Sunday 27 April 2014

რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა პერსპექტივაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე შეხვედებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, თანხმობა განაცხადა. აღნიშნულ მესიჯს საქართველოს ხელისუფლებაში გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე იფიქრებდა გუნდთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა კი სრულიად „მიუპატიჟებლად“ განაცხადა, რომ ის უკვე მზად არის შეხვდეს ვლ. პუტინს. თუ არ მოვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ყოველგვარ კონტექსტიდან ამოვარდნილია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებაში შეთანხმდებიან, თუ ვინ უნდა შეხვდეს ვლ. პუტინს.
 რატომ გახდა პუტინისთვის საინტერესო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა? რა იმპულსის მატარებელია მისგან გამომდინარე მესიჯი და რატომ მომწიფდა მსგავსი შეხვედრის აუცილებლობა? ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და შესაბამისმა ინსტიტუტებმა ძალიან კარგად შეისწავლეს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ხედვა, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. შესაბამისად ჩათვალეს, რომ საკითხი დამუშავებულია, შესწავლილია და არსებობს უკვე იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ განაცხადოს თავისი ბურუსით მოცული პოლიტიკური ხედვა. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ჯიუტად აქვს დაჩემებული რამდენიმე პოსტულატი საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებში. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.
1.      საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის;
2.      2008წ. ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ის წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს;
3.      საქართველომ უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში და პარალელურად დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან;
4.      საქართველომ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი ევროინტეგრაციის პროცესი საშიში არ არის მისთვის;
უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის აღარ იყო პრიორიტეტი „არაღიარების პოლიტიკა“, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების შეცდომად მონათლა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების პრიორიტეტთა ნუსხიდან ამოიღო.  ეს არის ის პოლიტიკური გზავნილები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა თავისი საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით. სავარაუდოდ რუსეთის ხელისუფლებამაც სწორედ ამ მიმართულებებით იმუშავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გაამახვილა ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ.  მას საერთოდ არ უსაუბრია ოკუპაციის სიმძიმეზე. ასევე მის მიერ არასწორი აქცენტები იქნა დასმული უკრაინის საკითხთან მიმართებაში, რომ მასზე უნდა მოილაპარაკონ ევროკავშირმა და რუსეთმა. მისი გამოსვლა უნდა შეფასდეს როგორც სუსტი გამოსვლა.
 მიუნხენის კონფერენციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკის შერბილდა რუსეთის მიმართ. ეს შერბილებული პოლიტიკა სცდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული აგრესიული რიტორიკის შერბილების ფარგლებს და ერთგვარი ინფანტილიზმის და ასევე გამოუცდელობის ნიშანს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
            სავარაუდოდ რუსეთმა ეს იგრძნო და ამიტომ მის მიერ წამოვიდა სწორედ ინიციატივა, რომ ვლ. პუტინი მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. რუსეთის მხრიდან ეს იქნება სწორედ უკვე უშუალოდ შესწავლა და შემოწმება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების შესაძლებლობების და უნარების. ასევე ნიადაგის მოსინჯვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ რაზეა საქართველო წამსვლელი ევრაზიული კავშირის ფარგლებში. ვფიქრობთ რუსეთის ინტერესი ამჯერად სწორედ ეს არის.
უნდა ვაღიაროთ, საქართველოს ხელისუფლებას ჯიუტად არ სჯერავს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს მისი იმპერიული გამოვლინება და გეოპოლიტიკური მიზნები კი არ არის, არამედ უბრალოდ მას ასე გამოსდის პოლიტიკა.
უნდა ითქვას, რომ შოკის მოგვრელია საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები ამ საკითხებზე, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რაც რუსულ ქართული გეოპოლიტიკური მიმართულებების დაპირისპირება ჰქვია. მაგალითად ზაქარეიშვილის განცხადებით:
1.      2008წ. როდესაც რეინტეგრაციის სამინისტრო დაარქვეს მის სამინისტროს, სწორედ ამიტომ მოხდა 2008წ. აგვისტოს ომი.
2.      რუსეთი პრაგმატული ქვეყანაა და ალბათ მიხვდება, რომ მისთვის მომგებიანია, რომ მისი მეზობელი საქართველო იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
3.      თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს არ უნდოდა, და ის მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები.
4.      პარადოქსალური განცხადება ამ ყველაფრის შემდეგ: აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით რუსეთმა ბოლო კარტი გაითამაშა და ამით სრულიად დაკარგა კონტროლი კავკასიაზე.

პაატა ზაქარეიშვილის ეს განცხადებები მაგალითად იმიტომ მოვიყვანეთ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებები თითქმის ანალოგიურია და თუ საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიით ფიქრობს წარდგომას რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წინაშე ვფიქრობ ისინი ძალიან გაწბილებულები დაბრუნებიან.
 აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის  განცხადება 2011წ. ნოემბერში, რომელიც მან 58-ე არმიასთან შეხვედრისას გააკეთა.
Отказ России защищать Южную Осетию мог привести к расширению НАТО, заявил президент. "Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства".
Медведев: если бы не война с Грузией, в НАТО приняли бы несколько стран, вопреки позиции России“. როდესაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ეს აგვისტოს ომი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიმართული. რა ლოგიკიდან გამოდის საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ ყველაფერს ამ კონტექსტში არ განიხილავს სრულიად გაუგებარია.

დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის დასტურია თუ რა გეოპოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გაუგებარია რას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმიზმი რა განცხადებებსაც ისინი რუსეთის მისამართით აკეთებენ. გაუგებარია რა კონტექსტს ეფუძნება ის, რომ რუსეთი დასთანხმდება საქართველოს ევროინტეგრაციას? მაშინ როდესაც უკრაინაში მისი პოზიცია ძალიან ნათელია და პრაქტიკულად უკრაინის სახელმწიფო ფართო სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენეს. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი სამხედრო ძალას აძლიერებს ევროკავშირისი საზღვრებთან კალინინგრადში და ბელორუსიაში. ხოლო რუსეთის მთავარ უსაფრთხოების კონცეფციაში ნატო მის საზღვრებთან აღიქმება როგორც არასასურველი სამხედრო ბლოკი.

 გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკის მიმართ. მათი აღქმით რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკური კონცეფცია ეფუძნება პიროვნულ სიმპათია ანტიპათიებს. ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის პერსონა არ მოსწონდა ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას მოეწონება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატოში შეყვანილი საქართველო. ეს ინფანტილური მიდგომა საკითხისადმი ძალიან არადამაჯერებელს ხდის საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს. ამიტომ ვფიქრობთ ცუდი არ იქნება გამოცდილების მიღება.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ეს იქნება ქართული საზოგადოებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებაც და შესაბამისად საზოგადოებაც გაერკვევა საბოლოოდ იმ თეზისების მართებულობაში რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რასაც ხელისუფლება ერთგვარი რიხით გვეუბნება, რომ შესაძლებელია საქართველოს ევროინტეგრაცია მოეწონოს რუსეთის ხელისუფლებას,  თუმცა ვერასოდეს მოიყვანეს ის არგუმენტი რაც ამ თეზისს დამაჯერებლობის ეფექტს მიანიჭებს. 
ამ შეხვედრას ექნება ძალიან დიდ მნიშვნელობა და ხელისუფლებაც საბოლოდ ჩამოყალიბდება და დაიხვეწება საკუთარ პოლიტიკურ მიმართულებებში. ასევე გამოჩნდება ისიც, თუ რას აპირებს რუსეთი საქართველოს მისამართით. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ვფიქრობთ ასეთი მოლოდინის გაჩენა სახიფათოა და საკითხში გარკვეული პოლიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება ერთგვარი ინფანტილური მიდგომით გამოირჩევა რუსეთის მიმართ. ეს სჩანს ხელისუფლების მიერ 2008წ. აგვისტოს ომის შეფასებებში, ასევე იმაში, რომ ისინი კარგად ვერ აცნობირებრენ ვერც რუსეთის გეოპოლიტიკურ მიმართულებებს და ვერც გლობალურ გეოპოლიტიკურ განლაგებას ვერც აცნობიერებენ იმას, თუ რას ნიშნავს რუსეთისათვის პოსტსაბჭოთა სივრცე და ამ გადასახედიდან  საქართველოს ნატოში და ევროროკავშირში ინტეგრაცია.
ვფიქრობთ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება უფრო ნათლად დაინახავს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რაც დგას საქართველოს წინაშე. იმ გამოწვევებსაც თუ რა შეიძლება მოხდეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე უფრო რეალურად შეხედავენ რუსეთის რეაქციას ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებას შეძენს იმ გამოცდილებას, რომ  ისინი სავარაუდოდ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდებიან რუსეთთან დაკავშირებით და ვფიქრობ საკუთარ მიდგომებსაც გადახედავენ.

ირაკლი მარგველაშვილი



No comments: