Sunday, 27 April 2014

რუსეთი და უკრაინა




ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაცა უკრაინის მოსახლეობამ უდიდესი პროტესტით უპასუხა. იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ 2013წ. 21 ნოემბერს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ოფიციალურად უარის თქმა ხელშეკრულების გაფორმებაზე იყო გეგმის ნაწილი, რომელიც რუსეთთან ერთად იქნა შემუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთმა აკრძალა უკრაინის ხორცპროდუქტების შეტანა რუსეთში და გამოაჩინა ზეწოლის ბერკეტები, იანუკოვიჩის ეს განცხადება მაინც გეგმის ნაწილად სჩანს რათა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თქმული უარი ხელშეკრულების ხელმოწერაზე სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ამ უარის გადახედვა და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას მოესწრო რამე სერიოზული ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე.
 ეს რომ გეგმის ნაწილი იყო მოწმობს ისიც, რომ უკრაინის რადამ არ დააკმაყოფილა და მხარი არ დაუჭირა ნიკალაი აზაროვის მთავრობის გადაყენებას, რომელიც იყო უშუალოდ ამ ხელშეკრულების ჩაშლის მთავარი ინიციატორი, რა თქმა უნდა იანუკოვიჩთან ერთად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ საერთოდ აღარ განიხილება ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაო. ეს ნიშნავს იმას რომ უკრაინის პარლამენტი და მთავრობა ერთნაირად წინააღმდეგია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, რაც ასევე პუტინის გეგმაა.
თუ თავიდანვე გადავხედავთ უკრაინის ხელისუფლების პოზიციებს, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა უარი ნატოში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე, ხოლო ევროკავშირში გაერთიანებაზე მას უარი არ უთქვამს. თუმცა როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან სჩანს ეს იყო ერთგვარი სვლა, რომლის მიზანიც სწორედ 2013წ. 21 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა ჩაითვალა რუსეთის გამარჯვებად. რუსეთი პრეზიდენტი აგრძელებს ტურნეებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის იმყოფებოდა სომხეთში, რათა 2015 წლამდე შეძლოს ე.წ. „ევრაზიული კავშირის“ შექმნა. იმპერიული ფობია კვლავ ძალას იკრებს და მისი მარცხი არ იქნება უმტკივნეულო ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც მონიშნული ჰყავს  ვლადიმერ პუტინს თავის გეგმაში. დასავლეთის პასიური პოზიცია და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთს აძლევს საშუალებას უფრო აქტიური იყო და უფრო აქტიურად აშანტაჟოს მის გარშემო მყოფი ქვეყნები, რათა შეასრულონ მისი მოთხოვნები.
რა არის უკრაინის საკითხი რუსეთისთვის? პრაქტიკულად უკრაინა არის ერთერთი  გეოპოლიტიკური გასაღები რუსეთისთვის, რომლის დაკარგვაც სრულიად ჩაშლის რუსეთის გეოპოლიტკურ მიზნებს, იმ ყველაფერს, რაც ასე რუდუნებით აგროვა პოლიტიკურ დივიდენდებად. უნდა ითქვას, რომ რუსეთს არ აქვს კარგი პოზიციები, არამარტო უკრაინის მიმართულებით, ვინაიდან სახალხო პროტესტი ძალინ ძლიერია უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი იმთავითვე პრორუსულ ძალად მოიაზრებოდა, ის ვერ ქმნის იმ ამინდს, რომ უკრაინა დაითანხმოს ამ სტრატეგიულ არჩევანზე შევიდეს „ევრაზიულ კავშირში“. რუსეთის პოზიციები ასევე პრობლემატურია კავკასიაში. პრაქტიკულად საქართველოზეა დამოკიდებული მთელი ამ რეგიონის ბედი. საქართველომ უკვე გააფორმა პარაფირება ევროკავშირთან და შესაბამისად რუსეთს არც დიდი ზეწოლის ბერკეტები დარჩა საქართველოზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა „რუსეთმა 2008წ. წააგო“. მან წააგო არამარტო საქართველოში, როგორც სჩანს მან წააგო უკრაინაშიც, ვინაიდან ეს არაა ის თემა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ძალადობით მოახვიო თავს სახელმწიფოს. მითუმეტეს, რომ 2013წ.  10 დეკემბერს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მარტში ის ხელს მოაწერს ევროკავშირთან ხელშეკრულებას გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ვფიქრობთ ესეც რუსეთთან შეთანხმებული გეგმის ნაწილია, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში. კონკრეტულად:
1.      იანუკოვიჩს სურს როგორმე ჩააქროს სახალხო პროტესტი, რომლის მთავარი მთხოვნა უკვე მისი გადადგომაა და ამ პროტესტს ასევე აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა.
2.      დასავლეთის რამდენიმე თანამდებობის პირმა, გერმანიის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ასევე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთის ოლიმპიურ თამაშებს რაც შესაძლოა დომინოს პრინციპით გავრცელდეს მთელს დასავლეთზე და რუსეთი 1980 წლის მსგავსი ოლიმპიადის ჩატარებასაც კი ვერ შეძლებს, რაც იქნება პუტინის პოლიტიკის კატასტროფა.
3.      დასავლეთმა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა წერილით და მოითხოვა სამხრეთის ნაკადის ენერგომატარებლების პროექტის შეჩერება, რომელიც უდიდესი დარტყმა იქნება ასევე რუსეთზე, სადაც 25 მილიარდამდე ინვესტიცია ხორციელდება.
4.      არის ნიშნები, რომ დასავლეთის მიერ მოხდეს არა მხოლოდ უკრაინის იზოლირება (ოლიმპიადა, „სამხრეთის ნაკადი“), არამედ ამ კონტექსტში მოიაზრება რუსეთი.
ამიტომ, ამ ზემოთმოყვანილი ნიშნების გათვალისწინებით იანუკოვიჩის მიერ მარტში გაჟღერებული ხელმოწერა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიცავს იმ რისკებს, რომ ის მეორედაც მოიმიზეზებს პირობების შეუსრულებლობას და აუცილებლად უარს იტყვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. რუსეთის მიერ უკრაინის გატეხვა მოასწავებს ახალი იმპერიის შექმნას, რომელიც უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთის უსაფრთხოებისთვის.
პარალელები რომ გავაკეთოთ, ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, ეს საქართველოში 2008წ. მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა მაშინ რუსეთს არ მისცა საშუალება მოეხდინა ე.წ. „ახალი რეალობის“ იმპლემენტაცია, დასავლეთმა ბოლომდე არ მოახდინა რუსეთზე ზეწოლა და 2008წ. ევროკავშირის გადაწყვეტილებების შერბილებამ პრაქტიკულად უკრაინაში უდიდესი საფრთხე შექმნა დღეს. დასავლეთმა 2008წ. აგვისტოს ომის შედეგები რუსეთს დროში შეუმსუბუქა და მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერდა არაღიარების პოლიტიკას და ასევე აღიარებდა რუსეთს ოკუპანტად არავითარი სანქციები მის წინააღმდეგ არ გამოიყენა. ეს აიხსნა პრაგმატული პოლიტიკით. თუმცა პუტინი გაცილებით პრაგმატული აღმოჩნდა და დღეს დასავლეთს შეექმნა უდიდესი პრობლემა. უკრაინის თემის მოგვარებით პუტინი პრაქტიკულად შეძლებს სრულად საპირწონე გახდეს დასავლეთისთვის და უკვე სერიოზულ შეტევაზე გადავიდეს. ვფიქრობთ დასავლეთის პოლიტიკოსები აცნობიერებენ ამ საშიშროებას. დასავლეთს რომ რუსეთისთვის 2008წ. ომის შედგების გამო მკაცრი სანქციები მოეწყო დღეს რუსეთი ვერ შეძლებდა ამხელა პრობლემის შექმნას. აქ რუსეთს აშკარად დაეხმარა აშშ ხელისუფლებაში ბარაკ ობამას საკმაოდ პასიური პოზიციები საგარეო მიმართულებით.
 ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკა“ პუტინმა, როგორც დღევანდელი გადასახედიდან სჩანს მწვანე შუქად აღიქვა და ამერიკის პასიურობის ხარჯზე საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელებას შეუდგა, რომელიც ძალიან რთულ პოლიტიკურ ამინდს შექმნის მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მონაწილეობა უკრაინის მოვლენებში არასაკმარისად აღიქმება, ამიტომ პუტინს ეს უფრო მეტად აძლევს კარტბლანშს. მაგალითად, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი უკრაინაში პუტინისთვის ვერ იქნება ის დონე, რომლითაც ის საკითხის სიმძიმეს იგრძნობს, მითუმეტეს, რომ ყოველღამით უკრაინის სპეცდანიშნულების ძალები ოპოზიციის შევიწროებას განაგრძობენ და ეს ვიზიტები  საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იანუკოვიჩმა რა თქმა უნდა პუტინთან სინქრონიზაციაში მყოფმა ეს ვერ გაბედოს. გუშინ ქეთრინ ეშთონის ვიზიტმა სულადაც არ დაახევინა უკან იანუკოვიჩს, რომ მაიდანის „გაწმენდის“ მცდელობა კვლავ წამოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენმა ინაუკოვიჩს მოუწოდა სატელეფონო საუბარში არ მოეხდინა ძალის გამოყენება, ეს მაინც საკმარისი არ არის იანუკოვიჩისთვის. მიუხედავად ამისა, იანუკოვიჩი უკან არ იხევს რაც გულისხმობს იმას, რომ ის მარტო არაა, მას ზურგს უმაგრებს ვლადიმერ პუტინი და მთელი ეს ვითომდა ხელმოწერის გადადება და ხელის არ მოწერა ხელშეკრულებაზე არის სწორედ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს დროის მოგებას, რათა პუტინმაც ჩაატაროს ოლიმპიადა მშვიდად, შემდეგ იანუკოვიჩმა მოახდინოს სიტუაციის განმუხტვა და ისევ ხელის არმოწერა ხელშეკრულებაზე, როგორც ეს 2013წ. 21 ნოემბერს გააკეთა.

ამიტომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ვფიქრობთ უნდა მოხდეს სწორედ დღეს, სწორედ ამ ძალისხმევით, უკანდახევის გარეშე. სხვა შემთხვევაში პუტინი ოლიმპიადასაც ჩაატარებს და არც უკრაინა მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. ეს როგორც უკრაინის ოპოზიციამ, ასევე დასავლეთმაც კარგად უნდა გააცნობიეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 2008წ. აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა ბოლომდე არ მიიყვანა რუსეთზე ზეწოლა და დღეს უკრაინის სახით მიიღო უდიდესი პრობლემა. ასევე უკრაინის გატეხვით დასავლეთი მიიღებს ახალ რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას. უკრაინის უკან მთელი თავისუფალი სამყაროა, უკრაინის დაცვით შესაძლებელია დასრულდეს რუსული იმპერიის ყოველგვარი მოდერნიზაციის ჩანაფიქრიც კი. როგორც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, „რუსეთის იმპერია მაიდანზე უნდა დაეცეს.“


ირაკლი მარგველაშვილი

No comments: