Sunday 30 June 2013

ევროპა, საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს უსაფრთხოება




2012წ. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვალშისაცემია მმართველი კოალიციის და ევროკავშირის შეუთანხმებლობა რიგ საკითხებში. კოალიცია ცდილობს გარდატეხა შეიტანოს ევროპულ განწყობებში საქართველოს მიმართ, მაგრამ ის ამას ვერ ახერხებს. ჯერ კიდევ ნოემბერში საკმაოდ წარუმატებელი იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ევროპაში და ნატოს შტაბბინაში, სადაც მისი ქმედებები საკმაოდ მწვავედ იქნა გაკრიტიკებული. ამას გაგრძელება მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საკმაოდ გავლენიანმა გაზეთებმა "ვაშინგტონ პოსტმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" საკმაოდ კრიტიკული და მწვავე წერილები უძღვნეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
კოალიციას საკმაოდ მწვავე რეაქციები ჰქონდა და აქვს ამ განწყობების მიმართ.  ვფიქრობთ, რომ არც მათ აქვთ ბოლომდე გააზრებული რას ითხოვს ევროპა და გარკვეულ წილად ცდილობენ თავიანთი მითოლოგიური დისკურსის დასავლეთისათვის თავსმოხვევას. არ ვიცი მოხდარა თუ არა ოდესმე "ვაშინგტონ პოსტის" ისტორიაში, რომ კრიტიკული სტატიისათვის პასუხი მოეთხოვათ და საგარეო მინისტრი მიეგზავნათ მათთვის.  ალბათ ასეთი ახირებული ქცევები და დამოკიდებულებები შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა დასავლეთის პოლიტიკოსთა მხრიდან. შესაბამისია მათი რეაქციაც, ვინაიდან 2012წ. 1 ოქტომბერს საქართველოს იმიჯი დასავლეთში კიდევ უფრო გაიზარდა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების და ხელისუფლების გადაბარების ფონზე.  ასევე ძნელი დასაჯერებელია დასავლეთისთვის, რომ ის ბრალდებები, რასაც ყოფილ ხელისუფლებას უყენებენ მმართველი კოალიციის მაღალი თანამდებობის პირები, ასე ნაუცბათევად იქნა გამოძიებული. მითუმეტეს, როდესაც ფიქსირდება ისეთი ფაქტები, როდესაც პოლიცია პიროვნებების დასაკავებლად იყენებს ისეთ ხერხებს როგორიცაა იარაღის ჩადება და ნარკოტიკების ჩადება და პროკურატურა იძულებული ხდება ეს აღიაროს. შესაბმისად მათ მიაჩნიათ, რომ სინამდვილეში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებეშია და ქვემოთ ამას შევეხებით.
კოალიციაში ფიქრობენ, რომ დასავლეთს ინფორმაციას მხოლოდ ოპოზიცია აწვდის. მმართველ  ძალას რატომღაც არ უნდა გაგება, რომ დასავლეთს აქვს ინფორმაციის მოპოვების საკუთარი წყაროები, ესაა საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები. დღემდე სჯერავთ, რომ დასავლეთის მიერ კრიტიკულად გამოთმული შენიშვნების ტექსტები ვანო მერაბიშვილის კაბინეტში იწერება. ეს ე.წ. სირაქლემას პოზას უფრო ჰგავს.
მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, ევროპარლამენტართა ჯგუფმა ევროპის "სახალხო პარტიიდან" საკმაოდ კრიტიკული წერილი გამოქვეყნეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. რასაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, (პრემიერ- მინისტრის აქცენტებით, როგორც თავად აღიარა  ბ. ივანიშვილმა) წერილი მისწერა ევროპარლამენტის "სახალხო პარტიას", ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დამატებით 7 გვერდიანი ღია წერილი გაუგზავნა ევროპის "სახალხო პარტიას".
საქართველოდან გაგზავნილი წერილების დისკურსზე თუ ვისაუბრებთ, ადვილად შესამჩნევია 2 მომენტი. პირველი, მმართველ კოალიციას არ ესმის რაზე მიუთითებენ დასავლელი პარტნიორები, არესმის ევროპის დისკურსი და მეორე, ისინი იძულებული არიან იმოქმედონ ისე, როგორც მოქმედებენ და სპეციალურად აფუჭებენ დასავლეთთან ურთიერთობას.
საინტერესოა ორივე მოსაზრების განხილვა. თუ განვიხილავთ პირველ შეხედულებას, მაშინ ნათლად სჩანს, რომ კოალიცია ნამდვილად აცდენილია დასავლურ დისკურსს. მისთვის გაუგებარია ის ენა, რომელ ენაზეც ესაუბრება მას დასავლეთი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კოალიცია თვლის, რომ მისი მოქმედებები სწორია რასაც ის საქართველოში აკეთებს, მან ეს დასავლეთს უნდა დაუმტკიცოს იურიდიულად და პოლიტიკურად. თუმცა ძნელი გასაგებია ევროპარლამენტარებისათვის მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან კრიმინალები ან როდესაც ადამიანს იჭერენ ნარკოტიკებზე და იარაღის უკანონო ტარებაზე და უცებ აღმოჩნდება, რომ მას ბრალს უხსნიან იმიტომ რომ იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს პოლიციელებმა. ასევე ძნელია გააგებინო დასავლეთს, რომ საშინელი მონსტრი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თურმე ბრალდებულია იმიტომ, რომ ვიღაცას დანა ჩაუკაკუნა თავში. სერიოზული არგუმენტებია მოსაყვანი, როდესაც არჩევნებამდე გაცხადებულ უამრავ სატელევიზიო ბრალდებებზე დღეს გამოძიება ვერ მუშაობს და ვერ აღმოუჩენიათ სხვადასხვა წილები ბენზინის გაყიდვებში თუ სხვა ბიზნესებში. ვერც ელიტური კორუფციის საგანგაშო ფაქტებია აღმოჩენილი. ასევე არ დასტურდება უამრავი ბრალდება,  რომელსაც წინა ხელისუფლებას უყენებდნენ და უყენებენ სიტყვიერად. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია დასავლეთის პოლიტიკოსებისათვის. შესაბამისად მათი პოზიცია, რომ ამ საკითხებზე მმართველ კოალიციას ქმედებები არ მოუწონონ აბსოლუტურად ლოგიკურია.
გაბრაზება იმაზე, რატომ არ ესმით დასავლეთში ხელისუფლების, ამ გადასახედიდან აბსოლუტურასდ გასაგებია. არ ესმით იმიტომ, რომ მთელი ეს პროცესი არის საკმაოდ არაპროფესიონალურად და გაუმჭვირვალედ წარმართული. მაგალითად მთავარი პროკურორი ჰყვება ენითაუწერელ ჭორებს მტკიცებულებების გარეშე, ყოფილ მაღალჩინოსნებზე წარდგენილი ბრალდებები არის ძალიან სუსტი. ხშირია შემთხვევა, როდესაც სასამართლო არ აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობებს ბრალდებულ პირთა დაპატიმრების შესახებ. იუსტიციის მინისტრი არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას, ხდება საქმეებზე წინასწარი განწყობების შექმნა, საგარეო საქმეთა მინისტრი საერთოდ კრიმინალებს უწოდებს ყოფილ ხელისუფლებას ყოველგვარი დამტკიცებული ბრალისა და განაჩენის გარეშე. ეს ყოველივე დასავლეთისთვის რომ მიუღებელი იყოს, ამაში არაფერია განსაკუთრებულად საგანგაშო.
 დასავლეთისთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ მმართველი კოალიცია ყურად არ იღებს ვენეციის კომისიის დასკვნას იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება არ დაასრულებინონ უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრებს არჩევითი ვადა. ამ დროს იუსტიციის მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ვერ დაასრულებენ ვადას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს რომ დასავლეთის მხირდან სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლად აღიქმება, ამას რომელიმე მაღალჩინოსანი გაკვირვებული თვალებისფახულით გავმცნობს. ასევე დასავლეთი არ მიესალმება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა შეცვლის ინიციატივას და ეს არ კეთდება დემოკრატიის სასარგებლოდ, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონტროლის დაწესებისათვის ხდება. დასავლეთი ასევე არ მიესალმა ე.წ. პოლიტპატიმრების თემას და მათი საქმეების ცალკეულად განხილვის რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას რაც არ იქნა გათვალისწინებული.
 დასავლეთისთვის ასევე ცნობილია და მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური ზეწოლა ოპოზიციაზე. ახდენენ დეპუტატების დაშინებას, ახდენენ ზეწოლას ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე, რომლის არჩევნები არის 2014წ. რომ ამის აღსაკვეთად მმართველი კოალიცია არაფერს აკეთებს. ამ ყველაფრის ფონზე, დასავლეთის აღშფოთება და შეწუხება რომ საქართველოში პროცესები არ მიდის დემოკრატიული ტესტის და თანაარსებობის გარემოში აბსოლუტურად გასაგებია.
 ერთი რამ უნდა იყოს გასაგები საქართველო ხელისუფლებისთვის, რომ ეს ყველაფერი არ არის დირექტივა, ეს ყველაფერი არის მეგობრების რჩევა და ამ პროცესების სიჯანსაღეზე საქართველოს ევროპული მომავალია მიბმული. პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის მიერ გაგზავნილი წერილებით და განცხადებებით, რომ თურმე საქართველოს ჭკუა არავინ უნდა ასწავლოს ნათლად სჩანს, რომ ეს ყოველივე აღქმულია როგორც დირექტივა, ხოლო დაკვირვებული თვალისთვის ადვილი შესამჩნევია საბჭოთა აზროვნების და დამოკიდებულებების არსებობა კოალიციის მაღალ ისტებლიშმენტში. ასევე ნათლად სჩანს, რომ კოალიციას საერთოდ არ ესმის დასავლური დისკურსის. დასავლეთს აქვს თავისი ღირებულებები და ის არ და ვერ მიიღებს იმ საბჭოურ ღირებულებებს, რომელსაც მმართველი კოალიცია ცდილობს თავს მოახვიოს დასავლეთს.  ამაზე ბრაზობენ კოალიციაში და ღია წერილებს წერენ. ეს სერიოზული პოლიტიკისთვის ცოტა არ იყოს კომიკურია, ხოლო ქვეყნისთვის შესაძლოა ძალიან ტრაგიკული აღმოჩნდეს.
რაც შეეხება მეორე თვალსაზრისს, რომ მმართველი კოალიცია ცდილობს დასავლეთს დაუპირისპირდეს და ყველა ქმედება, რომელსაც ის ახორციელებს სწორედ დასავლეთთან დასაპირისპირებლადაა გამიზნული, ამ თვალსაზრისსაც აქვს არსებობის უფლება. ფაქტია რომ მმართველი კოალიცია საერთოდ არ ცდილობს დასავლეთთან საერთო ენის გამონახვას. ის უპირობოდ ითხოვს დასავლეთმა ტაში დაუკრას მის ქმედებებს საქართველოში. შესაბამისად კოალიცია ამ წერილების გაგზავნით ღია დაპირისპირებაში შედის დასავლეთთან და არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე ხდებოდეს განზრახ. მიუხედავად დეკლარირებული დასავლური ღირებულებებისა, კოალიციის ქმედებები პრაქტიკულად ამ დასავლურ ღირებულებებს და ორიენტაციას ჩიხში აქცევს. საქართველო თავად მიისწრაფის დასავლეთისკენ და ეს პროცესი არ ხდება პირიქით. შესაბამისად ევროპული ორიენტაცია ნიშნავს სწორედ ევროპული ღირებულებების გაზიარებას და სწორედ ამის შემდეგ გეძლევა საშუალება შეხვიდე ევროპულ ოჯახში. კოალიცია ამ გამოცდილების გაზიარებას ჯერჯერობით არ აპირებს. შესაბმისად საფრთხე ექმნება როგორც საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, ასევე საშიშროებაშია საქართველოს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც დამოკიდებული იყო სწორედ დასავლურ ორიენტაციაზე და გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე. ასეთი ქმედებებით, რასაც კოალიცია აკეთებს დიდი საშიშიროებაა საქართველო დასავლეთის ინტერესებისგან იზოლირებული აღმოჩნდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთელი ეს წლები დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მოეხდინა საკუთარი გეოპოლიტიკური ჩართულობის განხორციელება მსოფლიო თანამეგობრობაში. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგი ევროპული ქვეყანა გამადიდებელი შუშით უყურებს საქართველოს განვითარებას, ვინაიდან უზარმაზარ ევროპულ ლაბირინთში, სადაც ევროპული ქვეყნებისა და რუსეთის ინტერესებია გადაჯაჭვული საქართველოს თემით, რომელიც რუსეთისთვის ძალიან მწვავეა, ურთიერთობის გაფუჭებას არ ეშურვის ბევრი ევროპული სახელმწიფო. ამიტომ საქართველოს მთელი ამ წლების მანძილზე უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ ამ ლაბირინთში საკუთარი ინტერესების ლობირება მოეხდინა და მასში ჩაერთო ევროპული სახელმწიფოები. ეს ეხება არამარტო ევროპაში ინტეგრაციას, არამედ ეს ეხება ნატოში ინტეგრაციის პროცესსაც, რომელიც განუყოფელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისგან. მმართველი კოალიციის ეს სიჯიუტე დასავლეთის მიმართ, პრაქტიკულად წყალში ჩაყრის მთელ იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გასწია. მოშლის საქართველოს უსაფრთხოების სიტემას, რომელიც სწორედ ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული და საქართველოს აქცევს მოწყვლად ქვეყანად.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამით იხეირებს არის რუსეთი. ამ ორი თვალსაზრისიდან მნიშვნელობა არ აქვს რომელია რეალური და ნამდვილი. ორივე შემთხვევაში ერთი ფაქტი დგება, საქართველოს ინტერესები სუსტდება და ილახება. მმართველ კოალიციას უფლება აქვს მაგალითად:  ჩააბნელოს ბათუმი, მესტია და შუშის ხიდი, მაგრამ მას არ აქვს უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს დასავლური ორიენტაცია. ასეთი ქმედებებით სწორედ დასავლური ორიენტაცია დგება საფრთხის წინაშე, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 77%-მა მხარი 2008წ. სწორედ დასავლურ კურსს დაუჭირა. თუ საქართველოს ხელისუფლება არ გაითვალსიწინებს მეგობარი სახელმწიფოების რჩევებს, საქართველო აღმოჩნდება დაუცველი რუსეთის წინაშე და ამის შედეგები ფატალური გახდება ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. იმ ტენდეციით, რაც დღეს  ქვეყანაში მიმდინარეობს მმართველი კოალიცია   რუსული ინტერესების გატარებას ახდენს ნებსით თუ უნებლიედ. ამ შემთხვევაში ბლეფია ნებისმიერი განცხადება და რეზოლიცია, ან საარჩევნო დაპირება, რომ საქართველო რჩება დასავლური ორიენტაციის ერთგული, ვინაიდან სიტყვა და საქმე საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს.

No comments: