Sunday 27 April 2014

პოლიტიკური ანგარიშწორება და პროკურატურის კრიზისი


საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე დააპტიმროს, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დევნის  სახე არ მიიღოს. დასავლეთიდან მიღებული მესიჯები, რომელიც ამ პოლიტიკის მიმართულებით გამოითქვა არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. მაგალითად ჯეიმს აპატურაის განცხადება: განცდაც კი არ უნდა დარჩეს, რომ  ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, არის ის სიგნალი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების აკრძალვას, არამედ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკა არაა 21 საუკუნის პოლიტიკა, ეს ენა არაა ის პოლიტიკური ენა, რომელზედაც უნდა ისაუბროს საქართველოს ხელისუფლებამ.
 უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად აცდენილია დროს და წარმოადგენს 90-იანი წლებში განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას, ხოლო ამ ხელისუფლებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ 90-იანი წლების ხელისუფლების და ხელმოცარული ყოფილი ოპოზიციური ძალების პერვერზიულ ნაზავს, რომელთაც საერთოდ არ ესმით რას ნიშნავს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია, რას ნიშნავს დასავლურ გეოპოლიტიკურ ჩართულობაში და ბრუნვაში სახელმწიფოს ყოფნა. ასევე არ ესმით იმ გამოწვევების, რომელიც საქართველოს აქვს ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების სისტემის თვალსაზრისით.  
მაგალითად ის, რაც მოხდა ბატონი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით, არის სწორედ იმის დადასტურება რაც ზემოთ ვქვით. ხელისუფლება ვერ გებულობს დასავლეთის მესიჯებს. ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი პატიმარია გამოიყვანეს ციხიდან „მისაკაჩავებლად“. ეს ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას არ აქვს რესურსი, იმუშაონ ზღვარზე, რომელიც  ჯეიმზ აპატურაიმ თქვა - განცდაც არ დარჩეს იმისი, რომ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება. ამის განცდაც დარჩა და ირიბად ხელისუფლებამ აღიარა მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების სინამდვილე - მთავარ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, რაც მოასწავებდა სწორედ ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაზე. აქაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა სახის შენარჩუნებაში. ოთარ ფარცხალაძეს გაუხსენეს კრიმინალური წარსული გერმანიაში. ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით შეაბიჯა დანაღმულ ველზე და მარტივად რომ ვთქვათ აფეთქდა. აფეთქდა სწორედ იმიტომ, რომ მათი სურვილები და რესურსები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო პოლიტიკური დევნის შეფუთვა დიდ რესურსებს მოითხოვს.
საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალებებით, თოქშოუებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით, თითქმის ყოველდღე ანონსდება ახალ ახალი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე არ ივიწყებენ ძველ, წლების მანძილზე მუსირებულ საქმეებს და არის უდიდესი მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინება ყველაფერს და გაიხსნება: მაგალითად - ზურაბ ჟვანიას საქმე, გაიხსნება თავიდან გირგვლიანის საქმე, ასევე რიგშია ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, 2008წ. ომის გამოძიების საქმე, დავით კეზერაშვილის საქმე  და ა.შ. უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების მიერ  ამ საქმეების პოლიტიკურ კონტექსტში მოხსენიებამ პროკურატურა შეიყვანა კრიზისში. ხელისუფლების დაკვეთას ვერ პასუხობს პროკურატურა. წინა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა 1 წლის მუშაობის შემდეგ დატოვა. ოთარ ფარცხალაძემ, სულ რამდენიმე კვირა გაძლო, ხოლო ახალი მთავარი პროკურoს მოძიებას თითქმის სამი კვირა დასჭირდა და იქ 34 წლის გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ხელისუფლების სურვილებსა და პროკურატურის შესაძლებლობებს შორის არის აცდენა დროსა და სივრცეში. ასევე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა უკანონო ქმედებებმა დაადასტურა, რომ პროკურატურა კრიზისშია. პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებათა შეგროვებას და დანაშაულის დამტკიცებას, შესაბამისად ისინი მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, როგორიც ვანო მერაბიშივილის წინააღმდეგ გამოიყენეს.
 ხელისუფლება ცდილობს როგორმე აცდეს პოლიტიკური დევნის იარლიყი, ვფიქრობთ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ვინაიდან მართლაც ხორციელდება პოლიტიკურ დევნა და ადამიანები ციხეში დაპატიმრებული არიან წინასწარი პატიმრობით. პროკურატურა როგორც კი ხვდება, რომ წააგებს საქმეს სასამართლოში, ხდება ახალი ბრალის წარდგენა, რომელიც შეაქვთ სასამართლოში და პირს დანაშაულს უმძიმებენ რათა კიდევ მიეცეთ საშუალება გამოიყენონ წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება და ეს პოლიტიკური პირები ჰყავდეთ პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ასეთი პატიმრობა წინასწარ აღმკვეთ ღონისძებას კი არ წარმოადგენს, არამედ მეთოდს, რომ სასამართლოზე გამართლებული პიროვნება როგორმე გარეთ არ გამოვიდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას ვერავინ შენიშნავს და ეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშწორებას ძალიან ცდება. ხელისუფლება ამ თემებით ვერ შეფუთავს თავის პოლიტიკურ მიზანს გაანადგუროს მთავარი ოპოზიციური ძალა. ასევე თვალშისაცემია ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.
ძალიან რთულია მოხვიდე მთავარ პროკურორად, შემოგაჩეჩონ ზურაბ ჟვანიას საქმე და გითხრან რომ ამ საქმეზე უნდა დადგეს განაჩენი, როდესაც ცხადზე უცხადესია, რომ  ეს საქმე მუზეუმის ექსპონატად შესაძლოა გამოდგეს მისი შენაარსიდან გამომდინარე.  ასევე ძნელია უპასუხო პრემიერის განცხადებას საქმით, რომ დავით კეზერაშვილი თურმე საერთაშორისო უკანონო იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მისი ფრანგი ადვოკატები ამბობენ, რომ ის დაკავებულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რომლებმაც საფრანგეთის სასამართლოში ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულებები და დამატებით მოსთხოვეს მტკიცებულებების წარმოდგენა. საიდან მოიტანოს პროკურატურამ კეზერაშვილის საერთაშორისო უკანონო იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები? ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მის პოლიტიკურ განცხადებების დასამტკიცებლად პროკურატურას მყარი მტკიცებულებები სჭირდება, რომელსაც სასამართლო გაითვალისწინებს, თორემ პროკურატურამ 2 საქმე პირწმინდად წააგო ხელისუფლების მიერ „მონსტრად“ წოდებულ ბაჩო ახალაიასთანაც კი. სწორედ ამიტომ იმყოფება პროკურატურა კრიზისში და მთელი ამ 16 თვის განმავლობაში, რამდენიმე, ერთ ხელზე ჩამოსათვლელი საქმე იქნა სასამართლოში წარდგენილი, საიდანაც ორში ხელისუფლებამ სრული მარცხი მიიღო და დიდი ალბათობით, რამდენიმე საქმეში კიდევ მარცხს იგემებს.
შექმნილია უამრავი მოლოდინი სხვადასხვა საქმეების მისამართით. ხელისუფლება ვერც იაზრებს, რომ ეს მოლოდინები არის წორედ ის დანაღმული ველი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება. აქვე ერთი რამ არის საინტერესო. არ ვფიქრობთ, რომ ვერ ხდებიან ბევრი გახმაურებული საქმის უპერსპექტივობას. მაშ რა ხდება, რატომ არ ახდენენ  ამ საქმეებზე უარის თქმას? ვფიქრობთ, იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესებში ამ საქმეების გახსნა კი არ შედის, არამედ მათზე საუბარი, კლიშეში „9 წელი“. შექმნილია ერთგვარი მუზეუმის სივრცე, სადაც ეს საქმეები გამოდებულია ვიტრინებში და ყოველ საღამოს, ან ყოველ დღე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით სტუმრობენ ამ მუზეუმში დამთვალიერებლებს, ნახეთ 9 წლის განმავლობაში რა მოხდა. აჩვენებენ საქმეებს, რომელებიც წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის თემას და არა იურიდიულად პერსპექტიულ საქმეებს, რომლებიც ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ სათაურის ქვეშ ვერასოდეს გაიხსნება, იმიტომ რომ უბრალოდ მათზე არ არსებობს მტკიცებულებები, არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი ან სათანადოდ გამოძიებულია.
ხელისუფლება ვერ ამჩნევს, რომ ამ შიდა პრ-ტექნოლოგიით, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ექვემდებარება ქმნის უდიდეს საფრთხეს ქვეყნისთვის. ქვეყნის უსაფრთხოების სიტემისთვის. სამწუხაროდ დასავლეთში არათუ განცდა, არამედ ზუსტად იციან, რომ ეს არის კავკასიური ვედენტის მეორე ფაზა. პირველი კი 90-იან წლებში ჩავატარეთ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დაგვირგვინდა. იმის შემდეგ საქართველოს დიდხანს არავინ მოხედა. ამიტომ საფრთხე იმისი, რომ დღესაც ხელისუფლების ეს დროში აცდენილი პოლიტიკა ფატალურ შედეგებს დააყენებს ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელია. უკვე შესამჩნევია, რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის რეცესიულ პროცესებს. ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი ინვესტიცია არ შემოდის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთში არ იწვევენ და არ სურთ შეხვედრა. როგორც პირველი არხის ეთერით ბატონმა პაატა დავითაიამ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტს 2 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს ანსამბლეაზე არ მოუსმენენ სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების გამო. ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტერი საჯაროდ აცხადებს, რომ „ვანო მერაბშვილი კარგად ზის და კიდევ იჯდება“. ასევე მას 2 საათიან პრესკონფერენციაზე პროკურატურის საქმეებზე მეტი სასაუბრო მოსახლეობასთან არ აქვს და ვინ საუბრობდა პროკურორი თუ პრემიერ-მინისტრი ძნელი გასარჩევი იყო.
ამ გადასახედიდან ხელისუფლების პოლიტიკა ვერ ტოვებს იმის განცდას, რომ მთელი ეს სისხლის სამართლის პროცესები დაცლილია პოლიტიკური ინტერესისგან. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის პოლიტიკური რიტორიკის 90% სწორედ ამ პროკურატურის საქმიანობას ეძღვენება. ამის შემდეგ ვის უნდა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული და არ ერევიან პროკურატურის საქმიანობაში? თავად პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ჯერ კიდევ პროკურატურის მიერ განუცხადებელი საქმეები, რომელსაც თურმე ნათელი მალე მოეფინება.
რატომაა საშიში ასეთი პოლიტიკა? მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ წარმოადგენს ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანას. შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა, მხოლოდ საქართველოს დასავლურ დისკურსში ჩართულობაშია შესაძლებელი. რაც უფრო დავცილდებით ამ დისკურსს, მით უფრო მოწყვლადი ხდება ჩვენი საგარეო უსაფრთხოება. დღეს ნამდვილად დგას საქართველო დიდი რისკის ქვეშ, მითუმეტეს როგორი მდგომარეობაა უკრაინაში. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მიერ გაცხადებული გეოპოლიტიკური ამბიციების მთავარი სამიზნე სწორედ საქართველო და უკრაინაა. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა კი ეს არ არის დასავლური დისკურსი. ეს არ არის იმ დროის შესაფერისი, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების რისკები იზრდება. დასავლეთი არ მიიღებს ამ ვედენტას, ვერც ხელისუფლება შესთავაზებს მათ განსხვავებულ მეთოდს რაც ფარცხალაძემ ჩაიდინა, ვინაიდან არ არსებობს რესურსი იმისი,  რაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს პროკურატურამ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით შეასრულოს. სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერი  მხოლოდ დასაველეთია. ამიტომ ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, რათა მოახდინოს თავისი პოლიტიკის გადახედვა რომ არ წავაწყდეთ დასავლეთის მხიდან ყრუ კედელს რომელსაც უკვე არაფრის გაგონება არ მოუნდება.
ირაკლი მარგველაშვილი


No comments: