Saturday, 15 November 2008

იმერეთის ნიავი

იმერეთის ნიავი


არ იწერება ეს წერილი რაიმეს ასახსნელად და საკითხის გასარკვევად. უბრალოდ იწერება ეს წერილი, იმდენად უბრალოდ, როგორც ეს ძველ აღმოსავლურ ლიტერატურაშია, შეკითხვაზე, ძენი (ძენბუდიზმი), ეს რელიგიაა თუ ფილოსოფია? არა, ეს უბრალოდ ძენია. ალბათ, იშვიათად მოიპოვება მსგავსი ფრაზა მსოფლიო ლიტერატურაში, ფრაზა, რომელიც დაცლილია, ყოველგვარი ძალადობისაგან და ანგარებისაგან . .. .. და პირველადვე ხომ სიტყვა იყო, ფრაზა იყო, ღმერთის სიტყვა.
დიახ, ზუსტად ასე იწერება ეს წერილიც, უბრალოდ, ისევე უბრალოდ, როგორც იმერეთის ნიავი, ძალიან ნაზი ნიავი გაზაფხულის თბილ საღამოს, მაშინ როდესაც ვასაკას ფერი ჭარბობს იმერეთში. არ შეიძლება სხვაგავარად წერა. ვერც იმერეთზე დაწერ სხვაგვარად, რამეთუ იქ საოცარი სიმფონიაა კილოკავების, სტუმართმოყვარეობისა და კაცთმოყვარეობის, დაწყებული ზემო იმერეთიდან დამთავრებული ვიდრე ხონამდე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ~იმერულ ენაში~, კილოკავში, კაცთმოყვარეობაში შერწყმულია მთელი საქართველო. ზემო იმერული კილოკავი სადღაც მოქართლუროს გავს, განსხვავებული ტემბრით, წაგრძელებულ წინადადებებით - ~არ გოუდის ქათქათიიიი~. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ~დამახინჯებულია~ ლიტერატურული ქართული, ულამაზესი სიმფონიაა და მითუმეტეს, როდესაც ეს კილოკავი მოემგზავრება ქვემოიმერეთში ზესტაფონამდე, სადაც იგი მთავრდება, უფრო სწორად ერთდება ქვემო და ზემო იმერული. ქვემოიმერული კილოკავი, რომელიც ხონიდან მოემგზავრება და მასში შენახულია ტკბილმეგრული, სადაც იტყვიან _ ~ადამიანებს შორის სიყვარულიაო მთავარი~ და ზუსტად ეს არის უდიდესი ჰარმონია იმერეთში, ძველ კოლხეთში სამეგრელოსთან და აფხაზეთთან ერთად.
რა არის განსხვავებული იმერეთში, ვფიქრობ არაფერი. აქ უდიდესი სილამაზეა და შეიძლება ითქვას უდიდესი თანხმობაა სამყაროსთან. ულამაზესია გაზაფხული იმერეთში. გაზაფხულიდან დაწყებული თანხმობა სამყაროსთან გრძელდება ზამთრის ბოლომდე. იწყება გაზაფხული გელათის მონასტერში, სადაც თითქოს ზეციური სამოთხე დავანებულა და ადამიანის ყოფიერების უდიდესი არჩევანის შესაძლებლობას იძლევა. შეიძლება ითქვას ზეცა და დედამიწა შეერწყაო ერთმანეთს და ღვთის სადიდებელმა ლოცვამ შეაერთაო სამყარო. გაზაფხულზე იმერეთი ვენახშია გასული. გასხლული ვაზი ტირილს იწყებს, სიხარულის ცრემლია ეს, რამეთუ ვაზია უერთგულესი მეგობარი იმერელი გლეხის და თითქოს ზამთარში ვერ გიერთგულეო, ტირის ამიტომ. შემოდგომაზე ამ მეგობრობის პიკია. ~თვალი ჩასულაო მტევანში~, შემოდგომაზე ვენახში შესვლისას იტყვის იმერელი გლეხი. მზის თვალია შენახული მტევანში და ეს უდიდესი მეგობრობის აქტიც საბოლოოდ შემდგარია, რამეთუ მზეს ინახავს ვაზი მტევანში და ამით ათბობს ადამიანს.
ზაფხულზე სიმინდის ყანები აზვირთდება იმერეთში. საოცარი სანახავია ხვილიფის ჭალები რიონის პირას, საოცარი სანახავია ხონის ველებზე აზვირთებული ჭალებიც, ეს ულამაზესი კოლხეთის ველი ფერსათის მთებიდან დანახული. იქვეა ცხრამუხა, სადაც გრიგოლ რობაქიძემ ~გველის პერანგი~ უძღვნა კოლხეთს, ანუ შეერთებულია ყოველი კუთხე და კუნჭული. არ არის განსხვავება იმერეთში, მხოლოდ წელიწადის დროა სხვადასხვა, შესაბამისიად იმერეთი და იმერეთის ბუნება. ერთ ენაშია გაერთიანებული მთელი იმერეთი. ზაფხულის სიცხით დათანგული გლეხი კაკლის ჩრდილში იგრილებს, ან უზარმაზარი ხეჭეჭური მსხლის ჩრდილში, რომელიც იშვიათობაა იმერეთში ამ დაჩქარებულ დროში, მაგრამ ამ ჯიშის მსხლის ხე სულ მინუმუმ იმ იმერელი გლეხის წლოვანებისაა, ვის ეზოშიც დგას. იგი ინახავს წინაპრების სულიერებას და დიდ მოთმინებას, რომელიც ასე შესამჩნევია ამ მსხლის დანახვაზე, რამეთუ ის 15 წელში იძლევა ნაყოფს.
ძნელია არ გაგიტაცოს იმერეთმა შემოდგომისას. ბაჯაღლოსფერია ამ დროს ეს მხარე. ბაჯაღლოსფერია ამ დროს კოლხეთის ველი ალეწილი ჭალებით აჯამეთის გაგრძელებაზე. საოცარი სანახავია საირმის მთებიდან დანახული კოლხეთის ველი. არის იქ სიდიადე და იმის განცდა, რომ ეს ყველაფერი შენი სამშობლოა და ეს ყველაფერი უდიდესია, თვალუწვდენელია.
მითუმეტეს ულამაზესია, როდესაც შეხედავ თუ როგორ სერავს კოლხეთის ველს რიონი, თითქოს ერთერთი არტერიააო მთელი საქართველოსი. არ არის შემოდგომა იმერეთში ისეთი, როგორც კახეთში, თუმცა სულ სხვა პეწი აქვს, იმერული პეწი, როდესაც ხედავ ვენახებში გაფენილ იმერელ გლეხებს ყურძნის სიტკბოთი დაწეპილი შარვლებით და ზედ ბირკას თავებ დამშვენებულთ.
მთავრდება ბაჯაღლოსფერი შემოდგომა და იწყება ზამთარი. ესეც შეუდარებელია იმერეთში. იმერულ სოფელში ყოფნისას ზამთარში ყოველთვის მახსენდება გიორგი კორნაპელის ლექსი: ~ვარსკვლავეთიდან ყეფენ ძაღლები სოფლის და მიირწევა მამლის ყივილით ჟამი .......~. საოცარი განცდაა, პატარა მაგიდასთან, პატარა სამფეხა სკამებზე ჩამომჯდარი, იმერელი მასპინძლის ხელში პატარა, ლიტრანახევრიან დოქში ჩამოსხმული ცოლიკაურის უმშვენიერესი არომატული ღვინო და მცირედით ნაბახუსევი იმერულ ბუხართან, სადაც შქერის ნეშოიანი მჭადები ფიცხდება და ზედ ეწვეთება იმერული შაშხის ცხიმი. ამ დროს ისევ გიორგი კორნაპელის _ ~ვარსკვლავეთიდან ყეფენ ძაღლები სოფლის და მიირწევა მამლის ყივილით ჟამი .......~. კვლავ მიირწევა ჟამი გრძელ იმერულ ღამეებში და მამლის ყივილი გვამცნობს ისევ გაზაფხულის დადგომას. ამ ჰარმონიაში იღვიძებს იმერეთი და ისევ იწყება ულამაზესი გაზაფხულის დღეები. ტრიფოლიატის ეკლის ქვეშ ნაზად ამოწვერავს ია, რომელიც თითქოს ძალიან პატარაა, თან ცოტაა, ისევე როგორც სიკეთე ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამ პატარა სიკეთეს ატომის ენერგიასავეთ უდიდესი ძალა აქვს, რითაც სამყარო დღეს სულდგმულობს. ისევ იწყება გაზაფხული და იმერეთის ორღობეებში იწყება ფუსფუსი. ამ თემშარაზე გადის ადამიანების სასიცოცხლო ძარღვი, რომელსაც მივყავართ წინ, სამყაროში, რომელიც ერთი სწრაფმავალი წამია მარადისობისა, რომელიც წინ უსწრებს ჩვენს წარსულს და უკან ზდევს ჩვენს მომავალს.

ირაკლი მარგველაშვილი

No comments: