Saturday, 15 November 2008

"ნუ დასვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ"

"ნუ დასვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ"


ჟილ დელიოზი (ესსე)


ჟილ დელიოზის ამ ფრაზით, ჩვენი წერილის სათაურად რომ გამოვიყენეთ, იწყება გივი მარგველაშვილის რომანი "მუცალის" შესავალი. ვფიქრობ მეც არ უნდა დავსვა წერტილი, მხოლოდ ხაზი უნდა გავავლო. რომანის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შეგრძნება, რომ იგი უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ სხვა მკითხველისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული, თუ სად იკვეთება გ. მარგველაშვილის და ვაჟაფშაველას ტექსტთა სამყაროები; ის ხაზი რომელიც გ. მარგველაშვილმა გაავლო "ალუდა ქეთელაურის" წაკითხვისას, კვეთს ვაჟა ფშაველას ტექსტთა სამყაროს, პირდაპირ კავშირშია მასთან.
თუ ორი ტექსტი ორი სხვადასხვა პარალელური სამყაროა, საინტერესოა, რომელ სივრცეში შეიძლება იყვნენ ვაჟას გმირები და გ. მარგველაშვილის გმირები ერთად. ამ გმირების იდენტურობა - დრამატურგიისა და თეატრის დამოკიდებულებაა თუ ერთი მთლიანობაა ამ ტექსტთა სივრცეში. ჩემთვის ისიც საინტერესოა, სად მოხდება ამ ორი ავტორის (არა ადამიანის) შეხვედრა, "მაყურებელთა დარბაზებში" ხომ არა? მსჯელობის წარმართვისათვის აუცილებელია ორივე ავტორის ტექსტთა სივრცეში მოხვედრა. გ. მარგველაშვილის მინიშნება დელიოზის ფრაზაზე არის ამის დასტური და თითქმის ვალდებულებად ჩავთვალე ამ წერილის დაწერა. მითუმეტეს, რომ გ. მარგველაშვილის ტექსტური სამყარო ისეთია, რომელიც ყველაფრის უფლებასა და მასში თავისუფალი შესვლის, მოღვაწეობის საშუალებას იძლევა.

ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ გ. მარგველაშვილის ტექსტები წაიკითხო. წერა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც შევძლებთ მოვხვდეთ გ. მარგველაშვილის თემატურ სამყაროში, სადაც ძალადობის წინააღმდეგ დიდი ამბოხი მზადდება. ამ თემატურ სამყაროში ავტორის გმირები ქმნიან ახალ თემატიკას და ასევე არ სცილდებიან ძირითადი ტექსტის "ალუდა ქეთელაურის" თემატურ სამყაროს. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ მწერლის მიერ ახალი თემატიკის შექმნა რომანის მეშვეობით გმირთა შინაგანი სამყაროს დაფიქსირებაა. ამ ორ სივრცეში მოხვედრა და "წერტილის არ დასმა" ურთულესია, ვინაიდან გ. მარგველაშვილის მიერ "გადმოგდებული ხელთათმანი", წერტილის არ დასმა და ხაზის გავლება გავალდებულებს შექმნა ახალი თემატური სიუჟეტი, რამაც შესაძლოა წარმოშვას ალბათობა მისავე ტექსტში მოხვედრისა. ამ სიუჟეტის შექმნის აუცილებლობა ჩვენი დაშვებული არ არის. იგი გ. მარგველაშვილს ეკუთვნის. მან წერტილი არ დასვა რომანის ბოლოს და გვაიძულა ხაზი ჩვენ გაგვევლო. ეს ხაზი წარმოადგენს ახალ თემატურ სიუჟეტს, რომლის გავლებასაც ამ წერილით ვცდილობთ.
აუცილებელია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ არ შეიძლება გ. მარგველაშვილის პირადული, ცხოვრებისეული თემატური სამყარო დასცილდეს მის ნაწარმოებებს. თავად ამ ნაწარმოებებშია გასაღები იმ თემატური ცხოვრებისა, რომელსაც მწერალი ჯერ საქართველოში ქმნიდა, ხოლო შემდეგ გერმანიაში გააგრძელა. ვფიქრობ, რომ მწერლის თემატური ცხოვრება მის ნაწარმოებებშია არეკლილი. არ შეიძლება ერთმანეთს დავაცილოთ რომანი "მუცალი" და "მაყურებელთა დარბაზები". ასევე უბრალოდ (ეს უბრალოდ ისეთნაირად განვიხილოთ, როგორც ძენ ბუდისტურ ტექსტებშია; ძენი ეს ფილოსოფიაა თუ რელიგია? -კითხულობს მოწაფე, ძენი არც ფილოსოფიაა არც რელიგია, იგი უბრალოდ ძენია - პასუხობს მასწავლებელი) შეიძლება ვთქვათ, შეხვედრა ვაჟას გმირებისა და გივის გმირებისა პიესა "მაყურებელთა დარბაზებში" ხდება. ჩემი ვარაუდია ასევე, რომ ამ გმირების შეხვედრა ამ დარბაზებში დაიგეგმა და შეხვედრა თითქოს"ყოფიერების ბედში" გადაწყდა, თუმცა გმირთა თავისუფალი სამყარო ამ ყველაფრით არ შეზღუდულა. მათ მაქსიმალური თავისუფლება აქვთ მინიჭებული.
ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როდესაც გადავაწყდი ამ გმირების შეხვედრას და ეს ბიბლიოთეკაში, წიგნის თაროზე მოხდა. იქ მიმდინარეობდა რომან "მუცალის"გმირთა თემატური ცხოვრება. ეს თემატური ცხოვრება, რომელიც რომანში განვითარდა, თავისთავად მთავარი ტექსტის "ალუდა ქეთელაურის" კონტექსტს ქმნის (ამას დაწვრილებით რომ ვყვები, იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დარწმუნებული ვარ, არა, უბრალოდ წმინდა ინტუიციას მივენდე, რომელმაც იქნებ მიღალატოს კიდეც, ვინაიდან არც ამ წერილს დაესმება წერტილი, ეს უფლება ჩამორთმეული მაქვს, ბოლოს ხაზი უნდა გავავლო, რამეთუ გ. მარგველაშვილი ამ კონტექსტის ყოფიერების ბედს წარმოადგენს). მხოლოდ ერთი წამით შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იწერება ეს წერილი და იგი იწერება ამ წამში, სისხლით. ეს სისხლი ბიბლიოთეკაში ინთხევა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ვაჟა ფშაველას და გ. მარგველაშვილის გმირები, ბიბლიოთეკაში, სადაც ობობას ქსელში გახვეულა გმირთა თემატური სამყარო, სადაც მეც მოვხვდი და შევხედე მხოლოდ ამ ორი მწერლის გმირებს, რომლებიც ქმნიან ტექსტსა და კონტექსტს. როდესაც მათ ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ბიბლიოთეკის თემატურ სამყაროში მხოლოდ ეს გმირები ხედავდნენ ერთმანეთს და ამ ბიბლიოთეკაში ვერსად წავაწყდი სარკეს. იქ გმირები თავიანთ თავში იხედებიან, ეს გარკვევით დავაფიქსირე. ინტუიცია მკარნახობს, რომ სამყაროს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა გმირთა იდენტიფიკაცია, შემთხვევა, სადაც მოხდა შეხვედრა ტექსტისა და კონტექსტისა, სადაც არ არსებობდა შური და მტრობა. ამ ბიბლიოთეკის თემატური სამყარო მზად იყო გაეხანგრძლივებინა ეს შეხვედრა, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ ბიბლიოთეკა ტექსტსაც და კონტექსტსაც თეატრში იწვევდა. ტექსტი მზად იყო თეატრში წასასვლელად, ხოლო კონტექსტი - იძულებული. თეატრის მოსაწვევში ეწერა, რომ უკანასკნელად იდგმებოდა სპექტაკლი "მაყურებელთა დარბაზები". თეატრი ამ სპექტაკლს აღარასოდეს დადგამდა, ხოლო "ალუდა ქეთელაურის" და "მუცალის" გმირებს ეს სპექტაკლი რომ უნდა ენახათ, ალბათ ყოფიერების ბედში იყო გადაწყვეტილი.
"თხის მწყემსებმა" ორგანიზაცია გაუკეთეს გმირთა სპექტაკლზე დასწრებას, რასაც გმირთა მიერ პროტესტი მოყვა. პროტესტის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ~თხის მწყემსებს~ უფლება არ ჰქონდათ გმირთათვის დაეძალებინათ სპექტაკლში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ყოველივე არ შედიოდა ~ალუდა ქეთელაურის~, როგორც ნაწარმოების თემატურ სამყაროში, ანუ მკითხველს წიგნი არ გადაუშლია. შესაბამისად გმირების თავისუფალი მოქმედება მხოლოდ მაშინ იზღუდებოდა, როდესაც ~თხის მწყემსები~ მუცალსა და ალუდა ქეთელაურს შეატყობინებდნენ მკითხველის მიახლოებას წიგნთან. თეატრში წასვლა და სპექტაკლზე დასწრება, მოულოდნელი იყო გმირთათვის. ~თხის მწყემსებისათვის~ ძნელი აღმოჩნდა იმის მტკიცება, რომ ყველაფერი ~ყოფიერების ბედში~ გადაწყდა. გარდა ამისა, ეს იძულება საერთოდ არ ჰგავდა იმ იძულებას, რომელიც ჩვეულებრივ მკითხველის მიახლოებაა ~ალუდა ქეთელაურის~ ტექსტთან, სადაც უნდა შედგეს ნაწარმოების თემატიკა და დაცული იქნეს ყველა საზღვრები. გმირებისათვის სპექტაკლზე დასწრება არ წარმოადგენდა მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესს. ~თხის მწყემსების~ საუბარმა თავისი გაიტანა. გმირები თეატრის დარბაზში შევიდნენ. კედელზე გაკრული მითითების მიხედვით მათ დარბაზის პირველი და მეორე რიგები არ დაუკავებიათ. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ნაწარმოებების გმირთა გადაწყვეტილება დასწრებოდნენ სპექტაკლს. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სპექტაკლზე დასწრება მხოლოდ ერთი ნიშნით შევძელი _ დავკვირვებოდი მაყურებლებსა და სცენის მსახიობებს. დაკვირვება მეწარმოებინა მათ განცდებზე და შთაბეჭდილებებზე. ამის გამო მეც მომიწია თეატრის დარბაზში ყოფნა.
პირველი სცენის დასაწყისიდანვე შევამჩნიე მაყურებლის ინტერესი სპექტაკლისადმი. როდესაც მეფემ გამოსცა ედიქტი მიწის განაწილებისა, რომელიც ჰერცოგებს ეკუთვნოდათ და ფაქტობრივად საფრთხე შეექმნა არსებულ ადათის და წეს-ჩვეულებების არსებობას, ამ ფაქტმა მაყურებელთა შორის დიდი აღტაცება გამოიწვია. პირველი სცენის დასასრულს დიდი ტაშისცემა მოჰყვა. პრაქტიკულად ჩემი მოსაზრებები გამართლდა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა, რამეთუ ვიცნობდი თავად პიესის შინაარსს და ვგრძნობდი, რომ სპექტაკლის შემდეგი ნაწილი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმებოდა მაყურებლების მიერ.
პიესის მეორე სცენის დაწყება განსაკუთრებული გამოდგა, მითუმეტეს, რომ ფონ რამეზინისა და ერპიჰის საუბარმა ნათელი მოჰფინა პიესის ძირითად ნაწილს. თავად მაყურებელთა დარბაზში ინტერესი სპექტაკლისადმი თანდათან გაძლიერდა. ვაკვირდებოდი მუცალის და ალუდა ქეთელაურის სახეებს, სადაც კმაყოფილება ჩანდა, ხოლო თხის მწყემსები და მთელი ხევსურული თემი აფორიაქებული მეჩვენა. მართალია სპექტაკლი ახალი დაწყებული იყო და ჩემს დაკვირვებებს ბოლომდე ვერ დავეყრდნობოდი, მაგრამ სპექტაკლის მიმდინარეობა რაღაც საინტერესოს რომ მპირდებოდა, აშკარა იყო. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებებს, გმირებისა არ იყოს, მე თავად მოვხვდი ახალ სიუჟეტურ ველში. ასეთი რამ არასოდეს მენახა. თითქოს ჩემი დაბაზში ყოფნა, მიუხედავად ჩემი სტატუსისა, გმირების არსებობასთან გაიგივდა. მეც აღტაცებული ვიყავი, თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია. მეფის მიერ ოფიცრების წინაშე ნათქვამმა უმკაცრესმა სიტყვამ მაყურებელთა დარბაზის წინააღმდეგ თავად დარბაზის განწყობილება ვერ შეცვალა. იქ მხოლოდ ინტერესი არსებობდა.
სპექტაკლის შინაარსი და თეატრში მყოფი მაყურებელთა თემატური სამყარო იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ ვგრძნობდი, მეფის სიტყვების შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა, მაგრამ მსგავსი რეაქცია ჯერ არსად ჩანდა. საჭირო იყო სპექტაკლის ბოლოს დავლოდებოდი. ჰერცოგის საომარმა მზადებამ დარბაზი გამოაფხიზლა. იგრძნობოდა სიტუაციის დაძაბვა. მაყურებლებმა შეიგრძნეს თავიანთი თემატური სამყაროების მსგავსება სპექტაკლში წარმართულ თემატურ სამყაროსთან. ეს ყველაზე მეტად ~თხის მწყემსებს~ დაეტყოთ. თითქოს შეშინდნენ, აფორიაქდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ქურდულად აპარებდნენ თვალს მუცალისა და ალუდა ქეთელაურისაკენ. ამ ყველაფრის დაფიქსირებამ იმედი ჩამისახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულებები პრაქტიკულად ნეიტრალური უნდა ყოფილიყო და მხოლოდ დაკვირვებები უნდა მეწარმოებინა სპექტაკლზე, რატომღაც მიკერძოებამ იჩინა თავი და სცენაზე მეფის მიმართ სიმპატია გამიჩნდა. შესაბამისად დარბაზს გადავხედე, ალუდა ქეთელაურის და მუცალის სახეებს შევხედე: მათ მიმართაც სიბრალულის გრძნობა დამეუფლა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი დაკვირვებები სულაც არ გულისხმობდა რაიმე შედეგების მიღწევას, იგი მხოლოდ სიტუაციის დაფიქსირებას ემსახურებოდა; მითუმეტეს, რომ ყოველგვარი შედეგებით გმირები ისედაც გადატვირთულები იყვნენ და ყელში ჰქონდათ ამოსული თავიანთი როლების შესრულება.
ჰერცოგის სახე სცენაზე გაცეცხლებული იყო, მას ვერ წარმოედგინა, რომ მისი სვეტებიანი სასახლე მაყურებელთა დარბაზებს წარმოადგენდა. თუმცა ყოველთვის ავიწყდებოდა, რომ თავად სპექტაკლში მონაწილეობდა. თეატრის დარბაზში მხოლოდ მეფის მზერა აღწევდა. ეს მზერა თითოეული მაყურებელი _ გმირის სახეზე იბეჭდებოდა და თავად გმირებიც გრძნობდნენ, რომ იგი მათ ხედავდა. ჰერცოგი თითქოს ხვდებოდა, რომ თავად გადიოდა რეპეტიციას მეფესთან შესაბრძოლებლად. მას შემდეგ რაც მეფის ჯარმა ბოლო მოუღო ჰერცოგის სასახლეს, მაყურებელთა მხრიდან ინტერესმა კიდევ იმატა, რასაც რამეზინისა და ერპიჰის საუბარმა, შეუწყო ხელი; ამ საუბარმა ნათელი მოჰფინა სპექტაკლის შინაარსს.
ამ ყველაფერთან ერთად სიტუაცია თეატრის დარბაზში მკვეთრად შეიცვალა. ნათელი გახდა, რომ ამ მაყურებელთა დარბაზში მყოფი ~ალუდა ქეთელაურისა~ და ~მუცალის~ გმირებს შორის დამოკიდებულებები სხვა განზომილებაში გადადიოდა. ამ დროს სპექტაკლზე შესვენება გამოცხადდა. დარბაზის თითქმის ყველა დამსწრე გმირი თეატრის დერეფნებს მოეფინა. მეც იქეთ გავემართე და ჩემს წინ საოცარი სურათი გადაიშალა. სცენის გმირები და მაყურებლები საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. ამ თეატრის დერეფნებში გადაიკვეთა ~ალუდა ქეთელაურის~, ~მუცალის~ და ~მაყურებელთა დარბაზების~ თემატური სამყაროები. სამივე ტექსტის გმირები პრაქტიკულად ერთ თემატურ სამყაროში მოექცნენ და ყველაფერი ეს ~ყოფიერების ბედში~ იყო გადაწყვეტილი.
სპექტაკლის მეორე ნაწილში, როდესაც ერპიჰი ჰერცოგის მიერ იქნა დაპატიმრებული და დორნროზე მაყურებელთა დარბაზის გმირებს იწვევდა სცენაზე, თეატრის დარბაზში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ალუდა ქეთელაური და მუცალი მზად იყვნენ სცენაზე შესულიყვნენ, მაგრამ ~თხის მწყემსებმა~ ამას ხელი შეუშალეს. თავად დარბაზშიც მაყურებელი ორ ნაწილად გაიყო, ერთნი მეფეს უჭერდნენ მხარს, მეორენი ჰერცოგს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან ჩემი დაკვირვებით ამ სპექტაკლზე გაერთიანდნენ ამ ნაწარმოებთა თემატური სიუჟეტები, რაც ცხადი შეიქმნა პიესის ფინალში, სადაც ფონ რამეზინი ჩვენს მაყურებელთა დარბაზში გადმოვარდა და ამით დაშორდა თავის თემატურ სამყაროს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მაყურებელთა დარბაზს შეხედა.
სპექტაკლზე დასწრებამ ჩამომიყალიბა ჩემი აზრი. მივხვდი, რომ ერთადერთი შესაძლებლობა _ ერთმანეთს შეხვედროდნენ ~ალუდა ქეთელაურის~ და ~მუცალის~ გმირები ჩემი აზრით, შედგა. ეს სპექტაკლზე მოხდა. ისინი აშკარად მიხვდნენ, რომ ჩაკეტილნი არიან თავიანთ ~თემატურ ყოფიერების ბედში~, რომ მკითხველი _ ეს მათი მაყურებელთა დარბაზია, სადაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. სპექტაკლის ბოლოს ყველანი ბიბლიოთეკის თაროებზე დაბრუნდნენ. ვხედავდი, რომ გმირთა დამოკიდებულებები შეიცვალა. ბიბლიოთეკის თაროებზე ერთმანეთში აირივნენ ~ალუდა ქეთელაურის~, ~მუცალის~ და ~მაყურებელთა დარბაზების~ გაოფლილი გმირები. მე უკვე არ მესმოდა მათი საუბარი, თუმცა მათი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რომ ერთმანეთს ნანახის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს სამი ნაწარმოები ერთ სიუჟეტურ ველში მოექცა, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტური ველი", სადაც გმირთა ცხოვრება მიმდინარეობს. ისეთი ცხოვრება, რომელსაც ვერავინ ხედავს. მხოლოდ მწერლის მიერ არის შესაძლებელი ამ ცხოვრების დანახვა.
მწერალს (გ. მარგველაშვილს) შეუძლია გაუფრთხილდეს გმირთა ამ უფაქიზეს სამყაროს, რომლის წინააღმდეგაც მუშაობს უდიდესი მანქანა მაყურებელთა დარბაზისა და მკითხველისა. ისტორიის სცენაზე მარადიულად თამაშდება გმირთა ცხოვრება. ამ შემთხვევაში, როდესაც გ. მარგველაშვილმა შეძლო დაეფიქსირებინა ეს მოქმედი ცხოვრება გმირებისა, მან ვერაფერი შეცვალა (სპექტაკლი ხომ ვნახეთ), უბრალოდ გმირთა ცხოვრებაში განმტკიცდა აზრი, რომ არსებობს "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტური ველი", სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ, მაგრამ როგორც ბ-ნი გ. მარგველაშვილი აღნიშნავს, გმირებს შეუძლიათ თავისუფლები იყვნენ "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტურ ველში", ამასთან მათი ცხოვრება გადაწყვეტილია ნაწარმოების "თემატურ ყოფიერების ბედში". აღნიშნულით მწერალი იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას სამყაროს გმირთა წინაშე და ეს გაფრთხილება თავისთავად ეხება, როგორც გ. მარგველაშვილი იტყვის: "რეალურსამყაროულ ადამიანურ ცხოვრებას, სადაც ყურადღება მისაქცევია "თავისუფლების ეს შეზღუდვა ყოფიერების ბედთან დაკავშირებით.
განა მნიშვნელობა აქვს სად მიმდინარეობს ცხოვრება "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტურ ველში" თუ დედამიწაზე? განა ლიტერატურა მხოლოდ გართობა და ილუზიაა? ვფიქრობ, რომ არა. ლიტერატურა "რეალურსამყაროული" ცხოვრების პარალელური და შესაბამისად იდენტური სამყაროა, სადაც მიმდინარეობს თამაში და ნურავინ წარმოიდგენს, რომ ამ თამაშის სუბიექტი ადამიანია, პირიქით თამაშის სუბიექტი თავად თამაშია და იგი თავად თამაშობს თამაშს, რომლითაც იქმნება "რეალურსამყაროული ცხოვრება და ნებისმიერ დროს, როდესაც მოვხვდებით თეატრში, სადაც დაიდგმება სპექტაკლი "მაყურებელთა დარბაზები და თავს ვიგრძნობთ თეატრის დარბაზში, სადაც სცენიდან მეფე შეგვებრძოლება, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვებრძვიან, ამით მხოლოდ თავს მოვიტყუებთ, ვინაიდან სპექტაკლის ბოლოს ყოველთვის გადმოვარდება დარბაზში ფონ რამეზინი, რომელიც შემოგვხედავს, თავად გაუკვირდება ჩვენი არსებობა, ხოლო ჩვენ არ გაგვაოცებს მისი საქციელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სპექტაკლში ჩვენც ვმონაწილეობთ, როგორც გმირები, და წარმოვადგენთ თამაშის ობიექტებს, ხოლო მეფე სხვა მაყურებელთა დარბაზს ხედავს.
ჩემთვის საკვირველია ბ-ნ გ. მარგველაშვილის პასუხისმგებლობის გრძნობა, გმირთა ცხოვრების მიმართ, რაც "რეალურსამყაროულ არსებებსაც ეხება. შესაბამისად მას არ შეუძლია, რომ წერტილი დასვას იგი ხაზებს ავლებს და მეც არ შემიძლია წერტილი დავსვა, ეს წერილი ხაზის გასმაა, რომელმაც ამ უდიდესი მწერლის ლიტერატურულ ველში მომაქცია.


ირაკლი მარგველაშვილი

19.06.02წ.

"ქართლის ცხოვრება მარად იგივეში" კარიბჭე მეორე, გეოპოლიტიკა

გრძელდება ჩვენი წერილი ~ქართლის ცხოვრება მარად იგივეში~. როგორც მოგახსენეთ წერილი მოვიდა ფოსტით და იძულებული ვართ მივიღოთ იგი. გამოგზავნილია მხოლოდ ერთი წერილი ჟამთააღმწერელის მიერ, მაგრამ იგი მრავალგვერდიანია. წერილის მოსვლა საკმარისია და ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ მზადაა გახსნას მეორე კარიბჭე. წერილი განიხილება კლიშეებში, სხვადასხვა სივრცესა და დროის ველში და ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. არსებობს წერილები, რომელთაც საიდუმლო გრაფა აქვთ, ასევე არსებობს წერილი, რომლებიც ერთ ენაზეა შესრულებული და მისი თარგმანი ვერ ხდება, ანუ არსებობს თარგმანი, მაგრამ არ არსებობდა ზუსტი თარგმანი. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას მოვარხერხოთ ორიგინალი წერილის წაკითხვა, იმ სიუჟეტურ დროში, სადაც საფოსტო განყოფილებაა. თარგმანის ეს მეთოდი ჩვენი წერილის მთვარი თანამგზავრია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ კარიბჭის იქეთ მიმდინარე მოვლენების დანახვა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ მიერ ნებისმიერი გახსნილი კარიბჭე, არის მხოლოდ მოვლენების შესაძლებლობა. მას უამრავი კარიბჭის გახსნა შეუძლია, რომლებიც ვარაუდებს წარმოშობს მხოლოდ. მისი გასაღებებიც იცვლება. ყოველ კარიბჭეს თავისი გასაღები აქვს. მეორე კარიბჭე იხსნება და საინტერესოა გასაღებზე წარწერა. მთავარია თვალი მოვკრათ და წავიკითხოთ ეს წარწერა. ამის საშუალება არაგვაქვს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან თავად თემა არის ბურუსით მოცული, რაზედაც საუბარი გვექნება, თან მასზე იტყვიან ~არ უნდა გამჟღავნდესო~.
ალბათ ყველაზე საინტერესო მეორე კარიბჭის სიუჟეტური დროა. რომელ დროში მიმდინარეობს მოქმედება, ან როგორ ემთხვევა ეს სიუჟეტური დრო ჩვენს სიუჟეტურ დროს. საინტერესოა რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მეორე კარიბჭე. რატომ გაგვხადა იძულებული ამ უკანასკნელმა წაგვეკითხა გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი. ან საერთოდ რამდენი გვერდია ამ წერილში ესეც უცნობია ჩვენთვის.
მიუხედავად ამისა ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში~. ვერაფრით მოვიცილებთ ამ საკრალურ ფრაზას. ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ ჩვენს კარებს მოადგა. იგი ბოლომდე ეცდება გახსნას ყველა კარიბჭე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფუნქციობა ემუქრება. არადა შეგვიძლია დავტოვოთ უფუნქციოდ. სურვილი არ არის. იქნებ არსებობს ფარული ნება. ყველაფერი გამოჩნდება, ანუ ~არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს~. მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.
მეორე კარიბჭე გახსნილია. ველოდები სიუჟეტს, რომელიც კარიბჭის იქეთაა. იწყება . . . ~მეექვსე საუკუნე იშლება ჩემს თვალწინ. ეგრისის ოცწლიანი ომი. სპარსეთი და რომი ექიშპებიან ერთმანეთს ეგრისის დასაპყრობად. ლავირებენ ეგრისელები. გრძელდება ომი. 554 წელი იწურება. რომი ბატონობს ეგრისში. უცებ მოულოდნელი რამ ხდება. მოკლულია ეგრისის მეფე გუბაზი. აღელდნენ ეგრისელები. სასწრაფოდ შეიკრიბნენ ჭალაში. გადაწყვეტილება მისაღებია. რა ჰქნან, როგორ იძიონ შური მტერზე. ორატორები ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ორი ორატორის სიტყვა აღწევს, ისიც ფოსტით გამოგზავნილი. მაინც და მაინც რატომ ამ ორი ორატორის და არა სხვების? გაურკვეველია. მხოლოდ ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა შემოინახა ~ქართლის ცხოვრებამ~. ერთი აიეტია, მეორე ფარტაძი.~ რომის სარდალი ციბე და სპარსეთის სარდალი მერმეროე ასრულებენ დამპყრობთა დავალებებს.
ორ მჭერმეტყველს უსმენს ეგრისის დიდებულები. აიეტი კატეგორიულია. იგი ითხოვს რომაელების წინააღმდეგ გალაშქრებას. მეფე ხომ მათ მოკლეს. თითქოს მარტივი მჭერმეტყველებაა. რომის წინააღმდეგ სპარსელების დახმარებით, ეს აიეტის გეგმაა. ხალხი ოვაციებით ხვდება ორატორს. ფარტაძი არ ეთანხმება აიეტს. იგი სხვა გეგმას სთავაზობს დიდებულებს - მოითხოვონ რომის წარმომადგენლის ციბეს დასჯა თავად რომაელების მიერ. ამ უკანასკნელმა მოკლა მეფე გუბაზი. საბოლოოდ ფარტაძის სიტყვა იმარჯვებს, რომაელებიც დასჯიან ციბეს, რომელიც საშინელი თაღლითი და ავაზაკია. ომს გადაურჩენ ეგრისელები. გადის დრო სულ რაღაც რვა წელიწადი. ოცწლიანი ომი მთავრდება ეგრისში ისე, რომ საბოლოოდ გამარჯვებული არც რომი რჩება და არც სპარსეთი. ეგრისი მიზანს აღწევს. მტერი დამარცხდა.
ეს არის გახსნილი კარიბჭის მოკლე სურათი. რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მაინცდამაინც ეს კარიბჭე და არა რომელიმე სხვა კარიბჭე. რატომ შედგება გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი ამ ინფორმაციისაგან. რა არის დაფარული ამ წერილში ისეთი, რომელიც ჟამთააღმწერელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩვენთვის გამოეგზავნა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ საჭიროდ თვლის ამ კარიბჭის გაღებას. ეს ალბათ ყველაზე დაფარული კარიბჭეა ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ ყველა კარიბჭეებში.
შემთხვევით არაფერს აგზავნის ~ქართლის ცხოვრება~ ფოსტით. ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა ქართული გეოპოლიტიკის გააზრებაა, მისი მიმართულებაა, რომელიც რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას განიცდის, თანამედროვე გეოპოლიტიკურ გააზრებებში, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ გეოგრაფიული სევრცე იცვლება, თამაშის წესები კი იგივე რჩება.
ეს ორი მჭევრმეტყველება ფორმულაა, ბედისწერაა ქართული გეოპოლიტიკური აზროვნების, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას უნდა მოერგოს, ანუ თუ ფორმულა არ იქნება გამოყენებული, ქართული გეოპოლიტიკა მარცხს განიცდის. ფორმულა მდგომარეობს შემდეგში, ნებისმიერი სახელმწიფო, ანუ გეოპოლიტიკური ერთეული საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულია თავადვე აღმოფხვრას მის მიერ დაშვებული შეცდომა გეოპოლიტიკურ თამაშში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წავა საქართველოს გეოპოლიტიკური სივრციდან.
მოწინააღმდეგისაგან გეოპოლიტიკურ თამაშში დაშვებულ შეცდომაზე მითითება და მისი გაქარწყლების მოთხოვნა არის ქართული გეოპოლიტიკის მთავარი იარაღი. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური გეოგრაფია, რომელიც უკავშირდება საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებას და ამით თავისი გეოპოლიტიკური სივრცის გაფართოებას, ვალდებულია არ დაუშვას შეცდომა. ეს როგორც აქსიომა ისე დევს ქართულ გეოპოლიტიკურ აზროვნებაში.
შეცდომა იწვევს მოწინააღმდეგის გაძევებას ქართული გეოპოლიტიკური სამანებიდან. მითუმეტეს, რომ ~ქართლის ცხოვრებაში~ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მცდელობა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამყარებისა საქართველოს მეშვეობით, თითქმის ყველა შემთხვევაში დამთავრდა მარცხით სხვა სახელმწიფოსათვის და ამის მთავარი მიზეზი, არის ის შეცდომები, რომელიც დაშვებულ იქნა მოწინააღმდეგის მიერ.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკა ვერ ეგუება იმ თამაშის პრინციპს, რომელიც მიღებულია საყოველთაოდ და მრავალჯერადი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში საქმე თამაშის სხვა პრინციპთან გვაქვს, კერძოდ, ეს არის თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავად თამაშობს თამაშს და იგი არის ამ თამაშის სუბიექტი. შეცდომის არსი ქართულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართება ქართული გეოპოლიტიკური თამაშისადმი სუბიექტურ ველში მიმდინარეობს, ანუ ამ უკანასკნელებს თავი ჰგონიათ სუბიექტები ქართულ თამაში-გეოპოლიტიკაში. აქ დაშვებულია არსობრივი შეცდომა, ანუ ირღვევა ქართული გეოპოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც თავისთავად იწვევს სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ველის მიუღებლობას.
მთავარი ქართული გეოპოლიტიკური სივრცეში მოსახვედრად არის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წესების მიღება, აღიარება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ქართული თამაში-გეოპოლიტიკა თავად არის სუბიექტი ამ თამაშისა, ის თავადვე თამაშობს თამაშს. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო რომელიც მოინდომებს ამ სუბიექტივიზმის დარღვევას შესაბამისად მიდის ქართული გეოპოლიტიკური არიალიდან. შეცდომას ყველა უშვებს და ეს შეცდომები ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახელმწიფო-ობიექტს, რომელიც აფართოებს თავის გეოპოლიტიკას, უამრავი შანსი აქვს გამოასწოროს შეცდომები. ისინი ამას არა, ან ვერ აკეთებენ უბრალო და ძალიან მარტივი მიზეზების გამო, არასოდეს სწავლობენ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებებს. აქვე ჩნდება მეტად საინტერესო თეზა, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ წაიკითხონ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებები. არ არსებობს ამ ტექსტის ზუსტი თარგმანი. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ისინი ვერასოდეს შესძლებენ ხანგძლივად გააფართოონ თავიანთი გეოპოლიტიკური ველი. თავად ამის გააზრება მათ მიერ შეუძლებელია მარტივი ლოგიკის გამო; ისინი ხომ ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ არიან, ხოლო საქართველო ~გეოპოლიტიკური ობიექტი~.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ზემოთხსენებული წესები დაირღვა ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდში, რომელიც გეოპოლიტიკას ეხება. ყველა სხვა სახელმწიფო, რომელიც კი აპირებს გააფართოვოს თავისი გეოპოლიტიკური არეალი საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებით უშვებს კარდინალურ შეცდომებს, ანუ შესაძლოა ითქვას, რომ მიდის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წერილი-ბედისწერის წინააღმდეგ. შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია – მარცხი, გაძევება სივრციდან. ნებისმიერი ობიექტი ტოვებს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეს.
ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ქართული თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავის წესებს უქვემდებარებს გეოპოლიტიკური სხვა სახელმწიფოების სურვილებს. ყველაფერი სრულდება მარცხით სხვა სახელმწიფოებისათვის ხოლო შემდეგ, ამ სახელმწიფოების მცდელობები, მორევში ჩავარდნილი კაცის მოქმედებებს ჰგავს, ანუ რაც უფრო მეტად ფართხალებ და ცდილობ გადარჩენას, მით მეტად იძირები. ამიტომაც უამრავი გეოპოლიტიკური სურვილი მოინელა ქართულმა თამაშმა-გეოპოლიტიკამ.
თავად ხერხები, რომელსაც ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ იყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად ათასჯერ მონელებულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში. მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ამ თამაშისთვის მხოლოდ როლები და ობიექტები იცვლება, დანარჩენი იგივეა. შესაძლოა ითქვას, რომ თამაში-გეოპოლიტიკის თამაში ძალიან დაფარულია. მისი ორიგინალის წაკითხვა არავის შეუძლია. არადა უდიდესია იმის ალბათობა, რომ სხვა სახელმწიფოები ვერასოდეს შევლენ ამ თამაშში და ვერ იქნებიან თამაშის ობიექტები თავად საქართველოსთან ერთად. ეს იქედანაც ჩანს, რომ მათ არ შეუძლიათ ორიგინალში ~ქართლის ცხოვრების~ წაკითხვა.
ერთადერთი რამ, რასაც იყენებენ სხვა სახელმწიფოები ესაა გაცვეთილი ხერხები გეოპოლიტოკური გავლენის მოსაპოვებლად. ქართული თამაში-გეოპოლიტიკისათვის, როგორც წესი მისაღებია ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ქიშპობა გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაში მიმდინარეობს სტანდარტული ფორმით, ანუ ორივე იძირება ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მორევში. ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს სასურველ მიზანს. ამის მიზეზი არის ისევ შეცდომა, რომელიც აღწერილია საფოსტო გზავნილში, რომელიც ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოიგზავნა.
როდესაც სხვა სახემწიფოს მიერ დარღვეულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშის წესები და დაშვებულია შეცდომა, მას აუცილებლად მოსდევს მითითება, რომ გამოსწორდეს შეცდომა. სხვა სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოასწორონ შეცდომა, ვინაიდან ისინი ყოველთვის თამაშის სუბიექტებად წარმოიდგენენ თავს, ანუ ისინი თავად თამაშობენ თამაშის თამაშს, ხოლო თავის თამაშის გამოსწორება ვერ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მათ მარცხს სთავაზობს. ამ უკანასკნელის ბედისწერას ეჯახება ყველა, რომელიც არ ეთანხმება მის თამაშს.
ძალიან საინტერესოა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ლოგიკა, კერძოდ, სხვა სახელმწიფოები უშვებენ შეცდომას, შესაბამისად მას ეუბნებიან, რომ შეცდომა გამოასწორე, რაზედაც ყოველთვის არის უარყოფითი პასუხი. ამიტომ ისინი გადიან ქართული გეოპოლიტიკური სივრციდან.
არის თუ არა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს მიერ შეცდომის გამოსწორებაზე უარის თქმა? ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდი ერთნაირად მთავრდება, ანუ სხვა სახელმწიფო არასოდეს ასწორებს შეცდომას, რომელსაც ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მიუთითებს, შესაბამისად ისინი იძირებიან ამ გეოპოლიტიკის თმაშის მორევში. თითქოს ყველაფერი გახსნილია, ღიაა ურთიერთობები, მაგრამ სხვა სახელმწიფოებს არ ჯერათ, რაც წინასწარ განსაზღვრულია და გამოცდილია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მიერ. ამ უკანასკნელმა იცის, რომ მას არ დაუჯერებენ, ამიტომაც სთავაზობს შეცდომის გამოსწორებას. სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ართულებენ ურთიერთობებს, იმიტომ, რომ მათი ხერხები გეოპოლიტიკური ველის განვრცობისა არის რთული და ხისტი, რაშიც თავად მარტივად იხლართებიან. მათ არავინ ატყუებთ, უბრალოდ თავად იტყუებენ თავს. ქართული თამაშმა-გეოპოლიტიკამ ეს იცის, ამიტომაც იგი ყოველთვის თამაშობს ასეთ თამაშს ყველა სხვა ობიექტთან ერთად.
ამ მსჯელობების მიუხედავად, ბურუსითაა მოცული თავად ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ბუნება. ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოგზავნილი საფოსტო გზავნილიც ბევრს არაფერს გვეუბნება. ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ გახსნილი კარიბჭიდან ბევრი არაფერი ჩანს მხოლოდ ერთი მარტივი მაგალითია. ერთში ნამდვილად ვრწმუნდები; ქართული თამაში-გეოპოლიტიკა კვლავ აგრძელებს თავის თამაშს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. გეოპოლიტიკურ ველზე კვლავ სტანდარტულად ორი ობიექტია. თუმცა მათი მოქმედებების განხილვა საჭიროდ არ მიმაჩნია, ვინაიდან ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში.~



ირაკლი მარგველაშვილი