ვილნიუსის სამიტზე საქართველომ გააფორმა პარაფირება.
არის ეს მონიშვნა იმისი, რომ საქართველო კვლავ ადგას ევროინტეგრაციის გზას. უდუდესია
რუსეთის ზეწოლა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რათა როგორმე ჩაშალონ ევროინტეგრაციის
პროცესი. ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე საინტერესო მოვლენები წინა კვირაში უკრაინაში
განვითარდა. სამიტამდე 10 დღით ადრე უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა ასოცირების
ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან და მიუთითა, რომ მასზე ზეწოლას რუსეთი ანხორციელებდა.
აღნიშნულმა ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია უკრაინაში. დარჩა შთაბეჭდილება,
რომ უკრაინის ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ერთი თამაშის ორ ვარიანტს თამაშობდნენ.
რამ გამოიწვია ეს ეჭვი? სწორედ იმან, რომ სამიტამდე 10 დღით ადრე მოახდინა უკრაინის
ხელისუფლებამ იმის გაცხადება, რომ ხელშეკრულებას ხელს ვერ მოაწერდა. თითქოს რუსეთის
რისკები უკრაინის ეკონომიკას არ გააჩნდა 2-3 თვის წინ. ასეთ შევიწროებულ ვადებში ხელმოწერაზე
უარის თქმამ ერთის მხრივ ევროკავშირში გამოიწვია სრული გაუგებრობა, რადგან ყველა დეტალი
შეთანხმებული იყო უკრაინის ხელისუფლებასთან და მეორეს მხრივ რუსეთს მოუტანა ძალიან
სერიოზული პოლიტიკური გამარჯვება, რაც ძალიან სახიფათოა და გადამდებია სხვა ქვეყნებთან
მიმართებაში და მითუმეტეს საქართველოს მიმართულებით.
რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც უკრაინის, ასევე
საქართველოს მიმართულება. ეს ორი ქვეყანა რუსეთი მთავარი გეოპოლიტიკური მოძრაობის ცენტრებია,
რომელთა კონტროლი რუსეთის გეოპოლიტიკის გამარჯვებას მოასწავებს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე.
ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ რუსეთი აამუშავებდა თავის ბერკეტებს უკრაინის მიმართულებით.
ერთი ფაქტია, რომ რუსეთი იოლად ვერ გატეხავს უკრაინის მოსახლეობის ნებას, რასაც მიმდინარე
აქციებზე უკრაინის საპროტესტო მოძრაობა ანხორციელებს. რუსეთი ხელშეკრულების პარაფირებიდან
მის ხელმოწერამდე განახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რომელთანაც მას დიდი ბერკეტები
არ გააჩნია.
რატომ არ გააჩNია რუსეთს საქართველოზე დიდი ბერკეტები?
ამის ანალიზი წარსულში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი,
რომელიც წინა ხელისუფლებამ განახორციელა იყო
ის მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკური ბერკეტები პრაქტიკულად
ნულამდე დაიყვანა. რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ, რაც მას
შეეძლო გამოეყენებინა. რუსული გავლენის ველი მთლიან იქნა საქართველოში გასუფთავებული.
უნდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ 90-იან წლებში გამხორციელებული სამართლებრივ პოლიტიკური
ქსოვილი 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ პრაქტიკულად სრულიად დაირღვა. საქართველოს პოლიტიკურ
წრეებში ძალიან ზერელედ აფასებენ იმ პროცესებს, რაც 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ დადგა
საქართველო რუსეთის ურთიერთობაში. 2008წ. ომი ეს იყო ის ბოლო ტყვია, რომელიც რუსეთმა
გაისროლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ტყვია ნამდვილად ვერ
გამოდგა შედეგიანი.
რუსეთის მიერ 90-იან წლებში შექმნილი წარმატებული იურისპრუდენცია,
როდესაც რუსეთი ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო
სამშვიდობო მანდატით იყო წარმოდგენილი, სწორედ 2008წ. ომის შემდეგ დასრულდა და სრულიად
შეტრიალდა მის წინააღმდეგ. რუსეთი გახდა აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა და მან ვერანაირი
მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მსოფლიოში. არაღიარების პოლიტიკამ სრულიად გააკოტრა რუსეთის
პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით და მას არაფერი დარჩა ხელშესახები, გარდა უაზრო
დუდუნისა, რომ უნდა ცნოთ ახალი რეალობა, რაც ყოველნაირ ლოგიკას და საერთაშორისო სამართალს
სცილდება.
რუსეთი მის მიერ 90-იან წლებში განხორციელებულ სამართლებრივ-პოლიტიკური
სიტუაციები სრულიად ბლოკავდა საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას იმ თვალსაზრისითაც,
რომ რუსეთის, როგორც სამშვიდობო ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდა შთაბეჭდილებას,
რომ საქართველოს გააჩნდა ორი ეთნოკონფლიქტური ზონა. ე.წ. „სამშვიდობო პროცესის“ დასრულება
იყო უმნიშვნელოვანესი, რომ ყველაფერს დარქმეოდა თავისი სახელი. საქართველოს ევროინტეგრაციაა
სწორედ ის გასაღებიც, რომელმაც უნდა მოერგოს კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის
შექმნას, რასაც ასე უფრთხის რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან იცის, რომ კავკასიაში საქართველოს
პოზიციას ექნება პირდაპირი გავლენა მთელს კავკასიაზე, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე
დროში ჩრდილოკავკასიის მასშტაბითაც. ეს არის რუსეთის უმთავრესი საფრთხეც. ოკუპაცია,
რომელიც დაერქვა რუსეთის ქმედებებს, პრაქტიკულად რუსეთს აყენებს განიარაღებულ მდგომარეობაში.
ერთადერთი ბერკეტი რაც გააჩნია რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ეს არის სამხედრო
აგრესიის გზა, რომელსაც ვფიქრობთ ის ვერ გამოიყენებს.
საქართველომ ბევრი გაიღო იმისათვის, რომ რუსეთს დღეს
არ ჰქონოდა ხელშესახები ბერკეტები საქართველოს დასაბრკოლებლად ევროინტეგრაციის გზაზე.
არ იქნება კარგი საქციელი, რომ ეს წარმატებები არ აღინიშნოს და დღეს თუ რეინტეგრაციის
მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თურმე რუსეთს დაცლილი აქვს ყველა ტყვია
აბოიმში, ეს არაა მისი დამსახურება. ეს არის იმ დიდი გამოწვევების წინაშე ძალიან პრინციპული
პოზიცის დამსახურება, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთის მიმართულებით და ამაში მოიაზრება
2008წ. აგვისტოს ომიც, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო საქართველოსთვის, მაგრამ მისი
დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, არის იმ ჭრილობებში მარილის ჩაყრა, რომელიც
რუსეთის მიერ არის მიყენებული საქართველოსთვის.
დიახ, დღესაც
დგას სამხედრო ბერკეტის გამოყენების საფრთხე და ეს საფრთხე უფრო გაიზრდება, რაც უფრო
მოახლოვდება უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრი აცხადებდა, რომ თურმე ეკონომიკური ემბარგო შესაძლოა გამოიყენოს რუსეთმა, მაგრამ
მანამდე, სანამ საქართველო არ დადგა ამ გამოწვევის წინაშე ყოფილი პრემიერი ივანიშვილი
და მისი გუნდი ერთხმაში აცხადებდნენ, რომ თურმე 2006წ. ემბარგო საქართველოს პრეზიდენტმა
გამოიწვია, თავისი გაცხადებებით. თითქოს უცხოა რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა
ქვეყნებისათვის საკუთარი ბაზრის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება.
რეინტეგრაციის მინისტრი ზაქარეიშვილი ისე შორს წავიდა,
რომ რუსეთ- საქართველოს პრობლემა თურმე სულ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ყოფილა. ეს ის
შემთხვევაა, როდესაც ენას ძვალი არა აქვს და დღევანდელი გაცხადებაც, რომელიც ზემოთ
ვახსენეთ, ესეც ამ პარადიგმაში ჯდება.
სინამდვილე კი სულ სხვაგანაა. საქართველოს და რუსეთს
შორის დაპირისპირება ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს
შორის. ეს არის ის პარადიგმა, სადაც რუსეთი და საქართველო ერთად ვერ იარსებებენ. აქ
არ არსებობს ის წერტილი, რომელიც უნდა იქნას გადაკვეთილი ერთად. ეს მხოლოდ უკანდახევას
გულისხმობს რუსეთის მხრიდან, ვინაიდან საქართველოს არ დარჩა არანაირი რესურსი, რომ
უკან დაიხიოს. ამიტომ როგორც ტყუილი აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცება, რომ თურმე წინა
ხელისუფლების ბრალია რუსეთთან დაძაბულობა, ასევე სრული ტყუილი აღმოჩნდება ისიც, რომ
არსებობს ის ოქროს შუალედი, სადაც შესაძლებელია საქართველოს ევროინტეგრაცია და რუსეთთან
ურთიერთობების დალაგება. ეს ოქროს შუალედი არ არსებობს. ისიც ტყუილია, რომ საქართველო
არ უნდა იყოს თურმე დასავლეთსა და რუსეთთან დაპირისპირების ობიექტი. ეს არის სწორედ
ბუნებრივი და გეოპოლიტიკური მოცემულობა ჩვენი ორიენტირისა და რუსეთის გეოპოლიტიკური
ინტერესებისა, რომელიც დროსა და სივრცეში არის ერთმანეთს აცდენილი. სულ რამდენიმე თვეში
ეს ხელისუფლება დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ეს ბუნებრივი
მოცემულობაა პოლიტიკური რეალობების ერთიან ველში.
ნამდვილად არ გააჩია დღეს რუსეთს ქმედითი ეკონომიკურ,
პოლიტიკური ბერკეტები, რითაც გვაიძულებს უარი ვთქვათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე,
თუმცა არავინ დაუშვას ისიც, რომ რუსეთი არ ეცდება სამხედრო პროვოკაციის მოწყობას. თუ
კარგად გავაანალიზებთ, რა შესაძლებლობებს დაკარგავს რუსეთი კავკასიაში გეოპოლიტიკური
რეალობის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება გავთვალოთ, უღირს თუ არა რუსეთს საქართველოსთან
ახალი სამხედრო დაძაბულობა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ ხელი
შეუშალოს ხელოვნურად ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, რაც გამოიხატება ოპოზიციის დევნაში
და სასაცილო სასამართლო პროცესების მოწყობაში, სადაც განსასჯელებს მადლობას უხდიან
პროკურატურის მიერ მოწვეული მოწმეები, სჯობია დაჰყვეს დასავლეთი რეკომენდაციებს და
განაახლოს საქართველოს რეფორმირების და ეკონომიკური აღმავლობის პროცესი. სწორედ ამისკენ
მოუწოდებს დღეს დასავლეთი საქართველოს. ჩვენზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ამ პროცესების
დაჩქარებას და შესაბამისად რუსული საფრთხის სწრაფად განეიტრალებასაც. ამის ნათელი დადასტურება
იყო პოლონეთის საგარეო მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება საქართველოს მისამართით.
“ თქვენ უკვე
გქონდათ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ თქვენი კავკასიური ვენდეტა, მაგრამ კმარა.
სჯობს, რეფორმები განაგრძოთ.” იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს
ევროპელი პარტნიორების რჩევებს, რუსეთს მოუწევს რუსული რულეტიკის თამაში მთელს
კავკასიაში, რომელიც ერთხელ აუცილებლად დასცემს იმ ტყვიას, რომელიც მხოლოდ
იმპერიას გამოუყვანს წირვას.
ირაკლი მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment