Sunday 30 June 2013

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგება და საქართველოს უსაფრთხოების სიტემა




ვფიქრობთ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ უახლოეს ხანებში საქართველოს მთავრობის და რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ე.წ. დიალოგი, რომელიც გამოიხატა ერთგვარ განცხადებათა გადაძახილში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფოსტის მიმოცვლას განცხადებების სახით თავისი წინა ისტორია აქვს. თუ მთლიან ანალიზს გავაკეთებთ, შევხედავთ იმ დინამიკას, რომელიც მომავალში უნდა განხორციელდეს. უკვე საკმაო ნიშნები სჩანს, რომ შევხედოთ ძირითად ტენდენციებს, რომლიც საქართველოს წინაშე აუცილებლად დადგება. ვფიქრობ საინტერესო იქნება რამდენიმე ისეთი ფაქტის გახსენება, რომელიც დღევანდელ სახელმწიფო პოლიტიკის დინამიკას სულ გასდევს თეთრ ზოლად და მთლიანი სურათის აღსადგენად უმნიშვნელოვანესი იქნება.
1998 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის სტამბოლში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, რუსეთს საქართველოდან უნდა გაეყვანა სამხედრო ბაზები. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულების შესრულება მკაცრად მოითხოვა. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველომ პრაქტიკულად დაიწყო დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესი. რუსეთი ჯარების გაყვანასთან ერთად კარგავდა გავლენას საქართველოზე და შესაბამისად იზღუდებოდა მისი სპეცსამსახურების არიალი საქართველოში. განსაკუთრებით ამის საშიშროება დადგა აჭარიდან ასლან აბაშიძის რეჟიმის წასვლასთან ერთად. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთერთ ინტერვიუში აღნიშნა, ის საქართველოს პრეზიდენტს დაეხმარა აჭარის საკითხში და ფიქრობდა, რომ საქართველოში ამის სანაცვლოდ შექმნიდა ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრებს, რაც მოასწავებდა იმას, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოში დარჩებოდნენ. თუმცა ის საქართველოს პრეზიდენტმა "გადააგდო".  
2006წ., საქართველოს უშიშროების სამსახურმა მოახდინა რუსეთის სპეცსამსახურების გაშიფრვა და დაკავება. შესაბამისად მოხდა ამ სპეცსამსახურების საქართველოდან გაძევება. ბევრი საუბარი იყო, რამდენად ეპატაჟურად მოხდა ეს ყველაფერი. ამ საკითხს ამჯერად არ შევეხებით, უბრალოდ ავღნიშნავთ, რომ ეს აქტი გულისხმობდა იმას, რომ საქართველომ დაიწყო რუსული სპეცსამსახურების არიალიდან გამოსვლა და ქვეყნის განთავისუფლება მათი გავლენიდან. ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში და მათი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ფედერაციიდან გამოყრა იყო საკმაოდ ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განწყობებით. რუსეთმა ძალიან მტკივნეულად აღიქვა ჯაშუშური ქსელის გაშიფრვა და საქართველოდან გაძევება. ის ჯაშუშებზე კი არ ზრუნავდა, არამედ ის აღიზიანებდა, რომ ამ ნაბიჯით საქართველო ტოვებდა მის პოლიტიკური გავლენის სფეროს, მაშინ, როდესაც რუსეთი შევარდნაძის პერიოდში თავად ნიშნავდა საქართველოში ძალოვან მინისტრებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის სპეცსამსახურებს მაქსიმალურად შეეზღუდათ საქართველოში მოქმედების არიალი. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი გაწყდა. გამოჩნდნენ ქართველები, პოლიტიკოსები, რომლებიც დაუფარავად ხვედებოდნენ რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობას და ერთგვარ ეპატაჟს აკეთებდნენ.
2012წ. 3 სექტემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სპეცოპერაცია, სოფელ ლაფანყურში, სადაც განადგურებულ იქნა შეიარაღებული რაზმი, რომელიც ცდილობდა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთას. ამ სპეცოპერაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში. რუსეთის მიერ კვლავ მოხდა პანკისის თემის გახურება, რომ შესაძლოა იქ ტერორისტები იმალებოდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ 90-იანი წლებიდან ცხელ თემას წარმოადგენდა პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნა. შევარდნაძის პერიოდში მათ დაბომბეს კიდევაც პანკისის ხეობა. ეს თემა მათთვის სულ ცხელი იყო, მაშინაც კი, როდესაც წინა ხელისუფლებამ იქ საერთაშორისო მონიტორინგები ჩაატარა.
კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არჩეულ იქნა ახალი ობუდსმენი საქართველოში. 2013წ. თებერვალში სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ლაფანყურის თემაც და გამოითქვა ვარაუდი, რომ წინა ხელისუფლებას შესაძლოა კავშირი ჰქონდა ტერორისტებთან, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიარაღებული რაზმი, რომლის წინააღდეგაც მოხდა სპეცოპერაცია განადგურებულ იქნა. ამ განცხადებას ერთ თვეში მოჰყვა საქართველოს უმაღლესი ხელისუფლის განცხადება, რომ ლაფანყურის ოპერაციაზე არსებობს შეკითხვები და წარიმართება გამოძიება. ის ეჭვები, რომელიც მას აქვს თუ დადასტურდა, საქართველოს არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიიღებენ. როგორც სახალხო დამცველის ასევე უმაღლესი ხელისუფლების განცხადებაში აშკარა იყო, რომ თემა პანკისისი ხეობაში ტერორისტები არიან, მათ მიერ გააქტიურდა. ის წარმოადგენდა რაღაც სიგნალს, რომელიც თავის პასუხს ელოდა.
ასევე სიგნალს წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს სოჭის ოლიმპიადაში, რაც მორალურადაც გაუმართლებელია და ვერ იქნება ე.წ. რუსეთთან ურთიერთობების დალაგების რაიმე კომპონენტიც კი. ეს რომა ასეა ადასტურებს ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მცდელობას როგორმე რუსეთთან დალაგდეს ურთიერთბა რუსეთიდან მოჰყვება აბსოლუტურად ხისტი და ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი. თუ გავიხსენებთ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე, როგორ უპასუხა მას რუსეთის ფედერაციამ? 300 მეტრით გადმოწია საოკუპაციო ზოლი საქართველოს შიგნით და ეს იყო რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება, რაც აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გაშვებული სიგნალის პასუხმაც არ დაახანა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა თუ რუსეთი და საქართველო ერთობლივად მიიღებდა მონაწილეობას ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედებებში და ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხში ითანამშრომლებდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან, რა თქმა უნდა ტერორისტები პანკისში არიან. ხოლო ეს თემა შეიფუთებოდა სოჩის ოლიმპიადის უსაფრთხოების თემაში.
ამიტომ უნდა ითქვას, რომ ე.წ. დიალოგი შედგა. დიალოგი შედგა ძალიან მტკივნეულ საკითხზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სიტემისთვის უმნიშვნელოვანესია. პუტინის განცხადებაში  არის აშკარა სურვილი, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოში რუსული აგენტურის ქსელის აღდგენა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რათა მომავალში რუსეთმა იმუშაოს საქართველოზე, რათა შეიცვალოს საქართველოს საგრეო ორიენტაციის ვექტორი.  საქართველომ 2006 წელს ძალიან ძვირი გადაიხადა რუსული აგენტურის საქართველოდან გაგაყვანის გამო. ამაზე მეტყველებს საქართველოს მოქალაქეების ის უამრავი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მათ შეიტანეს რუსეთიდან მათ გამოყრის გამო. რომელიც განხორციელდა სწორედ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენლების საქართველოდან გაძევების გამო. ამიტომ ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს საქართველოს ხელისუფლების მიერ ისეთი საკითხების გააქტიურება და განცხადებების დონეზე საუბარი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან, რომელიც პირდაპირ ურტყამს და ზიანს აყენებს სქაქრთველოს დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას. ეს ეჭვები ჯერ კიდევ კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის გაცნობისას გაჩნდა.
კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში, საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. მოვიყვან რამდენიმე მუხლს კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამიდან, რომელიც ნათლად განსაზღვრავს კოალიციის განწყობას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი მოქმედების დინამიკაზე აისახება.
"საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან,რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება .
" საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის,აშშ-ის მიერ საქართველო განიხილება რუსეთსა დასავლეთის ურთიერთობათა პრობლემურ, ნეგატიური მუხტის მატარებელ კომპონენტად. კონფლიქტების მოგვარების პროცესების განვითარება არ დგას დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტულ  საკითხთა  ჩამონათვალში."
"საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში."
პროგრამაში ასეთი ჩანაწერები მრავლისმეტყველია იმასთან მიმართებაში, რაც ჩვენ ზემოთ განვიხილეთ. როდესაც ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ერთხმად აცხადებს, რომ საქართველოს საკითხი არის რუსეთსა და მათ შორის წინააღმდეგობის საკითხი, თურმე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი  დანიშნულებაა, რომ ეს ასე  არ იყოს. საქართველოს არა აქვს ფუფუნება, რომ ჩვენი უსაფრთხოების სიტემა, რომელმაც ძალიან მძიმე გამოცდა გამოიარა 2008წ. აგვისტოს ომის სახით, დააყენოს დარტყმის ქვეშ. ის დიალოგი რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს საგარეო უსაფრთხოებას.
ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსეთის მთავარი  მიზანი ამ ე.წ. ანტიტერორისტული ურთიერთობის ფარგლებში არის საქართველოში აგენტურის საკუთარი ქსელის შექმნა. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ პედალირება ისეთ თემებზე (ლაფანყური, პანკისი), რომელიც რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული საკუთარი ინტერესების საქართველოს თავზე მოსახვევად. ეს თემები ხომ ტრადიცულად გამოყენებული იყო რუსეთის მიერ საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლისათვის წინა წლებში და მას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა.
 უნდა ავღნიშნო, რომ სწორედ პუტინის განცხადებიდან რამენიმე დღის შემდეგ გავრცელდა ე.წ. ჯიხადის გამოცხადების ვიდეოები, რომლის თანახმადაც ავღანელი თალიბები ჯიხადს უცხადებდნენ ქართულ ქვედანაყოფებს ავღანეთში და საქართველოს პრეზიდენტს, ვინც ისინი იქ გააგზავნა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვიდეოები დამზადდა საქართველოში და ქართული IP ინტერნეტ მისამართიდან იქნა ატვირთული იუთუბ ვიდეო პორტალზე.
სწორედ ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ეს ტერორისტული თემების ვაკხანალია დაწყებული ობუდსმენის ანგარიშიდან, პრემიერის განცხადებებით და პუტინის განცხადებით და ბოლოს ჯიხადის ვიდეოებით ერთი გეგმის ნაწილია. ეს გეგმა კიდევ გულისხმობს მხოლოდ ერთს. მიადგეს დარტყმა საქართველოს საგარეო ვექტორს და საქართველოს საგარეო უსაფრთხოების სიტემას, რომელიც სწორედ საგარეო ვექტორზეა დამოკიდებული და მისი საიმედოობა პირდაპირ პროპორციულია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მაღალ ხარისხზე.
ვფიქრობ საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რათა ასეთი თემების მანიპულირებით საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. მითუმეტეს, დასავლეთიდან მოდის საგანგაშო სიგნალები, რომ ხელისუფლება იქ ვერ ახერხებს თავისი პოლიტიკის გამართლებას, კერძოდ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაჭერების საკითხში. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის ჯეიმს აპატურაის მიერ საკმაოდ მკაფიო სიგნალი გაისმა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დატოვოს აღქმაც კი, რომ ეს არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. რა თქმა უნდა ხელისუფლებას უჭირს და როგორც უცხოურ პრესაში, ასევე დასავლეთის მაღალ პოლიტიკურ წრეებში ვერ იწვევს სანდოობას მათ მიერ განხორციელებული დაჭერები. შესაბამისად ეს ყოველივე იწვევს საქართველოს ხელისუფლების დასავლეთთან კონფლიქტში შესვლას, რაც სწორედ საქართველოს ინტეგრაციის პროცესს აფერხებს და ჩვენს საგარეო უსაფრთხოებას მყიფეს ხდის, ზრდის რისკ ფაქტორებს. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთთან ანტიტერორისტულ თემებზე ასეთი ღია განცხადებები ნამდვილად იწვევს შეშფოთებას და აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს, რა პოლიტიკას ანხორციელებს ხელისუფლება. საით მიჰყავს საქართველო. რა იმალება რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. ვფიქრობ საზოგადოებამ ამაზე ძალიან მკაფიო შეკითხვები უნდა დასვას. ერთია განცხადებები, რომელსაც ხელისუფლება აკეთებს დასავლეთთან ინტეგრაციაზე და სულ სხვა რამეს მეტყველებს მათი ქმედებები, რომელიც აშკარად მიუთითებს, რომ ხელისუფლების საგარეო ვექტორი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის.




No comments: