Sunday 27 April 2014

საქართველოს ახალი მთავრობა და კლიშე - „9 წელი“


2013წ. 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი, თავისი სამთავრობო გუნდით დაამტკიცა. საზოგადოებამ იხილა 2 დღე, როდესაც ახალ მთავრობას შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის უმცირესობის და უმრავლესობის წევრებთან. ბოლო შემაჯამებელი სიტყვით პარლამენტის წინაშე წარსდგა პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. უნდა ითქვას, რომ უმცირესობის მხრიდან ბატონი ზურაბ ჯაფარიძე საპირწონე სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე. სწორედ ეს ორი სიტყვა იყო კულმინაცია მთავრობის დამტკიცების მთელს პროცესში. არ ვიცი ვის რა მოეჩვენა, მაგრამ ჩემთვის ბატონი პრემიერი ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. ამას მოწმობდა მისი ნერვიული ჟერსტიკულაციები, ასევე მომარჯვებული სლოგანი „9 წელი“. ასევე ხშირი დაუსაბუთებელი ბრალდებები უმცირესობის მხრიდან, ნეოფაშიტებისა და ტერორისტების ძახილი. ვერ იქნება დამაჯერებელი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას ჰკითხავენ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და ის მოიშველიებს „9 წელი“. ვერ იქნება პრემიერ-მინისტრი დამაჯერებელი, როდესაც ჰკითხავენ თუ რატომ გაირღვა ბიუჯეტი, რაა ამის მიზეზი და ის იტყვის რომ არსებობდა „9 წელი“ და ამ 9 წელში ელიტური კორუფცია, რომლის ერთი ფაქტიც კი ვერ დაადასტურა ახალმა ხელისუფლებამ. ასევე ვერ იქნება პრემიერ-მინისტრი მისაღები დასავლეთისთვის, როდესაც ის გაღიზიანებული შეკითხვებიდან პირდაპირ მუქარაზე გადადის.
აი ამის საპირწონე იყო სწორედ ბატონი ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც არ გასცილებია კორექტულობის, კოლეგიალურობის და პროფესიონალიზმის ფარგლებს. არ ვარ ამ შემთხვევაში მიკერძოებული, მაგრამ ნამდვილად ისეთი აბსურდები ისმოდა მთელი 2 დღის განმავლობაში პარლამენტში ახალი მთავრობის წევრებისაგან, რომ ნამდვილად სჭირდებოდა ამ ყველაფერს დამაჯერებელი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ნამდვილად დარჩებოდა გაურკვევლობაში, ეს რა ჯანდაბა გვჭირსო. არ შეიძლება აბსურდი არ ეწოდოს იმას, რომ თურმე ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში გარღვევაა, მაგრამ ხარჯვით ნაწილში არა. კი დაიგემა ბიუჯეტი 6% ზრდაზე, მაგრამ მთავრობის წევრები აღიარებენ, რომ 2 % -ზე მეტი ვერ იქნება. ამ დროს ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ეს სახელმწიფოა და 5 მილიონი ადამიანის ბედი. უზარმაზარი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და ასეთი მიდგომები, რაც მათ ჰქონდათ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ გამოწვევებს ნამდვილად ვერ უპასუხებს.
 ეკონომიკა არის ის თემა, სადაც ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი პრემიერის არჩევიდან მეორე დღეს, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოუგზავნა სრულიად საქართველოს, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ აქვს და არც მომავალში აპირებს რამის გაკეთებას, თუმცა რამდენიმე ხნის უკან მთელი კოალიცია თავგამოდებით აანონსებდა კაიმანის კუნძულებზე დაარსებული 10 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელიც ინსვესტირებას განახორციელებდა საქართველოს ეკონომიკაში, რაც როგორც ეტყობა ბლეფია და ბატონი ბიძინა იმიტომაა პატივსაცემი პიროვნება, რომ სრულიად გარკვევით, გულწრფელად გვითხრა, არ ვაპირებ საქართველოში ფულის ჩადებას და ბიზნესის წარმოებასო. შესაბამისად არც ახალ ბიუჯეტში ასახულა მსგავსი რამ. შესაძლოა ითქვას, რომ გამოსაფხიზლებელი გამოსვლა ჰქონდა ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც ვფიქრობ გადაფარა სლოგანი „9 წელი“ და ხელისუფლება, რომელიც მას იქ უსმენდა ნამდვილად დაფიქრდებოდა, რომ ასეთ პოლიტიკურ რეჟიმში, როდესაც საქართველოში საპარლამენტო მოდელია, მთავრობის კონტროლი გაასმაგებული იქნება და პარლამენტის უმცირესობა ძალიან ხშირად გამოიყენებს სამთავრობო საათებსაც, სადაც ნამდვილი განკითხვის დღე მოელის მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და თავად პრემიერ-მინისტრს. მეორედ ვეღარ იმუშავებს სლოგანი „9 წელი“ მიუხედავად იმისა, რომ დიდია სურვილი „რიტორიკა შეიცვალოს“ ოპოზიციამ.
კოალიციის თავი ყულფშია, რომელიც იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ეკონომიკა რეცესიაში წავა მხოლოდ ამ თავს მოეჭირება ის ყულფიც. უკვე ვერცერთი სლოგანი ვეღარ იმუშავებს, ვერც ცოცხები და ვერც „9 წელი“.
რატომ მოვიყვანეთ ეს ორი გამოსვლა ერთმანეთის საპირწონედ? სწორედ იმიტომ, რომ დღეს საქართველოში უკვე განხორციელდა ხელისუფლების სათავეში მოსვლა მოკლე გზით (ცოცხებით). საზოგადოებამაც დაუშვა ეს ყველაფერი, ვინაიდან საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ის სახელისუფლებო წნეხი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმების სახით განახორციელა საქართველოში 2004 წლიდან. ეს რეფორმები დამღლელი ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში აღმოჩნდა და იმის შემდეგ მთელი 4 წელი კვლავ გაგრძელდა. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებაში ყოფნამ, შექმნა ერთგვარი სტანდარტი, თამასა, რომელიც გამოიხატებოდა  ქვეყნის განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ ტემპში.
საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა დისკურსში იქნა გადასროლილი. შესაბამისად გეოპოლიტიკური გამოწვევებიც საკმაოდ მაღალია, იმდენად მაღალი, რომ შესაძლოა ბევრ ხელისუფლებას შეეშნდეს კიდევაც. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოპოზიცონერება სახარბიელო არცერთი ხელისუფლებისთვის არაა. ეს არ არის კომფორტი, მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ამიტომ პრემიერ-მინისტრის მიერ ოპოზიციისათვის შეთავაზებული კლიშე-„9 წელი“ გაზაფხულზე ვეღარ იმუშავებს, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა ამ კლიშეს მუდმივად ვეღარ მიიღებს, რადგან სწორედ მაღალი თამასა მოსთხოვს ხელისუფლებას უფრო აქტიურობას, სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების პრობლემების გადაწყვეტას, მაშინ როდესაც ბიუჯეტში ძალიან სერიოზული გარღვევაა და არც ახალი ბიუჯეტია ისე დაგეგმილი, რომ რამეს გამოსწორება მოხდეს მომავალში. ამიტომ წინ ძალიან საშიში ჯერ 6 თვე და შემდეგ ერთი წელია, რაც სერიოზული გამოცდა იქნება ახალი მთავრობისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკაში რეცესია დაიწყო, ამ მთავრობის მომავალი ბეწვზე ჰკიდია და ამას ერთი წელი არ დასჭირდებება. მითუმეტეს უნდა გაითვალისწინოს ახალმა ხელისუფლებამ, რომ უმცირესობაში ძალიან სერიოზული გამოცდილი ძალა ჰყავს და უკვე თავად ერთი წელია იყენებს კლიშეს-„9 წელი“.
ასევე ძალიან საყურადღებო იყო 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, სადაც მან საკმაოდ მკაფიოდ დაასახელა პრიორიტეტები, რომელიც ასევე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური არჩევანი. მათ აღნიშნეს, რომ  ხელშეუხებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მიზანია დეოკუპაცია. ეს არის ის გზავნილები, რომლებიც სწორედ უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს ახალ ხელისუფლებას. უკვე 1 წელია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების რეჟიმშია. აღსდგა ეკონომიკური კავშირებიც. საქართველოს ღვინო რუსულ ბაზარზე გამოჩნდა. ასევე ციტრუსის ექსპორტსაც აპირებენ. უნდა ითქვას, რომ დასახელებული საგარეო პრიორიტეტების შემთხვევაში, ამ კავშირებს დიდი რისკები ელით. რამდენჯერმე გაჟღერდა მთავრობის წევრებისგან, რომ თურმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო პრობლემა რუსულ ქართულ ურთიერთობებში. ეს იმდენად სასაცილო ხედვა იყო, რომ შესაძლოა ითქვას არათუ გარე პრ-ისთვის, შიდა პრ-ისთვისაც არ გამოდგებოდა. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რუსეთი ყურადღებით სწავლობს და აკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჰგონიათ, რომ ისინი ევროატლანტიკური კურსით წაიყვანენ საქართველოს და პარალელურად დაალაგებენ ურთიერთობებს რუსეთთან ძალიან ცდებიან. რუსეთის „კეთილი ნება“ საქართველოს პროდუქცია შეუშვას მის ბაზარზე, ნაკარნახევია იმ ნაბიჯების მოსინჯვით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. რუსეთი აუცილებლად დაიცავს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს, რომელიც არაფრით ემთხვევა საქართველოს გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამიტომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის  არ არის სტაბილური ეკონომიკური პარტნიორობა, არამედ ეს არის პოლიტიკური ბაზარი, რომელიც საქართველოს მიერ ევროიტეგრაციის პარალელურად დაიხურება და საქართველოს თავიდან მოუწევს 2006წ. ემბარგოს გამეორება. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართულ ეკონომიკაზე, რომლის მომავალიც ძალიან ბუნდოვნად გამოიყურება. ყველა ამ თემას იმიტომ მოვუყარეთ თავი, რომ დაგვენახა რაოდენ დიდია ახალი მთავრობის გამოწვევები, და რაოდენ აბსურდულია ამასთან შედარებით კლიშე - „9 წელი“, რომლით ფონს გასვლა სალტო- მალაყის ეფექტს ჰგავს მხოლოდ. თუ ახალი მთავრობა ფრთხილად არ იქნა და ვერ აიცილა თავიდან ის საფრთხეები, რომელსაც მას უქადის მძიმე ეკონომიკური ფონი და ძლიერი საგარეო გამოწვევები, მისი მომავალი ძალიან მყიფე იქნება. შეიძლება სიტუაცია ისე დამძიმდეს, რომ თოკი ნასკვთან არა 4 წლის შემდეგ, არამედ 1 წლის შემდეგ მივიდეს. ფაქტი კი ერთი დადგება, არავინ მოინდომებს კოალიციიდან ახალ ხელისუფლებას გაჰყვეს საფლავში და ყველა საკუთარი თავი გადარჩენისთვის იზრუნებს. ამიტომ არც ახალი გარიგებები და კოალიციებია უცხო საპარლამენტო მოდელის რესპუბლიკისათვის, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის განვითარების თამასა გავლებულია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისიდან თბილისში დაძრული ახალი პრემიერ-მინისტრი გულში სიხარულს განიცდიდა, რომ ფონს კლიშემ-„9 წელი“ გაიყვანა.

ირაკლი მარგველაშვილი

No comments: