადი სტრიქონშორისი ტექსტი, რომელიც ამ მესიჯშია.
ამ პროცესებს მოსდევს ბადრი პატარკაციშვილი. ვინ არის ის. ეს არის პიროვნება, რომელიც სარგებლობდა ზურაბ ჟვანიას ლობირებით. შესაბამისად სარგებლობდა ზურაბ ჟვანიას მიერ შექმნილი ფრანკეშტეინის ნინო ბურჯანაძის ლობირებით. მთავარია ხელისუფლების გახლეჩა. ამისთვის შესანიშნავი პერსონა ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების იქ გახლეჩვა, რომელიც სახელმწიფოს დაანგრევს. ეს ძალოვანი სტრუქტურებია. ირაკლი ოქრუაშვილი არის ის პიროვნება, რომელსაც ეს შეუძლია. თუმცა ხდება მისი ქირურგიული ჩარევით განეიტრალება. ის დაპატიმრებულია. რუსული თამაში საჭიროებს გადაწყობას. ეს მოკლე დროში შესაძლებელია. 2007წ. ნოემბერში იწყება საკმაოდ გაცვეთილი პროცესი, ვარდების რევოლუციის მაგვარი კალკი, საპროტესტო აქციები. თუმცა მისი ქირურგიული ჩარევით განეიტრალება ხდება და პოლიტიკური სივრცე სრულიად იკეტება. იკეტება მისი პირდაპირი გაგებით. იკეტება საინფორმაციო მანქანა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია და მისი მძლავრი იარაღი.
სიტუაცია ბუნდოვანია. არავინ იცის რა ხდება. რატომ ჩაიკეტა პოლიტიკური სივრცე. რუსული თამაშის სტრიქონებს შორის ჩაწერილი ტექსტის გაშიფრვას ცდილობს ხელისუფლება. ქვეყნდება ჩანაწერები, როგორ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. არავინ იცის რა უნდა მოხდეს. შეკითხვებზე პასუხი არ არის. პოლიტიკური ძალები დაბნეულები არიან. ხელისუფლება ჩერდება. მხოლოდ ფაქტია დაფიქსირებული. ხისტი ფაქტი. სივრცე ჩაიკეტა. ჩაიკეტა, მაგრამ არავინ იცის რამდენი ხნით. საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილი იმარჯვებს. საპროტესტო ტალღა იზრდება. დასავლეთი არჩევნებს აღიარებს. გაურკვევლობაც იმატებს. საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს. ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.
კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა. საპარლამენტო არჩევენები, ხელისუფლება იმარჯვებს, საპროტესტო ტალღა იზრდება. სწორედ მაშინ ხდება პირველი მესიჯის გაჟღერება ოპოზიციის რიგებიდან ლევან გაჩეჩილაძე პირველად უპირისპირდება დასავლეთს, შემდეგ ერთერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ამერიკის საელჩოსთან ახდენს საპროტესტო აქციას. ყურადღებას არავინ აქცევს ამ ყველაფერს. თუმცა ისევ არსებობს რუსული ტექსტი სტრიქონებს შორის, რომელმაც თავისი არსებობა დაადასტურა 2008წ. 3 აპრილს, ბუდაპეშტის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ნებისმიერი ძალით შეეწინააღმდეგბა ამ ყველაფერს. ამ მესიჯებს არავინ კითხულობს, არავის აინტერესებს, არც ხელისუფლების მესიჯები, უცხოური აგენტურის გაძევება, ქართველი პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერები რუსების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, ყველაფერი დადგმულია, ყველაფერი ილუზიაა, სადაა რუსეთი, ის არ არის.
შიდაპოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია ისევ. რუსეთს სხვა საშველი არა აქვს უნდა იომოს. სასწრაფოდ მოახდინოს საქართველოში შემოჭრა. ასეცმოხდა 2008წ. 7 აგვისტოს დაიწყო ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ. ფარული ტექსტის სინათლეზე ამოვიდა. მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე გაჟღერდა ეს ტექსტი, რომელიც ლავროვმა უთხრა კონდოლიზა რაისს: „სააკაშვილი უნდა წავიდეს“. დასკვნა აქედან ასე გამოვიდა, რუსები უკვე ღია ომით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების დამხობას. ისევ არავის ახსენდება ერთ წლის წინანდელი პროცესები, მესიჯები, ან არ იხსენებენ. ამ ღია ტექსტსაც არავინ უჯერებს ოპოზიციურ სპექტრში. რატომ? რატომ ხდება ასე? განა ასეთი გაურკვეველია? უკვე აღარ. მიმდინარეობდა რუსული თამაში, რომლის ობიექტებიც ოპოზიციაა. ლოგიკაც შემდეგნაირად ვითარდება. 2008წ. 10 სექტემბერს დავით გამყრელიძე უკვე სააკაშვილის გადადგომას ითხოვს. თუმცა ესეც ლოგიკაში ჯდება. პუტინი აკეთებს განცხადებას, „ის რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, ანუ სააკაშვილის გადაგდება, მას გააკეთებს ქართველი ხალხი“. ეს მესიჯია, რომელიც 2008წ. და 2009წ. მთელ პოლიტიკურ პროცესს ექოსავეთ გაზდევს. ფონიც არსებობს. სააკაშვილმა ტერიტორიები ჩააბარა. სააკაშვილმა ომი დაიწყო, სააკაშვილი რუსეთის კაცია.
იქმნება მითები. რეალობა ასეთია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარში უდგას საქართველოს. აძლევს მას ფინანსურ დახმარებას, მაგრამ საქართველოში ზემოთხსენებული რიტორიკა ძლიერდება. რა ხდება, პუტინის მესიჯი, რომ სააკაშვილის გადაგდება ქართველი ხალხი გააკეთებს არამარტო ექოა, არამედ ლოგიკა, ის ლოგიკა რომელიც 2007წ. დაიწყო და გრძელდება. 2009წ. გაზაფხულზე იწყება აქციები სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით. პუტინის მესიჯის ზუსტ თანხვედრაში.
მთელი ოპოზიციის ლოგიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლავროვის და პუტინის ლოგიკას და რიტორიკას. სად მიდის ეს ლოგიკა? იქ, სადაც მივიდა დღეს, კრემლის კარებთან, თუმცა 2009წ. გაზაფხულზე ეს არავის ესმის. ყიდულობენ იარაღს, ხელისუფლება პრევენციებს ანხორციელებს. აქციების მთავარი შემოქმედი ნინო ბურჯანაძეა, მთელი ოპოზიცია მასთან დგას. რიტორიკა ერთიანი, ლოგიკა ერთიანი, რომელიც პუტინის ლოგიკას და რიტორიკას ზუსტად ემთხვევა. თუმცა ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ამ რიტორიკაში არ ჩანს ქართული სახელმწიფო, ეს არავის აინტერესებს. რუსული თამაშის ეს რაუნდიც სრულდება, თუმცა მხოლოდ რაუნდი. დღეს ახალი რაუნდი დაიწყო, ყველა ტექსტი ღიად გაიშიფრა. ეს ის ტექსტია, რომელიც 2007-2009 წლებში, მხოლოდ სტრიქონებს შორის არსებობდა. ბუნდოვანი იყო, მაგრამ დღეს უკვე ეს ტექსტი ყოველ ჩვენგანს წინ აქვს და მხოლოდ მისი წაკითხვაა საკმარისი.
შემდეგი ნაწილი, ამ ფაქტების ანალიზს მიეძღვნება.
გაგრძელება იქნება
2010წ. 7 მარტი.
No comments:
Post a Comment