Sunday, 27 April 2014

საქართველოს ისტორიული შანსი



საქართველოს ისტორიაში ბევრი ეპოქა ხასიათდებოდა დინამიურობით. ალბათ, საქართგელოს უახლესი ისტორია ერთადეთი გამორჩეული ეპოქაა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყართან დადგა. გზაგასაყართან სადაც ახალი საქართველო უნდა დაიბადოს. 90 -იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, შეიქმნა უდიდესი პრობლემები, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. თავად ეს 20 წლიანი ეპოქა ხასიათდება ძალიან თავისებური ნიშნებით, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. მაინც რა იყო მთავარი პრობლემა, არსი ამ სიძნელეების? აი ამაზე მინდა დავწერო.
ძალიან კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ინტენსივობა, გამართული აქციები, მსჯელობები, შემდეგ ჩატარებული არჩევნები და ის სიხარული, რომელიც ხალხის არჩევანმა მოიტანა 1990წ. 28 ოქტომბერს. ეს ყველაფერი იყო ემოციის დონეზე. თუმცა საბჭოთა კავშირში გაზრდილებს, უამრავი თემა ყურმოკრულიც კი არ გვქონდა. დახშული ინფორმაციის ფონზე, ჩვენთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ფარდის მიღმა დასავლურ სამყაროში. რა იყო მათ პოლიტიკური დისკურსი. რა იყო ახლად გამოცხადებული ახალი მსოფლიო წესრიგი, რას გულისხმობდა და სად იყო ჩვენი ადგილი ამ წესრიგში. არ ვიცოდით საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა რუსეთის იმპერიიდან გამოსვლა, ვერ ვაცნობიერებდით რუსეთის გეოპოლიტიკურ დანიშნულებას, ვერ ვაცნობიერებდით იმ სიძნელეებს, რომელიც გვექნებოდა ამ გზაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მიმართულებებზე. ყველაფერ ამაზე გვქონდა ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება.
ჩვენ არ ვიცოდით დასავლური აზროვნების სტილი და მათი კულტურის ენა.  ენა, რომელზეც საუბრობდა დასავლეთი. ეს იყო დემოკრატიის ენა, სადაც ჩამალული იყო ის მთელი საიდუმლოებები, რომლის შესწავლაც მოგვიწევდა, თუ ჩვენ მოვინდომებდით დასავლეთის თანამეგობრობაში მოხვედრას. ჩვენში იმპერიული ენა და დასავლური ენა ერთმანეთში აირია. ვერ ვმიჯნავდით რა იყო იმპერია და რა იყო დასავლეთი. ჩვენ დასავლეთს ვარქმევდით იმ სახელებს, რაც დამკვიდრებული იყო საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სიხარული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო გზა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. რა იყო მისი მომავალი. რას გულისხმობდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა იურიდიულად და წინ დავიდევით უზარმაზარი ლექსიკონი, რომელიც უნდა შეგვესწავლა, რომ დასავლეთის ენა გაგვეგო.
ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამ ყველაფრის დაძლევა. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ვერ ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გავეთავისებინა ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ინდივიდების დამოუკიდებელ არჩევანზე გადიოდა. ჩვენ არც ვეცადეთ, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომელიც წინ გვედო. ჩვენ დასავლური ენის გასაღებს იმპერიის კვაზი დემოკრატიის შეთითხნილ ნაჯღაბნში ვეძებდით. ვეძებდით იმას, რაც არ იყო იქ. ხოლო გვეზარებოდა იმის სწავლა, რაც წინ გვედო. ჩვენ, ჩვენი დამოუკიდებლობის თერთმეტი წლის მანძილზე ავირჩიეთ ზუსტად სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენამდე გვქონდა, ფსევდო სახელმწიფოებრივი წარმონაქნი, რომელსაც დამოუკიდებლობის არაფერი ეცხო.
ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი თერთმეტი წელი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეხლა სულ სხვა სიმაღლეზე ყოფილიყო, როგორც უსაფრთხოების გარანტიებით, ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანებით. ჩვენ დრო გავაცდინეთ, ჩვენ ძალიან ვიზარმაცეთ, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი, ეს იყო ლოგიკა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მოვაწყვეთ რევოლუცია. ამჯერად მშვიდობიანი, განსხვავებით წინა სახელმწიფო გადატრიალებისაგან. ამ რევოლუციამ, მისმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომლის გადაშლაც არ ვიკადრეთ წინა წლებში, ხოლო ჩვენი რევოლუცია იმ გზის დასაწყისი იყო, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა გაიარეს 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე და დაასრულეს ნატოში შესვლით. ჩვენ ეს გზა თავიდან უნდა გავევლო. უბრალოდ მათ ისწავლეს დასავლეთის ენა და მოიშორეს ის ლექსიკონი, რომელიც ჩვენ არც გადავშალეთ. ამ სახელმწიფოებმა ჩვენთან ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენზე ადრე მიხვდნენ როგორ უნდა ეცხოვრათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა იყო მათი სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ჩვენზე ადრე ისწავლეს დასავლური ენა და მოერგნენ მის დისკურსს.
ჩვენ დავბრუნდით თერთმეტი წლით უკან და დავიწყეთ ახალი ენის სწავლა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად სახელმწიფოებრივი მშენებლობის ქირურგიული მეთოდებისა, ადამიანებისთვის ეს ყოველივე მაინც უცხო იყო. ეს არი იყო და არ ჰგავდა იმ 11 წელს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაკონსერვდა, როგორც მოდელი საბჭოთა საქართველოსი თავისი იდენტური ლიდერით. ეს სხვა იყო და ცოტა უცხოც გახდა. არ ჰგავდა მას. ინგრეოდა ეს ძველი იდენტობა საბჭოთა სახელმწიფოსთან ერთად და უფრო მეტად მიმდინარეობდა ახალ სახელმწიფოსთან გაუცხოების პროცესი. ამ პროცესმა თავისი სიტყვა თქვა რევოლუციიდან 4 წელიწადში. ჩვენ ვიხილეთ საშინელი პროტესტი ახალი სახელმწიფოს მისამართით. თითქოს პარადოქსია, მაგრამ არა ეს რევოლუცია ხომ არჩევანი არ ყოფილა. ეს იყო ლოგიკა. ეს ლოგიკა იყო ბუნდოვანი, გაუგებარი და უცხო. ასევე უცხო იყო სახელმწიფოებრიობის რეალიზების გზები და მეთოდები. გამოგონებული ევრო ატლანტიკური არჩევანი და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს ახალი დამოუკიდბეელი სახელმწიფოს იდენტობად კი არ იქნა გაგებული, არამედ ახალ მითად, რომელიც დაუჯერებლად სჩანდა.

ჩვენ გვიწევდა ლექსიკონის დახმარება და ახალი დასავლური ენის სწავლა, რომელიც ჰგავდა ურჩ მოსწავლის მისამართით გაკვეთილების მუდმივ ჩიჩინს, რომელიც თავად სულაც არაა მოტივირებული ისწავლოს ახალი რამ. მას მუდმივად აძალებენ და მუდმივად ბეზრდება ეს ყოველივე. მას არ უნდა ახალის სწავლა.  ასე დაემართა ახალ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ მოგვბეზრდა მისი სწავლა, მის ენაში გარკვევა. ჩვენთვის უცხოა ის მომავალი, რომელიც არ ჰგავს წარსულს, რომელიც არის ორიენტირებული სხვა ენაზე, საუბრობს სხვა ენაზე, რომელიც არ გვესმის, რომლის შესწავლაც არ გვინდა, ვინაიდან არ ჰგავს ჩვენს ცოდნას, არ ემთხვევა ჩვენს მენტალობას.
ეს მშვენივრად იცის მტერმა, რომელიც სწორედ ამ სუსტ წერტილში ურტყამს. ამზადებს ომს და იცის, რომ ეს ომი გააჩენს "სტოკჰოლმის სინდრომს", რომ მის მიერ წარმოებული ომი ეს არის ის ენა, რომელ ენაზეც საუბრობს საბჭოთა საქართველოს მოქალაქე. ესაა ენა -"ჩვენ რუსეთს როგორ მოვერევით, როგორ გავაკეთეთ ეს, რა შეუგნებლები ვართ, ომი ხომ ჩვენ დავიწყეთ". ამ დროს ახალი არაფერი ხდება. არც ოკუპაციაა ახალი, არც რუსეთი მიერ წარმოებული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. უბრალოდ კარგად გვიცნობენ, იცნობენ ჩვენს სიზარმაცეს, იცნობენ ჩვენს დამოკიდებულებებს რუსეთის მიმართ, იცნობენ ჩვენს კომპლექსებსაც რუსეთის მიმართ. ამიტომ ჩვენი ახალი ენის შესწავლის პროცესს სწორედ ამ ძველი ენით ანაცვლებენ. შესაბამისად ყველაფერი დგება თავდაყირა. საქართველო მოქცეულია სქილასა და ქარიბდას შორის, ახალ ენასა და ძველი ენის ნოსტალგიას შორის, რომელზე ლაპარაკს უნდა გადავჩვეოდით თითქოს.
რევოლუციური ხელისუფლების მთელი მცდელობა, საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს ახალი ენა, ახალი დასავლური დისკურსი, რომლის გამოგონებას და დარწმუნებას დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტოტალური ენერგია დასჭირდა ერთმა ომმა დააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. იმ რისკის, რომელიც გამოყენებულ იქნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. რევოლუციის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რასაც ქართული სახელმწიფოს განხორციელება რეალიზაცია ჰქვია. ჩვენ 1991წ. 9 აპრილის შემდეგ, ეს გავაკეთეთ პირველად და ეს იყო ის ანბანი, რომელზეც ქართული სახელმწიფო იწერება, ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, თავისი ადგილით, თავისი დანიშნულებით და მიმართებებით. სამწუხაროდ ეს უცხო ენა აღმოჩნდა ქართველებისთვის. ჩვენ ვერ შევძელით ამ ენაზე გამოცდის ჩაბარება. ჩვენ ჩავატარეთ ახალი არჩევნები, ხმა მივეცით ახალ პოლიტიკურ ძალას და ჩავთვალეთ, რომ შეგვიძლია დავდგათ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ძეგლები მასიურად.
ამ ძეგლების დადგმა არის სწორედ ის გაუცხოება და პროტესტი ახალი ენის მიმართ, რომლის სწავლაც რევოლუციამ დაიწყო ჩვენში. ამ ძეგლების დადგმა არის ის ფსევდო იდენტობა, რომელსაც ქართული საზოგადოება აკეთებს წარსულთან, სადაც არ არსებობდა ქართული სახელმწიფო, მაგრამ არსებოდა სხვისი ძლიერი სახელმწიფო, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ. ამ ფსევდო იდენტობის ხაზგასმით, ქართული საზოგადოება ახდენს ახალი ქართული სახელმწიფოს იგნორირებას, ნიველირებას და უარის თქმას დასავლურ დისკურსზე. ეს არის ქართულ სახელმწიფოსთან, მის მომავალთან ძალადობა, უკან დაბრუნების მცდელობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ყალბი ილუზიური იდენტობით. ჩვე ვერ შევძელით ჯერჯერობით ვფოკუსირდეთ ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური დანიშნულებით სწორედ ამ სხვისი სახელმწიფოს კონკურენტია და სინამდვილეში ის ომიც, 2008წ. სწორედ ამის გამო მოხდა. თუმცა მტერმა რაც გათვალა სწორედ ის გამოუვიდა, მან გააჩინა უზარმაზარი ეჭვი, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს საერთოდ დამოუკიდებელი არსებობა. როგორია დამოუკიდებელი საქართველო? ომში დამარცხებული, ტერიტორიებ წართმეული. აი ეს სურათ-ხატი შეიქმნა ქართულ ცნობიერებაში, მაშინ როდესაც სტალინის დროს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შემადგენელი იყო. ამიტომ აღორძინდა ფსევდო იდენტობა სტალინის სახით, რომელიც გამალებულ ძეგლების აღდგენაშია გამოხატული. ჩვენ ვდგამთ საქართველოში ფსევდო მამის ფალიკურ სიმბოლოებს, რომელიც სინამდვილეში ჩვენი იდენტობა კი არა, ჩვენი მტრის მიმართ დაჩოქების სიმბოლო იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი

No comments: