Sunday 30 June 2013

გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა საქართველოს ანექსიის განმეორების იდენტური გეგმა



ისტორია მეორდება მარად იგივეში. წინამდებარე წერილი მიზნად ისახავს გავავლოთ ისტორიული პარალელები თუ როგორ ახდენდა რუსეთის იმპერია მე-20 საუკუნის დასაწყისში  საქართველოს ანექსიას და როგორ აპირებს ეხლა. ვფიქრობ, მოცემული ისტორიული ანალოგიები იმდენად შთამბეჭდავია, რომ აუცილებელია გათვალისწინებული იყოს და დროა შევეშვათ პოლიტიკურ ინფანტილიზმს, კარგად გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია ისტორიული გამოცდილების გამოყენებით. სწორედ ამის გამო გავიხსენებთ ისტორიულ ფაქტებს და მათი ანალიზით აუცილებლად გამოიკვეთება იმ გეგმის კონტურები, რომელიც მუშავდება კრემლში, რომელიც გაახმოვანა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა უკანასკნელ ინტერვიუში. თუმცა ჯერ ისტორიულ ანალოგიებს მოვუხმოთ.
 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე ცნო სანაცვლოდ პირობისა, რომ საქართველო საკუთარ მიწაზე საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მტრულად განწყობილი ძალების ჯარებს არ განალაგებდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველო უნდა დაეტოვებინა ინგლისის ჯარებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შედეგად საქართველო პრაქტიკულად სცილდებოდა ევროპის დაცვის არიალს და მარტო რჩებოდა საბჭოთა რუსეთის წინაშე.
რამდენიმე თვეში 1921წ. 19 თებერვალს რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ანექსია და ოკუპაცია, რომელიც 25 თებრვალს დასრულდა საქართველოს სრული ანექსიით და აქ მარიონეტული ხელისუფლების დასმით. ცნობილია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ნოე ჟორდანიას ფრაზა, ლენინი როგორ დაარღვევდა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას ის ჩვენი თანამებრძოლი იყოო. ეს პოლიტიკური ინფანტილიზმი საქართველოს 70 წლიან მონობად დაუჯდა.
 საქართველოს მაშინდელი ოკუპაცია იყო რუსეთთან ინფანტილური, უაზრო ნდობის პოლიტიკის და საქართველოდან ინგლისის ჯარების გასვლის შედეგი. ინგლისის სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ განიხილა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განვითარების უსაფრთხოების გარანტი. მისი გაყვანით პრაქტიკულად მოსპო საქართველოს საგარეო უსაფრთხოების სისტემა, რამაც ფატალური შედეგი გამოიღო.  მეოცე საუკუნის დასასრულს საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა. საფრთხეები ამჯერადაც  უდიდესია, ხოლო საგარეო უსაფრთხოების სიტემა ისევ დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციულ პროცესებშია შესაძლებელი, როგორც ეს 1920 წელს იყო.
საბჭოთა კავშირის იურიდიულად დარღვევის შემდეგ, 1991წ. რუსეთის ფედერაცია ძალიან დასუსტებული იყო ეკონომიკურად. საბჭოთა კავშირის დაშლისას მათ ძალიან დიდი ფასი გადაიხადეს. აღმოსავლეთ ევროპა მთლიანად დათმეს, დათმეს გერმანია, ბალტიისპირეთი. რუსეთმა მაქსიმალურად ეცადა დანარჩენი 11 რესპუბლიკა,  რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა მისი გავლენის სფეროში დარჩენილიყო. 
რუსეთმა კავკასიაში დაიწყო იმ მანევრების განხორციელება, რომელიც არ მისცემდა კავკასიის რესპუბლიკებს, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან გასვლის საშუალებას. ამის ყველაზე ქმედითი ბერკეტები  ტერიტორიული პრობლემების შექმნა და ინსცენირება იყო. სამი ასეთი კონფლიქტი განხორციელდა კავკასიაში.  ორი საქართველოში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და ერთიც ყარაბაღში, თავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
საქართველოს მიერ 1991წ. 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთმა ძალიან სერიოზული სამხედრო მანევრები განახორციელა. მან შიდა ქართულ აგენტურასთან ერთად მოამზადა 1991-1992წ. სამხედრო გადატრიალება. 1992წ. პრაქტიკულად მოახდინა ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და თავადვე განთავსდა იქ სამშვიდობო ძალად 1992წ. დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე. 1992-1993წ. აფხაზი სეპარატისტებისათვის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის სრული ოკუპაცია და 1994წ. იქ განთავსდა როგორც სამშვიდობო ძალა. ამით რუსეთმა შეასრულა პროგრამა მინიმუმი და მოახდინა თავისი სამხედრო ძალების დეფაქტო განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე.
რუსეთისთვის ეს მანევრები წარმოადგენდა იმის საშუალებას, რომ პრაქტიკულად ის დაელოდებოდა იმ დროს, როდესაც მომძლავრდებოდა ეკონომიკურად და დაიწყებოდა ახალი მოდერნიზებული იმპერიის შექმნა. რუსეთმა შეძლო რომ სომხეთში მყარად დამკვიდრებულიყო. დანარჩენმა ორმა სახელმწიფომ რუსეთს არ მისცა საშუალება მისი ბაზები განეთავსებინა ნებაყოფლობით მის ტერიტორიაზე. დღეს საქართველოში განთავსებულია რუსეთის საოკუპაციო ჯარები.
რა თქმა უნდა ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ეს სურდა რუსეთს. ამიერკავკასიის ორმა რესპუბლიკამ საქართველომ და აზერბაიჯანმა დაიწყეს დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციული პროცესები, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით. განხორციელდა ენერგო პროექტები. საქართველომ დაიწყო მჭიდრო თანამშრომლობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და მსოფლიო თანამეგობრობას გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, შესულიყო ნატოს სამხედრო ალიანსში. სწორედ ეს ქმედება, ეს ორიენტაცია იყო ის მექანიზმი, რომლითაც საქართველოს უნდა შეექმნა საგარეო უსაფრთხოების გარანტიები, მანამდე სანამ ის გახდებოდა ნატოს სრულუფლებიანი წევრი.  ამ გზაზე ჯიუტად სვლამ საქართველოს შესძინა გეოპოლიტიკური დატვირთულობა. ხოლო მისმა ჩართულობამ გეოპოლიტიკურ ბრუნვაში და აქტიურმა მონაწილეობამ საერთაშორისო მისიებში ეს უსაფრთხოების გარანტიები კიდევ უფრო მყარი გახადა. სწორედ ამ აქტიურობამ იხსნა საქართველო 2008წ. აგვისტოში სრულ ანექსიას.
საქართველოს ამ გეოპოლიტიკრუი აქტიურობის ფონზე  რუსეთის მთელი ძალისხმევა მიექცა იქეთ, რომ მოეხდინა საქართველოს შეჩერება ამ გზაზე. მრავალი ქმედების მიუხედავად ის იძულებული გახდა სამხედრო აგრესიით შეეჩერებინა ეს პროცესი 2008წ. აგვისტოში. რაც ვერ მოახერხა. საქართველომ მაინც განაგრძო დასავლეთში ინტეგრაცია. 2008 წლის ომით რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა საქართველოს ტერიტორიებზე სამშვიდობო ძალად ყოფნის ლეგიტიმაცია და იძულებული გახდა ამ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმში გაეგრძელებინა ყოფნა. ეს მისთვის საკმაო პოლიტიკური ფასის გადახდა იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, როდესაც ვერ სძლია არაღიარების პოლიტიკას და განხორციელდა რუსეთის, როგორც ოკუპანტის იმპლემენტაცია საერთაშორისო ურთიერთობებში. რუსეთის უდიდესი სურვილია დღეს ეს ყველაფერი შეიცვალოს.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა დეკლარირება, რომ ის აპირებდა რუსეთთან სიტუაციის დალაგებას. დეკლარირებულად ახალმა ხელისუფლებამ ნატოში და დასავლეთში ინტეგრაციაც გამოაცხადა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობად ერგო დასავლეთთან მჭირდო ურთიერთობები. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც გეოპოლიტიკურად აქტიური ქვეყნის იმიჯი, ასევე დაგეგმილი უსერიოზულესი პროექტები: ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აშშ -თან, წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, გეოპოლიტიკური ჩართულობა მსოფლიო თანამეგობრობაში. მთელი ეს პროცესი ერთიან კომპლექსში ქმნის საქართველოს საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების სისტემას. ამ სისტემაზე შეხება ავტომატურად ზრდის საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოების რისკებს მომდინარეს რუსეთიდან.
