Tuesday, 9 March 2010

ნახევრად გახსნილი კარტი (ნაწილი მეორე)

http://azrebi.ge/index.php?m=734

მახსენდება, 17 წლის ვიყავი. 1991წ. 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი რომ გახდა მისალოცად მივედით ახალგაზრდები. მივულოცეთ. მე ვუთხარი, საქართველომ გაიმარჯვა. მან რატომღაც ძალიან დანანებით გვითხრა: „ეჰ, შვილებო, თქვენ არ იცით რა არის სუკი“. მისი სიტყვები მაშინ ვერ გავიგე, მერეც მიკვირდა, მაგრამ ეხლა მე მივადექი დაგმანულ დილეგს.
ამ დილეგის გაღება, ან გაღების მცდელობა დიდი ვნებათაღელვის საგანია. იქმნება უამრავი კლიშე. იქმნება უამრავი მითი, რომელიც რუსეთის იმპერიამ შექმნა საუკუნეების განმავლობაში, რათა ქართული სახელმწიფოს იდეა ისე ჩაეგმანა ამ მითოსურ დილეგში, რომ მისი გაღება ვერასოდეს ყოფილიყო შესაძელებელი. ეს დღეს სხვა არაფერია თუ არა „მითი დღეს“. მითები გადადის რიტორიკაში. შემდეგ ის ლოგიკურად ერთიანდება. ერთიანდება პროტესტად. რომელიც ქართულ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება.
იმპერიამ შეძლო, რომ მისი ენა ისე შემოსულიყო ჩვენს ყოველდღიურობაში, სხვა რამისთვის მხოლოდ ლექსიკონი დაგვჭირვებოდა. იმპერიამ ამ მითოსურ დილეგში სწორედ ის ენა დაგმანა, რომელზედაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა ისაუბროს. ტყუილად არ ვხმარობ სიტყვას ქართული სახელმწიფო. რუსეთი არ ებრძვის ქართველ ხალხს, რუსეთი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ძალიან პატარაა, მიუხედავად ამისა საქართველოს სახელმწიფო რუსეთის კონკურენტია გეოპოლიტიკურ ველში. შეიძლება გავიკვირდეს, მაგრამ ეს უკვე ფაქტია. 2008წ. აგვისტოში ქართველებს არ ებრძოდნენ, არამედ ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ყველა ბრძოლა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ეს გეოპოლიტიკური ომი იყო.
სწორედ ქართული სახელმწიფოს იდეა, ენა იყო დილეგში გამომწყვდეული. სწორედ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა იქცა 2004 წლიდან რუსეთის მთავარ სამიზნედ. რუსეთმა იცის, თუ შეიქმნება ქართული სახელმწიფო, ის კარგავს კავკასიას, ის კარგავს პოსტსაბჭოთა შუა აზიას. პოსტსაბჭოთა სამხრეთს. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის. მე მხოლოდ ერთი რამ მიკვირს, ჩვენ რატომ არ გვსურს შევქმნათ ქართული სახელმწიფო? გვეშინია? ძნელია? თუ მოსეს გამოსვლის იგავში ვიმყოფებით? ამ მარადიულ ტექსტში? ნუთუ აუცილებელია ლექსიკონი ქართული სახელმწიფოს ენის შესასწავლად? ნუთუ არ შეიძლება ამ ენის გახსენება?
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც 2004 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, შესაბამისად გაიზრდებოდა რუსეთის იმპერიის მიზანსწრაფვა, მოეხდინა ამ სახელმწიფოს დემონტაჟი. იმპერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა არ მიეცა საშუალება შექმნილიყო ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა რუსეთმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოკლა საქართველოში. მათ დაანგრიეს პირველი რესპუბლიკა, ხოლო შემდეგ ტერიტორიებ ოკუპირებული, ეკონომიკა დანგრეული, სახელმწიფო სტრუქტურებ მოშლილი, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული საქართველო სნგ-ში შეათრიეს. კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებაზე მიაერთიეს, იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ქვეყანა დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს და იქ თავისი ჯარები ჩააყენეს, იურიდიული კამუფლაჟიც გაუკეთეს, სამშვიდობო ძალები დაარქვეს და გაყუჩდნენ.
მთავარი შეტევა 90-იან წლებშიც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანეს. მისი შექმნის და ჩამოყალიბების ყოველგვარი მცდელობა მოკლეს. „ისტორია მეორედება მარად იგივეში“. საქართველო ინერციულად თავისი განვითარების ისტორიულ ლოგიკაში გამოსავალს ეძებდა. მოხერხდა კიდევაც საერთაშორისო ენერგოპროექტებში მისი ჩართვა, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 1998წ. სტამბულში, რომელის შესრულებასაც 9 წელი მოანდომეს რუსებმა, მაგრამ არანაირი რესურსი არ დატოვა იმპერიამ, რომ შექმნილიყო ქართული სახელმწიფო 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე. ეს იდეა კვლავ დილეგში დარჩა, ვინაიდან საქართველო გეოპოლიტიკურ ნაწილში სწორედ იმპერიის კონკურენტია, მისი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. თუ ჩვენ გადავწყვეტდით, რომ იმპერია მოგვეცილებინა, აუცილებელი იყო შექმნილიყო ქართული სახელმწიფო.
2004წ. სწორედ ეს დაიწყო. ეს სულ სხვა თამაშია. მივიწყევბული თამაში ქართველთა ცნობიერებაში, რომლისთვისაც ჯერ რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა იმპერიამ უზარმაზარი რესურსი ჩადო, რომ არასოდეს მოხდარიყო ქართული სახელმწიფოს იდეის რეალიზება. ამას იმპერია თვითმკვლელობად აფასებს. ამიტომ ის ყველა მექანიზმით ებრძვის ამ სახელმწიფოს შექმნას, ვინაიდან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფო მას ჩაენაცვლება კავკასიაში და გააღებს იმ ჩაჭაობებულ, დაგმანულ დილეგს, რომელიც რუსული იმპერიის არსებობის საფუძველია.
კავკასია რუსული იმპერიის არსებობის ქვაკუთხედადაა მიჩნეული, შესაბამისად ქართული სახელმწიფო სწორედ ამ ქვაკუთხედს ანგრევს. ამის დაშვება არ შეიძლება. სწორედ ეს არის ის ბრძოლის ველი, სადაც ერთმანეთს რუსეთის იმპერია და ქართული სახელმწიფო შეეჯახა. რა დავარქვათ ამ ბრძოლის ველს, შიდა ქართლის ველი? აფხაზეთი? ნებისმიერი სახელი. ყველა სახელი პირობითია. ეს ნამდვილი ომია და როდესაც ქართველი ამ ომს ვერ აცნობიერებს, ის იმპერიულ მითოსურ ხავსს ეჭიდება, რომ შეიძლება საუბარი იმპერიასთან, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ.... ამ დროს გუშინდელი გავლილი დღეა ეს დიალოგი, გუშინდელი გავლილი დღეა სნგ, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ყველაფერზე დიალოგი. ეს სწორედ ის მითებია და ის ილუზორული სამყაროა, რომელსაც წინა წერილში „შევარდნაძის ენა“ დავარქვით.
გადაწყვეტილება სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ მივიღეთ. იმპერიის მხრიდან უამრავი შანტაჟის, აბსოლუტურად გაურკვევლი დემარშების, ეკონომიკური ბლოკადის, სპეცსამსახურების შემოსევის ფონზე, ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო დილეგიდან ამოსვლა. ის ძნელად, მაგრამ უძლებდა ამ შემოტევებს. რამდენი დაფარული ტექსტია ამ გაძლებაში. რამდენი განცდა, რამდენი შიში, რამდენი გამწარება, რომელიც ღია ტექსტით არასოდეს ითქმება და დაიწერება. თუმცა იმპერია არ ისვენებდა. 2007წ. ნოემბერი, პირველი არნახული შერყევა სახელმწიფოსი. რუსულ კვალს ყველა უარყობს, მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები არსებობს, სერიოზული ფაქტობრივი ნიშნები არსებობს.
ქართული სახელმწიფოს შიდა ველი ჩაიკეტა. პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ამ შიდა ველში ვინმეს შემოსვლა, მხოლოდ გასვლა გახდა შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს ჩრდილოეთია. სხვა ლოგიკა, სხვა რიტორიკა გარდა ჩრდილოეთის არ დარჩა. ყველა სხვა კარი ჩაიკეტა. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ვფიქრობ დასავლეთიდანაც თანხმობამოცემული. ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია სახარბიელო იყო, ვინაიდან შიდა პოლიტიკური სივრცის ჩაკეტვა რევოლუციისათვის სასათბურე პირობებს ქმნის და ამ ყველაფერმა არც დაახანა. ქვეყანა დღემდე რევოლუციურ პერსპექტივაში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას ჩაკეტილი სივრცით, ხელისუფლება თავად ხდება მთავარი რევოლუციონერი, მაგრამ ეს ვაბანკი იყო. აუცილებელი იყო რისკი. სივრცის ჩაკეტვამ იმპერია ღია აგრესიაზე გადაიყვანა.
2008წ. აგვისტო გენერალური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე. თუმცა არ გაჭრა, არ გამოვიდა. მაგრამ დატოვეს საშინელი ცინიზმი, საშინელი თავმოყვარეობის შელახვა, დატოვეს ფრუსტრირებული ქართველი ხალხი. დატოვეს რუსული რიტორიკა, დატოვეს რუსული ლოგიკა, რომ საქართველო აგრესორია, რომელიც თავის ტერიტორიას იცავდა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, რომ ხელისუფლებამ ტერტიტორიები ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული ნოსესია.
მაგალითი: როგორ შეიძლება, ქვეყანამ, რომელმაც ქართული ტერიტორიები დაიპყრო საქართველოს დააბრალოს აგრესორობა, ან ქართული ოპოზიციური რიტორიკიდან ამონარიდი, როგორ შეიძლება ქვეყანამ რომელმაც დაიპყრო შენი ტერიტორია ის ჩაბარებული იყოს, ან სად არსებობს ჩაბარების აქტი? როგორ ხდება ასეთი საოცრებები? როდესაც ქვეყანას კანონი აქვს მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“? ქვეყანამ, რომელმაც მეორე პატარა სახელმწიფო დაბომბა, როგორ არის პოლიტიკურად მართალი? ქვეყანამ რომელმაც მოაწყო ეთნოწმენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ არის ეს ქვეყანა ჰუმანური და არააგრესორი?და ასე შემდეგ, უამრავი პასაჟი.
მიუხედავად ამისა, მიუხედავად რუსული რიტორიკისა და ლოგიკისა ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი რუსულ ლოგიკაშია 2008წ. შემდეგ. მთელი აქციების ჯაჭვი მხოლოდ ამ ლოგიკას ეფუძნება, ამ რიტორიკას ეფუძნება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს პოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია. მხოლოდ ერთი კარებია დარჩენილი ისიც ჩრდილოეთით და ეს ლოგიკა კრემლის კარებთან მივა. ეს ვინ იცის არ ვიცი, მაგრამ ეს ვიღაცამ იცის... ალბათ იმან, ვინც ეს პოლიტიკური სივრცე ჩაკეტა. სწორედ ამიტომ არის ამ წერილის სათაური „ნახევრად გახსნილი კარტი“, მისი პირველი და მეორე ნაწილიც მხოლოდ ამ ფორმულაში დარჩება.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვინმეს აგენტობაზე და მოცემულ შემთხვევაში ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. სახელის დარქმევა ნამდვილად ვერ მოგვცემს შედეგს და არ ვეთანხმები აზრს, რომ ხალხს, ვინც ამ ლოგიკაში და რიტორიკაშია, თუნდაც იმათ, ვინც უკვე მიაკაკუნა კრემლის კარებთან, ან შემდეგ მიაკაკუნებს მოღალატეები ვუწოდო. მე სახელს ვერავის დავარქმევ, მაგრამ მე პროცესს მოვყვები.
აგვისტოს ომის შემდეგ ოპოზიციის და რუსეთის რიტორიკა ერთმანეთს რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ეს უხერხულობას სრულიადაც არ ქმნიდა. ამაზე მითითიება საკმაო გაღიზიანებას იწვევდა ოპოზიციურ ლიდერებში, ძირითადად გაღიზიანების სახით. თუმცა ამ რიტორიკის დესინქრონიზაციას ერთ ეტაპზე შეეცადნენ, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ და ამ საქმეს შეეშვნენ. ეს იყო, „სააკაშვილი რუსეთის კაცია“. თუმცა როგორც მითმა ჩაილურის წყალი დალია, მცდელობა იყო რუსეთის რიტორიკის დესინქრონიზაციის, მაგრამ ძალიან უხერხემლო, ვინაიდან თამაში-„სივრცე ჩაკეტილია“ თავის ძირითად და ფინალურ ფაზაში შევიდა. ყველა კამუფლაჟი დამწვარია. რას ემსახურებოდა თავის დროზე ეს შეფუთვა? რუსული მიზანს სააკაშვილის გადაყენების. ნებისმიერი გზით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას.
ოპოზიცია შეეცადა თავისი და რუსული მოთხოვნების გამიჯვნას. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ არ არსებობდა გრამატიკა, რომელიც ამას შეძლებდა. შეიქმნა მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია”, რომლითაც მოხდა თითქოსდა გამიჯვნა ქართულ და რუსულ ერთი და იგივე მოთხოვნებს შორის. გადადგეს სააკაშვილი. ძალიან მარტივია იმის გახსნა თუ რატომ განხორციელდა ეს მსჯელობა ამ დისკურსში. რეალურად რუსული და ქართული ოპოზიციის დისკურსი აბსოლუტურად ერთიდაიგივეა. თუმცა ერთი რამ გასარკვევია, რატომ იყო მთელი ოპოზიცია 2009წ. აპრილში ერთ გუნდად შეკრული? დღევანდელი ოპოზიციური ნაწილი, რომელიც თითქოსდა ამ დისკურსს „ემიჯნება“ დღეს, შარშან ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში გაემიჯნებოდა ამ დისკურსს? რაიყო შარშან მთელი ოპოზიციის ერთიანობა აქციებში? თუ მაშინ რუსული კვალი არ სჩანდა? რა იმალება ამ ყველაფრის უკან?
ამ ყველაფერს დავარქმევ „ლოგიკას მითში“. ეს იყო ძირითადი პარადიგმა, რაშიც ოპოზიცია თითქოსდა ემიჯნებოდა შარშან რუსულ პოლიტ ელიტას და დესინქრონიზაციას ახდენდა თავის მოთხოვნებსა და რუსულ მოთხოვნებს შორის. ამ დროს ძალიან მარტივია ყველაფერი. უბრალოდ გამოყენებულია მითი, ფორმა აზრის გარეშე, რომელიც ქმნიდა ილუზორულ დესინქრონიზაციას ამ მოთხოვნებში. ეს ვფიქრობ დღესაც ძალაშია, ვინაიდან რუსული თამაში, თუ ამას შეიძლება ეწოდოს ეს სიტყვა, ოპოზიციის ობიექტად ყოფნას განაპირობებს. მას ხელი შეეწყო კიდევაც, ვინაიდან სივრცე ჩაკეტეს და ერთადერთი საშუალება დარჩა მხოლოდ ის, რომ ღია კარებში გახვიდე, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთში მიდის. ასეც მოხდა.
პირდაპირ ვიტყვი, მთელი ეს რევოლუციონერობა, რომელიც ჩაკეტილმა სივრცემ შექმნა არის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილი. აქ უკვე აღარ იფუთება რუსული მიზანი, რუსული თამაში, რომელიც თამაშობს თავის თამაშს და მას ჰქვია საქართველოს სრული ოკუპაცია, სრული დამორჩილება და თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირება. ამ ყველაფერში რომელიც რუსული თამაშის მიერ არის შექმნილი, იმალება თავად რუსული აგრესია. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც იდეის, როგორც გეოპოლიტიკური ერთეულის ამოგდება გეოპოლიტიკური ბრუნვიდან.
რუსეთი ცდილობს მოახდინოს ამ იდეის გაქარწყლება. ეს რუსეთის მიზანია. ნეიტრალური, იმპოტენტი საქართველო. სწორედ ასე ხდება რუსული თამაში განხორციელება საქართველოში და ჩვენს ოპოზიციურ სპექტრი ამ რუსულ თამაშში აქტიური ობიექტების როლში გადავიდნენ. სწორედ რუსული თამაში თამაშობს თავის თამაშს. ის არის ამ ყველაფრის სუბიექტი, ხოლო ჩვენი ოპოზიციური პოლიტსპექტრი ამ თამაშის ობიექტები არიან, რომლებიც ვერ გვთავაზობენ საკუთარ თამაშს. ერთის მხრივ სივრცე ჩაკეტილია, მეორეს მხრივ პირდაპირ რუსულ თამაშში არიან.
ეს არის ქართული სახელმწიფოს დამხობის შეიძლება ითქვას აპრობირებული გზა. ეს რუსეთმა არაერთხელ გააკეთა. ამ წერილს დავასრულებ ზვიად გამსახურდიას 1991წ. 8 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს გამოსვლიდან ამონარიდით:
ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს
”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:
… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...
... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”
ნუ გაიგებს ამას მავანი ისე, რომ ხელისუფლების გაიდეალებას ვღაღადებდე, არა, მე მხოლოდ ქართული სახელმწიფოს გაიდეალებას ვახდენს ისტორიული თამაშის ლოგიკაში, სადაც რუსული ინტერესები ქართულს არასოდეს დაემთხვევა.
კარტი ისევ ნახევრად გახსნილი რჩება. კარტის მეორე ნაწილი ისევ დაფარულია, მანამდე, სანამ იარსებებს ორი ფერი ჩვენს ცნობიერებაში თეთრი და შავი.
08.03.2010წ.

ირკლი მარგველაშვილი

No comments: