Sunday, 28 June 2026
საქართველო და მისი ცივილიზაციური არჩევანი
საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე. ეს არჩევანი არ არის მხოლოდ ხელისუფლების, ოპოზიციის ან რომელიმე პარტიის საკითხი. ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს, სად იქნება საქართველო მომდევნო ათწლეულებში – თავისუფალი ევროპული სახელმწიფო თუ რუსეთის გავლენის სივრცის ნაწილი.
საქართველოსთვის დასავლური ინტეგრაცია არასოდეს ყოფილა მხოლოდ საგარეო პოლიტიკის დეკლარაცია. იგი იყო ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობის საფუძველი. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყანა სისტემურად შორდება დასავლურ ინსტიტუტებს, ეს მხოლოდ დიპლომატიური კრიზისი არ არის – ეს არის უსაფრთხოების კრიზისი.
დღეს უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მძიმე მდგომარეობაშია. იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ, საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონის ლიდერად მიიჩნეოდა, უკან იხევს. ამით იცვლება მთელი რეგიონული ბალანსი.
საერთაშორისო პოლიტიკაში ვაკუუმი არ არსებობს. თუ ქვეყანა სუსტდება ერთ სტრატეგიულ სივრცეში, მასზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს მეორე. ამიტომ, თუ საქართველო შორდება დასავლეთს და ამავე დროს არ ფლობს ისეთ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ამ დანაკარგს დააბალანსებს, ობიექტურად იზრდება რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გავლენის რისკი.
ამ პროცესს ემატება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადება. ჩინეთთან თანამშრომლობა თავისთავად არ ნიშნავს ანტიდასავლურ კურსს, თუმცა როდესაც ეს ხდება დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რა სტრატეგიული მიმართულებით მიჰყავთ ქვეყანა.
რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა წლებია უცვლელია – არ დაუშვას საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია დასავლურ სივრცეში. თუ ეს მიზანი მიიღწევა არა სამხედრო ძალით, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკური კურსის შეცვლით, ეს მოსკოვისთვის გაცილებით იაფი და ეფექტიანი შედეგია.
სწორედ ამიტომ, მთავარი კითხვა დღეს აღარ არის მხოლოდ ის, ვინ რას ამბობს. მთავარი კითხვაა – ვის ინტერესებს ემსახურება ქვეყნის რეალური პოლიტიკური შედეგი. თუ ამ შედეგს მივყავართ დასავლეთისგან იზოლაციამდე, საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვამდე და საქართველოს სტრატეგიული პოზიციების შესუსტებამდე, ამით ყველაზე მეტად სარგებლობს რუსეთი.
საქართველოს ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ დროშითა და ჰიმნით არ იზომება. დამოუკიდებლობა იზომება იმით, თუ ვის სივრცეში ცხოვრობს სახელმწიფო, ვისთან აქვს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და პოლიტიკური მომავლის კავშირი.
დღეს ჩვენი დროის მთავარი კითხვა სწორედ ეს არის: ვაშენებთ თუ არა დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს, თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუბრუნდებით იმ გეოპოლიტიკურ სივრცეს, საიდანაც ქართველმა ხალხმა ათწლეულების ბრძოლით შეძლო თავის დაღწევა.
ისტორია გვასწავლის ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: თავისუფლების დაკარგვა ყოველთვის იწყება არა ტანკებით, არამედ პოლიტიკური მიმართულების შეცვლით. ტანკები, თუ საერთოდ მოდიან, ბოლოს მოდიან. სახელმწიფოს ბედი კი გაცილებით ადრე წყდება – მაშინ, როდესაც იგი საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანს კარგავს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment