Wednesday, 8 April 2020

კორონა ვირუსი და ხელისუფლების მანიპულაციები





საქართველოში დღეს არსებული ვითარება შესაძლოა დავყოთ ვირუსამდე და ვირუსის შემდგომ პერიოდებად. სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და სულ სხვა ხაზით მიმდინარეობს. სიტუაციის ასეთ განვითარებას ალბათ არავინ ელოდა

ვირუსამდე საქართველოს ხელისუფლება იმყოფებოდა ურთულესს პოლიტიკურ ვითარებაში დაწყებული ზაფხულიდან.  2019წ. ნოემბრიდან ხელისუფლებაზე მიმდინარეობდა უპრეცენდენტო ზეწოლა, მათ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და პროპორციული არჩევნების უკან წაღების გამო. შიდა და საგარეო ზეწოლით მათ მოუწიათ სერიოზული დათმობა და იძულებული გახდნენ მოეხდინათ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება საარჩევნო სისტემის შეცვლისათვის. დღეს ცვლილებები ინიცირებულია პარლამენტში, მაგრამ მისი კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო განხილვები შეაჩერა ვირუსის გამო შემოღებულმა საგანგებო მდგომარეობამ. ვირუსამდელ პერიოდში ხელისუფლების პოზიციები საშინლად შერყეული იყო, ხოლო მისი პოლიტიკური მდგომარეობა უმძიმესი.

შესაძლოა ითქვას ვირუსმა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ ერთგვარი მაშველი რგოლის ხასიათი მიიღო “ქართული ოცნებისთვის”.
1.      გაჩერდა პოლიტიკური ცხოვრება;
2.     ხელისუფლებას დარჩა სივრცე თავისუფლად მოქმედებისთვის;
3.     ოპოზიციამ გამოაცხადა მორატორიუმი;
4.     ხელისუფლების კრიტიკა შეწყდა;
5.     პოლიტიკურად აქტიური თემები დაიხურა;
6.     საუბარია მხოლოდ ვირუსზე, სადაც ხელისუფლება არაუშავს გარეგნულად ეფექტურად გამოიყურება;
7.     გამოცხადდა კომენდანტის საათი, სავარაუდიდ ეკლესიის თვითნებობის აღსაკვეთათ, მაგრამ ამის გაკეთება საგანგებო მდგომარეობითაც შესაძლებელი იყო.
8.     მთლიანად გაჩერდა ეკონომიკა, დამძიმდა ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოხდა ლარის კიდევ დევალვაცია, იზრდება ფასები....

ვირუსამდელ პერიოდში ხელისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლით მიღებული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების და პოლიტპატიმრების განთავისუფლების შესახებ ძალიან მიუღებელი იყო ქართული ოცნებისთვის. ეს იქედანაც ჩანდა, რომ მათ შეთანხმების გაფორმებისთანავე უარყვეს პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე არსებული გადაწყვეტილება. მოგვიანებით ერთერთი პოლიტპატიმარი ბესიკ თამლიანი გაანთავისუფლეს. დარწმუნებული ვარ ალბათ ნატრობდა ქართული ოცნება, რა უნდა მოეფიქრებინათ ისეთი, რაც მისცემდა საშუალებას, რომ ეს შეთანხმება  ჩავარდნილიყო.... და გამოჩნდა კორონა.
პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ხელისუფლებამ განახორციელა რიგი ღონისძიებები, ჩაკეტა საჰაერო სივრცე, შემოიღო  საკარანტინე მდოგმარეობა რიგ ადგილებში, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვიანებით გამოაცხადა კომენდანტის საათი, შეჩერდა მთლიანი ეკონომიკური აქტივობა, დაიკეტა ბაზრობები და ყველა სავაჭრო ობიექტები გარდა სასურსათო და აფთიაქისა...დაიწყო ბრძოლა ვირუსთან და ამჟამად საქართველოში 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, მხოლოდ სამი გარდაცვლილით. ერთი შეხედვით ეფექტური სურათია, თუმცა ეშმაკი დეტალებშია.

ურთულესი მდგომარეობაა ეკონომიკაში, მიმდინარეობს ინფლაცია და ლარის დევალვაცია. ინფლაციამ 6% შეადგინა. მოსახლეობა ურთულეს მდგომარეობაშია. ყველა ეკონომიკური მიმართულება კრიზისშია. ხელისუფლებას არ აქვს არანაირი გეგმა, ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ. მინდის აბსოლუტურა დ გაუგებარი და ბუნდოვანი საუბრები ე.წ. “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში რაღაც პროექტების დაფინანსების შესახებ. არაფერი სერიოზული და ანტიკრიზისული.
ამ დროს ხელისუფლება თავს იკავებს შემოიტანოს სწრაფი ტესტები. ცდილობენ მაქსიმალურად გაწელონ დროში ინფექციის გამოვლენა, რომ რაღაც ამოსუნთქვის საშუალება ქონდეთ და სიტუაცია ეჭიროთ, ვინაიდან ინფიცირებულების დიდი გამოვლენის შემთხვევაში ფიქრობენ რომ ვერ გაუძლებს ჯანდაცვის სისტემა და ამხელა პრ  ე.წ. “ეფექტური მუშაობის” წყალში ჩაეყრებათ. დროის გაჭიმვა რომ უნდათ ამას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადება, რომ თურმე პიკი ივლისში დადგება, ან შესაძლოა აგვისტოში და სექტემბერში. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების ტენდეციას თუ დავაკვირდებით ბევრი ქვეყანა უკვე გადის პიკს გამოვლენიდან თვენახევარში/ანდა ორ თვეში. საქართველო არაა ისეთი დიდი ქვეყანა, რომ არ მოხერხდეს ამ ვირუსის შეკავება და დასრულება. რა ხდება და რას არის ჩაფიქრებული? რატომ ჭიმავს ხელისუფლება დროს და რას ცდილობს რომ ამ სიტუაციიდან დივიდენდის სახით მიიღოს?

დიდი ეჭვია, რომ ხელისუფლებას მიეცა საშუალება, მძიმე პოლიტიკური პროცესი გადაევადებინა სწორედ კორონა ვირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით, ის მაქსიმალურად ეცდება რამდენიმე რამის განხორციელებას;
1.გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა მინიმუმ ივლისის ბოლომდე, ან შესაძლოა აგვისტოს ბოლომდეც. (იხ. დავადებათ აკონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადება).
2.მაქსიმალურად ეცდება ე.წ. “ეფექტური ღონისძიებებით” (საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი) დაიკავოს სიტუაცია და საზოგადოება ამყოფოს ამ შიშის ქვეშ.
3.საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება ე.წ. პიკის მოლოდინით, რომელშიც წარმატებით მონაწილეობს ინფექციონისტთა სამეული. იხილეთ ბატონების თენგიზ ცერცვაძის და ამირან გამყრელიძის გამოსვლები.
4.ხელისუფლებამ სანამდეც შეძლებს უარს იტყვის სწრაფ ტესტებზე. თითქმის მოახდინა ამ იდეის დისკრედიტაცია, ვინაიდან მაქსიმალურად აწყობს გაახანგძლივოს დრო საგანგებო მდგომარეობით, რათა მოახდინოს პოლიტიკური აქტივობის ჩაშლა.
1.საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებით, ჩავარდება საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო რეფორმა, რაც იყო ხელისუფლების  ცისფერი ოცნება. შესაბამისად ეს გამართლდება სწორედ კორონა ვირუსის პანდემიით.
2.ჩამოშლილი ეკონომიკა მეორეხარისხოვანი პრობლემაა. შესაბამისად ვირუსთან "ეფექტური ბრძოლით" დაიწყებენ ეკონომიკური კოლაფსის გამართლებას.
3.ასევე ეცდებიან სწორედ პანდემიასთან ე.წ. ეფექტური ბრძოლის ფონზე ჩამოირეცხონ მთელი 8 წლიანი ნეგატივი და არჩევნებზე წარსდგენ სრულიად სხვა გაწმენდილ მდგომარეობაში.  
ამიტომ ვფიქრობ, ოპოზიციამ კატეგორიულად უნდა მოითხოვოს და დააყენოს მოთხოვნა, რომ დაიწყოს სწრაფი ტესტირება. ნებისმიერ გამოსვლაში, ნებისმიერ ინტერვიუში ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უნდა მოითხოვოს სწრაფი ტესტების ჩატარება. ამისათვის არ უნდა მოერიდონ თუნდაც იმ სამი გმირის (გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე) კრიტიკას და დადანაშაულებას, რომ ხელისუფლება იყენებს მათ საკუთარი მანიპულაციებისთვის. ოპოზიციამ უნდა გააკეთოს ერთობლივი განცხადებები ამის თაობაზე. შემდეგ ცალცალკე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული სწრაფ ტესტირებაზე, რომ საინფორმაციო ველი დაიპყრონ. აქვე მთავარი ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ხელისუფლება ჭიმავს დროს, რათა გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობა, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტიკური ცხოვრება იყოს შეჩერებული…

შემდეგი რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს არის ეკონომიკური საკითხები. ესეც უნდა გაკეთდეს ერთობლივად და არა ცალცალკე. შეჯერდეს ერთობლივი პოზიცია ყველა ეკონომიკური მიმართულებით. ერთიანი ოპოზიციის ფორმატში უნდა მოხდეს ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევა და ხელისუფლების დადანაშაულება, რომ  ხელოვნურად გაჭიმული საგანგებო მდგომარეობა ანგრევს საქართველოს, ხოლო ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს არსებულ სიტუაციას და მთელი ე.წ. “ეფექტური ღონისძიებები” არის მხოლოდ მანიპულირების საგანი. თუ არ მოხდება ასეთი სახის ზეწოლა ხელისუფლებაზე, ოქტომბერში არაფერი არ შეიცვლება. არც კანონმდებლობა შეიცვლება. ხელისუფლებას კიდევ საპოლიციო რეჟიმით შეინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი 2024 წლამდე.
ჩემი აზრით ეს კამპანია უნდა დაიწყოს აღდგომის შემდეგ 21 აპრილიდან.

ირაკლი მარგველაშვილი

8.04.2020წ.


Thursday, 19 October 2017

ოლიგარქიული მმართველობა ნაბიჯი უკან, რუსეთის იმპერიაში



რუსეთის იმპერია საუკუნეების განმავლობაში ტრანსფორმირდებოდა სხვადასხვა სახით. 90-იან წლებში ის ტრანსფორმირდა ახალ იმპერიად, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ოლიგარქიული იმპერია. ეს არის ახალი ტიპის იმპერია, კლასიკური ნიშნებით, რაშიც იგულისხმება მათ მიერ ტერიტორიების მიტაცების ნება და განძრახვა. ამ იმპერიის მართველობითი მეთოდი არის ოლიგარქიული ძალაუფლება, რომელიც თავის თავში გულისხმობს დიდი ფინანსურ შესაძლებლობებს და ამ ფინანსური შესაძლებლობებით პოლიტიკური ძალაუფლების დაუფლებას, რომელიც მკაცრი ავტორიტარიზმის ნიშნებით ხასიათდება. სწორედ ასეთი მმართველობითი სტრუქტურა გააჩნია რუსეთის დღევანდელ სახელმწიფოს - სათავეში პუტინის ხელისუფლებით.

ოლიგარქიული მმართველობა ძირითადად დამყარებულია სახელმწიფოს შიგნით არსებული ბიზნეს ინტერესების მონოპოლიზებაზე, ფინანსური რესურსების კონტროლზე და დაუფლებაზე, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ სახით ის ახდენს  ოპოზიციური ძალების დისკრედიტირების და პოლიტიკური დევნის სევრცეში მოქცევას, ასევე მათთვის ფინანსური წყაროების გადაკეტვას. ეს რუსული მეთოდია. სწორედ ამ მეთოდის გავრცელებას ცდილობს ის მეზობელ სახელმწიფოებზეც, რომელსაც თვლის, რომ არის მისი გავლენის სფერო. ახდენს ამ სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციას, ანექსიას, წარმოქმნის იქ ხელოვნურ კინფლიქტებს და საკუთარი ინტერესების გამო აფერხებს ამ სახელმწიფოების განვითარებს.

ამის ნათელი მაგალითია უკრაინა და საქართველო. მაგალითად საქართველოში 2007 წლიდან დაიწყეს ოლიგარქიული მმართველობის განხორციელება ბადრი პატარკაციშვილის მეშვეობით, რომელსაც მაშინდელმა ქართულმა სახელმწიფომ უპასუხა და პოლიტიკური კრიზისიც გადალახა. რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის იმპერიამ დაიწყო ოფიციალური ომი საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი არმიებით და საქართველომ, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით ამ კრიზისსაც გაუძლო. შეინარჩუნა ქართული სახელმწიფო, რისი მთავარი საფუძველიც იყო საქართველოში განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმები, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფომ იფუნქციონირა და გაუძლო ამ დიდ განსაცდელს. მის გვერდით დადგა მთელი საერთაშორისო საზოგადოება, უკრაინასთან ერთად. ეს ძალისხმევა სწორედ იმიტომ იქნა განხორციელებული, რომ საქართველო იყო დემოკრატიული რეფორმების ავანგარდში მსოფლიო მასშტაბით. რუსეთის იმპერიის სამიზნე კი იყო სწორედ ეს სახელმწიფო, ვინაიდან ასეთი სახელმწიფო მის ინტერესებში არ შედის. მის ინტერესებში შედის ოლიგარქიული მართველობის სახელმწიფო, რომელიც არ ვითარდება დას ვერ ახდენს დასავლური ფასეულობების ინტეგრაციას. სწორედ ამიტომ 2012წ. ახალი ოლიგარქიული შემოტევას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში საქართველომ ვერ გაუძლო და დღეს საქართველოს ხელისუფლებაში რუსული ოლიგარქიული მმართველობაა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით. საქართველოს განვითარება შეჩერდა და დაექვემდებარა ოლიგარქიულ მმართველობას, რომლის შინაარსი და დეკლარირებული განცხადებები სრულიად აცდენილია ერთმანეთს.

უკრაინაში, 2014წ. მეორე მაიდანის მოვლენებით, ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი პოროშენკო, რომელსაც ჰქონდა დიდი გამოწვევა. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია და დაიწყო ქვეყნის ოკუპაცია დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. ამ მოვლენებს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა და პრაქტიკულად მთელი დასავლეთი დარაზმა რუსეთის წინააღდეგ. მიიღეს სანქციები და ელოდებოდნენ უკრაინის სახელმწიფოსგან ქმედით ნაბიჯებს, სახელმწიფოებრივი მოწყობის, რეფორმების განვითარების კუთხით. პრეზიდენტ პოროშენკოს ჰქონდა გამოწვევა, რომ რუსული აგრესიისთვის ეპასუხა ქვეყნის აღმშენებლობით, ინსტიტუციონალური რეფორმებით, კორუფციის აღმოფხვრით, ოლიგარქიული ეკონომიკის გარდაქმნით დასავლური ტიპის საბაზრო ეკონომიკად, ეკონომიკური ზრდით, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებით, ბიუჯეტის ზრდით. სწორედ ეს იქნებოდა მთავარი ბრძოლის იარაღი რუსეთის იმპერიის წინააღდეგ, რომელიც პრაქტიკულად მოახდენდა უკრაინის განთავისუფლებას რუსეთის იმპერიულ ოლიგარქიული სივრცისგან. ამის მიუხედავად პრეზიდენტმა პოროშენკომ აირჩია სხვა გზა. ის დაუკავშირდა  ახმეტოვის, მედვედჩუკის, იაცენუკ-ავაკოვის ოლიგარქიულ კლანებს და უკრაინა წაიყვანა სხვა მიმართულებით, ოლიგარქიულ-ავტორიტარული მმართველობის გზით.

ოლიგარქიულ-ავტორიტარული მმართველობა არის გზა, რომელიც უკრაინას დააბრუნებს რუსეთი იმპერიის შემადგენლობაში. ის არ არის გზა დასავლეთისკენ, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა 2014 წელს. სწორედ ევროკავშირთან ხელშეკრულების გაუფორმებლობა გახდა მეორე მაიდანის საფუძველი უკრაინაში. სწორედ ამ იდეალებს არ პასუხობს პრეზიდენტი პოროშენკოს ხელისუფლება. ამან გააწბილა დასავლეთის სახელმწიფოები და ამან გააწბილა უკრაინა. უკრაინის გზა არის დასავლეთის გზა, ევროპული გზა, რასაც ბლოკავს ოლიგარქიულ ავტორიტარული რეჟიმი.

ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ახალ რეანიმირებულ იმპერიასთან. თუ დაინგრევა ოლიგარქიული სისტემა, დაინგრევა იმპერიის საფუძველი მასთან ერთად. ამიტომ ოლიგარქიული სისტემა წავა ყველაფერზე. ის არის საოცრად შეკრული ინსტიტუცია, რომელსაც აერთიანებს ძალაუფლების და სიმდიდრის წყარო. ამ სისტემის მხოლოდ დამარცხებაა შესაძლებელი. მას არ შეუძლია ტრანსფორმირდეს, ვინაიდან ის ვერ იარსებებს იმპერიული ცნობიერების გარეშე.

ამიტომ უკრაინის და საქართველოს ოლიგარქიული სისტემა, თავისი შინაარსით არის სწორედ რუსეთის იმპერიის ოლიგარქიული სისტემის ნაწილი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათ განცხადებებს და დეკლარაციებს. მათი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ იმპერიის ერთიან სისტემაში. დასავლეთში მათი ინტეგრაცია ვერ მოხდება. ის ვერ შეეგუება დასავლურ სისტემას. ამიტომ მათი ხანგძლივობა პირდაპირ პროპორციულია ამ ქვეყნების განუვითარებლობასთან და დასავლეთში მათი ინტეგრაციის შეუძლებლობასთან.

თუ არ დაინგრა ეს სისტემები, არ დაინგრევა იმპერიები ამ ქვეყნებში. იმპერია არ არის მხოლოდ გეოგრაფია. იმპერია არის შინაარსი, იმპერია არის ძალაუფლების ნება და ამ ძალაუფლების ფინანსური უზრუნველყოფა. ამიტომ ოლიგარქიასთან ბრძოლა ეს იგივეა, რაც იმპერიასთან ბრძოლა. დამარცხდება ოლიგარქია, დამარცხდება იმპერია.

ამ ორი თვის წინს ამერიკის კონგრესში მიღებული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შინაარსი პირდაპირ კავშირშია სწორედ ოლიგარქიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლასთან. მის გამოვლენასთან, მის სიტემურ ანალიზთან და შესაბამისი ქმედებების განხორციელებასთან. ამიტომ დღეს, უკრაინაში ოლიგარქიულ სისტემასთან ბრძოლა არის უკრაინის სახელმწიფოს შექმნის და ჩამოყალიბების მთავარი გარანტი. უკრაინა უნდა გახდეს დასავლეთის სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ეს მოხდება მხოლოდ ოლიგარქიული ძალაუფლების დასრულებით.

ირაკლი მარგველაშვილი


-->
17:10:2017 წელი