ტელეგადაცემა "ფსიქო" ტელეეკრანის მიღმა, კონტექსტის დღიური
დღიურის მიზანია შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ყოველ ტექსტს გააჩნდეთ იგივე უფლებები რაც ადამიანებს, ანუ შეეძლოთ ნორმალურად დაბადება და სიკვდილი. ყველა ტექსტი გულში ატარებს თავის სიკვდილს, და მათ სრული უფლება აქვთ თავისუფლად მოკვდნენ, რის შედეგადაც ისინი მარადისობაში გადავლენ, როგორც ადამიანები, აქ ხაზი ესმება ტექსტის ქრესტომათიულობას. თუ ტექსტი ქრესტომათიულია, ის თავისუფლად სიკვდილსაც შეძლებს და მისი არსებობაც დადასტურდება სამყაროს წინაშე. რატომღაც მიმაჩნია, რომ ეს იურიდიული პრობლემაა. მითუმეტეს, იურისპრუდენცია იმდენად პრაგმატული მეცნიერებაა, რომ შორს დგას ნებისმიერი ლიტერატურული გადახვევისაგან. ამ დღიურის შექმნა სურვილია იმისა, რომ იურისპრუდენციამ შეითავსოს ტექსტთა უფლებების დაცვა, მითუმეტეს, რომ ყველა ტექსტს გააჩნია ხელისმოწერა, რაც იურიდიული კატეგორიაა. ამ დღიურით მინდა შევიხსენოთ, რომ ტექსტებთან ურთიერთობაში სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან ისინი ცოცხალი ორგანიზმები, ცოცხალი სიუჟეტები არიან. ჩემი აზრით იურისპრუდენციას ევალება დაიცვას ტექსტთა უფლებები, ისე, როგორც ადამიანთა უფლებები. ამ დღიურის მიზანი ისიცაა, რომ როგორმე შეძლოს შექმნას ტექსტში გამონთავისუფლებული ადგილი, სიუჟეტური სიცარიელე, სადაც შესაძლებელი გახდება ახალი გმირის შესვლა და ამ დღიურის მკითხველის მიერ მის მეორედ წაკითხვისას ამ გმირის ტექსტში ყოფნამ მოულოდნელობა არ შექმნას. რამდენად მოვახერხებთ ამას ეს მკითხვეკმა განსაჯოს.
ეხლა დღიურს მივყვეთ.
ყურადღება; სასამართლო მოდის, გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ.
მოსამართლე; სასამართლო პროცესს გახსნილად ვაცხადებ. დღეს განიხილება სასარჩელო განცხადება, მოსარჩელე ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ კონტექსტი.
მოპასუხე; ტელეგადაცემა ~ფსიქო~ და მისი ავტორი ბ-ნ გიორგი გვახარია.
მოგახსენებთ, რომ სარჩელში არის ორი მოთხოვნა შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნები განხილულ უნდა იყოს ცალცალკე, ამიტომ ჯერ განხილული იქნება მოსარჩელის პირველი მოთხოვნა და შემდეგ შევუდგებით სარჩელის მეორე ნაწილის განხილვას. გთხოვთ მოვუსმინოთ მოსარჩელეს.
მოსარჩელე; პატივცემულო სასამართლოს წევრებო, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ! მოგახსენებთ, რომ სარჩელის მეორე ნაწილის განხილვისათვის აუცილებელია განხილულ იყოს ჩემი სასარჩელო განცხადების პირველი მოთხოვნა, რაც მდგომარეობს შემდეგში მე-კონტექსტს მომენიჭოს ტექსტის სტატუსი, ამისათვის მოვითხოვთ სასამართლომ იხელმძღვანელოს თანამედროვე მეცნიერული მიღწევებით სტრუქტურულ-ლინგვისტურ მეთოდოლოგიაში და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა სადაც სწერია; ტელეგადაცემა ფსიქო ქმნის ახალ ტექსტს, რისი დადასტურებაცაა გადაცემის მესამე ნაწილი_დიალოგი გადაცემის ავტორის, მოწვეული სტუმრისა და ტელემაყურებლებისა. სადაც უკვე შექმნილია საავტორო უფლებრივი გარემო და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ტელეარხი შეეცდება შექმნას ახალი გადაცემა სახელწოდებით ~ფსიქო~ დაირღვევა გადაცემის ავტორის ბ-ნ გ. გვახარიას საავტორო უფლება ე.ი. ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ ჰყავს ავტორი, რომლის არსებობაც საკმარისია ახალი ტექსტის შესაქმნელად, ანუ კონტექსტისათვის ტექსტის სტატუსის მისანიჭებლად. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნას, საჭიროდ მიმაჩნია სასამართლო არ გასცდეს ტექსტის საზღვრებს და ორი ტექსტის ურთიერთობა განხილულ იქნას მხოლოდ სემიოტიკისა და სტრუქტურალურ-ლინგვისტურ მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით.
მოსამართლე; თუ მოპასუხეს არ სურს აზრის გამოთქმა მაშინ სასამართლო გადის გადაწყვეტილების გამოსატანად. . . . .
გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ სასამართლო მოდის . . . .
მოსამართლე; სასამართლომ იხელმძღვანელა მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, თანამედროვე მეცნიერული მიღწევებით სტრუქტურულ-ლინგვისტურ მეთოდოლოგიაში და მიაჩნია, რომ სარჩელის პირველი მოთხოვნა, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო; ვინაიდან არსებობს ტექსტი_ტელეგადაცემა ~ფსიქო~, ასევე არსებობს კონტექსტიც ~ფსიქო~, ამიტომ მიგვაჩნია, რომ კონტექსტს უნდა მიენიჭოს ტექსტის სტატუსი, რათა დაცული იქნეს მისი უფლებები. გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
მოსამართლე; ამ გადაწყვეტილების შემდეგ გრძელდება სასამართლო პროცესი და მოსარჩელეს ვთხოვთ ჩამოაყალიბოს თავისი მეორე მოთხოვნა.
მოსარჩელე; პატივცემულო სასამართლო პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინაიდან მომეცა საშუალება სასამართლოს წარმოვუდგინო მეორე მოთხოვნა ჩემი სარჩელისა. სარჩელის მეორე ნაწილი ეხება ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ პირველ; და მესამე ნაწილში ბ-ნ გ. გვახარიას არამართლზომიერ ქმედებას. საკითხი ბუნდოვანი, რომ არ გახდეს განვმარტავ; ტელეგადაცემა ~ფსიქო~ შედგება სამი ნაწილისაგან; პრველი ნაწილია რეკლამა, რომელიც მომავალ ტელემაყურებელს აუწყებს საჩვენებელი ფილმის პრობლემატიკას, რომელიც ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ მეშვეობით გადის ეთერში. მეორე ნაწილს შეადგენს გადაცემის დაწყებისას გიორგი გვახარიას მცირე შესავალი და თვით წარმოდგენილი ფილმი. მესამე ნაწილი კი გახლავთ დიალოგი_გ. გვახარია, გადაცემის სტუმარი და ტელემაყურებელი, რომელმაც უყურა ფილმს. ამ მცირე ექსკურსის შემდეგ ნება მიბოძეთ ვისაუბრო იმ ძირითად საკითხებზე, რაც წარმოადგენს სარჩელის მეორე ნაწილს.
სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ჩემი_კონტექსტის სტატუსი შეცვალოს ტექსტის სტატუსით. აქედან გამომდინარე, მე-კონტექსტი ვარსებობდი, როგორც ტელეგადაცემა ~ფსიქო~ ტელეეკრანის მიღმა. ეს არსებობა ატარებდა ბუნდოვან ხასიათს, რამეთუ გ. გვახარიას არც სურდა ჩემი ყოფნის გახსენება, ამიტომ ტელეგადაცემაში ~ფსიქო~ გაჩნდა ბევრი ~ბნელი ადგილები~ რომელმაც პირვგელ რიგში დამაზარალა მე-კონტექსტი. მე საერთოდ იგნორირებული ვიყავი მთავარი ტექსტიდან და ჩემი უგულებელყოფით იკარგებოდა მთავარი საზრისი გადაცემისა. ~ტელეგადაცემა ~ფსიქო~ ტელეკრანის მიღმა ჩემი მთავარი საქმიანობაა. ტექსტის სტატუსის მონიჭება სასამართლოს მიერ არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს საქმიანობას გადავუხვევ და არ დავრჩები ისევ გადაცემის მიღმა. უბრალოდ, ეს ყოველივე ჩემი არსებობის დადასტურებაა და იმის მცდელობა, რომ ორივე ტექსტმა ყველაფერი წარმართოს კორექტულად. ეხლა გადავალ იმ ~ბნელ ადგილებზე~, რომელზედაც დაწვრილებით საუბარი აუცილებელია საკითხის არსში გასარკვევად.
ტელეგადაცემა ~ფსიქომ~ მოიპოვა საავტორო უფლება, რომელიც ეკუთვნის გ. გვახარიას. შექმნა ახალი ტექსტი (დიალოგი) ხოლო ჩემი თვალთახედვით, ამ ტექსტის არსებობას განვსაზღვრავდი მე-კონტექსტი. მიუხედავად ამისა გ. გვახარიას დაავიწყდა ჩემი არსებობა, იგი თავად გახდა ~ფსიქოს~ სამივე ნაწილის ავტორი, ვინაიდან თუ დავიწყებულია კონტექსტი მიზანი მიღწეულია. საავტორო უფლება წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გადაცემა ~ფსიქო~ გაფორმდა, როგორც ტექსტი, რომელსაც (როდესაც იგი დასრულდება) ხელი უნდა მოეწეროს. გ. გვახარიამ შეძლო ამ ტექსტზე ხელისმოწერა, რისთვისაც დასჭირდა ჩემი დავიწყება. მას შესაძლოა ესმოდა, რომ მე-კონტექსტი ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი, მაგრამ.. . . .
ყოველ შაბათ დღეს, საღამოს ათის ნახევარზე იწყება ტელეგადაცემა ~ფსიქო~, რომელიც გადის რუსთავი-2-ის ეთერში. ვიდრე გადაცემა შედგება, რუსთავი 2-ის ეთერში წინა დღეებში მიმდინარეობს რეკლამა (გადაცემის I ნაწილი), რომელიც გვაუწყებს ფილმის შინაარს და პრობლემატიკას. სწორედ აქაა პირველი ~ბნელი ადგილი~ გადაცემაში. რეკლამა არასრულყოფილია; მასში ყურადღება გამახვილებულია, როგორც ვთქვი ფილმის შინაარსზე, პრობლემატიკაზე, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ტექსტი, როდესაც ის იქმნება, ვერ იტანს დანაწევრებას, მას მიდრეკილება აქვს მთლიანობისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეგადაცემა ~ფსიქო~ არ წარმოადგენს მხოლოდ ფილმის ჩვენებას. მესამე ნაწილი_გადაცემაში მოწვეულ სტუმართან და მასთან ერთად მაყურებელთან საუბარი წარმოდგენილი ფილმის შესახებ არანაკლებ მნიშვნელოვანია, რაც რეკლამაში არ გვხვდება. მართალია დიალოგის მიზეზი წარმოდგენილი ფილმია, მაგრამ შესაძლოა მას სხვა მიზეზიც ჰქონდეს. ზოგადად დიალოგი არასოდეს არ არის ერთი მიზნით წარმოებული, არამედ მას უამრავი მიზეზი აქვს და არა მხოლოდ მოცემული კონკრეტული სიტუაცია. რეკლამაში დიალოგი საერთოდ არ ფიგურირებს. ე.ი. გამოტოვებულია, მაგრამ დიალოგი შესაძლოა იგულისხმებოდეს, რეკლამა კი ასეთ ~გულისხმობებს~ ვერ იტანს. ვინაიდან სასამართლომ მე ტექსტად მაღიარა, ჩემი მოვალეობაა ვერბრძოლო ამ ~გულისხმობებს~ და გავხსნა ყველა ~ბნელი ადგილი.~ ~ბნელი ადგილების~ საკითხი ფორმულირდება შემდეგნაირად; ~მაყურებლის პრობლემა რეკლამაში~. ტელეგადაცემა ~ფსიქო~ მისი ავტორისაგან ხელდასმულია როგორც ინტელექტუალური კინოჩვენება, ფილმებში დასმული პრობლემის თითქოსდა საჯაროობა. ე.ი. ~ფსიქო~ როგორც წესი განკუთვნილია ისეთი მაყურებლისათვის, რომელიც პოტენციურად დარეკავს ფილმის დამთავრების შემდეგ და ჩაერთვება იმ დიალოგში, რომელსაც წარმართავს გადაცემის ავტორი გ. გვახარია და მისი გადაცმაში მოწვეული სტუმარი. ავღნიშნავ, რომ ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ ეთერში წარმოდგენოლი ფილმების პრობლემატიკა მეტწილად ცხოვრებისეულია. ფილმები წარმოაჩენენ არასრულფასოვან სექსუალურ პრობლემას, თავისუფლების პრობლემას და სხვა. როგორც ზემოთ ვთქვი ფილმები გადაცემაში გათვლილია პოტენციურად დამდეკი მაყურებლისათვის., ინტელექტუალთათვის, ასე ვთქვათ მასიური მაყურებლისათვის განკუთვნილი ვერ იქნება, ვინაიდან მასისათვის თავად კინორეჟისორებს არ გადაუღიათ აქ წარმოდგენილი ფილმები და მათი გაგება ადვილი არ არის, როგორც თვით გ. გვახარიას არაერთგზის აღუნიშნავს. მაგალითად, როდესაც ფილმი ეხება სექსუალურ არასრულყოფილებას, რეკლამაში ~მძიმე~ ინტელექტუალური ტექსტის ფონზე ნაჩვენებია ეროტიკული ეპიზოდები, რომლებიც ან მრავლადაა ფილმში, ან შესაძლოა მმხოლოდ ერთი იყოს. აქედან გამომდინარე, ინტელექტუალური ტექსტი ცხადია განკუთვნილია პოტენციურად დამრეკი მაყურებლისათვის; რაც შეეხება ეროტიკულ ეპიზოდებს . . . . ეს ქმნის კიდევ ერთ ~ბნელ ადგილს~ ტელეგადაცემაში ~ფსიქო~, რაც გამოიხატება დასმულ კითხვასა და უპასუხო პასუხში. აქედან ჩნდება კონტექსტის უგულებელყოფა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ტექსტის მიერ წარმოებული მთელი სიმძიმე აწვება კონტექსტს.
ეხლა ნება მომეცით გადავიდე დასკვნით ნაწილზე. მე როგორც კონტექსტმა ცხადია, იმ ლინგვისტურ მეთოდზე დაყრდნობით, რითაც იხელმძღვანელა სასამართლომ და მომანიჭა ტექსტის სტატუსი, მინდა გითხრათ შემდეგი; ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ სჭირდება ხელისმოწერა ავტორის მიერ, ჩემთვის_კონტექსტისათვის ცხადია, რომ ხელმომწერი ტელეგადაცემისა შესაძლოა იყვნენ ის კინორეჟისორები, რომელთა ფილმების ჩვენება მიმდინარეობს გადაცემის დროს, ვინაიდან ყოველი გადაცემა ფილმის გაცნობის და გაშიფრვის მცდელობაა. ჩვენს შემთხვევაში რეჟისორთა ეს უფლება დარღვეულია. როდესაც მიმდინარეობს გადაცემა და სრულდება, რეჟისორი ქმნის ტექსტს, რომელიც გადაცემის ბოლოს არსად არ ჩანს. რეჟისორისათვის ~ხელის მოწერის უფლების ჩამორთმევა~ მიმდინარეობს გადაცემის მესამე ნაწილში ანუ დიალოგში. გადაცემას ასრულებს გ. გვახარია. ეს მთავარი ~ბნელი ადგილია~ გადაცემაში. გადაცემის დასრულებისას ის ფარულად აწრს ხელს ტექსტის ბოლოს. არავინ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არსებობს შესაძლებლობა შეკითხვისა, რომელიც შესაძლოა დასვას უპირველესმა პოტერნციურმა დამრეკმა გადაცემაში_კინორეჟისორმა. ხოლო იმედეოვნება იმისა, რომ კინორეჟისორი არ დარეკავს, ქმნის უმთავრეს ~ბნელ ადგილს~ გადაცემაში. ე.ი. გ. გვახარია კინორეჟისორის ზარს არასოდეს დაელოდება, ხოლო კონტექსტისათვის ამის ატანა შეუძლებელია, რამაც გამოიწვია კიდევაც ჩემი პროტესტი. ზუსტად ეს არდალოდება არის ფარული ხელისმოწერა ტელეგადაცემაზე ~ფსიქო~. ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ როგორც ტექსტის სტრუქტურალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ პროცესი ურთიერთობისა კინორეჟისორსა და ფილმს შორის ყოველთვის მიმდინარეობს და მას გეოგრაფიული მისამართი არა აქვს. კინორეჟისორი ყოველთვის მზადაა ფილმის შესახებ დასვას შეკითხვა, ხოლო მისი მთავარი შეკითხვა თავად ფილმია. კინორეჟისორი, როგორც გადაღებული ფილმის (ტექსტის) ავტორი ხელს აწერს დასასრულს და ~კვდება~ რჩება მაყურებელი, ფილმი, მასში მონაწილე გმირები. ამ უკანასკნელების დარეკვაც გამორიცხულია გადაცემაში, ვინაიდან ისინი სხვა გეოგრაფიულ სამყაროს წარმოადგენენ, ანუ არ არსებობს სატელეფონო კოდი ფილმსა და რეალურ სამყაროს შორის. გადაცემაში რეკავს მაყურებელი, რომელიც ფილმის ნახვის შემდეგ ისევე ~კვდება~, როგორც რეჟისორი ფილმისა. რეალური ცხოვრება ჩვენს შემთხვევაში და მხატვრული ტექსტი (ფილმი) ორი პარალელური სამყაროა, რომლებიც ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებიან.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე მოვითხოვ: ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ ავტორს ბ-ნ გ. გვახარიას ჩამოერთვას საავტორო და შესაბამისად ხელმოწერის უფლება გადაცემაზე, ხოლო ტელეგადაცემა ~ფსიქოს~ დარჩეს უფლება, რომ ის წარმოადგენდეს მრავაჯერად ხელისმომწერთა შესაძლებლობას რეჟისორების მიერ. გმადლობთ.
სასამართლო გადის გადაწყვეტილების გამოსატანად . . . .
ირაკლი მარგველაშვილი
კონტექსტის წარმომადგენელი
სადღიურო სასამართლოში.MO
No comments:
Post a Comment