მიმდინარე რამდენიმე თვიანი ტენდენციებით, ახალი ხელისუფლება ერთგვარ კონფლიქტში შევიდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან. არის ნიშნები, რომ საფრთხეში ვარდება საქართველოს საგარეო უსაფრთხოების სისტემა და სახელმწიფო ამ კუთხით ხდება მოწყვლადი. ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის. ამოს ფონზე რუსეთის გააქტიურება ჩვენს საფრთხეს ძალიან ზრდის.
ზემოთ ვახსენეთ და ამ წერილის მთავარ ნაწილად იქცევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში ელოდება ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აღიარებს მის ე.წ. "ახალ რეალობას" ანუ აღიარებს საქართველოს ოკუპაციას. ეს ძალიან საგანგაშო განცხადებაა, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, საქართველოში ასეთი პოლიტიკური ძალა დღეს არ არის, რომელიც აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამიტომ ლავროვის "დალოდებაში" ვფიქრობთ იგულისხმება, რომ "რუსეთი მუშაობს" ასეთი პოლიტიკოსის მოყვანაზე საქართველოში. ნუ ვიქნებით ინფანტილურები და ვიფიქროთ იმაზე,  რომ 2015 წელს რუსეთს დაანონსებული აქვს "ევრაზიული კავშირის" შექმნა, რომელშიც მოიაზრებს საქართველოსაც. შესაბამისად რუსეთი მუშაობს იმ თემებზე თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. თუ დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის ის პოლიტიკოსი რომელიც ამას გააკეთებს, რუსეთმა ეს პოლიტიკოსი უნდა მოიყვანოს. დღეს ასეთი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოხვედრა არჩევნების მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია.
ახალი ხელისუფლების გარკვეულწილად კონფრონტაციული ურთიერთობები აშშ- თან და ევროკავშირთან, ასუსტებს საქართველოს უსაფრთხოების სიტემას და ზრდის საგარეო საფრთხეს. ამ უსაფრთხოების სიტემის შესუსტება ძალიან ემსგავსება იმ პოლიტიკურ რეჟიმს, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ დადგა საქართველოში. პრაქტიკულად საქართველო მაშინ სრულიად დაუცველი გახდა რუსეთის აგრესიისგან, რაც რამდენიმე თვეში განხორციელდა. სწორედ იგივე პროცესს, იგივე რეჟიმს ჩამოაყალიბებს ახალი ხელისუფლება თუ ის არ იზრუნებს საგარეო უსაფრთხოების გამყარებაზე დასავლეთთან მაქსიმალური ინტეგრაციის კუთხით. ეს რუსეთს მისცემს საშუალებას, როგორც 1921წ. როგორც კი მიხვდება, რომ საქართველომ დაკარგა მხარდაჭერა დასავლეთიდან სავარაუდოდ ოლიმპიადის შემდეგ განახორციელოს თუნდაც სამხედრო ანექსია, რომლის საშუალებითაც საქართველოში მოვა ის პოლიტიკოსი, რომელსაც ლავროვი "ელოდება" საქართველოში. ის პოლიტიკური შედეგები რაც ამას მოჰყვება იქნება ზუსტად იმის მსგავსი, რაც მოჰყვა 1921წ. თებერვლის ანექსიას, ყარსის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველომ დაჰკარგა 40%-მდე ტერიტორია, ტაო კლარჯეთის ისტორიული რეგიონის, ასევე ზაქათალა კახის რაიონების და ლორეს რაიონის სახით, ხოლო 1922წ. საბჭოთა კავშირში შეიყვანეს. მსგავსება ისაა, რომ რუსეთი აუცილებლად მოახდენს რუსული "ახალი რეალობის", სამართლებრივ ლეგიტიმაციას, რაც გულისხმობს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე .....  ხოლო 2015 წელს "ევრაზიული კავშირის" შექმნაა დაანონსებული.
ამიტომ კარგად უნდა გავაცნობიეროთ თუ რა წარმოადგენს საქართველოს დაცვას საგარეო რისკებიდან და პოლიტიკა ისე უნდა ვაწარმოოთ. ჩვენ რუსეთთან ვერ დავალაგებთ ვერაფერს და სწორედ ეს თქვა ლავროვმა, რომ დალაგდება მხოლოდ ისე, როდესაც საქართველო აღიარებს ოკუპაციას. რუსეთი ემზადება ამისათვის და გავფრთხილდეთ. "ევრაზიის კავშირის" შექმნამდე 2 წელიღა დარჩა.

ირაკლი მარგველაშვილი

No comments: