~ქართლის ცხოვრება~ მარად იგივეში
ჩემს წინ გადაშლილია ~ქართლის ცხოვრება~, წერილი, რომელიც ~მარად იგივეში~ რჩება. ~ქართლის ცხოვრება~ მარადიული წერილია საქართველოს ისტორიისათვის გამოგზავნილი საუკუნეების წინ. იგი მუდმივ კითხვაშია. წერილი ~ქართლის ცხოვრება~ იკითხება სხვადასხვა სიუჟეტურ ველში, დროში და სივრცეში, ამიტომ არის იგი მარადიული. აქედან შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ იგი ~მარად იგივეშია~.
წერილი ~ქართლის ცხოვრება~ ეს არ არის მომავალი თაობებისათვის დაწერილი ტექსტი, რომელიც იუწყება წარსულს, არამედ იგია ტექსტი- წერილი ~მარად იგივეში~, ~მარად განმეორებაში~. ეს წერილი სულ გადაწერის პროცესშია. მას ვერ ცდება ვერცერთი ტექსტი, რომელიც ~ქართლის ცხოვრებას~ თანხვდება, თუნდაც უცნობი ავტორი რომ დაწერს ორი საუკუნის შემდეგ.
Q~ქართლის ცხოვრების~ სახით ჩვენს წინ ჟამთააღმწერელია, რომელიც ერთ-ერთი მონასტრის ბნელ სენაკში წერს წერილს ~ქართლის ცხოვრება~, წერს ტექსტს ღალატზე, თავკერძობაზე, სიყვარულზე, შიდა აშლილობაზე, ომზე, თავკერძი ფეოდალის მტერთან შეკვრაზე და ორგულობაზე.
ამ სენაკში ჟამთააღმწერელი ჭვრეტს მომავალს ქართლისას, ამზადებს წერილს მომავალში გადმოსაგზავნად, რათა გავფრთხილდეთ. ჟამთააღმწერელი სხვა სიუჟეტურ დროში წერს და ეს არის ~ქართლის ცხოვრების~ ყველა სიუჟეტურ დროსთან თანხვედრაში მყოფი დრო. უფრო სწორად რომ ვთქვა ჟამთააღმწერელი წერს სხვა სიუჟეტურ დროში მოქმედ მომავალს.
თითქოს, თვალის ერთი გადავლებით წერილი ~ქართლის ცხოვრება~ მთავრდება X-IX საუკუნეთა მიჯნასთან. სინამდვილეში ეს მითიური ჟამთააღმწერელის წერილია. ეს მითი მოაღწევს ჩვენამდე. იგი დროთა განმავლობაში ივსება უცნობი ავტორის ქართლის ცხოვრების ქრონიკებით. საერთოდ რატომ მოხდა, წერილი ~ქართლის ცხოვრების~ დაწერა, ან დღესაც რატომ გრძელდება იგი ~მარად იგივეში~. რატომ ხდება ჩვენს მიერ ამ წერილის გადაწერა. რატომ გავაცოცხლეთ მითიური ჟამთააღმწერელი ჩვენს დროში. რატომ არ დავკმაყოფილდით იმით, რომ ეს წერილი ~ქართლის ცხოვრება~ დარჩენილიყო უკან წარსულში. აი შეკითხვები, რომელიც არ გვასვენებენ.
საინტერესოა რა ეტაპები გაიარა წერილმა სანამდე ჩვენამდე მოაღწევდა. აბსოლუტურად ნათელია, რომ გამოგზავნილი წერილი ~ქართლის ცხოვრება~ ადრესატამდე მივიდა და ეს არის ჩვენი საუკუნე. ალბათ, უმჯობესი იყო დაკარგულიყო. მიუხედავად ამისა ფაქტის წინაშე ვართ. საკმაოდ საინტერესოა მისი წერის პროცესი. როგორ დამთავრდება ის, თუ კვლავ გაგრძელდება ახალ სიუჟეტურ დროში. ეს სიუჟეტური დრო სად მოქმედებს დღეს, რომელ სივრცეს ემთხვევა. ზოგადი ფრაზა, რომ ~ყველაფერი მიმდინარეობს მარად იგივეში~ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს თავზე, ისევე როგორც წერილი ~ქართლის ცხოვრება~.
ეს ფრაზა ~ყველაფერი მიმდინარეობს მარად იგივეში~ ყველაზე საშიში ფრაზაა, რომელიც წარმოუთქვამს ჩვენს ჟამთააღმწერელს. საფუძველიც ჰქონდა, შესაძლოა ითქვას, ძალიან ეშინოდა ამ სიტყვის თქმისა და დაწერის. ამ წინადადებით დაისვარა ~ქართლის ცხოვრების~ თეთრი ფურცელი. ეს ფრაზა შექმნის ყველა იმ სიუჟეტურ დროს, რომელზეც წერილი ~ქართლის ცხოვრება~ გააგრძელებს თავის წერილობით ცხოვრებას და მოაღწევს ჩვენს საუკუნემდე. ფრაზა ~ყველაფერი მიმდინარეობს მარად იგივეში~ წარმოშობს შემზარავ ალუზიებსა და რეალობას ყველა სიუჟეტურ დროში, რომელშიც წერილმა ~ქართლის ცხოვრება~ საფოსტო მოგზაურობის დროს გამოიარა და მოუახლოვდა ჩვენს საუკუნეს.
თანმიმდევრულად რომ მივყვეთ, არსებობს ჟამთააღმწერელი, იგი წერს წერილს ~ქართლის ცხოვრება~, რომელიც სიუჟეტური დროის მიღმაა, მისი მოქმედება დაფარულია სიუჟეტურ დროში, მაგრამ იგი იგზავნება ფოსტით მომავალში, იწყება კითხვა და ეს მოასწავებს სიუჟეტური დროში ტექსტის მოქცევას. არ ჩანს ჟამთააღმწერელი, იგი მითიურია, მითიურია მისი შექმნილი წერილი ~ქართლის ცხოვრებაც~. მხოლოდ სიუჟეტურ დროში იკითხება წერილი და წინ გველოდება საშინელი ალუზიები, რომელიც ცოცხლდება და რეალობად იქცევა, მიუხედავად იმისა რომელი საუკუნის სიუჟეტურ დროში იკითხება ეს ტექსტი.
წერილი ~ქართლის ცხოვრება~, რომელიც ჟამთააღმწერელმა შექმნა დროის გარეშე დარჩა. ნებისმიერ სიუჟეტურ დროში ამ წიგნის მოქცევა იწვევს წერილი ~ქართლის ცხოვრების~ ~მარად იგივეში დაბრუნებას~, რომელიც ჟამთააღმწერელმა იძულებით, სისხლით დაწერა წერილის დასაწყისში. ვინაა ეს უცნობი ავტორი, რომელიც აგზავნის წერლის, მას შესაძლოა მხოლოდ ზოგადი სახელი ვუწოდოთ _ ~მარად იგივეში დაბრუნებული ღმერთი~. ვინაა ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გამოატანეს, მასაც შესაძლოა ზოგადი სახელი ვუწოდოთ _ ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~, რომელსაც წერილი ~ქართლის ცხოვრება~ საუკუნეთა კარიბჭეში შემოაქვს და იწყებს ამ წერილის კითხვას, აქცევს მას სიუჟეტურ დროში და ყოველი კარიბჭის გაღებით მუშაობს წერილის დასაწყისში სისხლით დაწერილი ზოგადი ფრაზა ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში~.
კარიბჭე გაღებულია და სიუჟეტური დროის წამზომი ჩართულია. მოდის ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~, რომელსაც ხელთ უპყრია გასაღები ყველა სიუჟეტური დროისა. გასაღები გაფორმებულია ტექსტით, რომელიც მეხსიერებაში დარჩა, როდესაც ვნახე ეს გასაღები. იმ ტექსტის დავიწყება შეუძლებელია ეს არის მოკლე ტექსტი და დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს ორგულობა წინაპირობაა ქართველთა. . . ~პირველადვე თვისთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდდენ, გასუქდნენ, დიდება პოონ და განსვენება იწყებენ საქმესა ბოროტსა, ვითარცა მოთხრობილია ძველი მატიანეი ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი.~ აი ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ გასაღების ტექსტი. იგი მხოლოდ ამ გასაღებით აღებს წერილი ~ქართლის ცხოვრების~ ყველა სიუჟეტური დროის კარიბჭეს.
ჩემს წინ გადაშლილია ~ქართლის ცხოვრება~. ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ სიუჟეტური დროის კარიბჭე გააღო. შემოთავაზებულია XXI საუკუნის პირველი წლები. ჩემს თვალწინ ~ყველაფერი მობრუნდა მარად იგივეში~. უკვე შექმნილია ახალი სიუჟეტური დრო. მოქმედება მიდის საქართველოს სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ჩოლოქთან, სადაც თავკერძობა და ორგულობა ჩამდგარა ადამიანთა გულებში. ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ კმაყოფილი გასცქერის კარიბჭის იქეთა ველს. იგი სხვა კლიშეებსაც ხსნის ~უკან, წარსულში წინ, მომავალში~, სურათი იგივეა. ალუზიები წარსულისა ემთხვევა აწ გახსნილ კარიბჭის ალუზიებს.
თავში რეკს წერილი ~ქართლის ცხოვრების~ დასაწყისი: ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში~. ~მარად იგივეში~ მობრუნებული ~ქართლის ცხოვრება~, დაუნდობელია. ძველი გაღებული კარიბჭეებიდან ჩანს თავკერძობა. გეოგრაფიული დამთხვევაცაა თითქოს, კლდეკარი და მისი ერისთავი ლიპარიტ ბაღვაში ებრძვის მეფეს. ახალი სიუჟეტური დროც იგივეს გვთავაზობს. აქაც თავკერძობის სიუჟეტი მიმდინარეობს. მხოლოდ ახალ გეოგრაფიულ სივრცეში. პრეზიდენტი და აჭარის მხარის უფროსი ვერ ეგუება ერთმანეთს. გაიხსნა ახალი კლიშე ~დროჟამის განმრიგე ღმერთისა~. არადა შეგვეძლო არ გაგვეხსნა. შეგვეძლო უკან გადაგვეგზავნა საფოსტო გზავნილი - წერილი ~ქართლის ცხოვრება~. სულსწრაფობა მეტობს. აუცილებლად უნდა გავხსნათ კონვერტი, მიუხედავად იმისა, რომ მას აწერია: წერილი ~ქართლის ცხოვრება~ ~მარად იგივეში~.
როდის დახურავს კლიშეს ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ არავინ იცის. ალბათ კიდევ არის შესაძლებლობა საფოსტო გზავნილი უკან დავაბრუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი გახსნილია. თავად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა, მაგრამ არ არის სურვილი. არსებობს დიდი სპეკულაცია, რომელსაც ქვეყნის ერთიანობა ჰქვია. ამის მოწინააღმდეგე ~მარად იგივეში მობრუნებული ღმერთია~. მისი იარაღი ორპირობა და გულარძნილობაა. ამ იარაღის გამანეიტრალებელი საკუთარ თავში დაბრუნებაა, მაგრამ არსებობს შიში და ძრწოლა ამ ფენომენის მიმართ. საკუთარი თავის მიმართ ძრწოლა მთავარი არგუმენტია სიტუაციის დაურეგულირებლობისა.
მხოლოდ თავის თავთან მისვლით შეძლებს აჭარის მხარის უფროსი გადარჩენას. ამ ნაბიჯით ის თავის ხალხთანაც მივა, მაგრამ ამის გაკეთების ალბათობა ნაკლებია მისი პიროვნული შესაძლებლობებიდან გამომდინარე. უძლიერესია ამ პიროვნებაში ეგზისტენციალური ძრწოლის ფაქტორი. ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან მისთვის წარმოუდგენელია საკუთარი თავისათვის შეხედვა თანამდებობის გარეშე. ის ვერ შედგა როგორც პიროვნება - ადამიანი ეგზისტენციალური გაგებით, ის ნამდვილად შედგა, როგორც პიროვნება–თანამდებობა. მისი ცხოვრება არაფერს ნიშნავს ამ თანამდებობის გარეშე. იმის გამო, რომ იგი ვერ შედგა, როგორც პიროვნება-ადამიანი, შესაბამისად ვერ განხორციელდა მისი მისსია პიროვნულ-თანამდებობრივ თანხვედრაში. ამის გამო ჩაიკეტა აჭარის მხარის უფროსის ეგზისტენციალური სივრძე, რომელმაც გაამძაფრა ეგზისტენციალური ძრწოლა და პიროვნება დატოვა მხოლოდ თანამდებობად. ამ ასპექტებში ფიქრის უნარის ნაკლებობაა მისი მტერი. მას მიენიჭა მისსია, როდესაც თანამდებობაზე დანიშნეს. მან რამდენიმე თვეში გაისუსა და გადაწყვიტა შეეცვალა მინიჭებული მისსია სხვა მისიით, რომელმაც საბოლოო ჯამში თავის თავს და ოჯახურ წარსულს დააშორა.
დროში ამას ვერ გრძნობდა. ეხლა ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ მობრუნდა. უკვირს რატომ, მაგრამ თუ შეძლებს და დაუბრუნდება იმას რასაც თავის დროზე გაექცა მიხვდება, რომ ყველაფერი ლოგიკურია. არ ეპატიება გადახვევა იმ მთავარი საკითხიდან რისთვისაც ის თანამდებობაზე დანიშნეს, ~აირჩიეს~. თითქოს სცადა გადახვეული მისსიისათვის ხარკი მოეხადა. 12 წელი არ ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ საჯამბაზო ტრიუკად დარჩა მისი ეს მოქმედება. მთავარია, რომ მან მინიჭებული მისსიის წინააღმდეგ რამდენიმე თვეში გადადგა ნაბიჯი. არ ეპატია ლოგიკის დარღვევა, არც უნდა ეპატიოს. ეხლა მისი გადარჩენის შანსი უმცირესია. თუმცა შესაძლებელია "დროჟამის განმრიგე ღმერთს" სთხოვოს 12 წლის წინანდელი კლიშე გაუღოს და გაიხსენოს რა უნდა გაეკეთებინა, რომელმაც შესაძლოა თავის თავთან მიიყვანოს, მაგრამ კვლავ არ უნდა. ეს ეგზისტენციალური ძრწოლა საშინელებაა. მისი გადალახვა რჩეულთა ხვედრია. იგი იყო რჩეული, მისსიაც ჰქონდა, ხოლო შანსი ხელიდან გაუვარდა. თუ მისსია იკარგება შესაბამისად მოღვაწეობაც მთავრდება. ეს უმკაცრესი ლოგიკაა. მისგან ვერავინ დაიხსნის თავს მათ შორის ვერც აჭარის მხარის უფროსი.
რაც შეეხება კლიშეს კვლავ იგი გახსნილია. წერილი ~ქართლის ცხოვრება~ კი მიმდინარეობს ~მარად იგივეში~. როდის შეჩედება იგი, როდის გაიგზავნება კონვერტი უკან, როდის დახურავს კლიშეს ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ არავინ უწყის. არის იმედი, რომ კლიშე მაინც დაიხურება, მაინც შევძლებთ ამ ყველაფრის დაძლევას და საბოლოოდ ამოიშლება წერილი ~ქართლის ცხოვრების~ ფურცლებიდან ფრაზა "ყველაფერი მიმდინარეობს მარად იგივეში".
ირაკლი მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment