"ბეიკერის გეგმა"_ ძალადობა ინტერპრეტაციითა და თარგმანით
ახალი ხორხე შეჭამს მოწამლულ ტექსტს, მოკვდება, მაგრამ მისი საიდუმლოს გამჟღავნებას არ დაუშვებს
2003წ. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში პიკს მიაღწია. მიუხედავად პრეზიდენტისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრისა დაძაბულობა არ იკლებს, მატულობს, შედეგები ნულის ტოლია. ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს მიზეზები, რომელმაც გამოიწვია პროტესტი არჩევნების მიმართ.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოხატული პროტესტი ლოგიკური გაგრძელებაა იმ ძალადობისა, რომელიც ამ ზაფხულს წარმოიშვა პარლამენტში. მაშინ ერთმანეთს სახელისუფლო უმრავლესობა და ოპოზიციურად განწყობილი პარტიები დაუპირისპირდა. დავის საგანი ე.წ. ~ბეიკერის გეგმის~ ინტერპრეტაცია გახდა. სახელისუფლო უმრავლესობას მიაჩნდა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ზუსტად ასახავდა ~ბეიკერის გეგმას~, ხოლო ოპოზიციის აზრით ~ბეიკერის გეგმას~ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა სახელისუფლებო უმრავლესობამ და, ფაქტობრივად, ~საარჩევნო კოდექსში~ მივიღეთ ცვლილება, რომელიც გავიდა სახელისუფლებო უმრავლესობისა და აჭარის დეპუტაციის ერთობლივი ძალისხმევით.
პარლამენტში საკითხის გადაწყვეტისას გაჩნდა საშიშროება, რომ არჩევნები საერთოდ ჩაიშლებოდა, ვინაიდან პარლამენტი ვერ იღებდა კანონს და მისი მუშაობა პარალიზებული იყო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.
ბოლოს საკითხი გადაწყდა, მაგრამ ისევ დაპირისპირებისა და კატაკლიზმების ფონზე, კერძოდ, თავდაპირველად პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო ~ბეიკერის გეგმის~ ოპოზიციისეული ინტერპრეტაცია –რომელიც ბოლოს დაიწუნეს. პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ეფუძნებოდა ~ბეიკერის გეგმის~ სახელისუფლებო უმრავლესობისა და აჭარის დეპუტაციის ინტერპრეტაციას. ხშირად მოგვიწევს სიტყვა ~ინტერპრეტაციის~ ხსენება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ ~ბეიკერის გეგმის~ ორიგინალი. ჩვენ საშუალება გვაქვს მხოლოდ ვისაუბროთ ამ ტექსტის თარგმანზე, რომელიც ვერასოდეს იქნება ზუსტი. შესაბამისად ვერასოდეს გავიგებთ რომელი თარგმანია სწორი, სახელისუფლებო უმრავლესობისა და აჭარის დეპუტაციის, თუ ოპოზიციის. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ პრობლემაზე, რომელიც წარმოიშვა 2003წ. 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. პრობლემაზე, რომელიც შექმნა ~ბეიკერის გეგმის~ თარგმანმა, რომელიც არ არის ზუსტი. ვერც იქნებოდა, რადგან დაინგრა ბაბილონის გოდოლი, გაჩნდა თარგმანი, აირია ენები და ადამიანები ვერ ახერხებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს. ყველას გააჩნია საკუთარი ენა, საკუთარი ინტერპრეტაცია და დიდია ალბათობა იმისა, რომ სხვადასხვა ინტერპრეტაცია ერთი და იმავე საკითხზე ერთმანეთს არ დაემთხვევა.
პირველი საკითხი, ძალადობა ინტერპრეტაციით, თარგმანით და ეს თარგმანი არ არის მხოლოდ სახელისუფლო უმრავლესობისა და აჭარის დეპუტაციის, არამედ იგი არის ოპოზიციისაც. არ გვაქვს ორიგინალი, ტექსტი, რომელიც დატოვა ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოში. ძალადობამ პიკს მიაღწია ჯეიმს ბეიკერის ჩამოსვლამდე. იგი განმუხტა, მაგრამ ბეიკერი წავიდა და წარმოიშვა ახალი ძალადობა, არავის გაახსენდა ~ბეიკერის გეგმის~ ორიგინალი, უკვე გაჩნდა ინტერპრეტირებული ტექსტი, რომელიც დააკანონა პარლამენტმა. შესაბამისად, დააკანონა ძალადობა, რომელიც ქუჩის აქციებში გადაიზარდა. ასევე აიწია რადიკალიზმის მუხტმა ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს ძალადობა გარკვეული თამაშის ნაწილი. არსებობს საშინელი გამოცდილება, რომ ტექსტის ორიგინალი ყოველთვის იმალება, იგი ჩაკეტილია უმბერტო ეკოს ~ვარდის სახელის~ ლაბირინთულ ბიბლიოთეკაში, მისი ტექსტი მოწამლულია. ბიბლიოთეკის განმკარგავი ხორხე ბრმაა. იგი ტექსტს ვერ ხედავს. ყველას აძლევს უფლებას წაიკითხოს ტექსტის ორიგინალი, მაგრამ მისი გამჟღავნების უფლება არავის აქვს. ტექსტის გამჟღავნება სიკვდილს ნიშნავს. მას ურჩევნია დაიწვას ბიბლიოთეკა, ვიდრე გამჟღავნდეს ტექსტის ორიგინალი. იგი აუცილებლად შეჭამს მოწამლულ ტექსტს, მოკვდება და არ დათმობს მის გამჟღავნებას. ტექსტი საიმედო ადგილას ინახება _ დამწვარ გვამში. დამეთანხმებით საშინელი გამოცდილებაა.
ისტორია მეორდება. სიკვდილი იურიდიული პრობლებაა. ის ისჯება კანონით, რომელსაც იურისპრუდენცია ქმნის. ძნელია ვთქვათ, რამდენად სრულყოფილია იურიდიული ტექსტი, კანონი, რათა მან შეძლოს საკითხის დარეგულირება. ძალადობა, რომელიც ვახსენეთ დაძლეულ უნდა იქნეს იურისპრუდენციით, კანონით, მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად შემძლეა კანონი დაარეგულიროს ძალადობა და გარდაქმნას იგი ჰუმანიზმად.
ამ გამოცდილებით მივუბრუნდეთ იურიდიულ ტექსტს. საქართველოს ~საარჩევნო კოდექსში~, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც მჟღავნდება, თუ სად არის დამალული ძალადობა. ძალადობა, რომელიც მხოლოდ ტექსტში აღარაა იგი, უკვე გამოვიდა ტექსტიდან ქუჩაში, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ პროტესტის სახით არსებობს.
საქართველოს ~საარჩევნო კოდექსის~ სამართლებრივი საფუძველი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმებია ~საარჩევნო კოდექსი~ მუხლი 2. არჩევნების ძირითადი პრინციპები საყოველთაო თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლებაა ~საარჩევნო კოდექსი~ მუხლი 4. საყოველთაო საარჩევნო უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს და არჩევნებში მოქალაქეები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ ~საარჩევნო კოდექსი~ მუხლი 5, 6. კენჭისყრა არჩევნებში ფარულია და აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ნების გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე დაუშვებელია ~საარჩევნო კოდექსი~ მუხლი 8.
ეს ~საარჩევნო კოდექსის~ დეკლარირებული ტექსტია. იგი არ გრძელდება ამ პათოსით, ვინაიდან მასში შეიტანეს იქნა ცვლილება, ~ბეიკერის გეგმის~ ინტერპრეტირებული ვერსია. კერძოდ, ფორმულა ასე გამოიყურება: სახელისუფლო პარტიას საარჩევნო კომისიებში ჰყავს 5 წარმომადგენელი, დანარჩენი ცხრა ადგილი ოპოზიციურ პარტიებს ეკუთვნით. კითხვაზე ვინ არის ოპოზიცია, პასუხი არ ჩანს. არც ~ბეიკერის გეგმაშია~ პასუხი. გეგმა იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რომელიც მოხდა კიდევაც, ოღონდ მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ.
ბეიკერის ფორმულა თავიდანვე გამორიცხავდა არაძალადობის შესაძლებლობებს. ამ ცვლილებამ შექმნა ძალადობის ესკალაცია ქუჩაში, საარჩევნო კომისიებში და საბოლოოდ, ალბათ (უკეთეს შემთხვევაში) შექმნის მომავალ პარლამენტში.
ამ ფორმულებმა და თარგმანებმა იმთავითვე დათრგუნეს ადამიანის უფლებების დეკლარირებული ტექსტი, რომელიც ~საარჩევნო კოდექსის~ პირველ რვა მუხლშია მოცემული. ისევ დამალულია ტექსტის ორიგინალი. ადამიანის უფლებების დეკლარირება ახლა მხოლოდ პროტესტისა და ძალადობის საშუალებაა. ვერ ისაუბრებენ ტექსტის ორიგინალზე, დაფარულ ტექსტზე, ვინაიდან მისი გამჟღავნება არ შეიძლება. იგი ისევ ინახება ბიბლიოთეკა - ლაბირინთში. რაც შეეხება ტექსტის თარგმანის მიღებულ ვარიანტს, ანუ ცვლილებას ~საარჩევნო კოდექსში~, იგი არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დეკლარირებულ ნაწილს კანონში. სახეზე გვაქვს საარჩევნო კომისიები, რომლებიც დაკომპლექტებულია წინა არჩევნებში გამარჯვებული და 7%-იან ბარიერ გადალახული პარტიის წარმომადგენლებიდან, რაც პირდაპირ პროპორციულია პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მიღებულ გარანტიებთან. სხვა ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის უფლებების დეკლარირებული ნაწილი კანონში საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად. სახეზეა ფაქტი: იურიდიულ ტექსტში იქმნება ძალადობა, პოლიტიკური ძალაუფლების მიღების გარანტიების სახით (ხმებს ითვლიან პოლიტიკური პარტიები, აბა რა ჰქნან?!). ობიექტური შედეგებიდან გამომდინარე ძალადობა გამოდის ქუჩაში და იყენებს საშუალებას – ადამიანის უფლებათა დაცვის სახით. არავინ საუბრობს ძირითად ორიგინალურ ტექსტზე - ~ბეიკერის გეგმაზე~, მის ორ ინტერპრეტაციაზე და არც იმაზე, თუ რატომ შემოგვთავაზეს ეს გეგმა, რატომ შეიქმნა ფორმულა, რომელიც შევიდა ~საარჩევნო კოდექსში~ და ვინ არის იმ ბიბლიოთეკა ლაბირინთის განმკარგავი ახალი ხორხე, რომელიც მზადაა ყველაფრისათვის, ოღონდ ტექსტი არ გამჟღავნდეს.
იურიდიული ტექსტის ანალიზისას რთულად შესამჩნევია ის ნიუანსი, სადაც იურისპრუდენცია მალავს ყველა ორიგინალურ ტექსტს. ნებისმიერი კანონის დასაწყისი თითქმის ერთგვაროვანია. ~ეს კანონი ადგენს~, ~ეს კანონი განსაზღვრავს~, ~ეს კანონი ეხება~ . . . რაღაც სფეროს. სადაც სახეზე გვაქვს მხოლოდ თარგმანი და არა ტექსტის ორიგინალი. არავინ ამჟღავნებს იურიდიული ტექსტის ნამდვილ სახეს. იგი ყოველთვის ობიექტური რეალობის ინტერპრეტირებულია. მისი ნამდვილი ტექსტი ყოველთვის ლაბირინთულ ბიბლიოთეკაშია დაკეტილი. მისი გამჟღავნება სიკვდილს უდრის. არსებობს მხოლოდ ნიშნები, რომლის დამალვასაც ვერ ახერხებენ, მაგრამ მისი შეხედვა, დაფიქსირება გვიჭირს, თუმც ~არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს. . .~
ვერ ვამთავრებთ ამ წერილს. არ შეიძლება მისი დამთავრება, ვინაიდან არსებობს ნიშნები, არსებობს კითხვები, რომლებსაც ჭირდება პასუხის გაცემა. ყოველთვის გვთავაზობენ ინტერპრეტირებულ პასუხებს და გვაფრთხილებენ, ნუ დაინტერესდებით, ნუ გიყვართ კითხვები, ნუ სვამთ კითხვებს, ნუ ეცდებით ბიბლიოთეკა ლაბირინთში მოხვედრას ორიგინალი ტექსტის წასაკითხად, თორემ განმეორდება გამოცდილება. მიუხედავად ამისა არ შეიძლება შეწყდეს ტექსტი. იგი არ გვაპატიებს ამას, ვინაიდან ტექსტი ყოველთვის ითხოვს, რომ დაისვას წერტილი.
ირაკლი მარგველაშვილი
15.11.03წ.
No comments:
Post a Comment