Sunday, 28 June 2026

რუსეთის მიერ სააკაშვილის გაგდება კავკასიიდან

წერილის ცოტა გრძელი გამომივა, მაგრამ გთხოვთ წაიკითხოთ. ეს ნაწილია იმ დიდი თემის, რომელსაც ამ წერილში შევეხები. წერილის პირობითი სათაურია - რატომ არ უნდათ რუსებს მიხეილ სააკაშვილი კავკასიაში? 2013 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა დაასრულა თავისი საპრეზიდენტო ვადა. ის გადაფრინდა ევროპაში და იქ დარჩა. რატომ მოხდა ეს? ის გააგდეს კავკასიიდან. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ეს დადასტურდა 2014 წელს, როდესაც მის წინააღმდეგ აღიძრა პირველი სისხლის სამართლის საქმე. ეს ნიშნავდა, რომ ის თუ დაბრუნდებოდა საქართველოში, მას აუცილებლად დააპატიმრებდნენ. გაბრუებული ქართველი ერი, მაშინ ივანიშვილის ხიბლში იყო ჩავარდნილი და არავინ ფიქრობდა, რომ ეს რამეს ნიშნავდა. ცხოვრება გრძელდებოდა ინერციით. არასოდეს ვფიქრობ, რომ მოწოდებული ინფორმაციას უნდა დავუჯერო. ინფორმაციის თავისებურება ისაა, რომ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი რამ, რაც ამ ინფორმაციას გადაგამოწმებინებს. მართალი გითხრათ დიდად ეს არც მჭირდებოდა, იმდენად ხელისგულზე იდო ყველაფერი. ჩემთვის იმთავითვე ცნობილი იყო რატომ გააგდეს მ. სააკაშვილი კავკასიიდან. სწორედ ამაზე მინდა მოგითხროთ ანუ იმაზე თუ რა ხდება სინამდვილეში და რა იმალება იმ უამრავი მითოლოგიის უკან, რომელიც სააკაშვილის 9 წელში შეიქმნა და მისი დამარცხებაც ამ მითოლოგიის ნაწილიც იყო. რატომ გააგდეს სააკაშვილი კავკასიიდან? ვერ იქნება ამ შეკითხვაზე პასუხი თუ არ გავიაზრებთ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს როლის, იმ მასშტაბს, რომელიც მას კავკასიაში გააჩნია. სწორედ ეს კავკასიური როლია ის საიდუმლო, რომელიც დევნის კავკასიიდან ქართული სახელმწიფოს მომხრეებს. პირველი დევნა ჯერ კიდევ ბაგრატოვანთა რუსეთში გადასახლება იყო. შემდეგ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს მკვლელობა 1921 წელს, შემდეგ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა... პირველი მცდელობა სააკაშვილის კავკასიიდან გაგდების, ეს იყო 2008 წლის ომი და ეს ფაქტი გაეროს ტრიბუნაზე დადასტურდა იმავე წელს, როდესაც ამერიკის წარმომადგენელმა რუსეთის ელჩს ჩურკინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთის მხარე ითხოვდა სააკაშვილის წასვლას ხელისუფლებიდან. ეს პირდაპირ უთხრეს მაშინდელ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს. მაინც რა არის კავკასიიდან რუსების მიერ და რუსების მომხრე ქართველების მიერ დევნილი ლიდერების საიდუმლო? ეს არის რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოს შეუძლებლობა კავკასიაში. ქართული სახელმწიფოს არსებობა თავისი როლით, გულისხმობს რუსეთის არ არსებობას კავკასიაში. აი ასე მარტივად დგას საკითხი. მაგალითისთვის ჩავშალოთ დღევანდელი სიტუაცია კავკასიაში და ზუსტად მივხვდებით, რატომ უნდა იყოს ან ციხეში ან გაგდებული კავკასიიდან მიხეილ სააკაშვილი, ან მისი მსგავსი ლიდერი. ეს არ არის გადაჭარბება. ეს არის რეალობა და ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი. ალბათ ყველას გვახსოვს უახლესი თვეების უკან, ყარაბაღის ომი. რა მოხდა ამ ომის დროს? მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ომი არანაირად არ აწყობდა რუსეთს. მაგრამ ეს ომი მოხდა, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში ჩართული იყო თურქეთი. ვერავინ დამაჯერებს იმაში, რუსეთს რომ ქონოდა შესაძლებლობა, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა კავკასიაში მისი საპირწონე პოლიტიკური მოთამაშის შემოსვლას, როგორიც არის თურქეთი. დღეს ფაქტია, რომ პროექტი "ერთი ერი ორ სახელმწიფოში", რომელიც ჯერ კიდევ მამა ალიევის დროს დაიწყო შედგა. შედგა და წარმატებასაც მიაღწია. თურქეთი შემოვიდა ამიერ კავკასიაში. რუსები იძულებული იყვნენ ეს ექნათ. მათ სომხეთი არ გაუყიდიათ, უბრალოდ მათ არ შეეძლოთ ამ სამხედრო ალიანსს დაპირისპირებოდნენ. თუმცა მათ გადაწყვიტეს სომხეთის ლიდერის პაშინიანის დასჯა, რომელიც უბრალოდ არ გამოუვიდათ. სომეხი ხალხი იმაზე უფრო პრაგმატული აღმოჩნდა ვიდრე 80-იანი წლების ბოლოს. პაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა, ეს არის ნაღმი რუსებისთვის. მისი ამოქმედება დამოკიდებულია საქართველოზე. დღეს რუსეთის ბედი კავკასიაში დამოკიდებულია საქართველოზე. დღეს საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც რუსეთს ახანგძლივებინებს კავკასიაში ყოფნას. ის ეგრეთ წოდებული ექვსთა უსაფრთხოების კავშირიც რუსეთის ბოდვაა, რომელმაც უნდა განაპირობოს რუსეთის დარჩენა კავკასიაში. ვინ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ამ ყველაფერს? ისეთი საქართველო, რომელიც მოინდომებს თავისი სახელმწიფოს შექმნას. ივანიშვილის ხელისუფლება დღეს არის გარანტი იმისი, რომ რუსეთი დარჩეს კავკასიაშია. სხვა შემთხვევაში, საქართველოს მიერ სომხეთ აზერბაიჯანის და თურქეთს შორის მედიაციით ურთიერთობების დარეგულირება, არის იმის გარანტია, რომ რუსეთის სამივე ბაზა სომხეთში და საქართველოში გახდეს დისფუქციური. რუსეთის მიერ 80-იანი წლების ბოლოს ინსპირირებულმა ყარაბაღის კონფლიქტმა შეუქმნა რუსეთს ის პლაცდარმი, რასაც დღემდე ახორციელებს მთელს კავკასიაში. თურქეთის შემოსვლამ კავკასიის გეოპოლიტიკურ ველზე შექმნა სხვა რეალობა. საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის აქტიურობას შეუძლია შექმნას არა ექვსთა, არამედ ოთხთა კავშირი (სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი), რომელიც სრულიად აბსურდად აქცევს რუსეთის ყოფნას კავკასიაში და მის სამხედრო ბაზებს გამოაცლის პოლიტიკურ შინაარსს. მემგონი ცხადია, რატომ უნდოდათ რუსებს 2008 წელს კავკასიიდან სააკაშვილის გაგდება ვინაიდან საქართველო, აზერბაიჯან თურქეთის ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორობა, იყო საშიში რუსებისთვის. ამას დღეს თუ სომხეთიც მიემატება, რუსეთის პოლიტიკური შინაარსიდან აღარაფერი რჩება. ამიტომ დღეს ივანიშვილს რუსეთისთვის ოქროს ფასი აქვს. ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე დატოვოს ხელისუფლებაში და საქართველო იყოს ამოგდებული ზოგადკავკასიური კონტექსტიდან. ამიტომ არ უშვებენ სააკაშვილს კავკასიაში, რადგან იციან, რომ მისი ლიდერობით სულ სხვა რეალობა დაუდგება რუსეთს. დღეს ნათელი უნდა იყოს, ნაბიჯ ნაბიჯ რატომ ცილდებოდა ივანიშვილი დასავლეთს, რატომ ამოაგდო საქართველო ყველა მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვიდან, რატომ თქვა უარი და რატომ დაბლოკა და დევნა ყველა საერთაშორისო პროექტი, ანაკლიის პორტი თუ საქართველოს ინტერნეტ ჰაბის გზა ევროპიდან აზიისკენ. ივანიშვილი დღეს არის რუსეთის უპირველესი პარტნიორი კავკასიაში. სწორედ მისი ხელით უჭირავს რუსეთს კავკასია. აი ამ ინფორმაციას მალავენ და ფუთავენ ათას მითოლოგიაში. დღეს საქართველოზე გადის კავკასიის თავისუფლების იდეა და დღეს სწორედ საქართველოთი ბლოკავს ამ იდეას რუსეთი. აი ამიტომ არ უშვებენ სააკაშვილს კავკასიაში და ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური სარჩული მისი პატიმრობის. თავისუფლება საქართველოს ივანიშვილისგან! თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს.

Sunday, 10 July 2022

საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა

ბევრისთვის უცნობია, რა იყო რუსეთის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ასეთი მიუღებლობა, რომელმაც გაიარა ცხელი საომარი ფაზა 2008 წლის აგვისტოში. არაერთხელ დამიწერია, რომ 2008 წლის ომი, ეს იყო გეოპოლიტიკური ომი. ზუსტი სახელწოდება მიანიჭა ამას რონ ასმუსმა, თავისი წიგნის სათაურად რომ გამოიყენა: "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო". რას ვაკეთებდით ისეთს, რასაც ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან? აღარ ვისაუბროთ ჩვენს 90-იანი წლების ნგრევაზე, რომელიც მოგვიწყო რუსეთმა და ათვლის წერტილი ამ შემთხვევაში 1989 წლის 9 აპრილიდან იწყება. საქართველოს გაჩენა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე, აი ეს იყო და არის ყველაზე დიდი მიუღებლობა რუსეთის მხრიდან. დღეს უფრო ნათელია რუსეთის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ და მან მიიღო დასრულებული სახე. დღეს მთელი ფაზლი დალაგებულია, უკრაინის ომის ჩათვლით. დღეს ნათელია ბიძინა ივანიშვილის როლიც ქართულ პოლიტიკაში. ის რომ თითო სოფლისთვის 5 მილიონის დასარიგებლად არ მოსულა, მემგონი ეს კარგა ხნის გარკვეული გვაქვს. არც უფასო ფულის დასარიგებლად მოსულა. ის მოვიდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის, უნდა მოეხდინა საქართველოს ამოგდება გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ შედგა. მას უნდა მოეხდინა პროდასავლური ოპოზიციის და განწყობების განადგურება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთს. 2013-2014 წლების უკრაინის მაგალითზე ამის აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს ამ პოლიტიკური შეკვეთის ფინალური ფაზაა. რატომ არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს სანქციების? ასე ძალიან რატომ უმტკიცებს რუსეთს ერთგულებას? რატომ გაშალა ასე ფართოდ ანტიდასავლური და ბოლოს ანტიამერიკული პროპაგანდა? რისთვის ემზადება ის? ეს არის ის კითხვები, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს ეგზისტენციალური არსებობის თავზე. უკრაინის ომმა შეცვალა ყველაფერი ის, რასაც რუსეთი 1913 წლის შემდეგ აშენებდა. რუსეთის იმპერია თავის თავს მოიაზრებდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებლად, როგორც პოლიტიკური ასევე ენერგო და ეკონომიკური თვალსაზრისით. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ენერგო და ეკონომიკური მდგენელი ამ პოლიტიკის გაიზარდა. ვინაიდან რუსეთი თავს მოიაზრებდა აზია ევროპის მთავარ რგოლად, აუცილებელი იყო ამოქოლილიყო ყველა გზა, რომელიც კი რუსეთს შეუქმნიდა პრობლემას თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეესრულებინა. ერთერთი ასეთი გზა საქართველოზეც გადის. ასევე გადის უკრაინაზეც. გადის ირანზეც. სწორედ ამიტომაა რუსეთი ირანის პარტნიორი და ეხმარება მას ატომურ პროგრამებში, რომელშიც გაცვლილია ერთერთი ასეთი გზის ბლოკირება აღმოსავლეთისგან დასავლეთში. 2004-2012 წლებში საქართველოს ძალიან გააქტიურება ევროინტეგრაციის და ნატოს გზაზე, იყო უდიდესი საფრთხე დაეწყო რღვევა ამ იმპერიულ ენერგო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქსოვილს. საქართველო ნატოში და უკრაინა ნატოში იყო ამ სხეულის საბოლოო დარღვევა. ამის შემდეგ ეს გამოიწვევდა პოსტსაბჭოთა შუა აზიაში ყველა იმ გზების გადამისამართებას კასპიის ზღვისკენ, რომელსაც რუსეთი ფლობდა. დღეს ამის დიდი საშიშროების წინაშე დგას რუსეთი. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ეს არ ნიშნავს საქართველოს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ.... ამიტომ სრული სიმართლე იყო, როდესაც 2008 წელს დასავლეთს უთხრა მიხეილ სააკაშვილმა თუ დღეს რუსეთი არ დაისჯება, შემდეგი იქნება უკრაინა. არის კიდევაც უკრაინა. რა არის ბიძინა ივანიშვილის როლი? შექმნილ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის როლი არის შემდეგი: 1. საქართველო იქცეს შავ ხვრელად, სანქცირებული რუსეთის სხვადასხვა ეკონომიკური პროექტებისთვის. 2. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაიბლოკოს ყველა ალტერნატიურლი ენერგო და ეკონომიკური დერეფანი, რომელიც გადმომისამართდება რუსეთისგან. სწორედ ამის გამო იქნა დაბლოკილი ანაკლიის პორტიც, გაგდებული იქედან ამერიკელი ინვესტორები, რომელსაც თან გასდევს ბიძინა ივანიშვილის ფრაზა: რა უნდა შავ ზღვაში ამერიკულ გემებს? ბიძინა ივანიშვილის ფასი და როლი ძალიან გაზრდილია დღეს, ვინაიდან სწორედ ის არის ერთერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეინარჩუნოს რუსული იმპერიის ქსოვილი, რომელიც შესაძლებელია უკრაინაში გაირღვეს. სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაბლოკვას და მიტაცებას, რომ დასავლეთს აღმოსავლეთისკენ მოუჭრას ყველანაირი გზა როგორც უკრაინის ასევე საქართველოს მიმართულებიდან. ანუ მიუხედავად ამ ურთულესი მდგომარეობისა რუსეთი ცდილობს დასავლეთს არ დარჩეს გზა რუსეთის გარდა და იძულებული გახადოს დასავლეთი მასზე იყოს დამოკიდებული, მიუხედავად უკრაინის მიმართ აგრესიისა. ის ამ ნაბიჯით ცდილობს დასავლეთს პირდაპირ თუ არა ირიბად აღიარებინოს ის რეალობა, რომელსაც უკრაინაში ქმნის. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი დღეს ღიად, უპირისპირდება დასავლეთს და არ ეშინია სანქციების, ვინაიდან მან მშვენივრად იცის მისი როლის ფინანსური ფასი და არც გამოვრიცხავ ის ჰქონდეს დასახელებული. უნდა ავღნიშნო, რომ 2012წ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი, იყო სწორედ საქართველოს დასავლური მისწრაფების დაბლოკვა, რომ ფინალური ფაზისთვის, რომელიც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული და რომელიც დღეს ხორციელდება, საქართველოს მიერ არ გარღვეულიყო იმპერიის ის ქსოვილი, რომელიც დასავლეთს მისცემდა ნორმალური ოპერირების და ალტერნატივის საშუალებას , ხოლო საქართველოს გახდიდა ვარსკვლავს ევროპა აზიის დამაკავშირებელ გზაზე . ამიტომ ყველაფერი ლოგიკურია. ლოგიკურია ისიც, თუ რატომ ანეიტრალებენ ციხეში მესამე პრეზიდენტს. წინ კიდევ მეტი საშინელებებია. ველოდები, რომ ივანიშვილი რუსების დახმარებით ძალისმიერ შეტევას მიიტანს პროევროპულ ოპოზიციაზე, იმიტომ რომ რუსეთისთვისაც ეს საკითხი ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. საქართველო უკრაინასთან ერთად იმყოფება ფინალურ ფაზაში. მიუხედავად იმისა, ჩვენი და უკრაინის ბედი გადაჯაჭვულია, ჩვენი გასაკეთებელი უკრაინაში არ გაკეთდება. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ ივანიშვილმა ჩააგდო ევროკავშიის კანდიდატის სტატუსის მიღება. ის ასევე ჩააგდებს 6 თვეში ამ სტატუსის მიღებას. რუსეთი დამარცხდება და ეს არ არის მხოლოდ სურვილი. ეს არის მისი ქმედებების დისკურსის არარსებობა. აღარ არსებობს ის ტექსტი, რომელშიც შეუძლია ასეთმა რუსეთის იმპერიამ იარსებობს. მე ვთვლი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საკუთარი გეოპოლიტიკური როლის შენარჩუნებისთვის, რუსეთს შეეძლო გადაედგა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რაც გადადგა პეტრე პირველმა წასულიყვნენ ევროპაში და ესწავლათ ახალი გეოპოლიტიკური დისკურსი. რა თქმა უნდა სიმბოლურად. სტალინის შემთხვევაში დარჩენილი იყო ის სივრცე, რაც პეტრე პირველმა დატოვა და მემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შემდეგ ბოლშევიკურ მოდერნიზებულ იმპერიას. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს სივრცე აღარ არსებობდა. საბჭოთა კავშირი ბოლო კუდი იყო იმ ძველი სამყაროსი, რომლის დანგრევას ელოდებოდა დასავლეთი. სტალინის მეთოდით და პეტრეს მეთოდით ამ იმპერიის ისევ შექმნა იყო და არის ის კატასტროფული შეცდომა, რომელიც რუსეთს საბოლოოდ დაანგრევს, მაგრამ ამ დანგრევამდე ის გაამწარებს ქვეყნებს და ოჯახებს. გამოიწვევს უდიდეს ნგრევსა და მსხვერპლს. მთავარი პრობლემა რუსების არის ერთი, დროის ვერ გაგება. ვერ გაგება იმისი, რომ კლასიკური იმპერიის დრო დასრულდა 1945წ.