Saturday, 14 February 2009

ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი. იგივე სსრკ.

ნაწილი III

ვფიქრობ საინტერესოა დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის-თამაშის სტრუქტურა. ამ თამაშში მონაწილე ობიექტების სუბიექტივიზმი და გარკვეულწილად როლი ამ თამაშში. თავად თამაშის სტრუქტურა დაკავშირებულია სხვა ობიექტებთან, რომელთაც თავისი სუბიექტივიზმი შემოაქვს ამ თამაშში და გარკვეულწილად ქმნიან თამაშის სტურქტურის სურათს. თამაში ძალიან ფართო მცნებაა და ის არ მოიცავს მხოლოდ რაიმე ლოკალურ ქმედებას, სცენას, თეატრს ან კინოფილმის გადასაღებ მოედანს. ობიექტი, რომელიც ჩაბმულია თამაშში სერიოზულად არ აღიქვამს თავად ზოგადი თამაშის მარცხს, რომელიც შესაძლოა დადგეს. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ ობიექტი ებმება ზოგად დიდ თამაშში. ჩემთვის საინტერესოა რუსული თამაშის გაგება. ვინ სად და როგორ მონაწილეობს ამ თამაშში. რა სუბიექტები ებმებიან მასში და რატომ იკლებს რევიზიის ხარისხი, რატომ არ ხერხდება თავად თამაშის რევიზია და არ ცნობიერდება ის მარცხი, რომელიც შესაძლოა დადგეს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ობიექტის თამაშში ჩართულობით შეგვიძლია განვსაზღვროდ ამ თამაშის გაგება. თუ ობიექტის სუბიექტურობა თამაშის ველში რევიზიას მოკლებულია ან განპირობებულია მაღალი სუბიექტურობით, შესაბამისად იმის ალბათობა, რომ ობიექტმა არ იცის რა ხდება თამაშში, დიდია. ასევე არის მეორე საკითხიც, შესაძლოა ობიექტმა იცის თამაშის მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ აქაც სუბიექტივიზმი სჭარბობს რევიზიას, შესაბამისად შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დგება. ანუ ობიექტი არასერიოზულად უდგება თავად თამაშის სტრუქტურას, თავად თამაშის გაგებას.
თამაში, რომელიც წარმოებს ძალიან სერიოზულია, მაგრამ ეს თავად თამაშის სერიოზულობაა. ის იმ შემთხვევაში არის წარმატებული, თუ შიგ ჩართული ობიექტის სუბიექტივიზმი მაღალია. ამ შემთხვევაში თამაში თამაშობს თავის თამაშს. თამაშობს ზუსტად და სერიოზულად. უფრო უკეთესი იქნება მაგალითის დონეზე განვიხილოთ. მაგალითად რუსული გეოპოლიტიკური თამაში კავკასიისთვის შეიძლება ითქვას მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან გააქტიურდა. მაშინაც რევიზიის გარეშე მიღებულ იქნა თამაშის წესები, რომელმაც საბოლოო ჯამში ოკუპაციემდე მიიყვანა საქართველო თავისი ყველა გამოვლინებით. ეხლა თუ განვიხილავთ ამ ყველაფერს ზემოთ მოყვანილი ფორმულის ჭრილში მივიღებთ შემდეგ სურათს: გაუგებარი და ურევიზიო იყო თავად თამაშის სტრუქტურა და გაგება. ჭარბობდა სუბიექტურობა გამოწვეული სხვა თამაშით, დამღლელ, დამქანცველი თამაშით, რომელსაც სხვა დამპყრობლები ირანი და თურქეთი აწარმოებდა იმ საუკუნეში და მანამდეც, შესაბამისად დაქვეითდა რუსული გეოპოლიტიკური თამაშის მიმართ რევიზია და სუბიექტურად გადაწყდა რუსულ თამაშში შესვლა. სუბიექტურობა ამ შემთხვევაში ძალიან ახლოსაა ურევიზიობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშმა გარკვეულწილად მისი გაგებისათვის საკმაოდ საინტერესო ფაქტები შექმნა. 1770წ. ასპინძის ბრძოლა და ტოტლებენის მიერ ქართული ჯარის მიტოვება, ასევე მრავალი დაპირების მიუხედავად რუსული გარნიზონების საქართველოში შემოყვანის გაჭიანურება. მიუხედავად ამისა 1783წ. მაინც გაფორმდა ტრაქტატი. ამას მოჰყვა რუსულ-ირანული კოალიციის მიერ მომზადებული 1795წ. კრწანისი ბრძოლა, რომელიც ისევ რუსეთმა დააფინანსა. შემდეგ ამას მოჰყვა 1801წ. მანიფესტი, რომელმაც საბოლოოდ გააცხადა ეს თამაში, თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო. ერთბაშად თავი მოიყარა თამაშში სუბიექტივიზმმა და ურევიზიობამ, რომელიც საბოლოო ჯამში თამაშის სასიკეთოდ დამთავრდა, ვინაიდან ის თამაშობდა თავის თამაშს და ამ თამაშის სუბიექტიც თავად იყო. რა ხდება, რა არის ამ ყველაფრის თავი და თავი? თამაშში მოთამაშე ობიექტმა იცის, რომ თამაში მხოლოდ თამაშია. შესაბამიად იკარგება რევიზია, მატულობს სუბიექტივიზმი. მან იცის რომ თამაშობს, მაგრამ მას არ უდგება სერიოზულად, ვინაიდან მინდობილია ამ თამაშზე, შესულია შიგნით და საფრთხეებს, რომელიც რაღაც, შესაძლოა უმნიშვნელო ფაქტებით მაინც ამჟღავნებს თავის თავს ყურადღებას არ აქცევს.
რუსული თამაში გაგრძელდა. კვლავ დადგა დრო, რომ ეს თამაში გააქტიურებულიყო. ეს არის 1918წ. თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაშში ჩართულობამ რევიზია მოსპო. ისევ ანალოგიური შეცდომა 1920წ. და ისევ რუსული თამაშის გამარჯვება. ისევ რუსული თამაშის სუბიექტურობა მოგვეხვია თავს. ანუ ჩვენ ეს თამაში ისევ არ მივიღეთ სერიოზულად, რითაც რუსულმა თამაშმა მოახერხა ჩვენი ჩაყლაპვა. მოთამაშემ ძალიან კარგად იცის ზოგადად რა არის თამაში, ასევე იცის თავად ის რას აკეთებს ამ თამაშში, მან იცის, რომ ეს "მხოლოდ თამაშია", მაგრამ მან არ იცის, ის რომ მან ეს იცის, ვინაიდან დაჩლუნგებულია რევიზია. თამაშის გაგების საკითხი ვერ გადაწყდება, თუ ამოვალთ მოთამაშის სუბიექტივიზმის რეფლექსებიდან. სწორედ ეს რეფლექსები არის ის, რაც მოთამაშეს ვერ შეაგრძნობინებს და უფარავს საფრთხეს თამაშში მონაწილეობის დროს. თავად მოთამაშის სუბიექტურობის რეფლექსები ქმნიან ილუზიას, რომ ის არის თამაშის ერთ-ერთი, (ერთადერთი თუ არა) სუბიექტი. სწორედ ეს არის იმის საფრთხე, რომ თამაში თავს ახვევს მოთამაშეს თავის წესებს, თავის დისკურსს და აჯენს იმ პარადიგმაში, რომელიც თავათ თამაშის მიერ მოფიქრებული და მოაზრებულია.
დადგა გასული საუკუნის 90-იანი წლები. ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ. რუსული თამაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ჰქონდათ ეროვნული მოძრაობის 2 ლიდერს მოაზრებული რუსული თამაშის არსი, მისი სტრუქტურა, ამ თამაშშმა შეძლო მათი ჩაყლაპვა, ვინაიდან ლიდერი თამაშში მარტო არ არის. აქ სუბიექტივიზმის მთელი კოლონებია ჩაბმული და შესაბამისად რუსული თამაშიც სწორედ ამ რეფლექსურ სუბიექტივიზმზე დაყრდნობით ახერხებს მისი გაგების და გააზრების დაფარვას, დამალვას. ამახინჯებს ინფორმაციას და ხელს უწყობს ისედაც დაჩლუნგებული რევიზიის კიდევ უფრო დაჩლუნგებას. თამაშში თამაშობენ, ან თავად თამაში თამაშობს და აფიქსირებს ამით ობიექტს. ჩვენ მეორე კატეგორიაში შევდივართ.
ძალიან მიკვირს, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე და რატომღაც არაფრისდიდებით, არ გვსურს დავასრულოთ ამ თამაშში მონაწილეობა. დავასრულოთ ეს სცენა, ეს ეპიზოდი, რომელიც ამ რუსულმა თამაშმა შემოგვთავაზა. მყარად ვადგავართ სუბიერქტური რეფლექსიის გზას და მყარად გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ამ თამაშში. არ გვსურს დავანგრიოთ ის მაყურებელთა დარბაზები, რომელიც იწვევს ამ თამაშის სცენაზე გათამაშებას და ამით დავასრულოთ როლი, დავასრულოთ სიუჟეტი, ვინაიდან სწორედ სიუჟეტია ისტორიისთვის ის 200 წელი.
არ ვაკეთებთ რევიზიას. დინჯად, მყარად ვმონაწილეობთ ამ რუსულ თამაშში და მზად ვართ დაგვაფიქსიროს ამ თამაშმა. არ გვსურს ეს თამაში გავიგოთ, გავხსნათ. დარწმუნებული ვარ წარმოიშობა კითხვა, გულში მაინც, რატომ მივყიდეთ რუსებს ეს, ის, ბენდუქიძე, ვაშაძე, ალასანია.... ეს თამაში ყველამ უნდა დაასრულოს თავის თავში და არა ვიღაცამ დაასრულოს, ამ შემთხვევაში "ჯოჯოხეთი ეს არის სხვები". ჩვენ ვერ ვახერხებთ სუბიექტური რეფლექსიისგან განთავისუფლებას, ვერ ვახერხებთ გამოცდილების გამოყენებას, ვერ ვახერხებთ რუსული სივერაგის გაგებას, რომელიც იგივეა, რაც იყო 1795წ. კრწანისის ომში ირანელების დაფინანსება, რაც იყო აგვისტოში ტერიტორიების წაგლეჯვა, მაგრამ ჯიუტად ვართ ამ თამაშში. ამ თამაშში შედის ყველაფერი. იქ უამრავი ნიუანსია, უამრავი მოვლენაა, უამრავი ეპიზოდია, რომელთა რევიზია არ ხდება, ვინაიდან თამაშია თავად სუბიექტი და ჩვენ ვართ ობიექტები, შესაბამისად თამაშის შემოთავაზებულ ტექსტებს ვკითხულობთ და იქ ვეძებთ სიმართლეს, მარცვალს მაინც. აქ მეღიმება. იქნებ 201 წლის შემდეგ არ ქნას ის, რაც ქნა 200 წლის მანძილზე, ამ დროს რუსული თამაში არსებობს, გრძელდება და ჩვენს თვალწინ ვითარდება. ჩვენ კიდევ შემოგვრჩა თავისუფალი არჩევანი და მასში განთავსებული შესაძლებლობანი. წინააღდეგ შემთხვევაში ეს თამაში უდიდეს რისკს გაგვაწევინებს ჩვენ, მოთამაშეებს. ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეგვეძლება ამ თამაშის გაგრძელება, ამ თამაშში ყოფნა, თუ გვექნება სერიოზული შესაძლებლობები ვძლიოთ თავად თამაშის სუბიექტურიობას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
ამ ყოველივედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული თამაშში მონაწილეობა აღადგენს ამ თამაშს სრულად. სწორედ აქ იმალება დიდი რისკი. მე დღეს ვერ ვხედავ, რომ რუსულმა თამაშმა და მასში მომხდარმა მოვლენებმა რაიმე დასკვნამდე მიგვიყვანა. საკითხს მარტივად ვერ მივუდგებით. ამ რუსულ თამაშში კარგად ჩანს, მოვლენები ფაქტები, უახლესი ისტორიიდან. ეს თამაში დღეს გვთავაზობს იგივეს. ჩვენ დღესაც სუბიექტურ რეფლექსიაში მყოფები, ყოველგვარი რევიზიის გარეშე ვმონაწილეობთ იგივე თამაშში და არ ვითვალისწინებთ გამოცდილებას, ვინაიდან როგორც ვთქვი, სუბიექტივიზმი, რომლითაც ამ თამაშში ვმონაწილეობთ გვაკარგვინებს რევიზიის უნარს. ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიაზროთ ის, რომ ჩვენი სუბიექტივიზმი საერთოდ შორს არის თავად თამაშის სუბიექტური ხასიათიდან. შესაბამისად ამ თამაშში მოცემული რისკი არის ამოსახსნელი ამოცანა, რომელიც დასვა თავად თამაშმა სუბიექტმა. ჩვენ ამ ამოცანას ვერ ამოვხსნით, არადა ვცდილობთ, რომ ამოვხსნათ და ვიმედოვნებთ იქნებ 201 წელი მაინც იყოს კარგი ამ თამაშში.
ბოლოს ვიტყვი, რომ ამ რუსული თამაშის სუბიექტი არის თავად ეს თამაში, ის თამაშობს თავად ამ თამაშს, ხოლო ჩვენ მასში შანსი არ გვაქვს. ჩვენ ვართ ობიექტები ამ თამაშის. ამ თამაშს ყავს მაყურებელთა დარბაზები, რომელთა გარეშე თავად ეს თამაში არ შედგებოდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ თამაშის რევიზია და მისი გაგება, გახსნა. დღეს ვფიქრობ, რომ მაინც ამ თამაშს ვთამაშობთ. ჩვენ კვლავ მივისწრაფით უკვე ამ თამაშში შესრულებული როლების კიდევ ერთხელ განმეორებისაკენ. აი ასე დაძრწის ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ, კიდევ ერთ გამოვლინებაში.

გაგრძელება იქნება.

14.02.09

Thursday, 5 February 2009

ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ

ნაწილი I

ყველა ვაკვირდებოდით მოვლენებს თუ რას აკეთებს რუსეთი. მან შექმნა ახალი სამხედრო ალიანსი, რომელიც ისეთივე აჩრდილია ვარშავის ბლოკის, როგორც თავად რუსეთი საბჭოთა კავშირის. შეიძლება ითქვას, ის იხდის უკანასკნელ კაპიკებს რათა გადაარჩინოს სსრკ-ს აჩრდილი. გადაარჩინოს ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელმაც 20 წლის უკან მუხლებზე დაიჩოქა, მაგრამ ხელი არ კრეს და არ დაანგრიეს ბოლომდე, რისი შესაძლებობაც ჰქონდა დასავლეთს. ეს არ გააკეთეს. საინტერესოა რატომ. სწორედ ამ დაცემის ნანგრევებში მოჰყვა საქართველო, ნებსით თუ უნებლიედ. ვერ ვიტყვი ხვალ რა იქნება, მაგრამ შემიძლია ვთქვა და ვივარაუდო შემდეგი რამ. დაწყებული ისკანდერების კალინინგრადში განთავსებიდან დღევანდლამდე, ანუ ახალი სამხედრო ალიანსის შექმნამდე ჩვენ გვქონდა უამრავი განცხადება, რომელიც ემსახურებოდა ამ აჩრდილის აღდგენას, თუმცა როგორც ჩანს მხოლოდ რიტორიკულ ფარგლებში. რა იყო რიტორიკა?
1. რიტორიკა იყო ისკანდერების განთავსება კალინინგრადში, რომელზეც უარი თქვეს.
2. რიტორიკა იყო გაზის ომი, რომელშიც დამარცხდნენ და მიიღეს ნაბუკოს პროექტის განხორციელებისათვის ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება.
3. რიტორიკა არის აფხაზეთში სამხედრო და სახმელეთო ბაზების განთავსება, როგორც გუშინ მოვუსმინე ნატოში რუსეთის წარმომადგენელს ალბათ, გადაიფიქრებენ. სოციალურ საკითხებს გადაწყვეტენ უფრო ადრე ვიდრე ამას, გარდა ამისა დღეს აფხაზების განცხადებაც გავრცელდა, რომ რუსეთ ამერიკის ურთიერთობის დარეგულირებამდე ამას არ გავაკეთებთო.
4. რიტორიკაა დღევანდელი ახალი "ვარშავის ბლოკი". ის ვერ იმუშავებს, თუნდაც იმ სახელმწიფოების მონაწილეობით, რომლებიც მასში მონაწილეობენ. მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ. მედვედევის განცხადება, რომ თურმე ეს ნატოს ტოლი ბლოკია, ალბათ სასაცილო არ არის, არამედ სატირალია და თავად რუსებმა იტირონ ამაზე.
5. რიტორიკაა ისიც, რომ რუსეთი უარს არ უტყვის აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობაზე. ესეც რიტორიკის ნიშნებს წარმოშობს იმდენად, რამდენადაც ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციაში რუსეთის დავალება უნდა შესრულდეს. ძნელად მახსენდება დასავლეთის გადაწყვეტილება , რომელიც ხვდება ოფიციალურ დოკუმენტში და ის იქ ტყუილად იწერება. არ იწერება ტყუილად, ვინაიდან პირდაპირი მნიშვნელობით ეს არის რუსეთთან ერთერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო თემა და სხვათაშორის ვაჭრობის საგანი საქართველოს მხარესაა, ჩვენს სასარგებლოდაა. შესაბამისად ის შესრულებადია და ამას რუსეთი გააკეთებს. როგორ გააკეთებს ამაზე ვერსია არსებობს.

რაში სჭირდება რუსეთს ეს რიტორიკა? ჩემის აზრით, იმის გამო, რომ დღეს რუსეთში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს და არც დასავლეთს ულხინს, ის ცდილობს ამ რიტორიკით გაჭიმოს დრო. მასზე ისაუბროს უმაღლესი დონის თუ სხვა შეხვედრებზე, შექმნას ხელოვნური პრობლემები თითქოს, რაღაც არის მოლაპარაკების საგანი. ამ დროს ამერიკელებისგან ის ღებულობს წინადადებას, რომ შევამციროთ 80 %-ით ბირთვული ქობინები, რომელზეც რათქმაუნდა დათანხმდება. ამერიკა რიტორიკას არ ექვემმდებარება. ის ემზადება, რათა კრიზისიდან გამოსვლისთანავე გარკვეულწილად დაასრულოს ევრაზიული ბალანსის გეოპოლიტიკა. რუსეთი არ დაიშლება. მას დაერქმევა რეგიონალური დერჟავა, რომელსაც არ ეყოლება რეგიონები. ანუ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები. ეხლა რატომ არ ეყოლება. ალბათ საინტერესოა ეს შეკითხვა და ის აუცილებლად დაისმება.
ვფიქრობ, რომ ნაბუკოს პროექტის პოლიტიკური მნიშვნელობა ცხადს ხდის იმას, რომ რუსეთს გამოეცლება ხელიდან მთელი კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩათვლით. ვინაიდან ეს ქვეყნები, უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი პირდაპირ დაუკავშირდებიან ევროპას. სწორედ ამის ჩაშლის მცდელობა აქვს რუსეთს, მაგრამ თავისი მოუქნელი და ტლანქი რიტორიკით ის ამას ვერ ახერხებს. მას არ გააჩნია არანაირი ფინანსური რესურსი შეინახოს ეს ქვეყნები, როგორც ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი თავის ბლოკში. ის სერიოზულ თანხებს უხდიდა იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ.
არავინ იფიქროს, რომ როგორღაც ვაკნინებ, რისეთის შესაძლებლობებს. არამც და არამც. ის ჯერჯერობით ძალიან საშიში და ამბიციური მოთამაშეა. შესაძლოა ეს რიტორიკა ერთ მშვენიერ დღეს რეალობად იქცეს და სხვათა შორის ამას მარტივად არავინ უყურებს. მანამ რიტორიკაზე არსებობს რეაქცია, ის საშიშია. ამიტომ ამ ყველაფერში დიდი სიფრთხილეა საჭირო.
მოკლეთ ავანსცენაზე ისევ დაბოდიალობს ჰამლეტის მამის აჩრდილი საბჭოთა კავშირი, რომელიც რიტორიკაში ცხოვრობს ამჟამად. საშიშ რიტორიკაში.
II ნაწილი
ამრიგად, თუ ღრმად დავუკვირდებით, ეს რიტორიკა თვისთავად ქმნის მითს. ვინაიდან მითის წარმოშობა ხდება აზრის და ფორმის ერთიანობის საფუძველზე. სადაც აზრი მეორე პლანზე გადადის. ასევე მითი შესაძლოა იყოს ცარიელიც, დაუტვირთავი აზრით, მხოლოდ ერთხელ მოხდარი ამბავი, მხოლოდ აზრის უტრირება, რომელიც სცილდება რეალობას და წარმოადგენს გაურკვევლობას, დაცილებას და შედგება მხოლოდ მცდელობისაგან.
მითი ცარიელია აღმნიშვნელისაგან (ფაქტი, რომელსაც ეყრდნობა აზრი), რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ რაღაც იქნეს აღქმული, წაკითხული. ვფიქრობ რუსეთის რიტორიკაში, რომელზეც წინა თემაში გვქონდა საუბარი ასეთი მითის ნიშნები შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მითს გააჩნია საკუთარი მნიშვნელოვანება, ანუ ის, როსთვისაც შექმნილია. ის წარმოადგენს რაღაც მოვლენის ნაწილს, მაგალითად აგვისტოს ომს საქართველოსთან, საიდანაც იღებს სათავეს თავად ეს რუსული რიტორიკული მითი, რომ "არ შეიძლება იყოს ერთ პოლუსიანი მსოფლიო".
ეს თავისთავად მითია, ვინაიდან არავის დაუდგენია, რომ ეს არ შეიძლება იყოს. ვერც დადგინდებოდა. შესაბამისად თავად განცხადება, რომ "არ შეიძლება არსებობდეს ერთ პოლუსიანი სამყარო" წარმოადგენს მითს, რომელზეც შემდეგ იგება რიტორიკა, ეძლევა მას აზრი და ეძლევა მას ფორმა. მათ შორის სიუჟეტური ფორმა. თუნდაც აგვისტოს ომი, არის ეს სიუჟეტი, რომელიც მიენიჭა რუსეთის მიერ შექმნილ მითს "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი".
ამ რიტორიკაში მოთავსებულია მზა მოვლენა (აგვისტოს ომი), რომელიც საკმარისია ამ მითის - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი" დასაფუძნებლად. ამ შემთხვევაში თავად მითი შთანთქავს შესაძლებლობებს, რომელიც შეუძლებელს გახდის იმას, რომ მითი გასცდეს თავად ამ მითის სიტყვიერ საზღვრებს. იქმნება მოჯადოებული წრე. მთავარი არის შემდეგი, რომ მითი შეიქმნას არამარტო რუსეთის საზღვრებში, არამედ ის გაცდეს მის საზღვრებს და შეიძლინოს გლობალური მნიშვნელობა.
ეს მითი გამომდინარეობს სხვა მითისგან, რომელშიც რუსეთი ცხოვრობს დიდი ხანია. შეიძლება ითქვას ივანე მრისხანეს დროიდან. ეს არის იდეა მესამე რომზე. დღევანდელი მითი, რომ "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი", სწორედ ამ მითით იკვებება. თუმცა ვერავინ იტყვის რამდენად იცვალა სახე პირველმა მითმა. იმის გამო, რომ დღეს არსებობს ახალი მითი, ძველი ძალაშია.
ყოველგვარი პირობა, თუნდაც სიტყვიერი ამ მითში დაკარგულია. რა არის თავად მითი დღეს. ეს არის სიტყვა, გამოთქმა. მიუხედავად იმისა, რომ მითი არ არის ნებისმიერი გამოთქმა, არამედ ის არის კომუნიკაციური სისტემა, ინფორმაცია, ის არ არის საგანი, ან მოვლენა, ან იურიდიული ფაქტი. ის აღნიშნავს "რაღაცას", რომელიც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ფაქტი იყო, ან მოვლენა შეიძლება ყოფილიყო, დაეკარგა მხოლოდ კომუნიკაციური ფორმა. მაგალითად: რუსეთს აეღო სტამბოლი, რომელიც უკვე აღარ იქნებოდა მითი.
როგორც ვთქვი, მითს ეძლევა ფორმა. სწორედ ეს ფორმა იყო აგვისტოს ომი რუსეთის ახალი მითისთვის - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი". სწორედ აგვისტოს ომის დროს გამჟღავნდა ეს ფრაზა, სიტყვიერად. შესაბამისად მითი არის სიტყვა და ფორმა. სწორედ აგვისტოს ომით მიეცა ამ მითს ფორმა, რომელმაც თავის კომუნიკაციურ სისტემებში შექმნა საზღვრები, თუ რა უნდა ეკუთვნოდეს ერთერთ პოლუსს მსოფლიოსას.

ეს საზღვრები არ არის მხოლოდ მატერიალური საზღვრები, ეს არის მთელი კომუნიკაციური საზღვარი, რომელიც უნდა ჰქონდეს მითს, მას შემდეგ რაც რუსულმა ახალმა მითმა - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი" შეიძინა ფორმა, აზრი კარგავს თავის კონკრეტიკას, რომელიც მითის გარეშე, მოვლენებზე უნდა იყოს ორიენტირებული თუ გვინდა ის იქცეს ფაქტად. მას შემდეგ რაც აზრი კარგავს თანამიმდევრობას და მასში კონკრეტიკას, ხდება პარადოქსალური გადანაცვლება მოვლენების შესაძლო შექმნისა, შესაბამისად მითი კარგავს აზრს, განიცდის რა რეგრესს და ის ხდება მხოლოდ გამოთქმა. გამოთქმა - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი". დაჟინებული გამოთქმა, ვინაიდან მითს აღარ აქვს შანსი, როგორმე განხორციელდეს აზრში. ის რჩება მხოლოდ ფორმაში.
საინტერესოა, სწორედ ის დისკურსი, რატომ ხდება რუსული მითის გაცხადება სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ. სწორედ ამას მოჰყვება რუსეთის მიერ შესაბამისი ქცევები: რეგიონების ცნობა, გემების გაგზავნა ჩრდილო ამერიკისკენ, იქეთ გემების გაგზავნა სომალიში. ისკანდერების თემა, გაზის ომი, ახალი "ვარშავის ბლოკის შექმნა", მაგრამ მარცხი ევრო საბჭოში. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მითი, ისევე როგორც მეორე პოლუსი-ამის დაჯერება. ზემოთხსენებული განცხადებებში აზრი არის, მაგრამ ის მეორე პლანზეა, ვინაიდან იქცა ფორმად, მითად, წარმოდგენად.
სწორედ ამ მითმა გაძარცვა თავად რეალობა. აქცია ის ცარიელ ფორმად და თავად თამაშს, რომელიც მთავარი ატრიბუტია ამ რეალობაში შეუქმნა საფრთხე, ანუ რეალური პოლიტიკური თამაშის სიკვდილის განვადება დაიწყო. დღევანდელი რუსული მითი - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი" კლავს თამაშს, რეალობას მისწრაფებას ამ პოლიტიკურ თამაშში.
ეს ყველაზე ძალიან იგრძნობა კავკასიაში. ვინაიდან აქ ინახება ის თვითმკვლეობა რუსეთისა, რომელსაც 90-იანი წლებიდან მიმდინარეობს კავკასიაში. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ რუსული მითი - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი" სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ გაცხადდა და შეიძინა ფორმა. ამ მითში ჩაიკარგა ის აზრი, რაც მათ 90 იანი წლების დასაწყისში საქართველოში და ზოგადად კავკასიაში გააკეთეს.
წაგვართვეს რა ტერიტორიები, არაფრის საფასურად არ დაგვიბრუნეს, ვინაიდან სწორედ იმ პერიოდში ჩაისახა რუსეთში მითი - "არ შეიძლება იყოს მსოფლიო ერთ პოლუსიანი". პოლიტიკური თამაში, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის გავლენის სფეროდ დატოვებას ჩაანაცვლა მითმა, (საქართველო ამ მითის ნაწილი გახდა) წუხილმა ყოფილ საბჭოთა კავშირზე და ეს თავად რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა 2000წ. საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო დიდი ტრაგედია. შესაბამისად მისი აღდგენა დღეს მხოლოდ მითის სფეროს განეკუთვნება.

რუსეთის ყველა ქმედება არის მხოლოდ ფორმა, გამოთქმა და მას ასე აღიქვამს სხვა პოლიტიკური მოთამაშეები. რუსეთი ცდილობს ამ მითის გავრცელებას, მაგრამ მახსენდება ერთერთ სტატიაში ამერიკელი ჟურნალისტის ნათქვამი. როდესაც კრეისერი "მოსკოვი" სოხუმში ჩავიდა, ამერიკელი ჟურნალისტი წერდა. გავიგეთ კრეისერი "ავრორა" სოხუმში ჩავიდაო. დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს პეტერბურგში და ვკითხეთ: მართლა ჩავიდა კრეისერი "ავრორა" სოხუმში? მათ გაიკვირვეს და გვითხრეს, არა კრეისერი "ავრორა" პეტერბურგშია და იქ დღეს მუზეუმიაო. მემგონი ძალიან საინტერესო პასაჟია იმის დასადასტურებლად, რომ რუსებმა ეს მითი ვერავის მოახვიეს თავზე. ისევე როგორც გეიტსმა თქვა ისკანდერებზე. რუსეთი ამას ვერ განათავსებს კალინინგრადში. მარტივი მიზეზით. არ ჰყავთ. ყველაფერი დამოკიდებულია მითის არსებობის ხანგძლივობაზე, თუმცა მისი დასასრული რუსეთის ხელში არ არის. ის აუცილებლად სხვამ უნდა დაასრულოს.
05.02.2009

ირაკლი მრგველაშვილი