არსებობს უამრავი ვერსია, რომელიც საქართველოს დღევანდელ სიტუაციებს განიხილავს და ვფიქრობ, სახეზე გვაქვს დიპლომატიურ ენათა ომი. მიუხედავად იმისა, რომ ასებობს დიდი ალბათობა, ამ დიპლომატიურ ენათა ომში დაიმალოს ორიგინალი ტექსტი, ვეცდებით გარკვეული ტექსტების ამოძებნას და ლოგიკური ჯაჭვის შექმნას. თუმცა, იმთავითვე ვიცით, რომ ორიგინალ ტექსტს, რომელიც ბიბლიოთეკა ლაბირინთში, ან ბაბილონის ბიბლიოთეკაშია შენახული, ბრმა ხორხე შეჭამს. თავადაც მოკვდება, მაგრამ თან გაიყოლებს ორიგინალი ტექსტის ეშხს. ხელში ვერასოდეს შეგვრჩება ორიგინალი ტექსტი, არამედ ამ ტექსტის თარგმანები, რომელიც მომავლისეულ ისტორიულ ლაბირინთებშია ნაფლეთებად შემორჩენილი და მხოლოდ ისტორიულად განვითარებული პროცესების მოთმინებით დალოდებისას გაიხსნება პოსტ-ფაქტუმ.
მცდელობა იმისი, რომ ეს ნაფლეთები შეიკრიობოს, მისი შედარებით ზუსტი თარგმანი შეიქმნას, ეს ადამიანის ბედისწერაა და მას ვერაფრით გავცდებით. ეს ისტორიულ, პოლიტიკური კანონზომიერებაა, იმ ადამიანთათვის, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, უშუალო როლები ასრულონ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, მათ სწორედ ზემოთთქმული ბედისწერა შეხვდათ და ამას ვერ გაცდებიან.
ძნელია ყველა ტექსტი მოვიძიოთ, რაც დღევანდელ ქართულ მატიანეს განსაზღვრავს, თუმცა შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ძირითადი ორიგინალი ისტორიული ტექსტის ფრაგმენტები შევკრიბოთ და ჩავსვათ ისტორიულ ლოგიკაში, რომელიც სულაც არაა წარსული, არამედ მომავალია. ადამიანური ჟამთააღმწერლობა ვითარდებოდა ბაბილონის გოდოლის გარშემო, რომელიც თავად ღმერთმა დაანგრია და ენები აურია. ადამიანებმაც ვერ გაუგეს ერთმანეთს. სწორედ მაშინ წარმოიშვა ძირითადი ლექსიკონი. ლექსიკონი, რომელიც ადამიანთა ენების აღრევამ შექმნა და ეს ლექსიკონი იმდენად მრავალმხრივია, რომ ის ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროს შეეხო. მათ შორის დიპლომატიურ ენას. სწორედ ამიტომ არსებობს ორიგინალი ტექსტის დაფარვის აუცილებლობა. ბრმა ხორხეც ამას ემსახურება. ორიგინალი ტექსტი მოწამლულია. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მისაწვდომია, მხოლოდ ფრაგმენტულად, და არსებობს ლოგიკის შესაძლებლობა, რომელიც ამ ორიგინალ ტექსტთან მიგვაახლოვებს. ეს ჩვენი შესავალიც სწორედ ამ ბაზისზე დაეფუძნება და არ გვექნება პრეტენზია იმისი, რომ ზუსტად გადმოვცემთ ამ ორიგინალი ტექსტის შინაარსს. მიუხედავად ასეთი რთული ბაზისისა ჩვენი წერილის მიზანია სწორედ ამ დაფარული ტექსტების ფრაგმენტების შეგროვება და მისი გაანალიზება. ანუ ჩვენს ბედისწერაში ყოფნა.
მაგალითი საქართველო. პერიოდი 2008წ. აგვისტოს ბოლო, ოქტომბრის შუა რიცხვები.
რას გვთავაზობს დაფარული ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტები?
მეტად რთული სიტუაციაა შექმნილი. ბევრი რამ გასაცნობიერებელია. გასაცნობიერებელია წარსულიდან მომავლისკენ და პირიქით. რა გვაქვს სახეზე? მცდელობა, გავნთავისუფლდეთ რუსეთის იმპერიისგან, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიები. რომელთაც დამატებით კიდევ დაიკავეს საქართველოს ტერიტორიები, ახალგორი, დიდი ლიახვის ხეობა, ფრონეს ხეობა, კოდორის ხეობა, პატარა ლიახვის ხეობა. ეს ყველაფერი ახალი 2008წ. აგვისტოს ანექსიის შემდეგ. ბრძოლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ შევძელით, 1921წ. 25 თებერვლის თავიდან აცილება. შევძელით ახალი დიპლომატიის შექმნა. სიტუაციის რადიკალიზაცია. თავად სიტუაციის განსხვავებული ფორმატის შექმნა. სწორედ აქაა ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტები, რომელთა ლოგიკური ჯაჭვის აგებას შევეცდებით. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე არ შეიცვალა. თუმცა მხოლოდ სიტუაციას ვგულისხმობთ 8 აგვისტომდე და 8 აგვისტოს შემდეგ. წინ გვაქვს ახალი იურისპრუდენცია, ახალი დიპლომატია, ახალი სამშვიდობო მისიის ჩანასახი, ასევე რუსეთის იმპერიის რადიკალიზაციაც. სწორედ იმპერიის რადიკალიზაციაზე გადის ჩვენი ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტების მოძიების პროცესი. ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელო სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ იურიდიული და პოლიტიკური პროცესების კონტურები ჩანს, რომელიც არ იძლევა დამშვიდების და ფეხის ფეხზე გადადების საშუალებას. თუმცა იძლევა გარკვეული პროგრესის ნიშნებს. ამაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმპერიის მსახურთა რადიკალიზებას, მათ გამწარებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩანს იმპერიამ საქართველოს ომი მოუგო. ახალი ტერიტორიები დაიპყრო, მაშ, რატომ არიან ასე გამწარებულები? რა სურდათ. პოლიტიკური და სამხედრო გეგმა ვერ შესრულდა. სამხედრო პოლიტიკური გეგმა ზოგად ისტორიულ ქმედებაში ყოველთვის 3 ნაწილისგან შედგება.
1. ოპერაციის დაგეგმვა, მომზადება;
2. ოპერაციის განხორციელება;
3. ოპერაციის დასასრული;
რა შეასრულა იმპერიამ აგვისტოს მოვლენების დროს? ჩემის აზრით მხოლოდ პირველი ორი პუნქტი. ვერ შესრულდა მესამე პუნქტი. ოპერაცია ვერ დასრულდა. ოპერაციას დასარული არ ჰქონდა, თუმცა გეგმა იყო. თუ სამხედრო პოლიტიკური გეგმის ზოგად ფორმულაში ჩავსვავთ რეალურ სიტუაციებს, რაც იმპერიამ ჩვენს წინააღდეგ დაგეგმა მივიღებთ შემდეგ სურათს.
1. ოპერაცია დაგეგმვა, მომზადება. 2008წ. აპრილიდან დაიწყო გეგმის მომზადება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. აფხაზეთში რკინიგზის გაყვანა, სპეცდანიშნულების ბატალიონების შემოყვანა, იარაღის შემოტანა სეპარატისტებისათვის. წრთვნების ჩატარება ჩრდილოკავკასიაში, რომელიც იყო ძირითადი მზადება ომის საწარმოებლად.
2. ოპერაციის განხორციელება. რუსეთმა აწარმოა ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს იმ ტერიტორიაზე (სამაჩაბლო), სადაც უშუალოდ ბრძოლა გაიმართა ქართულ არმიასთან. ასევე იმპერიამ დასავლეთ საქართველოში აწარმოა სამხედრო მოქმედებები, დაიკავა, რა საქართველოს საკვანძო ქალაქები, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი. აღმოსავლეთ საქართველოში დაიკავა გორი, ახალგორი, იგოეთი. ლოგიკა მდგომარეობდა შემდეგში. უნდა შესრულებულიყო გეგმის მესამე ეტაპი.
3. ოპერაციის დასასრული. ოპერაციის დასასრული იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და თბილისში სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
გეგმის მესამე ეტაპი ვერ შესრულდა. გეგმა ჩავარდა. ზოგადად სამხედრო პოლიტიკური გეგმის განხორციელებიდან რომელიმე ეტაპის ჩავარდნა იწვევს გეგმის განუხორციელებლობას. დასასრული აბსოლუტურად შეიცვალა. დასასრული არ შედგა. ამაზე აშკარად მოწმობს რუსეთის დუმის რეაქცია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის წინააღდეგ აშკარად უარყოფითმა განწყობამ იმატა და მას მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ ვერ განხორციელდა გეგმის დასრულება. პასუხი სწორედ ორიგინალ ტექსტებში იმალება. ჩვენ მხოლოდ ფრაგმენტების თარგმნით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ.
რა მოიტანა გეგმის ჩავარდნამ? ევროკავშირის გააქტიურება, მათ მიერ ინიციატივის ხელში აღება, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და სულ სხვა პოლიტიკურ იურიდიული კონტექსტის შექმნა, ვიდრე ეს მოჰყვებოდა რუსული გეგმის დასასრულს. იმპერია იძულებული გახდა დასასრულზე ეფიქრა დროში, მომავალში, თუმცა როგორც სამხედრო პოლიტიკური ზოგადი გეგმის ლოგიკა გვეუბნება, 3 პრინციპის განუხორციელებლობა გეგმას აგდებს და იწვევს ახალი გეგმის ჩამოყალიბებას, რომელიც ასევე 3 ნაწილისგან შედგება.
მოხერხდა იმპერიის სრული გეგმის განუხორციელებლობა. იმპერია ეხლა ფიქრობს, როგორ დაამთავროს დაწყებული გეგმა. ის ვაჭრობს, მოძრაობს, ქმნის ინტერპრეტაციებს და კიდევ უფრო სცილდება ორიგინალ ტექსტს. რა იქნებოდა გეგმის განხორციელების შემთხვევაში? რუსეთი დაიკავებდა თბილისს. შეცვლიდა ხელისუფლებას, არ გავიდოდა დაკავებული ტერიტორიებიდან მინიმუმ 1 წელი მაინც. მოახდენდა კონფლიქტური რეგიონების სრულ ანექსიას და ამას დაეთანხმებოდა მათ მიერ დასმული ხელისუფლება მცირე შეწინააღმდეგების ფონზე.
რა ხდება გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში? რუსეთის იმპერიის სამხედრო პოლიტიკური გეგმის მესამე ნაწილი ძალაში რჩება, მხოლოდ ის მიდის კომპრომისზე და ითხოვს კომპრომისული ფიგურის ხელისუფლებაში მოყვანას. სწორედ აქ აქვს მას წინააღდეგობა დასავლეთის მხრიდან. ზოგადად გეგმის მესამე ნაწილის ჩავარდნა, მოასწავებს, იმას, რომ გეგმა დროში მთლიანად ჩავარდება. მიუხედავად მიღებული პრევენციული ზომებისა: კონფლიქტური რეგიონების (აფხაზეთი, სამაჩაბლოს) ცნობა, კონფლიქტურ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მომავალში განთავსება, იქ დღეს 7600 სამხედრო ძალის ჩაყენება...
ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც ერთი მხარეა პოლიტიკურ თამაშებში. არსებობს მეორე მხარე ამ თამაშების. საქართველო და დასავლეთი (აშშ, ევროკავშირი). აქაც მიღებულია პოლიტიკური პროცესების პრევენცია. კერძოდ, რუსული სამხედრო პოლიტიკური გეგმის მესამე ნაწილი, სწორედ დასავლეთის ძალისხმევით ჩავარდა. ჩავარდა გეგმის მესამე ნაწილის გამჟღავნებით. ჩვენ ვიხილეთ ერთის სერიოზული ორიგინალი ფრაგმენტი დიპლომატიური ენისა, რომელიც ამჟღავნებდა რუსული ანექსიის გეგმის მესამე ნაწილს. ეს მოხდა სწორედ აგვისტოს ცხელ დღეებში, მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან (გაერო), სადაც აშშ წარმომადგენელმა რუსეთის გეგმის დასასრულზე ისაუბრა, რომ ამ ანექსიის მიზანი და დასასრული, საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული. სწორედ აქ ჩაიშალა გეგმა, აქ გადაკვეთა ინტერესებმა ერთმანეთი და ეს არის ის საკვანძო საკითხი, რომელზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ეს არის ძირითადი ფრაგმენტი ჩვენს განსახილველ სიტუაციაში. დასავლეთმა არ დაუშვა რუსული სამხედრო პოლიტიკური გეგმის დასასრული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ხელი აიღო ამ დასასრულზე, ან დამთავრდა დასასრულის ღონისძიება. მათ შეცვალეს სიტუაცია. ანუ დაამძიმეს შექმნილი სიტუაცია, საქართველოში ორი პოლიტიკური სუბიექტის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცნობის სახით და იქ ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნის მცდელობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში მეორე მხარე არ შედის და არც განიხილავს მას. რუსეთი წავიდა ამ ნაბიჯზე, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაბიჯი უკიდურესია და პრაქტიკულად ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს ის ბერკეტები, რომელიც რუსეთს გააჩნია ამ პოლიტიკურ თამაშში. რაში მდგომარეობს ძირითადი დიპლომატიურ ენათა ომი? ეს მოიცავს რამდენიმე სუბიექტს, რომელთა დაჯგუფებაც საკმაოდ საინტერესო სურათს მოგვცემს, თუ მას ჩავსვამთ ისტორიული ლოგიკის ზოგად ფორმულაში, რომელიც მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა.
მაგალითი 2. რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკა და საქართველო.
მეტად საინტერესოა ორიგინალი ტექსტის სხვა ფრაგმენტები, რომელთა თარგმნასაც შევუდგებით. ვიზუალური თვალსაზრისით აგვისტოს მოვლენების დროს და შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი: აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად არ დაუშვა რუსული გეგმის დასასრული საქართველოში. მათ შეძლეს გეგმის ჩაგდება. ეს პოზიცია ერთიანია ორივე ამ სუბიექტისთვის. მიუხედავად ამისა, შეინიშნება დაპირისპირება აშშ და ევროკავშირს შორის. ვერ ვიტყვით რის გამო, თუმცა ფრაგმენტში მშვენივრად ჩანს, შექმნილი სიტუაციის რეალური მდგომარეობა.
დღეს შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში ევროკავშირი და მისი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ასრულებს. მათ მოახდინეს აგვისტოს შემდეგ ახალი პოლიტიკურ-იურიდიული სივრცის შექმნა (6 პუნქტიანი შეთანხმება), რომელშიც რუსებიც მონაწილეობენ.
რუსეთმა შექმნა საკუთარი, პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცე აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, თუმცა შეიძლება ეს განვიხილოთ, როგორც რუსეთის თვითკმაყოფილება, შიდა პიარ ტექნოლოგია საკუთარი მოქალაქეებისათვის. დღეს ეს პოლიტიკურ სამართლებრივი სივრცე არ მუშაობს, ის ამწუთში ფიქციაა, ის მხოლოდ რუსეთისაა, ის არ არის ქმედითი. ის ქმედითი გახდება, თუ მას განიხილავს დასავლეთი რაღაც დონით მაინც. რუსეთის რეალური პოლიტიკურ იურიდიული ნაბიჯები სწორედ ევროკავშირის გეგმის (6 პუნქტიანი შეთანხმება) თანახმად მიმდინარეობს. სწორედ ევროკავშირის გეგმით გაიყვანეს მათ ჯარები ე.წ. ბუფერული ზონებიდან. სწორედ ამ სივრცეში განიხილება ლტოლვილების დაბრუნების, ახალი სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების და მომავალში ამ რეგიონების სტატუსის საკითხები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
ეს ეწინააღდეგება რუსულ გეგმას. არსებობს ბევრი ფრაგმენტი, რომელმაც შესაძლოა შეგვახედოს რეალურ სურათს. ორიგინალი ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი არის ის, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხზე ერთი აზრი აქვთ, მათ შორის დაპირისპირებაც შეინიშნება აღნიშნულ საკითხზე. ამაზე ბევრი ფრაგმენტი მეტყველებს. პირველ რიგში შესამჩნევია, აშშ-ს პოზიციის რადიკალიზაცია აღნიშნულ საკითხზე და ევროკავშირის შედარებით რბილი პოზიცია რუსეთის მიმართ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ამოვარდება სარკოზის მიერ შექმნილი გეგმიდან. თანხვედრა არ არის მაგალითად აშშ-ის რადიკალურ გადაწყვეტილებაში, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ანუ ამ ეტაპზე მიერთდეს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას. გერმანიის კანცლერის განცხადება ამაზე მეტყველებს, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე. ეს სხვა რამეზეც მეტყველებს. შესაძლოა ვცდებით, მაგრამ დიდია რუსეთის ზეწოლა ევროკავშირზე მისი (საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური) გეგმის მესამე ნაწილის შესრულებაზე, ანუ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე და კომპრომისული ფიგურის მოძებნაზე ხელისუფლებაში მოსასვლელად, რაზედაც აშშ-ს აქვს რადიკალური პოზიცია და ეწინააღდეგება ზოგადად რუსული გეგმის მესამე ნაწილის შესრულებას, რაზედაც ისინი აგვისტოში წავიდნენ საკმაოდ რადიკალურ ნაბიჯებზე და რუსული გეგმა სწორედ გაეროში ჩაშალეს, რაზედაც საუბარი გვქონდა. ევროკავშირი ითვალისწინებს რუსეთის ზეწოლას და შეიძლება ითქვას, ის კულუარულად კიდევაც განიხილავს ასეთ ალბათობას, თუმცა მათ არ შეუძლიათ აშშ-ს გარეშე ამ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მათ შეუძლიათ ამ საკითხზე ესაუბროს აშშ-ს. კავკასია არ არის ევროკავშირის პოლიტიკური სივრცე. ის აშშ-ს სივრცეა, შესაბამისად ევროკავშირი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ცხადია რუსეთის ზეწოლა მისი გეგმის მესამე ნაწილის შესრულებაზე (ხელისუფლების შეცვლა საქართველოში), რომელიც კომპრომისულია, გულისხმობს კავკასიაში აშშ-ს ინტერესების დროებით შეჩერებას მაინც მინიმუმ და დროში აშშ-ს კავკასიაში ინტერესების საერთოდ გაქრობას, მითუმეტეს, რომ რუსეთმა შეძლო უკრაინაში სიტუაციის იმ დონემდე მიყვანა, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხილვა დეკემბერში უკრაინის საკითხის გარეშე წარიმართება. რუსეთმა ეს შეძლო. მან მიაღწია ნაწილობრივ თავის მიზანს უკრაინაში. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს შეძლოს საქართველოში და დეკემბრამდე ეცდება ყოველნაირად შეაჩეროს სიტუაცია, სარკოზის გეგმის განხორციელების საკითხში.
ფაქტია, რომ სარკოზის უკან დგას აშშ. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ზემოთა აბზაცში. ანუ ამერიკის ზეწოლა რუსეთზე სულის შემხუთავია. ეს რომ ასეა, ამას კონდოლიზა რაისის მარშალის ფონდში წარმოთქმული სიტყვაც მოწმობს. სულის შემხუთავი რომ არის, ამას მოწმობს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების (პუტინი მედვედევის) განცხადებები. რომლებიც აშშ-ს ადმინისტრაციას პარანოიკებს და პლინტუსზე დაბალი დონის პოლიტიკოსებს უწოდებს. სწორედ ეს მოწმობს, იმას რომ აშშ-ს რუსეთზე ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებს. სწორედ ეს ჩანს დიპლომატიური ენის ორიგინალის ფრაგმენტებში, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც გასარჩევია.
სწორედ ამ ზეწოლის გამოა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ გაიყვანა თავისი ჯარები ბუფერული ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის რჩება ახალგორში და კოდორში სწორედ კომპრომისული ფიგურაზე ვაჭრობის შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი. თუმცა 6 პუნქტიანი შეთანხმების სამართლებრივი სივრცე შემბოჭველია რუსეთისთვის. არც აშშ და არც ევროკავშირი (ეს უკანასკნელი აშშ-ის ზეწოლით) არ განიხილავს რუსეთის წინადადებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
რუსეთი აშშ-ს ასეთი ზეწოლის პირობებში ვერ შეძლებს დატოვოს თავისი ძალები ახალგორში და კოდორში. მას მოუწევს გასვლა ამ ტერიტორიებიდან და არგაუსვლელობით აჩერებს პრაქტიკულად 6 პუნქტიანი შეთანხმების ძირითად შინაარსს, გავიდეს 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაზე, რაც პრაქტიკულად გულისხმობს კონფლიქტური რეგიონებიდან მათ სრულ გასვლას, ვინაიდან დღეს სრულიად შეცვლილია 7 აგვისტოს იურიდიულ პოლიტიკური სიტუაცია და ის არ ემთხვევა მას.
ვფიქრობთ ამ წერილს ექნება მეორე ნაწილიც, რომელიც მაშინ შედგება, როდესაც ორიგინალი ტექსტი თავის ფრაგმენტებზე შეგვახედებს, ან როდესდაც ბრმა ხორხე მოგვცემს საშუალებას ინფორმაციის გამოტანის გარეშე მოვახერხოთ მისი წაკითხვა.
ირაკლი მარგველაშვილი
13.10.08წ.
No comments:
Post a Comment