Sunday, 28 June 2026
რუსეთის მიერ სააკაშვილის გაგდება კავკასიიდან
წერილის ცოტა გრძელი გამომივა, მაგრამ გთხოვთ წაიკითხოთ. ეს ნაწილია იმ დიდი თემის, რომელსაც ამ წერილში შევეხები. წერილის პირობითი სათაურია - რატომ არ უნდათ რუსებს მიხეილ სააკაშვილი კავკასიაში?
2013 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა თავისი საპრეზიდენტო ვადა. ის გადაფრინდა ევროპაში და იქ დარჩა. რატომ მოხდა ეს? ის გააგდეს კავკასიიდან. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს დადასტურდა 2014 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ აღიძრა პირველი სისხლის სამართლის საქმე. ეს ნიშნავდა, რომ ის თუ დაბრუნდებოდა საქართველოში, მას აუცილებლად დააპატიმრებდნენ. გაბრუებული ქართველი ერი, მაშინ ივანიშვილის ხიბლში იყო ჩავარდნილი და არავინ ფიქრობდა, რომ ეს რამეს ნიშნავდა. ცხოვრება გრძელდებოდა ინერციით.
არასოდეს ვფიქრობ, რომ მოწოდებული ინფორმაციას უნდა დავუჯერო. ინფორმაციის თავისებურება ისაა, რომ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი რამ, რაც ამ ინფორმაციას გადაგამოწმებინებს. მართალი გითხრათ დიდად ეს არც მჭირდებოდა, იმდენად ხელისგულზე იდო ყველაფერი. ჩემთვის იმთავითვე ცნობილი იყო რატომ გააგდეს მ. სააკაშვილი კავკასიიდან. სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ ანუ იმაზე თუ რა ხდება სინამდვილეში და რა იმალება იმ უამრავი მითოლოგიის უკან, რომელიც სააკაშვილის 9 წელში შეიქმნა და მისი დამარცხებაც ამ მითოლოგიის ნაწილიც იყო.
რატომ გააგდეს სააკაშვილი კავკასიიდან?
ვერ იქნება ამ შეკითხვაზე პასუხი თუ არ გავიაზრებთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს როლის, იმ მასშტაბს, რომელიც მას კავკასიაში გააჩნია. სწორედ ეს კავკასიური როლია ის საიდუმლო, რომელიც დევნის კავკასიიდან ქართული სახელმწიფოს მომხრეებს. პირველი დევნა ჯერ კიდევ ბაგრატოვანთა რუსეთში გადასახლება იყო. შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მკვლელობა 1921 წელს, შემდეგ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა...
პირველი მცდელობა სააკაშვილის კავკასიიდან გაგდების, ეს იყო 2008 წლის ომი და ეს ფაქტი გაეროს ტრიბუნაზე დადასტურდა იმავე წელს, როდესაც ამერიკის წარმომადგენელმა რუსეთის ელჩს ჩურკინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთის მხარე ითხოვდა სააკაშვილის წასვლას ხელისუფლებიდან. ეს პირდაპირ უთხრეს მაშინდელ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს.
მაინც რა არის კავკასიიდან რუსების მიერ და რუსების მომხრე ქართველების მიერ დევნილი ლიდერების საიდუმლო? ეს არის რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოს შეუძლებლობა კავკასიაში. ქართული სახელმწიფოს არსებობა თავისი როლით, გულისხმობს რუსეთის არ არსებობას კავკასიაში. აი ასე მარტივად დგას საკითხი. მაგალითისთვის ჩავშალოთ დღევანდელი სიტუაცია კავკასიაში და ზუსტად მივხვდებით, რატომ უნდა იყოს ან ციხეში ან გაგდებული კავკასიიდან მიხეილ სააკაშვილი, ან მისი მსგავსი ლიდერი. ეს არ არის გადაჭარბება. ეს არის რეალობა და ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი.
ალბათ ყველას გვახსოვს უახლესი თვეების უკან, ყარაბაღის ომი. რა მოხდა ამ ომის დროს? მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ომი არანაირად არ აწყობდა რუსეთს. მაგრამ ეს ომი მოხდა, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ჩართული იყო თურქეთი. ვერავინ დამაჯერებს იმაში, რუსეთს რომ ქონოდა შესაძლებლობა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა კავკასიაში მისი საპირწონე პოლიტიკური მოთამაშის შემოსვლას, როგორიც არის თურქეთი. დღეს ფაქტია, რომ პროექტი "ერთი ერი ორ სახელმწიფოში", რომელიც ჯერ კიდევ მამა ალიევის დროს დაიწყო შედგა. შედგა და წარმატებასაც მიაღწია. თურქეთი შემოვიდა ამიერ კავკასიაში. რუსები იძულებული იყვნენ ეს ექნათ. მათ სომხეთი არ გაუყიდიათ, უბრალოდ მათ არ შეეძლოთ ამ სამხედრო ალიანსს დაპირისპირებოდნენ. თუმცა მათ გადაწყვიტეს სომხეთის ლიდერის პაშინიანის დასჯა, რომელიც უბრალოდ არ გამოუვიდათ. სომეხი ხალხი იმაზე უფრო პრაგმატული აღმოჩნდა ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს. პაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა, ეს არის ნაღმი რუსებისთვის. მისი ამოქმედება დამოკიდებულია საქართველოზე.
დღეს რუსეთის ბედი კავკასიაში დამოკიდებულია საქართველოზე. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს ახანგძლივებინებს კავკასიაში ყოფნას. ის ეგრეთ წოდებული ექვსთა უსაფრთხოების კავშირიც რუსეთის ბოდვაა, რომელმაც უნდა განაპირობოს რუსეთის დარჩენა კავკასიაში. ვინ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს? ისეთი საქართველო, რომელიც მოინდომებს თავისი სახელმწიფოს შექმნას. ივანიშვილის ხელისუფლება დღეს არის გარანტი იმისი, რომ რუსეთი დარჩეს კავკასიაშია. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მიერ სომხეთ აზერბაიჯანის და თურქეთს შორის მედიაციით ურთიერთობების დარეგულირება, არის იმის გარანტია, რომ რუსეთის სამივე ბაზა სომხეთში და საქართველოში გახდეს დისფუქციური. რუსეთის მიერ 80-იანი წლების ბოლოს ინსპირირებულმა ყარაბაღის კონფლიქტმა შეუქმნა რუსეთს ის პლაცდარმი, რასაც დღემდე ახორციელებს მთელს კავკასიაში. თურქეთის შემოსვლამ კავკასიის გეოპოლიტიკურ ველზე შექმნა სხვა რეალობა. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის აქტიურობას შეუძლია შექმნას არა ექვსთა, არამედ ოთხთა კავშირი (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი), რომელიც სრულიად აბსურდად აქცევს რუსეთის ყოფნას კავკასიაში და მის სამხედრო ბაზებს გამოაცლის პოლიტიკურ შინაარსს.
მემგონი ცხადია, რატომ უნდოდათ რუსებს 2008 წელს კავკასიიდან სააკაშვილის გაგდება ვინაიდან საქართველო, აზერბაიჯან თურქეთის ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორობა, იყო საშიში რუსებისთვის. ამას დღეს თუ სომხეთიც მიემატება, რუსეთის პოლიტიკური შინაარსიდან აღარაფერი რჩება. ამიტომ დღეს ივანიშვილს რუსეთისთვის ოქროს ფასი აქვს. ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე დატოვოს ხელისუფლებაში და საქართველო იყოს ამოგდებული ზოგადკავკასიური კონტექსტიდან. ამიტომ არ უშვებენ სააკაშვილს კავკასიაში, რადგან იციან, რომ მისი ლიდერობით სულ სხვა რეალობა დაუდგება რუსეთს. დღეს ნათელი უნდა იყოს, ნაბიჯ ნაბიჯ რატომ ცილდებოდა ივანიშვილი დასავლეთს, რატომ ამოაგდო საქართველო ყველა მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვიდან, რატომ თქვა უარი და რატომ დაბლოკა და დევნა ყველა საერთაშორისო პროექტი, ანაკლიის პორტი თუ საქართველოს ინტერნეტ ჰაბის გზა ევროპიდან აზიისკენ. ივანიშვილი დღეს არის რუსეთის უპირველესი პარტნიორი კავკასიაში. სწორედ მისი ხელით უჭირავს რუსეთს კავკასია. აი ამ ინფორმაციას მალავენ და ფუთავენ ათას მითოლოგიაში. დღეს საქართველოზე გადის კავკასიის თავისუფლების იდეა და დღეს სწორედ საქართველოთი ბლოკავს ამ იდეას რუსეთი. აი ამიტომ არ უშვებენ სააკაშვილს კავკასიაში და ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური სარჩული მისი პატიმრობის.
თავისუფლება საქართველოს ივანიშვილისგან!
თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment