Saturday, 15 November 2008

დავიწყებული ზღაპარი


საქართველოში უკანასკნელი ორი თვის მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა იძულებული გამხადა დავფიქრებულიყავი მოვლენაზე, რომელსაც ვარდების რევოლუცია ეწოდა. 1993 წლიდან დღემდე თავში მიტრიალებდა რომან ~დათა თუთაშხიას~ ერთერთი გმირის სანდრო კარიძის საქართველოს ისტორიის გულისმომკვლელი ანალიზი მისი წარსულისა და მომავლისა.
მიუხედავად ამისა ყოველთვის მჯეროდა იმ სიტყვების ჭეშმარიტების, რომელიც დიდმა ფილოსოფოსმა მარტინ ჰაიდეგერმა თქვა თავის უკანასკნელ ინტერვიუში _ "ისტორია მოულოდნელია". 1993 წლიდან ვფიქრობდი და მეშინოდა რა დაძრავს ამ ხალხსმეთქი, მაგრამ ისტორია მართლაც მოულოდნელია.
ტექსტის იმ ანალიზმა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ისტორია ჟამთააღმწერლობა არ არის. საინტერესოა მ. ჰაიდეგერის თვალსაზრისი ისტორიის შესახებ - "ისტორია მომავლისეულია". დასკვნა აქედან, რომ სანდრო კარიძის მონოლოგი რომანში "დათა თუთაშხია" წმინდა ჟამთააღმწერლობაა და არავითარი საერთო ისტორიის მომავლისეულ გაგებასთან არა აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა ცხოვრება ლიტერატურული ტექსტების პარალელურად მიმდინარეობს. ამაშიც დავრწმუნდი, როდესაც მარსელ პრუსტის გმირისა არ იყოს, ყველაფერი განხორციელდა "დაკარგული დროის ძიებაში". ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის გარემოება, რომ 2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ ერთ მშვენიერ საღამოს ჩემი საცხოვრებელი სადგომიდან დავაფიქსირე უამრავი კიპარისის ხე. ეს გახდა ამ წერილის დაწერის მიზეზიც.
ალბათ, საქართველოში ბევრი ადამიანისათვის ცნობილია ზვიად გამსახურდიას ერთი პატარა ზღაპარი "სასწორთვალა და უწონადო ხმის ჭაბუკი". ვფიქრობ ეს ზღაპარი თავად დიდი მცდელობაა და მასზე ამ წერილის შემდეგაც დაიწერება. ამ შემთხვევაში გულმა არ მომითმინა და გადავწყვიტე ამ ტექსტის ანალიზი გამეკეთებინა. მითუმეტეს, რომ თავად ზვიად გამსახურდიამ თუ არ ვცდები 1991 წლის 26 მაისის შემდეგ თქვა: "მე დავწერე წინასწარმეტყველური ზღაპარი, რომელსაც მოვა დრო და გავშიფრავო." მან ვერ შეძლო თავად ფიზიკურად გაეშიფრა ეს ზღაპარი და არამგონია, როდესაც ამბობდა ~გავშიფრავო~ პირადად თავისთავს გულისხმობდა. უბრალოდ, ეს არის ტექსტი, რომელმაც თავად გაშიფრა თავისი თავი და მისი წაკითხვა არ შეწყვეტილა მისი დაწერის მომენტიდან.
ამ ზღაპრის სიუჟეტური დრო მარადიულობაა. ამ სიუჟეტურ დროში თავმოყრილია მთელი არსი საქართველოში მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული მოძრაობისა. ბევრი კამათისა და "ორად გაყოფილი აზრის" არსებობა თავისთავად კარგავს მნიშვნელობას ამ ზღაპრის წაკითხვისას. ელემენტრულად რეალობისაგან ძლიან შორს ვიქნებით, თუ ყველაფერს ძველებურ კამათის ჭრილში განვიხილავთ და ვიმსჯელებთ ზედაპირული რეალობის გაგებით. ეს ზღაპარი გვთავაზობს თამაშის სულ სხვაგვარ წესს. შეიძლება ითქვას, რომ ამ თამაშში პოლიტიკა, კამათი, ორად გაყოფილი საქართველო მხოლოდ ობიექტებია თავისი როლის შემსრულებლებით.
ამ თამაშის სუბიექტია ტექსტი-ზღაპარი, რომელიც სიუჟეტურ დროში მიმდინარეობს, ხოლო ობიექტების ცხოვრება ეგზისტენციალურ დროშია. იგი დასრულებადიაა და მის მაგივრად ახალი ეგზისტენციალური დრო დაიწყებს ათვლას. ტექსტი - ზღაპარი მარადიულ სიუჟეტურ დროშია მოქცეული, როგორც თამაშის სუბიექტი. ამ ზღაპრის ანალიზს შევეცდებით ამ წერილში, რომელიც დიდ გაბედულებას მოითხოვს.

ყინულის სახელმწიფოში დიდი ბიბლიოთეკა იყო. ეს ბიბლიოთეკა სტრუქტურულად არაფრით განსხვავდებოდაქ სხვა ბიბლიოთეკებისაგან. ისევე, როგორც სხვა ბიბლიოთეკებში, იქაც არსებობდა პერიოდიკის განყოფილება, სადაც ჟურნალ გაზეთები ინახებოდა. პერიოდიკის განყოფილებაში ინახებოდა ყინულის სახელმწიფოში გამომავალი ყველა ჟურნალ გაზეთი. განსხვავება ამ ბიბლიოთეკისა სხვა ბიბლიოთეკებთან ის იყო, რომ ამ ბიბლიოთეკაში ~იწონებოდა~ ყინულის სახელმწიფოს ყველა ჟურნალისტური სიტყვა. მიმდინარეობდა მათი გაშიფრა. ეს გრძელდებოდა მთელი 50 წელიწადი. ვერავითარი წიგნი და ჟურნალ გაზეთი ვერ შეაღწევდა ამ ბიბლიოთეკაში, თუ მისი სიტყვა არ ~აიწონებოდა~. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ბიბლიოთეკა მაინც იცავდა ზოგად ბიბლიოთეკურ ტრადიციას და ზემოთაღნიშნულ პროცესებში თავად არ მონაწილეობდა. იგი მშვიდად იღებდა ~აწონილ~ ლიტერატურას. ბიბლიოთეკა განაგრძობდა მშვიდ ცხოვრებას გამზადებული ~აწონილი~ ტექსტებით. არაფერი არსებობდა აუწონავი ყინულის სახელწიფოში.
ყინულის სახელმწიფოში ჩყ-წ წელი დადგა. ბიბლიოთეკაში შეიპარა ტექსტი-ზღაპარი ~სასწორთვალა და უწონადო ხმის ჭაბუკი~. გულდამშვიდებულმა ბიბლიოთეკამ თავის პერიოდიკულ განყოფილებაში მიუჩინა ადგილი ტექსტ-ზღაპარს. ავტორი არ ჩანდა. ვერავინმა იფიქრა, რომ ეს ტექსტი-ზღაპარი ამ ბიბლიოთეკის თაროზე დაიწყებდა მოქმედებას და მოახდენდა ტექსტი-სინამდვილის იდუმალ შრეებში შეღწევას. ტექსტი-სინამდვილე, რომელიც ყინულეთის ქვეყანაში იკითხებოდა არ ელოდა თავის კონტექსტს. იგი მშვიდად განაგრძობდა თავისი ტექსტის კითხვას. ბიბლიოთეკის თაროზე იწყებოდა ტექსტი-ზღაპრის კითხვა. ყინულის სახელმწიფოში მეფე შეიცვალა. იწყება ტექსტი-ზღაპრის კითხვა. პირველად მეფესთან მისანი მიდის, რომელიც ამცნობს მეფეს ყინულეთის ქვეყნის დამხობას და ახალი ცეცხლის სახელმწიფოს შექმნის შესახებ მომავალში. მეფისთვის ეს ზმანებაა, სადაც ჩანს ბიბლიოთეკის თარო და იქ წასაკითხად გამზადებული ტექსტი-ზღაპარი. ტექსტი-ზღაპარია თავად მისანი. მთელი მეფობის ხანაში იგი იდუმლად იმისნებს მეფის კარზე, სანამდე არ დამთავრდება ტექსტი-ზღაპრის კითხვა.
მეფისათვის ცნობილია უწინადო ხმის ჭაბუკის შესახებ, მაგრამ არ იცის სად იმყოფება იგი. ვერც წარმოიდგენს, თუ მისი ბიბლიოთეკის თაროზე დევს ეს მისნური ზღაპარი, რომელიც წაიკითხება თავად ავტორის მიერ. ტექსტი-ზღაპრის ავტორი იწყებს კითხვას. შეუძლებელია ტექსტის კითხვის შეჩერება. კითხვამ უნდა დატოვოს სიცოცხლე სიკვდილის წრის მიღმა, რომ ვერ შეაღწიოს ამ უკანასკნელმა მის სამანებში.
ავტორი თავად კითხულობს ტექსტ-ზღაპარს. იგი თავად ასრულებს როლს ამ ზღაპარში. მიმდინარეობს პარალელური ცხოვრება ტექსტი-ზღაპრისა და ტექსტი-სინამდვილისა. ტექსტმა-სინამდვილემ, არ იცის, რომ მისი ცხოვრება დაწერილია, ანუ მისი ცხოვრება ~წერილ არს-შია~ და თავად კი მასში იმყოფება. მიმდინარეობს თამაში წერილში, სადაც ორი სუბიექტია ტექსტი-ზღაპარი და ტექსტი-სინამდვილე, თავიანთი საერთო ობიექტებით მეფითა და დიდებულებით, ცოფიანი კატებითა და მელიყურა არწივებით, უწონადო ხმის ჭაბუკითა და მისი კელაპტრიანი ცხვრებით. შექმნილია დიდი კონტრასტი. ავტორი–მკითხველი–გმირი ერთიანდება. თითოეულ მათგანს საკუთარი ბედისწერა აქვს. ყველაფერი ~წერილ არს-შია~ მოქცეული. ბიბლიოთეკაში ტექსტი-ზღაპრის მოხვედრამ შეძლო მისი გადაქცევა სხვა ბიბლიოთეკურ სივრცედ, რომელსაც ჰქვია ~ბიბლიოთეკა დაფარვა~.

გრძელდება ცხოვრება ბიბლიოთეკაში. ეს არის საუკეთესო სივრცე ტექსტი-ზღაპრის არსებობისათვბის და მისი წაკითხვისათვის. ზღაპრის კითხვა და ტექსტი-სინამდვილის მოქმედება ვირტუალურად დაემთხვა ერთმანეთს. ტექსტ-სინამდვილეს მოაკლდა შესაძლებლობა გასცდეს ტექსტი-ზღაპრის სცენას. იგი ცდილობს ამ ყოველივეს, მაგრამ უკვე შეუძლებელია ამ სცენისაგან თავის დაღწევა, ვინაიდან უმოკლეს ვადაში მომზადდება და დამთავრდება ტექსტი-ზღაპარის ტექსტის წაკითხვა და ყველანი ~უკვდავების სახაბაზოში~ მოვხვდებით ~ფიქრის ასოებით~ რომ დაეწერება ქვეყნის გალავანს.

გრძელდება ზღაპრის კითხვა. გმირი მხოლოდ ერთხელ გამოდის ტექსტი-ზღაპრის გარეთ და ამბობს: ~მე დავწერე წინასწარმეტყველური ზღაპარი, რომელსაც მოვა დრო და გავშიფრავო.~ მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა-მკითხველმა-გმირმა ამ ~გამჟღავნების~ შემდეგ მალე დატოვა ტექსტი-ზღაპრის სცენა ზღაპრის კითხვა არ შეუწყვეტია. დარჩა წასაკითხი წერილი და შესაბამისად აუცილებელი გახდა განადგურებულიყო ყოველი ხმა. შეიქმნა ნეიტრალური კითხვითი სამყარო. გაქრა სუბიექტი-ავტორი. მისი სხეულებრივი არსებობა შეწყდა. დადგა დრო დიდი მოლოდინის. ავტორმა დატოვა ტექსტი-ზღაპრის სცენა. შესაბამისად შეიქმნა ავტორის სიკვდილის მითი. დაიფარა ავტორის გაქრობის ნამდვილი არსი, მაგრამ დარჩა მკითხველი-დეკლამატორი. ეს რომ არ მომხდარიყო ტექსტი-ზღაპარი იქცეოდა ქაღალდის გრაგნილად.
ამ შემთხვევაში, ალბათ, ძალიან საინტერესოა როგორ და სად სრულდება კითხვის რიტუალი. ნათელია, რომ რიტუალი არსებობს, მაგრამ არავის ძალუძს დაესწროს მას. იგი ქვე-ტექსტ-ში, ქვე-ცნობიერ-ში იმყოფება, სადაც ბიბლიოთეკის პერიოდიკის განყოფილების თაროა მოთავსებული. როგორ გრძელდება კითხვა? საკმაოდ რთულია პასუხის გაცემა, ვინაიდან უკვე შესრულდა ზღაპრის ავტორის ფიზიკური გაქრობა ტექსტი-ზღაპრიდან ტექსტ- სინამდვილეში. ავტორს შერჩა მხოლოდ კითხვის შესაძლებლობა. დიდხანს დარჩა საიდუმლოდ მართალი იყო თუ არა ტექსტი-ზღაპრის ავტორის სიკვდილი. მითი სიკვდილის შესახებ ძალაშია მხოლოდ გარემოებით ნაწილში. მითად დარჩა ავტორის მიერ სიკვდილის მიღება და გათავისებაც. რა შეიძლება ვიფიქროთ? ნუთუ ავტორი დაეთანხმა და მიიღო ტექსტი-ზღაპარში მოცემული ბედისწერა, რომელიც თავად ავტორის მიერ აღიწერა? ასევე საკითხავია რამდენად შექმნა ავტორმა ეს ზღაპარი ტექსტი. იქნებ წერილმა დაწერა თავად ავტორი, მითუმეტეს, რომ იგი გმირიცაა ზღაპარში.
ეს არის კითხვის ნიშნები, რომელიც ისმება. როგორ განვსაზღვროთ ტექსტი-ზღაპარი მილიონობით კვალს შორის, რომლებიც დარჩა სიკვდილის შემდეგ ავტორს და ეს ყოველივე თავს გვესხმის შეკითხვების სახით. შევძლებთ კი მილიონობით შეკრებილი კვალის წაკითხვას. ძნელია ყოველივე ამის დაფიქსირება. საკითხი უფრო გაადვილდება თუ დავუშვებთ, რომ ტექსტი-ზღაპარი წერილია – ~წერილ არს-ია~. მისი ავტორი ამ ტექსტის წერაში შეიქმნა. შედგა კავშირი ავტორი - წერასა და სიკვდილს შორის, რომელიც ტექსტი-ზღაპრის სცენაზე გათამაშდა. შესაბამისად ავტორმა წაშალა თავისი ინდივიდუალობა ტექსტი-ზღაპრის გამოქვეყნებისთანავე. განხორციელდა იდუმალი რიტუალი – წერა-სიკვდილთან. მიუხედავად ამისა, ტექსტი-ზღაპრის ავტორი-მკითხველი–გმირმა დაიტოვა უფლება თავად წაიკითხოს ზღაპარი. ეს არის მისი ჯიუტი არჩევანი. უბრალოდ მას სურს მსმენელმა მისგან ისმინოს ტექსტი-ზღაპრის ტექსტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის აზრი ეკარგება ტექსტი-ზღაპრის არსებობას. მკითხველი-დეკლამატორის ჯიუტი არჩევანი ყველაზე მთავარია მისთვის. იგი თანახმაა მოკვდეს როგორც ავტორი, იგი თანახმაა მოკვდეს როგორც გმირი, მაგრამ ვერაფრით ამბობს უარს მკითხველ- დეკლამატორობაზე. ალბათ შეუძლია ამაზეც უარი თქვას, მაგრამ არსებობს ~იდუმალი წერილის~ მკაცრი კანონი. მკითხველი-დეკლამატორისათვის ნათელია, რომ ტექსტი-ზღაპრის კითხვა მოიცავს მთელ მის ცხოვრებას. უწონადო ხმის ჭაბუკის სიკვდილი ზღაპარში მისი ერთერთი როლის დასასრულს კი გულისხმობს, მაგრამ მისი როლი ტექსტის კითხვაცაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ტექსტი-ზღაპრის დასასრული. მკითხველი-დეკლამატორის როლი ტექსტი-ზღაპრის ავტორისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის კითხვით შეიქმნას ტექსტი-ზღაპრის დასასრული. ვინაიდან ზღაპარი ~წერილია- წერილ არს-ია~ მისი დასრულება წერტილის დასმით არ შეიძლება. მკითხველი დეკლამატორი ამზადებს ამ წერილის დასასრულს. იგი თავისთავზე იღებს ვალდებულებას, რომ შექმნას ტექსტი-ზღაპრის დასასრული, მიუხედავად იმისა, რომ გმირები შეიცვლებიან. მკითხველი-დეკლამატორის როლი ამ ტექსტი-ზღაპარში პირობითობამდეა დასული.
იმის დაშვება, რომ ტექსტი-ზღაპარი "წერილია-წერილ არს-ია" გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ტექსტი-ზღაპარი, არქეტიპის შექმნის რაღაც მონაკვეთია, მთელი ქართული არქეტიპის ჩამოყალიბების ისტორიაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდება. უბრალოდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი უფრო თვალხილვადია. თუმცა ვერასოდეს დაირღვევა "იდუმალი წერილის" მკაცრი კანონი. ტექსტი-ზღაპრით იქმნება ქართული არქეტიპის შეკრება, რომელიც გაფანტულია საუკუნეებში. განსხვავება არის ის, რომ იგი ქაღალდზე დაიწერა და დაფიქსირდა "არქეტიპულ ბიბლიოთეკაში". მკითხველი-დეკლამატორისათვის მთავარია ის, რომ დასრულდეს არქეტიპის ჩამოყალიბება. ამისათვის მკითხველი-დეკლამატორი ქმნის ტექსტგარეთა და ტექსტშიგნითა მილიონობით კვალს, რომლის წაკითხვა მხოლოდ წერილშია შესაძლებელი. ამიტომაც არის მისი ჯიუტი არჩევანი ტექსტი-ზღაპრის წაკითხვა. შესაბამისად იგი ვერ დათმობს, რომ მის მიერ არ განხორციელდეს ზღაპრის დასასრულის მომზადება. ამ ტექსტი-ზღაპარის არქეტიპის მომზადების მთავარი თემატურობა ზღაპარში მისი როლია, რომელიც მართალია სიკვდილით დასრულდა, მაგრამ შეუცნობელია "წერილის-წერილ არს-ის" გზები. მკითხველი-დეკლამატორის მიერ ზღაპარში შესრულებული სიკვდილის რიტუალში მოხდა ქართული არქეტიპის შეკრება. განხორციელდა ზღაპრის ტექსტი ტექსტ-სინამდვილეში. მომზადდა მისი დასასრული, რისთვისაც გამოყენებულ იქნა მკითხველი-დეკლამატორის სხვა ტექსტები. ტექს-ზღაპარში იკითხება ყველა რევოლუციური ტექსტი. ალბათ, უკვე ლოგიკურია, რომ ტექსტ-ზღაპარს არ ჰყავდეს ავტორი. იგი აუცილებლად უნდა მოკვდეს, შეეწიროს ~იდუმალ წერილს~. ამიტომ ყველაფერი ლოგიკურია, ავტორი-გმირის სიკვდილიც და მკითხველი-დეკლამატორის ფუნქციის შეთავსებაც. მკითხველი-დეკლამატორია არაცნობიერი ტექსტი-სინამდვილის, რომელიც "გულით აინთებს ენას და ენით თავისქალის თონეებს, საიდანაც გადმოიფრქვევა ნელსურნელება ენით უთქმელი. ზეციდან კი ჩამოვა ცეცხლის მერანზე ამხედრებული შვიდფერმშვილდოსანი ჭაბუკი და იტყვის: დაუბრუნდი შენ თავს მეფეო". მეფე კიპარისის ჩეროს შეეკედლება საიდანაც იგი ყოველთვის გაიგონებს ~მარად ინაღვლებ, მარად ნაღვლიანო! მარად ნაღვლიანთა თანამგზავრი იყავი~.
ეს არის ბოლო აკორდი არქეტიპის შეკრებისა და შექმნისა. ეს არის ჯიუტი არჩევანი მკითხველი-დეკლამატორისა, რომელმაც თავად შექმნა ტექსტი-ზღაპრის დასასრული, თავად წაიკითხა ზღაპარი ბოლომდე, რომლის დასასრულს ფიქრის ასოებით დაიწერა "ა რ ქ ე ტ ი პ ი და ს ი მ ბ ო ლ ო".


ირაკლი მარგველაშვილი

No comments: