Sunday, 10 April 2022

აბა, ომი გინდათ?

რას ნიშნავს: „აბა ომი გინდათ?“„ზელენსკიმ ხალხი გაწირა,“ „არ იცოდა ზლენსკიმ რა მოხდებოდა?“ „ ამ ომში დაიჩაგრება და დაისჯება უკრაინა“ (საქართ. პ.მ). „უნდათ საქართველო ჩაითრიონ ომში“ (ირაკლი კობახიძე) ...
ეს არის ის იდეოლოგიური საფუძვლები, რაზედაც დგას საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, რომლითაც ის უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და უპირისპირდება უმძიმეს ომში ჩართულ უკრაინის ხელისუფლებას.
რას ნიშნავს ეს ფრაზები? ალბათ, საინტერესოა რა დგას ამ ფრაზების უკან, რა წარმოადგენს ამ იდეოლოგიის კონტექსტს. ასევე შეგვიძლია წინასწარ შევიტყოთ, რაზეა წამსვლელი საქათველოს ხელისუფლება და რის დათმობას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ სასქართველოს ომს დაუწყებს რუსეთი.
როგორც აღმოჩნდა (თუ რატომ აღმოჩნდა ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) აბსოლუტურად ბლეფი იყო რუსეთის ფედერაციის წერილი დასავლეთის და ნატოსთვის, სადაც ითხოვდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც წერია, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოსა წევრები. ასევე ბლეფი იყო, რომ რუსეთს არ სურს ნატოს სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებთან. მას ყავს ნატოს სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებთან, ესაა ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან სანკ პეტერბურგთან. ასევე ახლახანს განაცხადეს, რომ ფინეთის და დანიის შესვლა ნატოში რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
სინამდვილეში სრულიად სხვა მიზეზია იმისი თუ რატომ უნდა დასხმოდა თავს უკრაინას რუსეთი. ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა და საათზე მეტი ისაუბრა უკრაინაზე, თუ როგორ არის ის ხელოვნური სახელმწიფო, რომ ის არ უნდა არსებობდეს როგორც ეროვნული სახელმწიფო და სწორედ მაშინ ახსენა დენაციფიკაცია. რასაც უპირებდნენ უკრაინელებს. რა არის დენაციფიკაცია კარგად არის ახსნილი ტიმოფეი სერგეიცევის სტატიაში „რა უნდა გააკეთოს რუსეთმა უკრაინაში.“ ამ სტატიაში ვკითხულობთ:
• „მოსახლეობის შემდგომი დენაციფიკაცია მოიცავს ხელახალ აღზრდას, რაც მიიღწევა იდეოლოგიური რეპრესიით და მკაცრი ცენზურით არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ კულტურისა და განათლების სფეროებში
• დენაციფიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გამარჯვებულის მიერ, რაც გულისხმობს (1) მის აბსოლუტურ კონტროლს დენაციფიკაციის პროცესზე და (2) ძალაუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ კონტროლს. ამ მხრივ, დენაციფიცირებული ქვეყანა არ შეიძლება იყოს სუვერენული
• დენაციფიკაციის ვადები არანაირად არ შეიძლება იყოს ნაკლები ერთ თაობაზე, რომელიც უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და მომწიფდეს დენაციფიკაციის პირობებში
• სახელწოდება „უკრაინა“ არ შეიძლება შენარჩუნდეს
• დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება სახალხო რესპუბლიკები, რომლებიც ისარგებლებენ ეკონომიკური თვითმმართველობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლებით
• არანაირი „მარშალის გეგმები“ ამ ტერიტორიებზე არ დაიშვება
• არანაირი „ნეიტრალიტეტი“, იდეოლოგიური და პრაქტიკული გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს: შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე რამე ორგანიზაცია არ ეყრდნობოდეს რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას
• დენაციფიკაცია გარდაუვალად ნიშნავს დეუკრაინიზაციას
• საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინა, როგორც ისტორიამ აჩვენა, შეუძლებელია შედგეს ეროვნულ სახელმწიფოდ. მისი „მშენებლობის“ მცდელობა ბუნებრივად იწვევს ნაციზმს
• უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი
• ბანდერელების ზედაფენა უნდა განადგურდეს, მისი ხელახალი აღზრდა-გადაკეთება შეუძლებელია
• დენაციფიკაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის მიმხრობა, რუსეთის მხარეს გადასვლა. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა ხალხი გონს მოეგოს ომის საშინელებებისაგან და დარწმუნედეს რუსეთის გრძელვადიან განზრახულობაში, რომ „მათ არ მიატოვებენ“
• „კათოლიკური პროვინცია“ (დასავლეთი უკრაინა ხუთი რეგიონის შემადგენლობით) ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს პრორუსული ტერიტორიების ნაწილი, თუმცა გამყოფი ხაზი ემპირიულად გაივლება. დარჩება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, მაგრამ იძულებით ნეიტრალური და დემილიტარიზებული უკრაინა ფორმალურად აკრძალული ნაციზმით. ამ ნარჩენი უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოში შენარჩუნების გარანტია უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებელი გაგრძელების საფრთხე. შესაძლოა, ამას დასჭირდეს რუსეთის მუდმივი სამხედრო ყოფნა მის ტერიტორიაზე.
• უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ფორმირების, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიკვიდაცია
• არსებული სასწავლო მასალებისა და ყველა დონის საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვა
• უკრაინის დენაციფიკაციის გეგმის პრაქტიკაში განსახორციელებლად, რუსეთს მოუწევს საბოლოოდ დაშორდეს პროევროპულ და პროდასავლურ ილუზიებს, გაიაზროს თავი ისტორიული ევროპის იმ ფასეულობათა დაცვისა და შენარჩუნების უკანასკნელ ინსტანციად, რომელზეც დასავლეთმა საბოლოოდ თქვა უარი
• დავანაწევრებთ უკრაინას, ავკრძალავთ „უკრაინის“ ხსენებას, დავაწესებთ ცენზურას, გავაუქმებთ უკრაინულ ენასა და სახელმძღვანელოებს“.“
ეს გეგმა, რომელიც ავტორმა მკითხველს წარმოუდგინა, არის ის საშინელება, რასაც რუსები უპირებდნენ უკრაინას და უპირებენ სავარაუდოდ იმ რეგიონებს, რომლების დატოვება უნდათ ოკუპაციის ქვეშ, დონბასი, ლუგანსკი და ყირიმი.
ეხლა, ამ გეგმის გათვალისწინებით საინტერესოა განვიხილოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იდეოლოგია: “„ზელენსკიმ ხალხი გაწირა,“ „არ იცოდა ზლენსკიმ რა მოხდებოდა?“ „ ამ ომში დაიჩაგრება და დაისჯება უკრაინა“.
რა უნდა ექნა ზელენსკის, ხელი უნდა მოეწერა დენაციფიკაციაზე? ხელი უნდა მოეწერა და დაეშვა უკრაინის დანაწევრება, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, უკრაინული ენის გაუქმება, უკრაინული საგანმანათლებლო სისტემის გაუქმება, მოეხდინა უკრაინის დეუკრაინიზაცია? ანუ ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ ეკითხა რა ვქნა ვეომო რუსებს თუ გავაუქმო უკრაინის სახელმწიფო რას ეტყოდა პრემიერი ღარიბაშვილი და მთავარი იდეოლოგი კობახიძე, გააუქმე, აბა ომი გინდაო? ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ იდეოლოგიით, რასაც ისინი ავრცელებენ ყოველდღიურად და ეს იკითხება მათი ფრაზებიდან.
როდესაც ამბობთ აბა ომი გინდათ, ეს ყველაფერი რასაც უკრაინას უპირებდს რუსეთი საქართველოზეც ვრცელდება? ხომ ფაქტია, რომ რუსეთი ცარისტული იმპერიის აღდგენას აპირებს,ამაზე ისაუბრა პუტინმა ზუსტად. ანუ საქართველომაც უნდა გააუქმოს საკუთარი სახელმწიფო? ამას გველაპარაკებით? ამას ნიშნავს ომისგან თავის არიდება? სინამდვილეში რუსები ნატოს წინააღმდეგ არ იბრძვიან და შესანიშნავად იციან, რომ თავს არავინ დაესხმებათ. რუსები იბრძვიან ჩვენნაირი ქვეყნების დაშინებვისთვის და დასავლელი პარტნიორების გასანეიტრალებლად, რომ მერე ტვინი არ წაუღონ დასავლეთმა ოკუპაციიით. ხოლო საქართველოს ხელისუფლება მთელი არსებით გადაშვებულია დასავლეთისგან დისტანცირებაში და მზადა საქართველოს დენაციფიკაციისთვის და სახელმწიფოს გაუქმებისთვის. აი ეს არის იმ ფრაზების უკან რასაც ისინი ამბობენ.
საქართველოს ხელისუფლება თავისი პოზიციით, არის უკრაინის დენაციფიკაციის მომხრე, რაც გულისხმობს: უკრაინის დანაწევრებას, „უკრაინის“ ხსენების აკრძალვას, ცენზურის დაწესებას და დემოკრატიის გაუქმებას, უკრაინული ენის და სახელმძღვანელოების გაუქმებას, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებას. ელემენტარულად რომ გავაცნობიეროთ რას ლაპარაკობენ და რას ამბობენ, ხოლო ამ საუბრით რას უსურვებენ და ურჩევენ უკრაინას, შემდეგ წარმოვიდგინოთ რას უპირებენ საქართველოს და რაზე არიან წამსვლელები, შესაძლებელია მართლა ცუდად გახდე და გული გაგიჩერდეს.
ბოლოს მინდა ის მიზეზი გავხსნათ, თუ რატომ არის ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია და ბიძინა ივანიშვილის ფულის გადარჩენა. ამისათვის მზად არიან უკრაინას უსურვონ გაუქმება და დენაციფიკაცია, ხოლო საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობაზე თქვან უარი. მე არაფერი მომიგონია, ამას ამბობენ თავად და ამ იდეოლოგიას აფუძნებენ

Sunday, 30 January 2022

რუსეთის იმპერიის დასასრული

 





ძალიან ბევრი მსჯელობაა უკრაინის საკითხზე. დაიწყებს რუსეთი ომს, არ დაიწყებს ომს, რას იზამს დასავლეთი, როგორ მიეხმარება, რა იარაღს აწვდის უკრაინას და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობა წარმოშობილ საკითხზე, მოცემულობაზე, რომლის წინაშეც დაგვაყენა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა სამხედრო ძალამ. ამაზე საუბარი და მსჯელობა რა თქმა უნდა ლეგიტიმურია და შესაბამისად საფრთხეც არსებობს, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა თავად რუსეთის იმპერიის, როგორც კლასიკური იმპერიის (კლასიკური იმპერია, რომელიც იერთებს და იპყრობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს) შინაარსის შესაძლებლობა თანამედროვე სამყაროში. რამდენად არსებობს მისი კიდევ ერთხელ მოდერნიზაციის შესაძლებლობა? რუსეთის პირველმა იმპერიამ 2 საუკუნე იარსება. მეორე ბოლშევიკურმა იმპერიამ კიდევ 70 წელი. ორივე იმპერია კლასიკური ხასიათის იყო, რაც მოიცავდა გარშემომყოფი ქვეყნების შეერთებას, ანექსიას და ოკუპაციას. ორივე შემთხვევაში რუსეთი ახერხებდა საკითხის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას. დღეს ვითარება სხვაგვარია. რუსეთის ოკუპაციები შემოიფარგლება მხოლოდ ნაწილობრივი ტერიტორიების ოკუპაციაში, როგორიცაა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი მოლდოვაში, დონეცკის და ლუგანსის რეგიონები უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.
რამდენად არსებობს დღეს კლასიკური იმპერიის შექმნის შესაძლებლობა? ეს არის საინტერესო საკითხი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგი დასრულებულია. ის დასრულდა სსრკ დაშლით. ვ. პუტინმა მას უწოდა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა. სინამდვილეში ეს იყო გეოპოლიტიკური და ისტორიული ლოგიკა, იმიტომ რომ არ უნდა ეარსება ქვეყანას, რომელიც აკეთებდა იარაღს და ტალონებით აწვდიდა თავის მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტებს, არ გააჩნდა ადამიანიის უფლებების ელემენტარული დაცვა, არ გააჩნდა სამართალი და არ გააჩნდა პოლიტიკური კონკურენცია შიდა პოლიტიკურ ველზე. ასევე არ შეეძლო შეეთავაზებინა მისი გავლენის და ანექსიის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები. არ შეეძლო ამ კონკურენციაში ჩართვა, რომლის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე მსოფლიო. მითუმეტეს დღეს. თუ რუსეთს გაეთიშება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფები, გუგლი, აპლი, მაკროსოფტი, საბანკო სისტემა.... რა დარჩება ან რუსეთის ეკონომიკიდან, ან მისი პოლიტიკური ამბიციებიდან? ... შეუძლია მას შექმნას ალტერნატივა? იყოს სუვერენული? ან რას თავაზობს დაპყრობილ ქვეყნებს ამის სანაცვლოდ? ვერც ვერაფერს და ამის არც რესურსი გააჩნია, არც ინტელექტუალურ ტექნოლოგიური შესაძლებლობა.
როგორც კი გაჩნდა პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობა საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჩამოშლა და მას აღარ გააჩნდა შინაარსი, რომ შენარჩუნებულიყო. საბჭოთა კავშირის თავს არავინ დასხმია და არ დაუშლია. ის დაიშალა იმით, რომ გამოეცალა შიდა სიტუაციის შენარჩუნების შინაარსი და ასევე საგარეო გეოპოლიტიკური შინაარსი. ამიტომ არანაირ კატასტროფას ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა ისტორიულ ლოგიკას, რომლითაც ეს იმპერია ვეღარ შენარჩუნდებოდა. ანუ აღარ არსებობდა ენა, რომელზედაც ეს იმპერია დაამყარებდა კომუნიკაციას დანარჩენ მსოფლიოსთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ვ. პ უტინს აქვს მესამე მცდელობა აღადგინოს რუსეთის იმპერია, იგივე ფორმით, როგორც ეს წინა საუკუნის 20-იან წლებში მოახდინეს ბოლშევიკებმა, დაპყრობით, ანექსიით. რამდენად არსებობს ამ ახალი იმპერიის შექმნის ენა? შესაძლებელია ახალ იმპერიას გააჩნდეს შესაძლებლობა მან გააგრძელოს ცხოვრება როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გააგრძელა? რამდენადაა ეს სინამდვილე? დღეს რა აქვს ხელთ პუტინს, რომ განახორციელოს ეს იდეა? მაგალითად რა კომპონენტებია ზემოთ ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ქვეყნებში? რამდენადაა ესენი მთლიანად ამ ქვეყნების დაპყრობის და ახალ რუსეთის იმპერიაში მოქცევის ბერკეტები?
ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკური და ოლიგარქიული ბიზნეს ელიტა ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის იდეით ქმნიან მითს, რათა გაიხანგძლივონ საკუთარი ფინანსური იმპერიის ხანგძლივობა. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი შინაარსი ისინი არსებობდნენ ხელისუფლებაში და განკარგავდნენ რუსეთის უზარმაზარ ქონებას, ხოლო უკვე 20 წელია რუსეთის მოსახლეობა ცხოვრობდეს უკიდურეს გაჭირვებაში. რა თქმა უნდა ნამდვილია ტანკებიც, სამხედრო მოსამსახურეებიც, მუქარაც უკრაინის და საქართველოს მიმართ, მაგრამ არაა ნამდვილი ამ მუქარის განხორციელება, არაა ნამდვილი რუსეთის ახალი იმპერიის შექმნის შესაძლებლობა იმ ფორმით, როგორც ამ იმპერიამ იარსება მანამდე. არაა ნამდვილი ქვეყნების სრული ოკუპაცია და მათზე ფინანსური კონტროლის და ასევე ფინასური უზრუნველყოფის განხორციელება.
ნამდვილი და მაქსიმუმი შესაძლოა იყოს იქ სასურველი ხელისუფლებების დასმა, ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად დროებითი და მყიფე. ეს ყველაფერი ემსახურება მითს დიდი რუსული იმპერიის აღდგენაზე, რომელიც პუტინს და მის გარემოცვას ჭირდება პოლიტიკურ ელიტად ყოფნისთვის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ეს არის მითოლოგიური ხუხულა, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ამ ნგრევას შესაძლოა უკვე მოყვეს თავად ფედერაციის რღვევა, ვინაიდან რუსეთი ვერ უზრუნველყოფს თავისივე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, რამაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ის შესაძლოა განხორციელდეს საკუთარ რეგიონებშიც.
რუსეთის იმპერიის დაშლა დაიწყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციით. მერე მოხდა მისი მოდერნიზება 70 წლით და გაგრძელდა დაშლა. ახალი მოდერნიზების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია თანამედროვე რუსეთს, განსაკუთრებით იმ ფორმით რა ფორმითაც ცდილობს ეს გააკეთოს. კლასიკური იმპერიის ენა იმდენად მკვდარი ენაა, რომ შეუძლებელია მისი აღდგენა. თუ ეს მეოცე საუკუნეში დასრულდა ბრიტანეთისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ის სრულდება რუსეთისთვისაც. შესაძლებლობას ასრულებს დისკურსის არ არსებობა, კონტექსტის არ არსებობა და ენის არ არსებობა. უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, საფრთხილო და საშიშია იმდენად, რამდენადაც ის გამოიწვევს ადამიანების დიდ მსხვერპლს, ლტოლვილების დიდ ნაკადს, ნგრევას. ეს დაანგრევს იმ მითს, რასაც პუტინი რუსეთში ამკვიდრებს, იმიტომ რომ პუტინი დღეს ვერ შექმნის კლასიკურ იმპერიას, ეს ისტორიის საკუთრებაა. კლასიკური იმპერიის ენა მოკვდა. რაც უფრო ადრე დაინგრევა რუსებისთვის ახალი სსრკს შექმნის მითი, მით უფრო ამოისუნთქებს რუსი ხალხი. სწორედ ეს მითია მათი საშინელი ცხოვრების მთავარი მიზეზი. უკრაინა იყო რუსეთის შექმნის დასაწყისი და იქნება რუსეთის იმპერიის დასასრულიც. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის საზოგადოება, ძალიან მალე გააცნობიერებს იმ აბსურდს, რა აბსურდშიც პუტინის რეჟიმი აცხოვრებს რუსეთს. იმაზე სწრაფად მოხდება ყველაფერი, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. რუსეთის იმპერიის ლოგიკა აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ მუქარა და ბლეფი. რაც უფრო ადრე გამჟღავნდება ეს, უკრაინის და დასავლეთის მეშვეობით, მით უფრო მალე დაინგრევა პუტინის მითოლოგია და პროპაგანდა ახალ დიდ რუსეთის იმპერიაზე. მთავარია ეს მოხდეს რუსეთის შიგნით. ტყუილი და ბლეფია, რომ რუსეთის უდაფრთხოებას აქვს პრობლემები ნატოს გაფართოებით. რაკეტები რუსებს უკრაინიდან თუ მიწვდება ვარშავიდანაც მიწვდება, უბრალოდ მას ამას არავინ ესვრის და არც აპირებს ესროლონ.

ირაკლი მარგველაშვილი

29.01.2022