Sunday 27 April 2014

საქართველო ევრომაიდნის თუ კოლაბორაციონიზმის საფრთხესთან?!


უკრაინაში განხორციელებული ქმედებით რუსეთი პრაქტიკულად  ახერხებს მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკის და სამართლის გადაფასებას, იმ საერთაშორისო სამართლის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. რუსეთი ცდილობს მსოფლიო დააბრუნოს მე-18 საუკუნეში და საბოლოოდ უარი თქვას იმ წესრიგზე, რასაც საზღვრების ურღვეობა ჰქვია. საქართველო უკვე დადგა ამის წინაშე 2008წ. აგვისტოში და რუსეთმა მოახერხა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. დღეს სიტუაცია ძალიან გამწვავებულია. რუსეთმა შეიერთა უკრაინის ტერიტორია ყირიმის ნახევარკუნძული და ეხლა ცდილობს მთლიანად უკრაინის სახელმწიფოებრიობის შეწყვეტას და განადგურებას. ევრაზიის კავშირი, რომლის შექმნა დაანონსებულია 2015წ. რუსეთისთვის წარმოადგენს ნებისმიერ ფასად გადასალახ ბარიერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადად ვლ. პუტინისთვის პოლიტიკური კარიერა უდიდეს საფრთეს მოამზადებს და წავა არა აღმავლობისკენ არამედ დასასრულისკენ. პუტინი დღეს არის სიტუაციაში, როდესაც უკანდახევა მისი პოლიტიკის კოლაფსის ტოლია. პუტინისთვის ევრაზიის კავშირის სრულყოფისათვის მხოლოდ უკრაინა არ არის საკმარისი. მას მოჰყვება მოლდოვა, ბელარუსიის აღმოსავლეთის რეგიონები საქართველო, აზერბაიჯანი და შესაძლოა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები.
საინტერესოა ამ გამოწვევების ფონზე რა ხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. როგორ ხედავს მთავრობა ამ ყველაფერს და როგორ ემზადება მის გადასაწყვეტად. საქართველოს ხელისუფლებაში საფრთხეს აცნობიერებენ და შეიძლება დავასახელოთ ალექსი პეტრიაშვილის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად იზრდება რუსული ანექსიის საფრთხე. მსგავსი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომ ნატოს გარეშე საქართველომ შესაძლოა შეწყვიტოს კვლავ არსებობა, როგორც ეს მოხდა 1921წ. თუმცა ამით არ ამოიწურება საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები. მაგალითად შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ რუსეთიდან არანაირი საფრთხეს არ ველოდებით,  შსს მინისტერი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ თურმე საქართველოში მზადდება ევრომაიდანის მსგავსი გამოსვლები ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომლებიც უკვე ამზადებენ თურმე ზონდერ ჯგუფებს და ასევე იმარაგებენ საბურავებს აქციებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამ განცხადების პასუხად ცრემლებამდე ფიცს დებს, რომ არავის გამოუვა საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე, პოზიტივებს ხედავს რუსეთ საქართველოს ურთიერთობებში, რომელიც თურმე ჟენევის შეხვედრებისას კარასინის საუბარმა შეუქმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში უკვე ღიად დაიწყო პრორუსული აქციები, რომელთა მონაწილეები მხარს უჭერენ ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანებას. მსგავსი კოლაბორაციონიზმის გამოვლინებას ხელისუფლება ხვდება აბსოლუტურად მშვიდად და შსს მინისტრი განცხადებასაც კი არ აკეთებს თუ საიდან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რატომ უხდის მტრული სახელმწიფოს იდეოლოგი ალ. დუგინი ამ ორგანიზაციის მეთაურ ჭყოიძეს მადლობას ამ აქციებისთვის.
თუ გავაანალიზებთ საქართველოს საშინაო პოლიტიკას და იმ მოზაიკას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მწვავედ აღიქვამენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს. ასევე აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშედაც საქართველო დადგება ძალიან მალე. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, ვფიქრობთ მათი შიდაკარული ინტრიგები მიმართულია კვლავ ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ და არ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში უფრო დიდ გეგმასთან. საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, რომელიც ნამდვილად არის ჩრდილო ატლანტიკური და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის სულისჩამდგმელი, ხელისუფლებაში ყოფნისას და ეხლა ოპოზიციაში ყოფნისას  ამ გეზის უპირობო დამცველი. საინტერესოა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება რუსთავი 2-თან ინტერვიუში, რომ ის, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, სრულად იაზრებს მომდინარე საფრთხეებს და საკუთარი პარტიის წევრებს მოუწოდებს არ გაიმართოს არანაირი აქცია საქართველოში, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და არ მიეცეს რუსეთს საშუალება მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია. ამის ფონზე შსს მინისტრის განცხადება ფაქტების და რაიმე დამამტკიცებელი საბუთის გარეშე, რომ თურმე ხელისუფლების შეცვლისთვის და ევრომაიდანის მოწყობისთვის მიმდინარეობს მზადება ვფიქრობთ აბსოლუტურად დაუჯერებელია. 
რატომღაც ამ მცირე დროში ერთმანეთს ემთხვევა პრორუსული ორგანიზაციებს გააქტიურება და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული შსს მინისტრის განცხადება, ხოლო ამაზე პრემიერ მინისტრის მუქარა, რომ არავის მისცემენ საშუალებას დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას. ეს განცხადებები ვფიქრობთ არამარტო გადაჭარბებულია, არამედ კონტექსტიდან ამოვარდნილიცაა და შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მაშინ, როდესაც ბევრი მაგალითი დაგროვდა უკვე პროკურატურის მიერ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ.
უცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ადრეც მომხდარა ისეთი განცხადებების გაკეთება რომელიც კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და მას მოჰყვა მხოლოდ საზოგადოებრივი აჟიოტაჟი. ამ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ჩავარდა უხერხულ სიტუაციაში, რომელიც თავად არ უგრძვნია, მაგრამ მახვილი თვალისთვის ადვილი შესამჩნევი იყო. ეს მოხდა მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ცხიდან გამოყვანის შემთხვევაში, როდესაც ეს ფაქტი პრემიერმა დაუკავშირა ზურამ ჟვანიას დაცვის უფროსის ხარშილაძის დაკავებას, რომელიც სხვა საქმეზე იყო დაკავებული და  წამოცდა, რომ ვანო მერაბიშვილს შეეშინდა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენება არ მოეცა ხარშილაძესო. ასეთი უხერხული სიტუაცია იყო, როდესაც ვიდეო პორტალ იუთუბზე ჰაკინ ფაშას სახელით აიტვირთა გარდაცვლილი ჟვანიას და გარდაცვლილი იუსიპოვის ფოტოები და მეორე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა ამ ყოველივეზე, რომ თურმე სურათებიდანაც კი სჩანს, რომ სიკვდილის მიზეზი სხვაა და არა ოფიციალური ვერსია. ბოლო შემთხვევაშიც შსს მინისტრის განცხადებაზე ნაციონალური მოძრაობის ევრომეიდანის მოწყობასთან დაკავშირებით და საბურავების ყიდვასთან დაკავშირებით, პრემიერი კატეგორიული იყო, რომ დესტაბილიზაციას არავის მოაწყობინებენ. ყველა ამ მაგალითიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი კი არ გეგმავს მსგავს ქმედებებს, არამედ სხვა, მესამე პირი, მაგრამ პრემიერი თავისი გულწრფელობიდან გამოდინარე ვერ ახერხებს იმის დამალვას, რომ ყველა ეს ქმედებები წინასწარ არის დაგეგმილი. მისი განცხადებებიც და ქმედებებიც შავ ნაჭერზე ჭრელი საკერებლის დაკერებას ჰგავს.
თუ ბოლო განცხადებას მივუბრუნდებით, უნდა ავღნიშნოთ, რომ ევრომეიდანის თემა კიევში ეს იყო შედეგი უკრაინის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობისა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე და სინამდვილეში რუსული ოკუპაცია და ანექსია მოამზადა. სწორედ ამიტომ დადგა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე და დაიცვა საკუთარი ევროპული მომავალი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული იქნება და მას დაიცავს, არ ვფიქრობთ, რომ მას საქართველოში ევრომაიდანის შინაარსის აქციები ემუქრებოდეს. ამიტომ მინდა ვუთხრა იმას,  ვინც საქართველოში ევრომაიდანის სამზადისის განცხადება მოიფიქრა, რომ ევრომაიდანი ეს არის ევროინტეგრაციის დაცვა და ქართველი ხალხი ამას აუცილებლად დაიცავს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად.
საქართველო დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს შეკავშირებას, ერთ აზრზე დგომას და საგარეო საფრთხეების გამკლავებას. შსს მინისტრის განცხადებების შემდეგ წამოსული იაფფასიანი დისკრედიტაციული ტალღა ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება გაიხლიჩოს. აქვე ჩნდება ერთი საფრთხეც. რატომ აანონსებს შსს მინისტრი ევრომაიდანის მსგავს აქციას. რის პრევენციას ემსახურება ეს ყოველივე? თუ მივყვებით ლოგიკას და გამოვიყენებთ ევრომაიდანის შინაარსს, ევრომაიდანის პრევენცირებიდან იკითხება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ქმედების გამეორების შანსი, რომელმაც ასოცირების ხელისმოწერამდე 10 დღით ადრე უარი თქვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე, რასაც მოჰყვა აქციები. ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება იგივეს განმეორებას და ამ განცხადებით ხომ არ აკეთებს რაიმე პრევენციას? თუ ეს ასე არ არის მაშინ რა აზრი აქვს ამ განცხადების გაკეთებას? ეს ლეგიტიმური შეკითხვები პასუხს ნამდვილად ითხოვს.
საინტერესოა ასევე საქართველოს ხელისუფლება რატომ არ აკეთებს ან გაცხადებას, ან რატომ არ აქვთ რეაქცია აშკარა კოლაბორაციონიზმზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ბოლო ხანებია. ეს არ არის დემოკრატიის ფარგლებში ჩატარებული აქციები. ეს არის ჩვენი მტრული ქვეყნის მომხრეთა მოძრაობა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე ანგრევს იმ მონაპოვარს რასაც ქვეყნების დამოუკიდებლობა ჰქვია. ვფიქრობთ ევრომაიდანის „პრევენცირებას“ სჯობია კოლაბორაციონიზმის თემა კარგად დამუშავდეს საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ეს ხელისუფლება პროდასავლურია როგორც აცხადებს, მისი პირველი მტერი სწორედ კოლაბორაციონიზმია და არა პროდასავლური ძალები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.

ირაკლი მარგველაშვილი






No comments: