Wednesday, 8 July 2009

იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება

(ნაწილი მეორე)

ფრთხილად მკითხველო! ეს ტექსტიც სვენებით საჭიროებს წაკითხვას, ვინაიდან ეს მეორე ნაწილია ჩვენი წერილის ”იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება”. ამ ტექსტის გრამატიკა, ბუნდოვანია, ვინაიდან ის თქვენი გრამატიკაა, აღმოჩენილი გრამატიკა, რომელიც შექმენით იმ მეტაენაში, რომელმაც თავისუფლების არჩევანის პასუხისმგებლობა დაგაკისრათ და დაგატეხათ თავზე, საიდანაც გაქცევას ცდილობდით, თუმცა თქვენ შეცდით. რატომ? ქვემოთ იხილეთ.

ვისაუბროთ თავისუფლებაზე, როგორც ენის არჩევანის გრამატოლოგიაზე, სადაც მნიშვნელოვანი კოდირებებია, არაცნობიერი ინფორმაციაა და ეს ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებულია, როგორც ეგზისტენციალური ინფორმაცია ერის სიცოცხლიუნარიანობის და თავისუფლების შესანარჩუნებლად. მთავარი ამ გრამატოლოგიაში არის ის, რომ ეს შენახულია, ეს ნატარებია და ჩვენამდე მოსულია ასეთი ინფორმაციის სახით, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებებში გვხდება. ამ ინფორმაციის მოწოდებამ, ამ გრამატოლოგიამ თავისთავად შექმნა თანამედროვე კრიზისი ჩვენს მენტალობაში. მეტაენაში შენახული ინფორმაცია რთულია, ძნელია და მისი გაგება გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევს, ვინაიდან ინფორმაციამ ჩვენს ცნობიერში არაცნობიერიდან ამოაღწია.

შეიძლება ამ პროცესისთვის განვიხილოთ სხვადასხვა ეგზისტენციალური დრო, რომელიც ჩვენს ისტორიაში დამდგარა. საინტერესო ამ მხრივ არის მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები, ვინაიდან აქ მთავარი თავისუფლების არჩევანი და პასუხისმგებლობა ავიღეთ 1991წ. 31 მარტს.

ამ თავისუფლების არჩევანმა და პასუხისმგებლობამ ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია, უამრავი იგავი გაააქტიურა და გარკვეული გრამატოლოგიური პრობლემებიც შეგვიქმნა არაცნობიერ არჩევანსა და გაკეთებული არჩევანის, მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის კუთხით. სწორედ ამ არჩევანის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რამდენად მართებულად იყო ეს არჩევანი გაკეთებული.

საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ჰქონია ისეთი საყოველთაო არჩევანის გაკეთების პრაქტიკა, როგორიც 1991წ. 31 მარტს გაკეთდა. სწორედ ამ დღეს მოხდა არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და მონობას შორის. ეს საყოველთაო არჩევანი იყო. მანამდე და მათ შორის 1918წ. 26 მაისსაც ეს არჩევანი ასეთი საყოველთაო არ იყო. შესაბამისად პასუხისმგებლობას სწორედ იმ ხალხს აკისრებდნენ ვინც მოცემულ სიუჟეტურ დროში ამ თავისუფლების არჩევანის სათავეებთან აღმოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, ესენი მეფეები იყვნენ, თუ 1918წ. ხელისუფლება. მცირეოდენი სიმშვიდე ისადგურებდა ამ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა გავაჩნდა მაინც შესაძლებელი ხდებოდა პირადი პასუხისმგებლობის მომენტი მიჩქმალული ყოფილიყო და არაცნობიერში ღრმად გადასროლილი.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მოხდა 1991წ. 31 მარტს, საერთო სახალხო რეფერენდუმი კითხვით ”გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918წ. 26 მაისის აქტის საფუძველზე”.

შეიძლება ითქვას ამ საკითხზე არჩევანის გამოხატვა 2 ჯერ მოგვიწია 1990წ. 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჩაიბარა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო”, რომლის პროგრამის ძირითადი დებულება სწორედ დამოუკიდებლობის მიღწევა იყო. როგორც ზემოთ ვთქვი 1991წ. 31’ მარტის რეფერენდუმი, უკვე კონკრეტული პირადი პასუხისმგებლობის აღება იყო და პირადი არჩევანი. ამის შემდეგ ჩვენ ამ თავისუფლების უსაფრთხოებასაც მივეცით ხმა 2008წ. 5 იანვარს, ნატოში შესვლაზე თანხმობა განვაცხადეთ.

ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში არ არის ამ ფაქტების იურიდიული ასპექტები, არამედ მენტალური არჩევანია. შეიძლება ითქვას, დროში ეს გამოჩნდა, როგორც თავისუფლების გაუცნობიერებელი არჩევანი. ეს იყო დაფარული კოდირებული არჩევანი თავისუფლებაზე, რომელმაც რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. ყველა ის ფაქტი, რაც ამ ომს წინ უძღოდა, ჩემის აზრით მხოლოდ შექმნილი პროტესტის გარეგნული ფასადი იყო, ხოლო ძირითადი პროტესტი, სწორედ იმ პასუხისმგებლობამ გამოიწვია, რა არჩევანიც 1991წ. 31 მარტს ქართველმა ერმა გააკეთა.

ყველა ადამიანმა, ვინც მონაწილება მიიღო ამ რეფერენდუმში აიღო პირადი პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის აღებამ დააფრთხო და შეაშინა, ვინაიდან შეიქმნა განცდა, რომ ის თავად გახდა გადაწყვეტილების მიმღები და თითოეული ადამიანი, ვინც ეს არჩევანი გააკეთა დადგა იმ საფრთხის წინაშე, რაც ამ თავისუფლებას რუსეთის იმპერიიდან დაემუქრა. ამ საფრთხის წინაშე დამდგარი პიროვნება, იძულებული გახდა როგორმე მოეცილებინა ის ადამიანი, ვინც ამ არჩევანის შეთავაზება გააკეთა. ეძებნა ისეთი ადამიანი, რომელიც მის პასუხისმგებლობას თავად აიღებდა თავის თავზე. მოიძებნა კიდევაც, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა. სწორება მათზე გაკეთდა.

რეფერენდუმის მონაწილე ცდილობდა ილუზორული ფარის შექმნას ამ პასუხისმგებობაზე, ამ შიშზე და ძრწოლაზე იმპერიის მიმართ. ძალიან საინტერესოა ზოგადი ფრაზის ჩამოყალიბება, რომელიც 1991წ. 22 დეკემბერის შემდეგ გაჩნდა. ეს ისტორიული თარიღი არის პასუხისმგებლობის მოცილების მცდელობის და რუსეთის იმპერიის რღვევის თარიღი, რომლის შემდეგაც ყველა რესპუბლიკამ სსრკ-ს შემადგენლობაში მიიღო დამოუკიდებლობა. მაშინ გაჩნდა ასეთი ფრაზა: რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც მათსავეთ მიგვეღო დამოუკიდებლობა, ერთ მშვენიერ დღეს გაგვეღვიძებინა თავისუფალ სახელმწიფოში. ვფიქრობ საინტერესო დისკურსია. ეს მოსაზრება-ფრაზა ნათლად გამოხატავს იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევას, რომელიც 1991წ. 31 მარტს რეფერენდუმში მონაწილეობით აიღო მასში მონაწილე ადამიანებმა. მთელი შემდეგი პერიოდი 1991წ. 22 დეკემბრიდან ჩვენს მენტალობაში სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა და ეს გაცევა შეიძლება დავყოთ ეტაპებად.

1. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების აქტიური ფაზა, რომელსაც სამოქალაქო ომი მივუძღვენით.
2. სამოქალაქო ომის შემდეგ შევარდნაძის კომუნისტური დისკურსის (1991წ. 31 მარტის რეფერენდუმის პასუხისმგებლობაზე) ჩანაცვლება და მცირედი სიმშვიდე.
3. 2003წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამ პასუხისმგებლობისკენ მიბრუნება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პასუხისმგებლობა აღებული 1991წ. 31 მარტს, ერთ პიროვნებას, არჩეულ პრეზიდენტს ეკუთვნის.

პირველი ეტაპი 1991წ. 22 დეკემბრიდან 1993წ. 31 მარტამდე გაგრძელდა და ის დაგვირგვინდა ამ არჩევანის შემთავაზებელი პრეზიდენტის (ზ. გამსახურდიას) სასიკვდილო აქტით, რომელზეც კათარზისიც არ გვიგვრძვნია. ეს იყო ჩვენი აღებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების იძულებითი აქტი.

ჩემთვის დღესავეთ ნათელია, 1991წ. რეფერენდუმზე აღებულ პასუხისმგებლობის შიში, იმდენად ძლიერი იყო, რომ ავირჩევდით ნებისმიერ პიროვნებას, ვინც შემოგვთავაზებდა ამ არჩევანის შემთავაზებელი ადამიანის მოშორებას და ამ პასუხისმგებლობისგან ხსნას. ის მეტაენა, რომელიც ამ არჩევანის სახით შემოგვთავაზა ზ. გამსახურდიამ იმდენად გაუგებარი და გრამატოლოგიურად იმდენად ბუნდოვანი და საშიში აღმოჩნდა, რომ მზად ვიყავით ყველაფერზე წავსულიყავით, ეშმაკსაც კი შევკროდით, ოღონდ ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა. არჩევანიც შესაბამისი იყო. ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა მთელი საბჭოთა დისკურსი, მთელი საბჭოთა მენტალობა წარსდგა ჩვენს წინ და ჩვენ ეს მივიღეთ, ვინაიდან მათ ილუზორულად გადავაბარეთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ 1991წ. 31 მარტს.

გადავაბარეთ, თავიდან ავიცილეთ ამ არჩევანის მიერ გამოწვეული პასუხისმგებლობა. ეს რომ ასე იყო, ბევრი ფაქტი ადასტურებს ამას. 1991წ. სამოქალაქო ომის საწყისი 1991წ, 2 სექტემბერს ”დემოკრატიული ღირებულებების” შელახვა გახდა, ე.წ. ”მიტინგის დარბევა”, ხოლო სამოქალაქო ომის შემდეგ მსგავსი ფაქტი არაერთხელ, ათეულობით დაფიქსირდა, თუმცა ამაზე პროტესტი აღარ ყოფილა, ვინაიდან ამ სამოქალაქო ომის მთავარი ბაზისი, სწორედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო და არა დემოკრატიული ღირებულებების დარღვევა. ეს იყო ავანტიურისტების (იოსელიანი, კიტოვანი სიგუა, შევარდნაძე, საბჭოთა ელიტა) მიერ ილუზორული შეთავაზება აღებული პასუხისმგებლობის გადაბარებაზე, რაზედაც თანხმობა განვაცხადეთ. ამის ქვეტექსტი, ამ ყველაფრის კონტექსტი იყო შემდეგი ფრაზა: რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც მათსავეთ (სხვა საბჭოთა რესპუბლიკებივით) მიგვეღო დამოუკიდებლობა? ერთ მშვენიერ დღეს გაგვეღვიძებინა თავისუფალ სახელმწიფოში? რაში გჭირდებოდა ეს აქტიურობა და ზედმეტი მოთხოვნები. ამ ”გადაბარების” შემდეგ სრულიად დაგვავიწყდა ის ღირებულებები, რის გამოც თბილისი დავწვით.

ასე დადგა თავისუფლების არჩევანის პასუხისმგებლობისგან ”განთავისუფლებული” ადამიანებისათვის ილუზორული სიმშვიდის ხანა 1993წ. 31 დეკემბრიდან 2003წ. 23 ნოემბრამდე. შემდეგ სხვა ფაზაში გადავედით. ეს ზურგზე მოკიდებული პასუხისმგებლობა გადავაბარეთ ერთ კაცს, დღევანდელ პრეზიდენტს. სწორედ მას ავკიდეთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა აღებული 1991წ. 31 მარტს.

ამ თავისუფლების არჩევანზე ხელმოწერის შიში კვლავ ძლიერია. პასუხისმგებელი იმპერიის წინაშე, ჩვენს წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე ერთი კაცია, რომელმაც დაიწყო ამ თავისუფლების არჩევანში ქმედება და კვლავ ”მოგვატყუა”. კვლავ გავაკეთეთ არჩევანი და ეს არჩევანი უკევე დასავლეთისკენ მისწრაფებაა, ნატოში შესვლაა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდად ცხოვრების გარანტია უნდა გახდეს. ჩვენ ამაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა 2008წ. 5 იანვარს პლებისიტზე, სადაც დასავლურ კურსს, ნატოში შესვლას მივეცით ხმა, მაგრამ იმპერიის მიერ ამაზე საშინელმა აგრესიულმა რეაქციამ ისევ დაგვაფრთხო. ისევ ვცდილობთ გავექცეთ პასუხისმგებლობას. იმპერიის რეაქცია უმწვავესი იყო. ომი დაგვიწყეს 2008წ. აგვისტოში. ტერიტორიები დაიპყრეს და მაშინვე გავიხსენეთ 2003წ. ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობის ერთ კაცზე გადაბარების მენტალური არჩევანი. ეხლა ყველაფერი მისი (პრეზიდენტის) ბრალია. არ დაიცვა ბალანსი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ვერ აგვაცილა ომი. მერე რა, რომ ჩვენ ნატოში შესვლას ხმა მივეცით, მერე რა, რომ დასავლური კურსი ავირჩიეთ და რუსეთი სწორედ ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება და ამაზე საშინელი აგრესია აქვს? 2003წ. ხომ მან აიღო ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც. ეს ხომ მას გადავაბარეთ. აი დისკურსი, რომელიც მოქმედებს, რომელშიც გვინდა კვლავ გამოვშუშდეთ, ისევე როგორც გამოვშუშდით 1993წ. 31 მარტიდან 2003წ. 23 ნოემბრამდე კომუნისტურ- პარტოკრატიულ-ნომენკლატურულ დისკურსში.

რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობა მისი (პრეზიდენტის) ბრალია და არა რუსეთის. მაშინ, როდესაც მეორე ფაზაში, 1993წ. სიმშვიდეში ამ პასუხისმგებლობის ”გადაბარების”, მისგან ”განთავისუფლების” ილუზიაში მყოფებმა ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ედუარდ შევარდნაძეს და საბჭოთა ელიტას არ მოვთხოვეთ პასუხი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვაზე. ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობა ”აღარ გვქონდა”, მიუხედავად იმისა, რომ იმაზე 10 ჯერ მეტი ტერიტორიები დაიპყრეს რუსებმა, ვიდრე ეს მოხდა 2008წ. აგვისტოში.

აქ საუბარი არ გვაქვს იურიდიულ, პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებაზე და კონკრეტულ ფაქტებზე, ან ვინმეს გამართლება არ გამართლებაზე, აქ საუბარი ჩვენზეა, ჩვენს პასუხისმგებლობაზეა, ჩვენს წილი თავისუფლების არჩევანზეა, იმ არჩევნაზე, რომლისგანაც გაქცევას ასე საშინლად ვცდილობთ და მთელი ეტაპები გავიარეთ ამ პასუხისმგებლობისგან თავისდასაღწევად.

ერთს კი ვიტყვი. 1993წ. 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის შემდეგ (ჩვენს მიერ არჩეულმა ავანტიურისტებმა) შემოგვთავაზეს ბანერი ”აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”, ”სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია”. ჩვენს დავკმაყოფილდით, იყოს ტკივილი, სადღაც. მთავარი ხომ ისაა, რომ ფიზიკურად ამ ტკივილს ვერ ვგრძნობთ, ფიზიკურად არ გვტკივა. რა მოხდა 2008წ. აგვისტოში, რატომ ავყვირდით? რატომ დავაბრალეთ ერთ კაცს ყველაფერი? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ბანერი ჩვენს გულში შევიდა და ის გვეტკინა ფიზიკურად? თუ ისევ გაგვახსენდა და მივუბრუნდით ჩვენს წილ თავისუფლების პასუხისმგებლობას? იმიტომ ხომ არა, რომ ისევ დადგა ვებერთელა იმპერიიის წინაშე მარტოდმარტო ჩვენი წილი თავისუფლებაზე აღებული პასუხისმგებლობა?

დიახ, მეგობრებო. დამთავრდა ბანერის დრო, ეს ტკივილი ფიზიკურია უკვე. 1991წ. 31 მარტს გაკეთებული არჩევანის პასუხისმგებლობა ისევ ჩვენი გახდა. ის სხვას ვერ გადავაბარეთ, ის ჩვენია, მას ვერ ამოვჩეხავთ დამოუკიდებლობის აქტიდან, რომელიც მენტალური ხელმოწერით გავაკეთეთ. ჩვენ მარტოდმარტო, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით ვდგავართ უბოროტესი იმპერიის წინაშე და ვითხოვთ ჩვენს წილ თავისუფლებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღეთ. აი ამიტომ ვკივივართ, აი ამიტომ ვაწყობთ აქციებს, ისევ ვცდილობთ ამ არჩევანისგან გაქცევას. ეს ჩვენს შეგნით ხდება. ეს არაცნობიერში ხდება, რომელიც უამრავ ფაქტებს იფარებს წინ და იმით აპელირებს. ილუზიაში ვართ. ჩვენ უკვე მივიღეთ ის პასუხისმგებლობა და მას ვერავის მივსცემთ. ის ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაეცემა. ეს მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობაა. ვერ გავიქცევით. ეს არჩევანი ”ქართლის ცხოვრების” ტექსტის ნაწილია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი შევედით ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი არჩევანით თავისუფლებისადმი, ჩვენი არჩევანით დასავლეთთან ინტეგრირებისათვის. ეს უკვე ისტორიაა და იქედან ვერაფერს ამოვჩეხავთ. იქ ჩვენი, ჩვენი თაობის, ჩვენი ეპოქის გენიალური ხელმოწერა დაფიქსირდა. ამის ამოშლა ვერ მოხერხდება, ამიტომ ტყუილად ვცდილობთ, ტყუილად ვფართხალებთ. ვერ გავიქცევით, ვინაიდან ჯერ არ მოხდარა ისტორიიდან რაიმე ტექსტი ამოშლილიყოს. დიახ, ბატონებო! თქვენ აგიწონეს თქვენი კუთვნილი თავისუფლება. შეცდით?!


8.07.09წ.

Friday, 3 July 2009

რუსული რევანშიზმი და საქართველო

რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მაგონებს გერმანიის მდგომარეობას 1918წ. პარიზის ზავის შემდეგ. სწორედ ეს გახდა ერთერთი საფუძველი გერმანიაში ფაშისტური მთავრობის წახალისების და ნაცისტური იდეოლოგიის გამარჯვების ძირითადი მამოძრავებელი.
1991წ. 12 დეკებრის შემდეგ (საბჭოთა კავშირის იურიდიული დაშლა)შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დაინგრა, რა მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი იმპერია, პრაქტიკულად ამან თავად რუსულ მენტალობაში საბჭოთა კომუნისტურ-ნომენკლატურული სისტემისგან განთავისუფლება და ამ განთავისუფლებით სიხარული კი არ გამოიწვია, არამედ რევანშის აღება განიძრახა, რომელიც დღეს შესულია თავის უმაღლეს ფაზაში და პრაქტიკულად 2008წ. საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის შემდეგ ამ რევანშულ იდეაზე იმპერიის აღდგენა უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით დაიწყო.

ამ იმპერიის აღდგენის მთავარი ფრაზა ვლადიმერ პუტინმა წარმოსთქვა 2000წ. ”საბჭოთა კავშირის დანგრევა, ეს იყო მე-20 საუკუნის დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა”.
ალბათ გვახსოვს, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე დასავლეთის პოზიცია ამ საკითხზე. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც მომხრე იყო დასავლეთის დამჯერი მოდერნიზებული იმპერიის შენარჩუნების და ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას მკაცრად უჭერდა მხარს, რამაც მაგალითად საქართველოში და აზერბაიჯანში ეროვნული მთავრობების დამხობას ხელი შეუწყო და რუსეთის უშუალო ხელდასხმით განხორციელდა.
ჩემის აზრით ეს დასავლეთის ილუზორული პოლიტიკის შედეგი იყო. არ იქნა განხილული ის შესაძლებლობა, რომ რუსეთში საბჭოთა კავშირის დანგრევით წარმოიშვა ახალი რევანშისტული მოძრაობა იმპერიის აღდგენის შესაძლებლობით, რომელმაც წლების განმავლობაში, ევროპის და ამერიკის წაყრუებით უდიდესი საფრთხე შეუქმნა მსოფლიო თანამეგობრობას. ეს საფრთხე ეხლა რეალურია, ხოლო დაახლოებით 10 წლის წინ დასავლეთს კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მოახერხებდა რუსეთის დემოკრატიზაციას და შეინარჩუნებდა იმ ბალანსს რაც 1991წ, 12 დეკემბრის შემდეგ წარმოიშვა. თუმცა ეს ხანა დასრულდა 1999წ. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსეთმა ძალიან ფრთხილად დაიწყო თავისი რევანშისტული მიზნების განხორციელება და იმპერიის აღდგენისკენ მწყობრი ნაბიჯით წავიდა.
2008წ, აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი იყო ის რუბიკონი, რომელიც რუსეთმა გადალახა და ეს საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური მზადებით შეძლო. ჩვენს წერილში ”რა ხდება საქართველოში?! რუსული გემა საქართველოს ანექსიაზე”
http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_2913.html გავაანალიზეთ ის სიტორიული ფაქტები, რომელმაც აგვისტოს ომის რუსეთის მიერ დაშვება და რუსეთის როგორც რევანშიზმის ფსიქოლოგიური საფუძვლები შექმნა.
რუსული რევანშიზმის დასაწყისად უნდა ჩაითვალოს 1991წ. 22 დეკემბერს საქართველოში დაწყებული და განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება. სწორედ აქედან დაიწყო რუსული რევანშიზმი. ვინაიდან რუსეთი ცდილობდა შეექმნა გადამწყვეტი მომენტისათვის ისეთი სივრცე, რომელიც მას საშუალებას მისცემდა დროში ღიად დაეფისირებინა ამ რევანშიზმის ძირითადი მიმართულებები. დასავლეთი ამ დროს დუმდა. სწორედ ამ რევანშიზმს ემსახურებოდა საქართველოში გაყინული კონფლიქტები და ამას ხელი იმანაც შეიწყო, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობდა. ჩვენ მივეცით რუსეთს საშუალება გამოშუშებულიყო დიდ თბილ ფაშვში, რა თქმა უნდა ვგულისხმობ ჩვენს წილ აქტიურობას, თორემ დასავლეთმა რომ რუსეთს ამის საშუალება მისცა და ძალიან უღიმღამოდ მოიქცა ამაზე ვფიქრობ დიდი კამათი საჭირო არ არის.
არ და ვერ გამოვიყენეთ ელცინის პერიოდი, ჩეჩნეთის 2 ომი და განსაკუთრებით პირველი ომი, როდესაც ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში შევძლებდით ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმას რუსეთის მიერ გაყინული კონფლიქტების გალღობის საკითხში. შემდეგ კი მათი დაბრუნების საკითხში. რუსეთმა შეძლო დროში გადაეწია ეს პრობლემა, რომელმაც საბოლოოდ ომამდე მიგვიყვანა. მაშინ, როდესაც იმ დროს, რომელზეც გვქონდა საუბარი, ამის გაკეთება ვფიქრობ გაცილებთ იოლად შეიძლებოდა. ამის მაგივრად რუსეთმა რამდენიმე წელი გვასაუბრა ჩარჩო ხელშეკრულებაზე, დაახლოებით 5 წელი აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ. ასევე სხვადასხვა შეპირება-დაპირებებით თავის მიზანს მიაღწია. 2004 წლამდე გაყინა ეს კონფლიქტები. შესაბამისად მისი გალღობის პროცესს რუსეთი უკვე საკმაოდ მომზადებული შეხვდა. იმდენად მომზადებული, რომ პრაქტიკულად თავსი რევანშიზმის გაცხადება მოახერხა.
საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს რუსეთის რევანშიზმის საფუძვლები. რა არის მისი წარმოშობის მიზეზები, რა არის მისი ნამდვილი მიზანი, როგორ ხორციელდება ეს რევანშიზმი ....
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მთელი ფინანსური მაქინაციები მიმდინარეობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში უფრო დეტალურად შევძლებთ, განვიხილოთ ის საკითხები, თუ რა არის რუსული რევანშიზმის ძირითადი ასპექტები. როგორ ხორციელდება ის, რა განხორციელდა ამ რევანშიზმის აღორძინებისთვის და როგორ მომზადდა ეს ყოველივე.

1991წ. აპრილში გაზეთ ”სოვიეტ ენელისტში” გამოქვეყნდა შემდეგი ინფორმაცია. საბჭოთა კავშირის დაშლისას პარტიულმა ნომენკლატურამ მოახერხა და საბჭოთა კავშირიდან გაიტანა უზარმაზარი რაოდენობის თანხა, დაახლოებით 180 მილიარდი დოლარი. არნიშნული თანხები განთავსდა გერმანიის და მარსელის ბანკებში. დასავლეთისთვის ამხელა თანხის შედინება არ ყოფილა შეუმჩნეველი და ამ თანხებს ზოგადად ”სკკპ პაპიტალი” უწოდეს. აღნიშნული თანხების გატანა საბჭოთა კავშირიდან ხორციელდებოდა ძირითადად 1988-89 წლებში და მას ანხორციელებდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ის ახერხებდა ამ ფულის დაბინავების, კავშირების მოპოვების და დახვედრა დაგეგმვის ოპერაციებს. აღნიშნულ საკითხზე ლინკი შემიძლია ვთხოვო ბატონ ბესარიონ გუგუშვილს, რომელსაც დიდი ინფორმაცია გააჩნია ამ დროის პარტოკრატიულ ნომენკლატურულ ქსელებზე. ჩემთვის ამ საკითხის შესახებ ცნობილი გახდა სწორედ მისი წერილებიდან რომელიც 1992-1993წწ. გამოქვეყნდა თუ ზუსტად მახსოვს გაზეთ ”საქართველოს სამრეკლოში”.

ეს ინფორმაციის სახით, უბრალოდ ჩემთვის ამ შემთხვევაში საინტერესოა ამ ოპერაციების ანალიზი და ამის შემდეგ რუსეთში ჩამოყალიბებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ოლიგარქიული სისტემა, რომელიც რუსული რევანშიზმის ერთერთი მკვებავია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთში ჩამოყალიბდა ოლიგარქთა საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი, რომლებიც გარკვეულ კასტად იქცნენ ელცინის პრეზიდენტობის ჟამს. სწორედ ამ ოლიგარქიულ და პოლიტიკურ ოლიგარქიულ კასტებში, ვინც დღეს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკას და პოლიტიკურ ელიტას ხდებოდა რუსული რევანშიზმის ჩამოყალიბება. ელცინის გადადგომის შემდეგ და პუტინის პრეზიდენტად დადგომის შემდეგ, პრაქტიკულად მოხერხდა რუსული რევანშისტული სკოლის გამარჯვება და მასზე დაქვემდებარება ამ ოლიგარქიული კლანის. ის ოლიგარქები, რომლებმაც პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს ზოგი ციხეში აღმოჩნდა (ხადარკოვსკი), ზოგიც რუსეთიდან გაიქცა (ბერეზოვსკი, აწ გარდაცვლილი პატარკაციშვილი).

რუსული რევანშიზმი, რომელიც ელცინის პრეზიდენტობის დროს გამოშუშდა პუტინის მეშვეობით ღია სცენაზე გამოვიდა. სცენაზე გამოსვლა მოხერხდა იმის გამო, რომ ეკონომიკურ ოლიგარქიული და პოლიტიკურ ოლიგარქიული სისტემის სინქრონიზაცია განხორციელდა პუტინის მიერ. პოლიტიკურ-ეკონომიკური ოლიგარქიული სისტემის კლასიკური ნიმუშია მედვედევის არჩევა პრეზიდენტად 2008წ.

ამაზე ყურადღების გამახვილება პირდაპირ კავშირშია რუსულ იმპერიულ რევანშიზმთან, რომელსაც აქვს მცდელობა, მოახდინოს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მემკვიდრეობის აღდგენა.

შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ასპექტი, თუ როგორ მოხდა რუსული იმპერიული რევანშიზმის განვითარება.

1. გაზის და ნავთობის ოლიგარქიულ (ეკონომიკურ პოლიტიკური) ინტერესებში ჩართვა.
2. სახელმწიფო სისტემის ავტორიტარულ სისტემად გარდაქმნა.
3. სახელმწიფოს ფედერალური პოლიტიკის მაქსიმალური ცერნტრალიზაცია.
4. სახელმწიფო ორგანოების კორუფციული სისტემის არაღმოფხვრა, რაც სახელმწიფო პოლიტიკური ოლიგარქიის მართვის და დაქვემდებარების შესანიშნავი ბერკეტია.
5. პოლიციის, ჯარის სამოქალაქო ინსტიტუტების სპეციალურად არარეფორმირება და პოსტსაბჭოთა სისტემაზე დატოვება, რაც ასევე ოლიგარქიულ პოლიტიკურ ეკონომიკურ გუნდს აძლევს საშუალებას გავლენა იქონიოს სახელმწიფოზე და საზოგაროება ჰყავდეს მორჩილებაში.
6. ელცინის დროინდელი ოლიგარქების გაცხრილვა და პოლიტიკური ოლიგარქიის ახალ ელიტარულ სისტემასთან დაქვემდებარება.

ეს არის ის ძირითადი ასპექტები, რასაც დღეს ეყრდნობა რუსული იმპერიული რევანშიზმი. ძალიან საინტერესოა რა იმალება ამ რევანშიზმის უკან, რატომ ხდება ამ ყველაფრის სახელმწიფო პოლიტიკად ქცევა და არის თუ არა ეს საკმარისი, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მემკვიდრეობის მოსაპოვებლად, რაც რუსეთმა დაკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ?

პირდაპირ ვიტყვი რაომ არა. ეს არის გზა, რომლითაც რუსეთის პოლიტიკური ამბიცია დამარცხდება. თუ რატომ ამაზე მინდა მოგახსენოთ.

მე-20 საუკუნის 20 იან წლებში ბოლშევიკების მიერ, სტალინის მეთაურობით შეიქმნა ახალი მოდერნიზებული იმპერია ”საბჭოთა კავშირი”, რომლის გაფართოების და საბოლოოდ ფორმირების ეტაპი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასრულდა. ომის შემდეგ ამ იმპერიამ დაახლოებით 46 წელი იარსება. მაშინდელი იმპერიის შექმნის სტრუქტურაც დიქტატორული და ტოტალიტარული იყო, მაგრამ ის ძალიან განსხვავდებოდა რუსეთის დღევანდელი რევანშისტული იმპერიული პოლიტიკისაგან. სტალინის დროინდელი ბოლშევიკური პარტიის ძირითადი სწორება სახელმწიფოზე იყო. იმ დროს არ არსებობდა ის გახრწნილი სისტემა, რომელიც მოქმედებს დღეს. მაშინდელმა სახელმწიფოს ცენტრალიზებულმა მართვამ თავისი შედეგი გამოიღო და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გარდა 15 სახელმწიფოსი მოექცა აღმოსავლეთ ევროპა სრულად, რომლითაც შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური უძლიერესი ბლოკი, რომლითაც საბჭოთა კავშირი თავის გეოპოლიტიკას წარმარტავდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო წყობა ტოტალიტარული იყო, მიმართულება პოლიტიკის იყო არა ოლიგარქიული, არამედ სახელმწიფოებრივი.

დღევანდელი სისტემა დღე და ღამესავეთ განსხვავდება მაშინდელი სისტემისაგან. უფრო მეტიც, დღევანდელი იმპერიული რევანშიზმი დამოკიდებულია ოლიგარქიულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ სისტემაზე და არ არის სახელმწიფოებრივი. ის ინდივიდუალურ (პიროვნულ) ნიშნებს ატარებს. სწორედ ეს არის ის სუსტი წერტილი და აქილევსის ქუსლი, რისი გადატანაც ახალ რევანშიზმს ძალიან უნდა გაუჭირდეს.
სრულიადაც არაა საკმარისი გაცხადებული რევანშისტული პოლიტიკის წარმატებისათვის ის მექანიზმები, რაც პუტინის პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ამ ელიტის რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკა უფრო ფსევდო იმპერიულია და გათვლილია სწორედ იმ ინდივიდუალურ ოლიგარქიული ფულის შენარჩუნებაზე, რაც ამ წრემ მოიპოვა პუტინის მეთაურობით. მარტივად ამას ეკონომიკურ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება ჰქვია.

ჩემის აზრით, რომელიც შესაძლოა საკამათოც იყოს პუტინის რევანშისტული პოლიტიკის წარმოება ფასადია იმ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ რაც მან ხელში ჩაიგდო. ნებისმიერი გეოპოლიტიკური საკითხის განჭვრეტა სწორედ ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნება-განმტკიცებას ემსახურება და პრაქტიკულად პუტინის მიერ ნათქვამია დიდი ტყუილი რუსეთის ძლევამოსილების აღდგენის კუთხით. რუსული რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკა ეს არის ფასადი ოლიგარქიულ ძალაუფლების შენარჩუნების და არა რუსეთის დიდების მიღწევისათვის. ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია ”გაზპრომის” საქმიანობა, რომელიც ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური ოლიგარქიის უნიკუმია. მაშინ როდესაც სტალინის დროს ეს აბსოლუტურად სხვაგვარად მიმდინარეობდა და წარმატებაც გარანტირებული იყო. ”გაზპრომის” სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ისევ ამ ოლიგარქიული წრის ინტერესებს ემსახურება უბრალოდ გეოპოლიტიკურ მასშტაბებში, რომლის წარმატებებს ხელს სახელმწიფოებრივი ცნობიერება არ უწყობს. ეს არის მშრალი რევანში, თუმცა ის, საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს მსოფლიო გეოპოლიტიკურ განლაგებას და ძალიან სერიოზულ ძალად არის წარმოჩენილი.

დღევანდელი რუსული რევანშისტულ იმპერიული პოლიტიკის მარცხი მხოლოდ დროის საკითხია. თუ ამ საკითხს დეტალურად მივუდგებით მსგავსი პოლიტიკის წარმოებაში პუტინს ხელს არაფერი არ უწყობს. არც მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა, არც შიდა პოლიტიკურ- სახელმწიფოებრივ- სამხედრო სტრუქტურა, რომელიც გახრწნილია და არც ეკონომიკურ ოლიგარქიული სტრუქტურის დაცვის მექანიზმი, რომელიც ქურდულ-მაფიოზური წრეებიდან ხორციელდება. სწორედ ეს გვაფირებინებს, რომ რუსული იმპერიულ რევანშისტული პოლიტიკის ბაზისი არის გახრწნილი და მას ძნელად შეუძლია დაუპირისპირდეს ისეთ მწყობრ, ლეგალურ დასავლურ სტრუქტურას რომელსაც ასე თავგამოდებით ებრძვის. ამიტომ ეს რევანშისტული იმპერიული პოლიტიკა სწორედ ამ გახრწნილი სისტემის დაცვას ემსახურება, რომელიც მკაცრად ინდივიდუალურია და სახელმწიფოს ინტერესები ძალიან ქვედა ხარისხზეა გათვალისწინებული.

თუნდაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის მიერ სწორედ ამ ოლიგარქიული სისტემის შენარჩუნება განმტკიცებას ემსახურება. ეს არის რუსული ღირებულებები, რაც ზოგადად სახელმწიფოს ღირებულებებთან კორელაციაში ვერ მოდის. ამიტომ მისი მარცხი გარდაუვალია, ისევე როგორც სტალინის იმპერიის მარცხი იყო გარდაუვალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინტერესს გაცილებით მაღალ ხარისხში განიხილავდა უსისტემობამ, ან არასწორმა სისტემამ გამოიწვია სწორედ ის, რაც გამოიწვია 1991წ. 22 დეკემბერს სსრკ-ს დაშლა.

სტალინის პოლიტიკურ სისტემაშიც სჭარბობდა ინდივიდუალიზმი. პიროვნების სიძლიერეზე და ნებაზე იყო დამოკიდებული წარმატებები და ის ვერ მოექცა ისეთ სისტემაში, რომელსაც შეეძლო ამ ინდივიდუალური პოლიტიკური პერსონის ჩანაცვლება, რამაც სსრკ-ს დაშლა გამოიწვია პოლიტიკურად, ხოლო ეკონომიკური კოლაფსი გეგმიური ეკონომიკის პროდუქტი იყო, რომელსაც არ ჰქნოდა საშუალება ყოფილიყო მოქნილი და ელემენტარულად არ გააჩნდა შესაძლებლობა კრიზისიდან გამოსულიყო, ისევე როგორც დღევანდელ რუსეთს ამის ნაკლები შანსი აქვს, თუ არ მოხდა რუსეთში სისტემური ცვლილებები და არ შეიცვალა ის ოლიგარქიული სისტემა, რომელმაც საბჭოთას კავშირის პარტიული ნომენკლატურა ჩაანაცვლა.

ამ ინდივიდუალიზმის ფორმით სტალინის და პუტინის რუსეთი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. სხვათა შორის ვფიქრობ, რომ ამერიკული პოლიტიკის ძირითადი დარტყმა, სწორედ ამ ინდივიდუალიზმზე მოხდება, რაც რუსულ პოლიტიკურ აქტიურობას საგრძნობლად შეაჩერებს. ობამას გუშინდელი ინტერვიუ ამის ნიშნებს შეიცავს. რუსებმა წითელი ღილაკის ”გადატვირთვის” სახით სერიოზული გაფრთხილება მიიღეს, რომელიც ობამას გუშინდელ ინტერვიუშიც გამოჩნდა.

რუსეთმა განაცხადა, რომ მას გადასატვირთი არაფერი არა აქვს, ამერიკელებს მიაჩნიათ რომ უნდა გადაიტვირთოს. ამაზე აქტიურად მიმდინარეობს განცხადებების გაკეთება. ობამას მიერ პუტინის მისამართით ნათქვამმა ორაზროვანმა ფრაზამ, რომ მას ერთი ფეხი ძველ რუსეთში აქვს და მეორე ახალ რუსეთში სერიოზულ მინიშნებად უნდა ჩაითვალოს. როგორც ეტყობა ამერიკული პოლტიკა სწორედ რუსულ ოლიგარქიულ ხერხემალზე დარტყმას აპირებს და ეს დროში გამოჩნდება. რუსული ოლიგარქიულ-რევანშისტული სისტემის დანგრევა პირდაპირ შეიძლება იყოს დამოკიდებული პუტინის პერსონასთან, რომლის განეიტრალებაც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ამ სისტემის რღვევის. ამიტომ ვფიქრობ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდფება და შესაძლოა მედვედევმა ამ თამსაშში გორბა ჩოვის როლი შეასრულოს. ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და უფრო ნათლად გამოჩნდება ამ ყველაფრის ნიშნები.

3.07.2009წ.